სტატიები   ›  ბავშვის ოთახი   ›   როგორ შევარჩიოთ ფერი ბავშვის ოთახისათვის

როგორ შევარჩიოთ ფერი ბავშვის ოთახისათვის

ფავორიტებში დამატება
ეკატერინე ბარათაშვილი
ეკატერინე ბარათაშვილი
არქიტექტორი

როგორ შევარჩიოთ ფერი ბავშვის ოთახისათვისბავშვის ოთახის ფერის შერჩევისას, მშობელს უჩნდება უამრავი კითხვა: რომელი ფერი იქნება პატარასთვის უკეთესი? რომელი ფერი მოახდენს მასზე დადებით გავლენას და უზრუნველყოფს მის კომფორტს? მითუმეტეს თუ თქვენი პატარა იმ ასაკშია, როდესაც თავად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას და ვერ დაგეხმარებათ ფერების შერჩევაში. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ამ საკითხზე მუდმივად კამათობენ, ჯერ არ არსებობს ზუსტი მტკიცებულებები, თუ რა გავლენას ახდენს ესა თუ ის ფერი ჩვილებზე, მაგრამ არსებობს უამრავი კვლევა ზრდასრულ ადამიანებთან მიმართებაში, რასაც წარმატებულად იყენებენ დიზაინერები სხვადასხვა ობიექტებში. იქნება ეს გასართობი, კვების თუ სხვა ტიპის დაწესებულებები.

ჩვენ შეგვიძლია გავითვალისწინოთ ეს გამოცდილება ბავშვის ოთახისთვის ფერის შერჩევისას, მიუხედავად იმისა, რომ პატარები გარკვეულ ასაკამდე ფერებს კარგად ვერც აღიქვამენ. როგორც კი ცოტა წამოიზრდებიან, ისინი ფერებს ისევე აღიქვამენ როგორც უფროსები. განვიხილოთ ზოგიერთი ფერი და თეორია ამ ფერების შესახებ, იქნებ ეს ინფორმაცია გამოგადგეთ და დაგეხმაროთ თქვენი პატარის ოთახის მოწყობის დროს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. 

წითელი - წითელი საკმაოდ თამამი ფერია და ის დიდ ყურადღებას იპყრობს. ბავშვის ოთახში შეიძლება გამოვიყენოთ როგორც აქცენტი ან შტრიხი, მაგრამ თავი უნდა შევიკავოთ წითლად ყველა, ან თუნდაც ერთი რომელიმე კედლის მთლიანად შეღებვისგან. წითელი ყველაზე „თბილი“ (ცხელი) ფერია და შეიძლება ხელი შეუწყოს მერყევი პიროვნების თვისებების გამოკვეთას და განმტკიცებას.

ნარინჯისფერი - ემოციაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, ნარინჯისფერი ყველაზე კომფორტული და სასიამოვნო ფერია. ნარინჯისფერი ძალიან მეგობრული ფერია, ის ხელს უწყობს ადამიანთა კეთილგანწყობას და მათ შორის ურთიერთობის სურვილს. მუქი ნარინჯისფერით შეგიძლიათ ძალიან მყუდრო, ხოლო ღია ნარინჯისფერით უფრო თანამედროვე გარემოს შექმნა.

ყვითელი - ყვითელი ძალიან ნათელი ფერია, მაგრამ დიდი სიფრთხილით გამოიყენეთ. ძალიან ბევრმა ან ძალიან ღია ფერის ყვითელმა, შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის აჟიტირება და ემოციური აღგზნება. ნაზი, ღია ყვითელი აძლიერებს აზროვნების უნარსა და კონცენტრირებულობას.

მწვანე - მწვანე საუკეთესო ფერია იმ გარემოში გამოსაყენებლად, სადაც ბავშვმა უნდა იმეცადინოს და ისწავლოს. ეს ფერი როგორც უფროსებში ისე პატარებში, ხელს უწყობს მშვიდად აზროვნებასა და კონცენტრაციას. თვითონ ფერის ზემოქმედება - ძალიან დამამშვიდებელია რადგან ეს არის ყველაზე ბუნებრივი ფერი ადამიანის გარემოში. ბუნებაში მწვანე ფერი იმდენად მრავალფეროვანია და იმდენად უხვადაა, რომ ეს ფერი ერთერთი საუკეთესოა ინტერიერსა და დიზაინში გამოსაყენებლად.

ლურჯი - ლურჯი დამამშვიდებელი ფერია, მაგრამ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ მუქ ლურჯ ფერებთან. რუხი-ლურჯი ტონები, შეიძლება სევდიანი განწყობის საწინდარი გახდეს. ზოგადად, ლურჯი პროდუქტიულობას ზრდის, მაგრამ თავი უნდა შევიკავოთ ისეთ გარემოში გამოყენებისგან, სადაც საკვებთან გვაქვს საქმე. თუ თქვენი პატარა არ არის კარგი მჭამელი, თავი შეიკავეთ მის ოთახში ლურჯი ტონების გამოყენებისგან. ბავშვის ოთახში, გამოიყენეთ უფრო თბილი ან ნათელი ლურჯი ფერები და ეცადეთ თავი აარიდოთ მუქ ლურჯს. ლურჯი ფერი, ასევე სიგრილისა და სიცივის ასოციასიაც იწვევს, ამიტომ ამ ფერის გამოყენება პატარა მცივანა ბავშვებთან სასურველი არ არის.

იასამნისფერი - დასავლეთის კულტურაში, ეს ფერი დიდი ხნის მანძილზე ასოცირდებოდა მეფურობასთან და სიდიადესთან, და იასამნისფერისადმი ეს დამოკიდებულება დღემდე ასე გრძელდება. პასტელური იასამნისფერი, როგორიც არის თვითონ ყვავილი იასამნის ფერი, მეტად დამამშვიდებელი და დამაწყნარებელია, თუმცა გარკვეული ფუფუნების შეგრძნება ამ ფერს მაინც ახლავს. იასამნისფერი ბუნებაში საკმაოდ იშვიათია, ამიტომ ფერებს შორის ის ყველაზე „არაბუნებრივია“.

თეთრი - თეთრი ძალიან წმინდა და სასიამოვნო ფერია, მაგრამ მან შეიძლება ხელი შეუწყოს ჩაკეტილობას. ოთახში ფერების შერჩევისას მოერიდეთ ყველაფრისთვის თეთრი ფერის გამოყენებას - გამოიყენეთ სხვადასხვა ფერები სხვადასხვანაირი ემოციების გასაღვივებლად და გახსნილობისა და სითამამის წასახალისებლად. გარდა ამისა არ დაგავიწყდეთ, რომ თეთრი ყველაზე მალე ისვრება, ადვილად ჩნდება მასზე ლაქები და საკმაოდ ძნელი მოსავლელია.

ვარდისფერი - სულაც არ არის შემთხვევითი, რომ პატარა გოგონებს უყვართ ვარდისფერი. ზოგადად, ეს ფერი ყველანაირი ქალური საგნისათვის უნივერსალური ფერია. ვარდისფერი ძალიან დამამშვიდებელი ფერია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რომელთაც მიდრეკილება აქვთ ისტერიული და მძაფრი ნერვიული აფეთქებებისაკენ. თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ვარდისფერი და მისი ტონები პატარა გოგონას ოთახში.

რუხი - რუხმა ფერმა შეიძლება ჩაგაფიქროთ და სევდიანი გაგხადოთ, დაგეუფლოთ ისეთივე შეგრძნებები, როგორც მოღრუბლულ, ნაცრისფერ ამინდში. რუხი ფერის გამოყენებას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ის აზროვნებასა და ემოციების გაღვივებას უწყობს ხელს, ის ასევე ზრდის მოწყენილობასა და მარტოობის განცდას. თუ გადაწყვეტილი გაქვთ რუხი ფერის გამოყენება, გამოიყენეთ მისი თბილი ტონები და გასახალისებლად ასევე გამოიყენეთ სხვა ნათელი ფერები.

ყავისფერი - ზოგადად ყავისფერი მიწის ფერია, ამიტომ ეს შესანიშნავი არჩევანია ბავშვის ოთახისათვის. თუმცა გარკვეული სიფრთხილე მაინც გვმართებს ყავისფერის გამოყენებისას, განსაკუთრებით ყავისფერის შუა ტონების გამოყენებისას. მუქი ყავისფერი, მუქი შოკოლადისფერი და ყავისფერის პასტელური ღია ფერები კარგი ტონებია შესახამებლად.

შავი - შავიც ასევე სიფრთხილით გამოსაყენებელი ფერია. ის მუქია და საკმაოდ ძლიერი ფერია. გამოიყენეთ დიდ ფანჯრიან და კარგად განათებულ ოთახში. მისი გამოყენებაც უნდა მოხდეს როგორც აქცენტისა და არა როგორც წამყვანი ფერისა.

სტატიები ამავე თემიდან

მოაწყვეთ ბავშვის ოთახი ბავშვთან ერთად

თუ გადაწყვიტეთ ბავშვისთვის მოაწყოთ ოთახი, არ დაგავიწყდეთ თავად ბავშვის ჩართვაც ამ პროცესში. მიეცით მას საშუალება აირჩიოს სასურველი ფერი, დეკორი, თემა.

რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ოთახის მოწყობისას

მოეკიდეთ თქვენი ბავშვის ოთახის მოწყობას შემოქმედებითად და ამავე დროს პრაქტიკულად.

ფერთა პალიტრა ბავშვის ოთახისთვის

როგორი ფერთა პალიტრა უნდა გამოვიყენოთ თუ ოთახი საძინებელია, ან ოთახი განკუთვნილია სათამაშოდ, ან მეცადინეობისთვის. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ოთახი განკუთვნილია რამდენიმე ბავშვისთვის, ან განკუთვნილია სხვადასხვა აქტივობებისათვის.

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია