სტატიები   ›  ფსიქოლოგია   ›   როგორ ვეთამაშოთ ბავშვს სწორად

როგორ ვეთამაშოთ ბავშვს სწორად

ფავორიტებში დამატება
თათია გურგენიძე
თათია გურგენიძე
ბავშვთა ფსიქოლოგი. kids.ge-ს ბავშვთა განათლებისა და განვითარების ცენტრის ფსიქოლოგი
გამოქვეყნების თარიღი: 23 იანვარი, 2016

როგორ ვეთამაშოთ ბავშვს სწორადთამაშს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ბავშვის ცხოვრებაში.  ეს არის სპონტანურობის, მხიარულების, ურთიერთნდობის წყარო. ბავშვთან სწორი ფორმით თამაში მშობელს საშუალებას აძლევს შვილს შეუქმნას სიყვარულით სავსე გარემო, აგრძნობინოს, რომ  უყვართ, ესმით და პატივს სცემენ მის გრძნობებსა და სურვილებს. ასეთი დამოკიდებულება ბავშვს ეხმარება იყოს თავდაჯერებული, კრეატიული და წარმატებული.

თამაში უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გართობა და მხიარულება. ის ბავშვების „ყოველდღიური სამუშაოა“. თამაშის საშუალებით ბავშვი:

  • იგებს თავისი შესაძლებლობების შესახებ, ცდის ახალ იდეებს და უვითარდება წარმოსახვა.
  • სწავლობს ფიქრს, დამახსოვრებას, პრობლემების გადაჭრას, თავისი აზრების, ემოციების გამოხატვასა და მათთან გამკლავებას.  
  • გამოიმუშავებს თვით-კონტროლის, პასუხისმგებლობისა და ლიდერობის უნარებს.
  • სწავლობს თანატოლებთან, უფროსებთან ურთიერთობის წესებს, უვითარდება რიგის დაცვისა და სხვებისათვის გაზიარების უნარები.

ზოგჯერ მშობლები თამაშს მნიშვნელოვან საქმიანობად არ თვლიან, არ ეთამაშებიან ბავშვებს, ან უბრალოდ არ იციან როგორ გააკეთონ ეს სწორი ფორმით.

მნიშვნელოვანია თამაშის პროცესის სწორად წარმართვა:

 

წაახალისეთ ბავშვის კრეატიულობა

თამაშისას  თქვენი იდეებისა და წესების კარნახის ნაცვლად მიყევით ბავშვის სურვილებს. დაეხმარეთ  შემოქმედებითობის განვითარებაში. რაც არ უნდა უცნაური და არარეალისტური იყოს თქვენთვის ბავშვის თამაშის სცენარი, შეაქეთ, არ მისცეთ შენიშვნა, არ შეუსწოროთ. მაგალითად, ხატვისას აუცილებელი არ არის ბავშვმა ცა ყოველთვის ლურჯად გააფერადოს, მზე - ყვითლად, ყოველთვის სწორად ააწყოს ფაზლი და ა.შ. გაიზიარეთ მისი სურვილები, შეუსრულეთ ის, რასაც თავად გთხოვთ. ამით დაეხმარებით ბავშვს განივითაროს  დამოუკიდებლად ფიქრისა და თამაშის უნარი, გახდეს უფრო მეტად თავდაჯერებული.

 

გაითვალისწინეთ ბავშვის განვითარების დონე

ბავშვისა და მშობლის თამაშიბავშვს შესთავაზეთ მისი ასაკის შესაბამისი თამაშები. ზედმეტად რთულმა დავალებამ შესაძლოა ბავშვში იმედგაცრუება გამოიწვიოს და არასასურველი გავლენა მოახდინოს მის თვითშეფასებაზე.  თამაშისას პერიოდულად შესთავაზეთ შედარებით რთული და განსხვავებული თამაშები, არ დააძალოთ, თუ ბავშვი უარს იტყვის ახალ აქტივობაზე. ასეთ შემთხვევაში ეთამაშეთ ის რაც მას მოსწონს. როდესაც ბავშვი გამოავლენს ინტერესს ახალი თამაშისადმი, დაუჭირეთ მხარი და თავადაც ჩაერთეთ. მთავარია, რომ თქვენს შვილს ჰქონდეს დრო და საშუალება თავისუფლად იფიქროს, აღმოაჩინოს და მიიღოს ახალი გამოცდილება.

 

გაითვალისწინეთ წარმოსახვითი თამაშების მნიშვნელობა

შესთავაზეთ ბავშვს  წარმოსახვითი და როლური თამაშები. ფანტაზიის  გამოყენება ხელს უწყობს  სხვადასხვა კოგნიტური, ემოციური და სოციალური უნარების განვითარებას. როლური თამაშების საშუალებით ბავშვები სწავლობენ სხვისი ემოციების გაგებასა და მათდამი თანაგრძნობის გამოხატვას. წაახალისეთ ბავშვი გამოიყენოს სათამაშო ფული, ხელზე წამოსაცმელი თოჯინები, სათამაშო ტელეფონი და ა.შ. მიეცით საშუალება ითამაშოს წარმოსახვითი ქმნილებებით.

 

გაითვალისწინეთ ბავშვის ინტერესები და სურვილები

წარმოსახვითი და როლური თამაშებიზოგჯერ ბავშვები  ითხოვენ მუდმივად ერთიდაიგივე ზღაპრის წაკითხვას, ერთი ფაზლის აწყობას და ა.შ.  მშობლების ნაწილისათვის ეს მომაბეზრებელი ხდება, ამიტომ  ცდილობენ ბავშვს ახალი იდეები შესთავაზონ. რეალურად, თამაშის ხშირად გამეორება ბავშვს საშუალებას აძლევს გაივარჯიშოს თავისი უნარები, იგრძნოს თავდაჯერებულობა. თუ მშობელი, მაგალითად, ფაზლის აწყობის ნაცვლად ბავშვს ბურთით ახალ თამაშს შესთავაზებს, მან  შესაძლოა ჩათვალოს რომ არ გამოსდის ფაზლის აწყობა, არ მოსწონს  დედას  და იმედგაცრუება იგრძნოს. სწორედ ამიტომ, უმჯობესი იქნება მშობლები მიჰყვნენ ბავშვის ტემპს და მისცენ იმის კეთების საშუალება, რაც იმ მომენტში მისთვის საინტერესო და აქტუალურია.

 

შეაქეთ  ბავშვი, არ გააკრიტიკოთ

ბავშვს არ მოსთხოვოთ ბევრი, მაგალითად, ნახატის სრულყოფილად დახატვა. მიეცით ზოგჯერ შეცდომის დაშვების საშუალება. ამ დროს, უმჯობესია შეაქოთ და აქცენტი გააკეთოთ იმაზე, რაც კარგად გამოუვიდა და თვითონ მას მოეწონა. თუ მაგალითად, არ გამოსდის კოშკის აშენება, არ გააკრიტიკოთ, წაახალისეთ, კიდევ სცადოს აშენება.

 

დაეხმარეთ დამოუკიდებლობის უნარის განვითარებაში

თამაშისას წაახალისეთ ბავშვი და მიეცით მისთვის საჭირო დრო დამოუკიდებლად იფიქროს და გადაჭრას პრობლემა. მაგალითად, ფაზლის აწყობისას თვითონ მოსინჯოს სხვადასხვა ვარიანტი, თავად გადაწყვიტოს რამდენი კუბიკი დადოს ისე, რომ კონსტუქცია არ დაიშალოს, თავად შეეცადოს სთხოვოს დას სათამაშო, რომელიც ჭირდება. ინსტრუქციის მიცემისა და აქტივობის მის მაგივრად შესრულების ნაცვლად, ზოგჯერ, შესაძლებელია შესთავაზოთ დახმარება: „რას იტყვი, ხომ არ გინდა დავიჭირო კოშკი, სანამ შენ კუბიკს იპოვი?“, „ხომ არ გირჩევნია, მიხვიდე და სთხოვო ანას სათამაშო?“. ასეთი ქცევით ბავშვს დაეხმარებით ისწავლოს დამოუკიდებლად პრობლემის მოგვარება, გახდეს თავდაჯერებული. რაც მთავარია, აგრძნობინებთ, რომ თქვენ  ენდობით და გჯერათ მისი შესაძლებლობების.

 

დააჯილდოვეთ ბავშვების მშვიდი და თქვენთვის მისაღები თამაში

როდის შევაქოთ ბავშვიზოგჯერ ბავშვები თამაშობენ წყნარად, მშობლები კი, ამ დროს, სხვა საქმიანობით არიან დაკავებულები და  ყურადღებას არ აქცევენ მათ დამოუკიდებელ, მშვიდ და მისაღებ ქცევას. ბავშვებს ყოველთვის სურთ მშობლის ყურადღების მიქცევა. უმჯობესი იქნება,  შეაქოთ  წყნარად და დამოუკიდებლად ყოფნისათვის და თავადაც ჩაერთოთ თამაშის პროცესში. ამით თავიდან აიცილებთ ბავშვების არასასურველ ქცევას, თქვენი ყურადღების მიქცევას ხმაურით, პროტესტითა და სხვა შეუსაბამო ქცევით.

 

დაუთმეთ დრო ბავშვებს

ყოველდღე ეთამაშეთ ბავშვებს,  თუნდაც, ნახევარი საათის განმავლობაში, რადგან მათთვის აუცილებელია სისტემატიურად გრძნობდნენ როგორც დედის, ასევე, მამის ყურადღებას. შეეცადეთ გაამხიარულოთ ბავშვები და თავადაც გამხიარულდეთ.  შეიძლება ყოველთვის  არ იყოთ კომფორტულად, ვერ მართოთ ბავშვები, გაბრაზდეთ ან იმედგაცრუება იგრძნოთ, თუმცა, გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ და ყველაზე დიდ გავლენას მათ ქცევაზე, აზრებსა და ემოციებზე სწორედ თქვენ ახდენთ.

სტატიები ამავე თემიდან

ერთი დღე გართობისა და განვითარებისთვის

სტატიაში აღწერილ, ბავშვთან ერთად გატარებული ერთი დღის მაგალითზე, თქვენ გაეცნობით საინტერესო აქტივობებს, თუ როგორ შეიძლება ყოველდღიური რუტინა ვაქციოთ ბავშვისთვის სხვადასხვა უნარების განმავითარებელ და სახალისო პროცესად.

ქცევის კონტროლის მექანიზმები

როგორ გამოიყენება ქცევის კონტროლის მექანიზმები? რა არის დასჯა და წახალისება და რა შედეგებს გვაძლევს ბავშვთან ურთიერთობაში.

რა გავლენას ახდენს მიჯაჭვულობა ბავშვის განითარებაზე

რა ზეგავლენას ახდენს ბავშვის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში თითოეული ტიპი და რა რეკომენდაციებია საჭირო იმისთვის, რომ ბავშვის სწორად განვითარდეს

ინტროვერტი ბავშვი: რჩევები და რეკომენდაციები

ვინ არიან ინტროვერტები? როგორია მათი სამყარო? სტატიაში მოკლედაა შეჯამებული ინტოვერტი ბავშვის ფსიქოლოგია, მათი დამახასიათებელი თვისებები. ასევე, მოცემულია რჩევები და რეკომენდაციები, რომელიც ინტროვერტებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ.

სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევები

რატომ უჭირს ზოგიერთ ბავშვს სწავლის პროცესში ჩაბმა, რატომ უჭირს ახალი მასალის დამახსოვრება? რა იწვევს სწავლის უნარის დაქვეითებას? რა ხერხები დაგვეხმარება ამ პრობლემის დაძლევაში

ყურადღება და მისი როლი სასკოლო პროცესში

უმცროსკლასელთა სასკოლო წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ყურადღების განვითარების დონეზე.

მზად არის პატარა გახდეს სკოლის მოსწავლე?

პედაგოგიურ და ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში სკოლისთვის მზაობას განმარტავენ, როგორც ბავშვის პიროვნების მრავალგვარ განვითარებას, ანუ ბავშვის მზაობა სასკოლო სწავლისთვის გულისხმობს მისი სოციალურ-ემოციური მომწიფების, სწავლისადმი მოტივაციის, მეტყველებისა და საკომუნიკაციო უნარების, ზოგადი ცოდნისა და შემეცნებითი განვითარების ასპექტებს.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს გახდეს თავდაჯერებული

რატომ არის აუცილებელი ჯანსაღი თვითშფასება? ის რასაც ჩვენს თავზე ვფიქრობთ ხშირად განსაზღვრავს ჩვენს ქცევებს. თვითშეფასების ჩამოყალიბება ჩვილობიდან იწყება. როგორ შეიძლება დაეხმაროს მშობელი ბავშვს?

აგრესია - ბავშვის აგრესიის მიზეზები და მისი დაძლევის გზები

აგრესია - რა არის აგრესია? რა არის ბავშვის აგრესიის მიზეზები და როგორია მისი დაძლევის გზები.

როგორ შევაყვაროთ ჩვენს პატარას წიგნები

სტატიაშია მოცემული საინტერესო და სახალისო რჩევები, როგორ უნდა შეაყვაროთ თქვენს პატარებს წიგნთან ურთიერთობა.

ვიდეო თამაშები და ბავშვები

გასართობი საშუალებები უნდა იყოს სახალისო, ამყოლი და ხელი შეუწყონ შემოქმედებითი ფანტაზიის განვითარებას. გასართობი საშუალებები არ უნდა შეიცავდეს ისეთ განზოგადებულ ინფორმაციას, რომელიც ბავშვს ისეთ შეკითხვებს გაუჩენს, რომელზეც პასუხის გაცემა მისი ასაკისთვის და ემოციური მომწიფების დონისთვის არ არის რეკომენდირებული.

ბავშვების დაბადების რიგი და მისი გავლენა პიროვნების ჩამოყალიბებაზე

დაბადების რიგი წარუშლელ კვალს ტოვებს ადამიანის ცხოვრების სტილზე, რომელიც თავისთავად გავლენას ახდენს ამ ინდივიდის ცხოვრებაში მეგობრობაზე, სიყვარულზე და სამსახურზე.

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია