სტატიები   ›  ბავშვის მოვლა, იმუნიზაცია   ›   იმუნიზაცია იცავს ჩვენს მომავალს

იმუნიზაცია იცავს ჩვენს მომავალს

ფავორიტებში დამატება
NCDC
NCDC
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

მშობლები მუდმივად ზრუნავენ შვილების ჯანმრთელობაზე და მრავალ ღონისძიებას მიმართავენ მათი უსაფრთხოების მიზნით. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროცედურა, რისი გაკეთებაც შესაძლებელია შვილებისთვის, ეს არის მათი იმუნიზაცია.

იმუნიზაცია (ვაქცინაცია) დამცველი ღონისძიებაა, რომელიც მიმართულია სიცოცხლისათვის საშიში ზოგიერთი ინფექციური დაავადების თავიდან ასაცილებლად და/ან ამ დაავადებების ზემოქმედების რისკის შესამცირებლად. ის ამზადებს ბავშვის ორგანიზმს იმ სერიოზულ ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად, რომლებიც შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საშიში და სასიკვდილოც კი აღმოჩნდეს. მასობრივ იმუნიზაციამდე ძალიან ბევრი ბავშვი იღუპებოდა იმ ინფექციური დაავადებით, რომელიც ამჟამად ვაქცინის წყალობით თავიდანაა აცილებული, მაგ დიფტერია, ყივანახველა, წითელა, პოლიომიელიტი. მართალია, ეს ინფექციური დაავადებები დღესაც არსებობს, მაგრამ ბავშვები მათგან დაცულნი არიან ვაქცინაციის წყალობით.

ჩვეულებრივ, ახალშობილს აქვს თანდაყოლილი იმუნიტეტი ზოგიერთი ინფექციური დაავადების მიმართ, რასაც მუცლადყოფნის პერიოდში დედიდან გადაცემული ანტისხეულები უზრუნველყოფენ. ძუძუთი კვებისას დედის რძის მეშვეობითაც ბავშვი იღებს ანტისხეულების დამატებით ულუფას, თუმცა ორივე შემთხვევაში იმუნიტეტი დროებითია. ხანგრძლივი იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად კი აუცილებელია იმუნიზაცია.

ხშირად, მშობლები ყოყმანობენ, შიშობენ, რომ შესაძლოა მათ შვილს განუვითარდეს სერიოზული გვერდითი რეაქციები ან დაავადნენ იმ ინფექციით, რომელსაც ვაქცინა ეწინააღმდეგება. მაგრამ ვაქცინა შეიცავს დახოცილ, დასუსტებულ მიკროორგანიზმებს ან მხოლოდ მათ გარკვეულ ნაწილებს, რომლებიც ვერ გამოიწვევენ რაიმე სახის სერიოზულ დაავადებას. ზოგჯერ ვაქცინამ შესაძლოა გამოიწვიოს რეაქცია, როგორიცაა ტემპერატურის მომატება და/ან აცრის ადგილის ტკივილი, შეშუპება და სიწითლე (სხვა უფრო სერიოზული რექციები ძალიან იშვიათია). უნდა გვახსოვდეს, რომ დაავადების რისკი გაცილებით დიდია ვაქცინაციის შემდგომი გართულებების რისკთან შედარებით.

ზოგჯერ, მშობლები თავს იკავებენ შვილების აცრებისგან იმ არგუმენტით, რომ ჯანმრთელი და აქტიური ბავშვის იმუნიზაციას საჭიროდ არ მიიჩნევენ. იმუნიზაციის გარეშე ბავშვის ორგანიზმი არ არის საკმარისად ძლიერი, რათა გაუმკლავდეს ამა თუ იმ ინფექციურ დაავადებას. ვაქცინაცია განკუთვნლია დაავადების პრევენციისთვის. ამდენად, ბავშვის იმუნიზაცია უნდა ჩატარდეს, სანამ ის ჯანმრთელია.

ბავშვს დაბადებიდან 24 თვის განმავლობაში უკეთდება 11 აცრა (ვაქცინის შეყვანა ორგანიზმში) კალენდრის შესაბამისად. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვის ინდივიდუალური იმუნიზაციით ჩვენ ვიცავთ არამარტო ბავშვის, არამედ საზოგადოების ჯანმრთელობას, განსაკუთრებით კი იმ ადამიანების, რომლებიც არ არიან იმუნიზირებულნი; რომელთა აცრა ვერ ხერხდება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (ბავშვები ლეიკემიით); რომელთაც ვაქცინაციის შემდეგ ვერ ჩამოუყალიბდათ შესაბამისი იმუნიტეტი.

თითოეული აუცრელი ბავშვი ზრდის გადამდები დაავადების გავრცელების რისკს: საკმარისია თუნდაც ერთი დაავადებული ინდივიდი, რომ დაავადება სწრაფად გავრცელდეს დაუცველ ინდივიდებზე. მასიური იმუნიზაციის პირობებში ნაკლებია დაავადების ერთეული შემთხვევების ეპიდემიაში გადაზრდის რისკი.

ხშირად ისმის შეკითხვა, საჭიროა თუ არა სავალდებულოს გარდა ბავშვს ჩაუტარდეს სხვა დამატებითი ვაქცინაცია. საერთაშორისო ექსპერტული ორგანიზაციების რეკომენდაციით, 6 თვეზე მეტი ასაკის ყველა ბავშვს ყოველწლიურად უნდა ჩაუტარდეს გრიპის საწინააღმდეგო აცრა. ეს ვაქცინა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც გრიპის გართულების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება (ბავშვები გულის და ფილტვების დაავადებებით, ქრონიკული დაავადების მქონენი, როგორიცაა დიაბეტი, ან ისეთი ბავშვები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობდნენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით, როგორიცაა ასპირინი).

მნიშვნელოვანია იმისი ცოდნა, რომ გრიპი შესაძლოა წარმოადგენდეს სერიოზულ საშიშროებას, თუნდაც ჯანმრთელი ახალგაზრდა ორგანიზმისთვის. რეკომენდებულია, მოზრდილმა ინდივიდებმაც წლის განმავლობაში ჩაიტარონ გრიპის საწინააღმდეგო თუნდაც ერთი აცრა.

ბავშვებს საუკეთესო დაცვით უზრუნველყოფს თითოეული ვაქცინის რეკომენდებული დოზის მიღება. თუ რაიმე მიზეზით ბავშვს დაუგვიანდა ვაქცინის მომდევნო დოზის შეყვანა, არ არის საჭირო იმუნიზაციის თავიდან დაწყება, იმუნიზაცია უნდა გაგრძელდეს სქემის მიხედვით. გახსოვდეთ, იმ პერიოდში, როცა გამოტოვებულია ვაქცინის მორიგი დოზა, თქვენი ბავშვი არ არის შესაბამისად დაცული ინფექციისგან, მაგრამ ვაქცინაციის გაგრძელებით, ბავშვი მიიღებს მაქსიმალურ დაცვას დაავადებისგან.

იმუნიზაციის შემდეგ, ზოგიერთი ვაქცინა ქმნის ხანგრძლივ იმუნიტეტს. სხვა შემთხვევებში საჭირო ხდება ვაქცინაციის პერიოდული განმეორება ანუ რევაქცინაცია.

გახსოვდეთ, იმუნიზაცია იცავს ჩვენს მომავალს!

სტატიები ამავე თემიდან

იმუნიზაცია ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა

იმუნიზაცია ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა და სიღარიბის შემცირების პროგრამების სტრატეგიულ კომპონენტს წარმოადგენს.

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია