kids.ge logo

გომბორელა

ფავორიტებში დამატება

II. წესების დამრღვევნი

ეზოში, სადაც ბანაკები განთავსებულიყო, ყველაფერი ფერადოვნად ლიცლიცებდა. მწვანე ბალახზე უამრავი ჭრელა-ჭრულა ყვავილები იწონებდა  თავს, მაღალ  ხეებზე საქანელები და ჰამაკები კონწიალობდნენ თავმომწონედ. ეზოს გადაღმა, როგორც ჩანს მდინარე ჩაედინებოდა, რადგან ყურს გამუდმებით ჩაესმოდა მისი ჩხრიალი. ჩიტებისთვის პაწაწკინტელა სახლები წამოეკუპებინათ ხის მსხვილ ტოტებზე და ისინიც უსაფრთხოდ და მშვიდად დაფრინავდნენ აღმა-დაღმა, ყურს საამოდ ხვდებოდა მათი ჭიკ-ჭიკი და საპასუხო გალობა ერთმანეთში.

       მხოლოდ ის წითელი სახლი, რომელიც ფერადი ყვავილებით მოეხატა მხატვრის ნიჭიერ ხელს, იდგა მოშორებით, განმარტოებით და მდუმარედ. ცნობისწადილს კი ამ განცალკევებასთან ერთად, ის უპირველესი წესი უღვივებდა ბავშვებს მის მიმართ, რომელიც კრძალავდა ამ სახლში შესვლას, ამიტომ იყო რომ ეზოში გაშლილი ბავშვები, თამაშის დროს იდუმალ მზერას მაინც გააპარებდნენ ხოლმე სახლისკენ და ინტერესი უფრო და უფრო ეზრდებოდათ.

    ლიზი ისევ მოწყენილი იჯდა მდელოზე და თითებით ეთამაშებოდა პატარა გვირილებს, რომლებიც მის მუხლებთან წამოსკუპებულიყვნენ ამაყად.

--შენ კიდევ  ვერ მოხვედი ხასიათზე?--გვერდით მიუჯდა თამაშისგან დაღლილი ლილე მას, რომელსაც ფეხდაფეხ მოჰყვა ანი, წუთითაც რომ აღარ  ტოვებდა ახლად შეძენილ მეგობარს მარტო.

--წამოდი, შენთან ერთადაც ვითამაშებ!--მკლავზე ხელი ჩაავლო მას ანიმ.

--არა , არ მინდა!

--კი მაგრამ რატო? აქ ხომ ყველაფერი ისეთი ლამაზია...

--მე ჯერ ვერ ვხედავ ამ სილამაზეს.--უფრო მეტად მოიწყინა ლიზიმ და თავი დახარა.

--ღმერთო ჩემო! აბა მოყევი რა გაწუხებს?--საქმიანი გამომეტყველება მიიღო ანიმ და ისიც მის გევრდით ჩამოჯდა.

--გამგზავრება არ მინდოდა!--დარცხვენით დაიწყო გოგონამ:-- მაგრამ მამა მეზღვაურია, ოთხი თვით წავიდა შორეულ რეისში, დედა კი ექიმია და ის ამბობს, რომ ადამიანთა სამსახურში ყოფნა და მათი დახმარებაა უპირველესი.--თავი ჩახარა ლიზიმ და გაირინდა.

--საბრალო...--მხარზე ხელი მოხვია ლილემ.

--შენ ამბობ რომ მშობლებს შენთვის არ სცალიათ?--თვალები გაუფართოვდა ანის და მისი გაოცება იყო გულწრფელი.

--ასეა...--კიდევ უფრო დანაღვლიანდა გოგონა, მაგრამ მალევე ამაყი ტონით დაუმატა:--მაგრამ მე ვიცი, რომ ჩემი მშობლები სასარგებლო და კეთილ საქმეს აკეთებენ, ეს მიხარია! ჰოდა მეც მისთვის ავირჩიე სიკეთის ბანაკი, მინდა ის საქმე აღმოვაჩინო, რითაც შევძლებ ადამიანებს დავეხმარო.

--რა თქმა უნდა, თანაც ამ ბანაკში მოხვედრა ყველა ბავშვის ოცნებაა!--ამაყად გაიბღინძა ანი და მოუსვენარი თვალებით იმ გოგონას გახედა, რომელმაც სადილის დროს ყველაზე დიდი გულადობა გამოიჩინა, დირექტორ ზაქარას შეეპასუხა და ნიცად გაეცნო იქ მყოფ საზოგადოებას. გოგონა ხის ხმლით და ზურგზე მოგდებული მშვილდ-ისარით დაჰქროდა აღმა-დაღმა და უკან თან დაჰყვებოდნენ გმირთა ბანაკის წარმოამადგენლები, ისინიც სათანადოდ შეიარაღებულნი და ანთებული თვალებით.

--ვინ არის მთავარი ომში?--შემაღლებულ ბორცვზე შემოხტა ნიცა მარდად, გამომეტყველებასა და ქცევებზე აშკარა იყო, რომ ბიჭებისგან შემდგარ გუნდში უფრობა მას აეღო თავის თავზე და უკმაყოფილოც არავინ ჩანდა ამის გამო.

--რა თქმა უნდა გენერალი!--ამაყად დაუბრუნა პასუხი მეტისმეტად ეშმაკური სახის ბიჭუნამ, რომელსაც  ქერა რბილი ქოჩორი დანესტილ შუბლზე ლამაზად ჩამოშლოდა, ხელში მასაც ხის ხმალი ეჭირა და ამჯერად მიწას დაყრდნობოდა მისით.

--არა გიორგი, მთავარი ჯარისკაცია!  გენერალი ხომ ჯარისკაცების გარეშე ვერაფერს გახდება.

    ბავშვები გაისუსნენ...  ნიცამ კი მეტისმეტად ბრძნული სახით განუმარტა მათ:---მე თქვენს გარეშე ვერაფერს გავხდები ბავშვებო, თითოეული თქვენგანი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.

--რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ შენი ჯარისკაცები ვართ!--ხმალი მაღლა შემართა გიორგიმ და ბავშვებმაც ყიჟინა დასცხეს.

--და რატომ ლაპარაკობთ ომზე?--საუბარში თავს წამოადგათ მათ სიყვარულის ბანაკის მეტისმეტად სიფრიფანა წარმომადგენელი, რომელსაც ვარდისფერი პეპელა თავზე კი არ წამოესკუპებინა, არამედ სამაჯურად დაემაგრებინა ხელზე. მეგობრები ნიტას ეძახდნენ მას და თავად თვლიდა, რომ მისი სახელი ყველაზე ლამაზი და თანამედროვე იყო მათ შორის, რა სახელებიც  აქ ისმოდა, რაც კიდევ უფრო მეტი თავმომწონეობის საბაბს აძლევდა მას.

--შენ ვინ ხარ?--ამაყად გადახედა არამკითხეს გიორგიმ.

--დედამ მითხრა რომ უცნობებს არ უნდა დაველაპარაკო!--სასაცილოდ გაიბღინძა სიყვარულის ბანაკის წევრი.

--რა სასაცილო ხარ, შენ თავად არ დაგველაპარაკე?--გულიანად გადაიკისკისა ნიცამ და ბორცვიდან მკვირცხლად ჩამოხტა.

--მე იმიტომ დაგელაპარაკეთ, რომ არ მომეწონა თქვენი სასაუბრო თემა...--მხრები აიჩეჩა სიფრიფანამ.

--მაგრამ ჩვენ აქ ყველა ერთად ვცხოვრობთ.

--ეს დროებითია.

--მეგობრები ყველას სჭირდება!--შეიცხადა ნიცამ, რომელიც გაოცებული და დამრგვალებული თვალებით  შესცქეროდა ამ ცეროდენა და ამპარტავან გოგონას.

--მე მყავს უკვე მეგობრები!

--არც ისე ბევრი!

--თუმცა ჩემთვის ის რამოდენიმეც საკმარისია.

--აბა აქ რისთვის ჩამოხვედი?

--იმისთვის რომ სიყვარულის წევრობის სერთიფიკატი ავიღო?

--შენი საქციელი შენს პროფესიას ეწინაამღდეგება!--ხმალი მიწაში  ჩაარჭო ნიცამ და გოგონას გამომცდელად შეხედა.

--რატომ?

--თუ კი სიყვარულს სწავლობ, ჩვენ ასე არ უნდა გვექცეოდე.

--თქვენ ხომ ომზე საუბრობდით, მე არ მიყვარს ომი.

--ომი არავის უყვარს, მაგრამ ის მაინც ხდება, ამიტომ ცოტა რამ მის შესახებ ბავშვებმაც უნდა ვიცოდეთ!--ამაყად განმარტა ნიცამ და ჯგუფის წევრებს მზერა მოავლო იმის შესამოწმებლად, ისინიც ეთანხმებიან თუ არა ჩემს ნათქვამსო.

  ბავშვები კმაყოფილნი ჩანდნენ თავიანთი ბელადით.

--მე არ მინდა რომ ვიცოდე!--ამაყად გაიბღინძა სიფრიფანა გოგონა და თავდაჯერებული ნაბიჯებით გასწია თავის ბანაკის წევრებისკენ, რომლებიც სიცილ-კისკისით დასდევდნენ მინდორში დაფანტულ პეპლებს და უმზარმაზარ ეზოს ხმაურით ავსებდნენ.

--მგონი აქ დიდ გაუგებრობას აქვს ადგილი!--ნიკაპზე ხელი ისე ჩამოისვა გიორგიმ და ბავშვებს გადახედა:--ამ ბავშვს თავ-გზა აქვს აბნეული, სიყვარულის არაფერი გაეგება, ან შენ... -- ახლა თავის გუნდის წევრს, ყველაზე ფრთხილ და უწყინარ წევრს გადახედა:--დარწმუნებული ხარ რომ სწორ ადგილას ხარ?

  ბიჭი გაუგებრად მოიბუზა:--ჩემგან რაღა გინდა?

--მგონი შენც ბანაკი აგერია, ძალიან მშიშარა ხარ!

  ამ შეფასებამ ამ უწყინარ ბიჭსაც გული ატკინა და თვალები ცრემლით აევსო.

--კარგი რა გიორგი, გმირობა სულაც არ ნიშნავს სხვების დამცირებას!--ბრძნად მოქადაგე ბიჭს გაუბრაზდა ნიცა და მზერა სიკეთის ბანაკის, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი გოგონების სამეულისკენ გადაიტანა, რომლებიც გაცხარებით კამათობდნენ  და სიტყვათა კორიანტელში ერთმანეთს სულაც აღარ უგდედნენ ყურს.

--აი ის გოგონები კი ძალიან საინტერესონი ჩანან, წამო გავეცნოთ!--ხმალი ხელში შეათამაშა ნიცამ და წასასვლელად მოემზადა.

--არა, არ გინდა!--მკლავზე ხელი წაატანა გიორგიმ და შეაჩერა.

--ვითომ რატო?

   თუმცა ამ საკითხის გარკვევა მათ აღარ დასცალდათ, რადგანაც ეზოში გაისმა ხმამაღლა ჩაძახილი რუპორში:--ბავშვებო ყველას თქვენი კურატორი გელოდებათ! გაკვეთილი იწყება!

   ბავშვები ჟივილით შეესიენ საკლასო ოთახებს და წესი ნომერი პირველი, რომ დერეფნებში ასე გაუგებრად არ ერბინათ, აღარავის ახსოვდა.

  საინტერესოა... ნეტავ რამდენი შესძლებს სერთიფიკატის მიღებას ასეთი ყოფა-ქცევის შემდეგ?

   ლილემ ცნობისმოყვარე მზერა მოავლო დიდ საკლასო ოთახს, უფრო მართებული იქნებოდა თუ კი ვიტყოდით --  სათამაშო ოთახს, რადგან ეს დიდი  ყვითელი სივრცე, სავსე იყო უამრავი სათამაშოთი  თუ ნახატებით.  სათამაშოებში პუშის და რეზინის ჭყავილა სათამაშოები არ მიგულისხმია ბავშვებო, აქ ყველა კუთხესა თუ მაგიდაზე, ინტელექტუალური გასართობების სიუხვე იგრძნობოდა: ფერადი ლოტოები, სამაგიდო ფეხბურთები თუ პატარა ბილიარდები, მონოპოლიების ლაბირინთებში ჩაძირვასაც მოასწრებდით თუ კი ყველაფერს გულდასმმით შეისწავლიდით და ყველაგან, აბსოლოტურად ყველა თაროსა თუ მაგიდაზე, შენიშნავდით ფიშერის ასაწყობ პირამიდებს, რომლებიც ფერთა სიუხვეში ერთმანეთს ნამდვილად ეჯიბრებოდნენ.

--რა სილამაზეა!--აღმოხდა აღტაცებით ანის და  ოთახის შუაგულში ისევ ბალერინასავით დატრიალდა.  ის მაშინ იქცეოდა ასე როცა სიხარულის გამოხატვა უნდოდა. თქვენც შენიშნეთ ალბათ უკვე.

--მართლაც...ფარდებს შეხედეთ, როგორ ბრჭყვიალებენ!--წამოიყვირა ლიზიმ და ყველაზე განიერ ფარდაში გაეხვია გორგალივით.

--მერხები სად არის?--გულწრფელად გაიკვირვა ლილემ.

--სულელო, ეს ხომ ნამდვილი საკლასო ოთახი არ არის, შეხედე რა სილამაზეა.--ამაყად განუმარტა მეგობარს ცხადი ჭეშმარიტება ანიმ.

   და მართლაც, გაკვეთილის მსვლელობის დროს ბავშვები სკამებისა და მერხების ნაცვლად, ფუმფულა და ფერად-ფერად პუფებში გადანაწილებულიყვნენ და ის რამოდენიმე სიკეთის სახელმძღვანელოც, რომელიც სჭირდებოდათ, ფეხებთან დაელაგებინათ.

    ასეთი თანხვედრა პროფესიისა ადამიანთან, ჯერ არ უნახავთ ბავშვებს. კურატორი ნამდვილი სიკეთის განსახიერება იყო. ფუმფულა, ლოყებ წითელა, ცხვირზე სათვალეებ წამოსკუპებული შუახსნის ქალი, რომელიც მუდმივად იღიმოდა და მისი ხმაც იყო საოცრად ხავერდოვანი და თბილი. ერთ რამედ ღირდა მისი ამბების და იგავების მოსმენა, საუბარი იმაზე თუ როგორ უნდა მიგვენიჭებინა ადამიანებისთვის ბედნიერება.

--მე რომ წარმოვიდგინე ზუსტად ისეთია ნანა მასწავლებელო!--სიხრულისგან აღმოხდა გაკვირვებულ ლილეს.

--ჰო, სწორედაც რომ ასეთი უნდა ყოფილიყო!--დაეთანხმა ანიც.

--რა გვიბიძგებს ადამიანებს სიკეთის კეთებისკენ?--ოტახში გაისმა მასწავლებლის თბილი ხმა.

--სურვილი!--მარდად შეაგება პასუხი ანიმ და ამაყად გაიბღინძა ფუმფულა პუფში.

--კიდევ?

--კიდევ ის, რომ მას დახმარება სჭირდება და სწორედ ეს გვიჩენს სურვილს!--ახლა ლილე წამოხტა ფეხზე.

--ჭკვიანები ყოფილხართ!--სათვალე საჩვენებელი თითით შეისწორა კურატორმა და ბავშვებს თვალი მოავლო.

   ოთახში სამარისებური სიჩუმე სუფევდა.

   ნანას ხმა კი ისევ ხავერდივით დაიღვარა:--ჩემო პატარებო, ნურასოდეს დაიზარებთ სიკეთის კეთებას, ეს არის ყველაზე ტკბილი მოვალეობა, რაც შეიძლება აკეთო ცხოვრების ნამძილზე დაუსრულებლად. სიკეთის კეთებისთვის არ გჭირდება მიზეზი და არც იმ განცდას შეედრება დედამიწის ზურგზე არაფერი, რასაც კეთლი საქმის ჩადენისას განიცდის ადამიანი.

--მე მაგალითად ძალიან მიყვარს ქუჩის ძაღლების გამოკვება!--ძლივს გასაგონი ხმით ჩაილალპარაკა ლიზიმ:--ამისთვის დედა ყოველთვის მაძლევს პურს.

--დიდებულია!--თვალებ გაბრწყინებულმა მასწავლებელმა სითამამე შეჰმატა გოგონას:--და შენ ამას ვინმე გაიძულებს?

--რა თქმა უნდა არა! მე მიყვარს ისინი.

--ესე იგი სიკეთე სიყვარულის გარეშეც არ გამოვა ხომ ბავშვებო?

--ასეა მასწავლებელო!--ერთხმად უპასუხეს ბავშვებმა.

--თუმცა სიბრალულიც ჩაგადენინებს სიკეთეს!--თავდაჯერებული ტონით აღნიშნა ანიმ.

--მართალი ხარ პატარა გოგონავ, აბსოლოტურად! --ღიმილით დაუკრა კვერი მასწავლებელმა ანის, რამაც იგი უფრო მეტად გაათამამა და ერთობ ჭკვიანური გამომეტყველებით განაგრძო:

--მე სულაც არ ვგიჟდები იმ მათხოვარზე, რომელიც ჩვენი სახლის წინ ზის და ფულს აგროვებს, პირიქით, მეშინია კიდეც მისი, მაგრამ ყოველ დილით ვაძლევთ მას ფულს მე და მამა.

--და რა გიბიძგებს ამისკენ?--ეჭვით ჩაეკითხა კურატორი და თვალები ნახევრად მოჭუტა პასუხის მოლიდინში.

--მეცოდება...

--ასეა, გეთანხმებით! სიბრალული და სიყვარული, ძირითადი მოტივაციაა კეთილი საქმისათვის.--მხიარულად დაასრულა თავის გაკვეთილი ნანა კურატორმა და მხოლოდ ახლაღა ჩამოჯდა  სარწეველე სავარძელში, რომელიც აქამდე თავისთვის ქანაობდა ოთახის კუთხეში.

--მას, რა საჭიროა სიყვარულის ბანაკის ცალკე არსებობა?--წამოხტა უკანა რიგებიდან აქამდე ყველაზე ჩუმად მჯდარი ბიჭუნა და დოინჯი შემოირტყა თეძოებზე.

--ჰოო, სწორი შენიშვნაა!--სათვალე შეისწორა ცხვირზე ქალმა ისევ და კეთილი ღიმილით დააჯილდოვა კითხვის ადრესატი.

--და გმირები?--ისევ არ დაცხრა პატარა ბიჭი:--მე გმირების ბანაკში მინდოდა, მაგრამ ადგილი აღარ იყო, ამიტომ აქ ვარ ახლა.

  --შენს ხმაში სინანული მომესმა ჩემო პატარა მეგობარო, გული ნუ დაგწყდება, ყველა საგმირო საქმე ასევე სიკეთით და ადამიანების მიმართ სიყვარულით არის შთაგონებული, წელს სიკეთის იგავებით დაკავდი და შემდგომ საგმირო საქმეებიც აკეთე!--გამამხნეველად თვალიც კი ჩაუკრა გულდაწყვეტილ მოსწავლეს კურატომა და ჩიტების ჭიკ-ჭიკის მაგვარი ზარიც აწკრიალდა.

 --ძალიან საყვარელი კურატორი გვყავს..—საწოლზე ხელებგაშლილი მიესვენა ლილე და მეოცნებე თვალებით, ოქროსფრად ალივლივებულ ჭერს მიაშტერდა.

--კი, ნამდვილად გაგვიმართლა.--კვერი დაუკრა ანიმ და თვალით ლიზისკენ ანიშნა, რომელიც მოწყენილი სახით, სარკმელს იქით ჩაბნელებულ ეზოს გასცქეროდა.

--ისევ მოწყენილია... ალბათ ისევ დედა ენატრება.

--დედა მეც მენატრება, მაგრამ ამ მდგომარეობით ტკბობის საშუალებას ვერაფერი გამიფუჭებს!--ჩუმად ჩაიკისკისა ანიმ.

--ვაიჰ!--უეცრად ისე წამოიყვირა ლიზიმ რომ ინერციით სკამიდანაც გადმოვარდა.

სარკმელს კენჭი მოხვდა მოულოდნელად.

ერთხელ... ორჯერ... მესამედაც კი...

გოგონები გაინაბნენ.

--რა ხდება?--შიშ ჩამდგარი თვალებით იკითხა ამჯერად ანიმ, რომლისთვისაც ხასიათი ერთობ გაეფუჭებინა ამ კენჭებს და სულგანაბული, უკვე საკუთარი გულისცემასაც კი ითვლიდა.

--ეზოდან გვიხმობენ ალბათ!--ჩაიჩურჩულა ლილემ და ნელი მოძრაობით წამოდგა საწოლიდან.

--არ გინდა, საშიშია... ეზოში ხომ ბნელა.

--რა მოხდა, ვნახოთ ვინ არის?--გაფრთხილებას არ დაემორჩილა ლილე და გულადი გოგონასავით მიუახლიოვდა ფანჯრის რაფას მუხლებზე მდგომი.

   შემდეგ  კი ნელ-ნელა ააცილა ფანჯრის თაროს ჯერ წარბები, მერე ცხვირი, შემდეგ კი ტუჩები და აი უკვე მთელი ეზო გამოჩნდა, სიბნელეში რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო.

  --ვინ არის?--საწოლის ბოლოდან ძლივს გასაგონი ხმით ამოიკნავლა ლიზიმ.

    ჰოი საოცრებავ!... ლილემ თვალები მოიფშვნიტა ძლიერად, რადგან რაც დაინახა იფიქრა მეჩვენებაო.

    მათ ფანჯარასთან ახლოს,  გმირების ბანაკის ის ცნობილი წევრი იდგა, გულადი გოგონა და გვერდს კი მასავით გადიდგულებული ბიჭი უმშვენებდა. ბავშვებმა თვალი მოჰკრეს თუ არა ლილეს ანარეკლს, მაშინევ ხელი დაუქნიეს:--ჩამოდით, ჩამოდით!

   ლილე გასწორდა, გაოცებამაც მალევე გადაუარა და სარკმელი გამოაღო.

--არ შეიძლება!

--ვინ გითხრა რომ არ შეიძლება?-- ამაყად გაიბღინძა ნიცა.

--დირექტორმა ხომ თქვა წესებს ნუ დაარღვევთო!--ახლა ანიმ გაჰყო ფანჯარაში თავი და ხელით ანიშნა ღამის სტუმრებს, რომ წასულიყვნენ.

--კარგით რაა, წესები ხომ იმისთვის არის რომ დავარღვიოთ ისინი!--არ ნებდებოდა ნიცა.

--მაინც რატომ გადაგვეკიდე? ცუდ მაგალითს გვაძლევ, ჩვენ არ გვინდან წესების დარღვევა?--სიტყვა შეაშველა მეგობარს ლილემ.

--მშიშრები ყოფილხართ?--ხელი ჩაიქნია ნიცას გვერდით აქამდე ჩუმად მდგარმა ბიჭმა.

--სულაც არა!--იუკადრისა გიორგის ნათქვამი ანიმ.

--მაშინ ჩამოდით, თავგადასავლები იწყება!

     გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს შეთანხმებულებივით. არც ერთ მათგანს არ მოეწონა ის ,,მშიშარას“  სტატუსი, რაც ცოტა ხნის წინ მიაწეპეს თანატოლებმა და უფრო ამის გასაბათილებლად, მიიღეს სწრაფადვე   ეზოში ჩასვლის გადაწყვეტილება.

--მე არ მინდა!-- კარებთან აიბუზა ლიზი.

--დავტოვოთ?

--თუ კი ეშინია?--მხრები აიჩეჩა ლილემ და მეტად ჭკვიანური გამომეტყველებით დამოძღვრა მეგობარი:--იცოდე ბევრი არ იხმაურო, ჩვენი წასვლა ვერავინ უნდა გაიგოს!

--ჰო, კარგი!--ჩაიბუზღუნა წყენით ლიზიმ და გოგონები კარს მიღმა გაუჩინარდნენ.

  დერეფანში უკუნი სიბნელე იდგა. ცხოველებით მოხატული კედლებიც ბნლეს შთაენთქა. მხოლოდ დერეფნის ბოლოს, დიდი კედელზე, ნაცრისფერი სპილო მოჩანდა მედიდურად, მისი ღია ტონი მაინც ვერ ჩაეყლაპა ღამეს.

  ეზოში სიჩუმეს კი, მხოლოდ ჭრიჭინების გაბმული ჟივილი არღვევდა. პირველ საფეხურს გაცილებულები არ იყვნენ გოგონები, რომ მათ ფეხებთან ისევ კენჭი დავარდა.

--აქეთ, აქეთ!--ხელის ქნევით იხმობდა მათ ნიცა.

--ჩვენც არაფრის გვეშინია, რატომ დაგვიძახეთ?--ამაყად გაიბღინძა მათ წინ ანი და მშვილდითა და ისარით შეიარაღებული გოგო-ბიჭი ინტერესით შეათვალიერა:--და ეს რაღად გინდათ?

--ჰმ... ვითომ საფრთხე არ არსებობს?--ტუჩები აიბზუა გმირულად ნიცამ და  როგორც ყველაზე გულადი მეომარი, ისე გაუძღვა ბავშვებს სიბნელისკენ.

--ალბათ ხუმრობთ?--ფეხი ჰაერში გაუჩერდა ლილეს, როცა იმ წითელ სახლს მიადგნენ, დირექტორი ზაქარასგან მკაცრი გაფრთხილება რომ მიეღოთ,--არავითარ შემთხვევაში არ გაეკაროთო.

--მე არ მოვდივარ!--განაცხადა მან მტკიცე ხმით.

--განა შენ არ თქვი მშიშარა არ  ვარო!--დამცინავად ჩაიცინა ნიცამ და ხის კარს ჯიუტად  დაეჯაჯგურა.

--მშიშარა არ ვარ, უბრალოდ არ მიყვარს როცა უფროსების ნათქვამს არ ვიჯერებ!

--კარგი რა, ნუთუ მართლა არ გაინტერესებს რა ხდება შიგნით?--როგორც იქნა კარი გააღო გმირთა ბანაკის ლიდერმა და ფრთხილად გადადგა ნაბიჯი სიბნელსაკენ.

--წავიდეთ!--ანიმ მეგობარს ჩუმად მუჯლუგუნი გაჰკრა და წინ უბიძგა ხელით, ლილეც უთქმელად დაჰყვა მის ნებას.

--ბავშვებო  ისე ჩუმად უნდა ვიმოძრავოთ, რომ ნიავიც კი არ შევარხიოთ!--დამრიგებლური ხმით მოუწოდა მეგობრებს ნიცამ და დაწინაურდა სიბნელეში, თუმცა სულ ათიოდე მეტრი თუ ექნებოდათ გავლილი,რომ უეცრად ბოხი და ჩახლეჩილი ხმა შემოესმა უკანა მხრიდან:--საით გაგიწევიათ მეგობრებო?

    ყველანი ადგილზე გაშეშდნენ... სუნთქვაც კი შეიკრეს მოულოდნელი სტუმარის გამოჩენისას.  სიბნელიდან ნელ-ნელა გამოვიდა ჯოხზე დაყრდნობილი მოხუცი კაცი.

--ეს ხომ შაქროა, ბანაკის მეეზოვეა!--შიშსაგან ხმა აუკანკალდა ლილეს და ძლიერად ჩასჭიდა ხელი ანის.

--ჩვენ, ჩვენ...--ჩიბურტყუნა დამნაშავესავით ნიცამ და თავი დახარა.

   განა მართლა დამნაშვენი არ იყვნენ? იმ დროს, როდესაც საკუთარ თბილ საწოლებში უნდა სძინებოდათ, დადიოდნენ გარეთ და თანაც აკრძლულ ტერიტორიაზე.  ცხადია ამას არ მოუწონებდათ შაქრო.

--მაინ, მაინც?...--თვალები მოჭუტა მოხუცმა კაცმა გამომცდელად.

--ჩვენ.. რატომ უნდა დაგიმალოთ? იმ სახლის ამბები  გვაინტერესებს!--ისევ დიდ გულზე მოვიდა ნიცა და დაუფარავად უთხრა თავიანთი ჩანაფიქრი ეზოს მოხუც მეეზოვეს.

--ეჰ ჩემო კარგებო, მაგ სახლის ამბები მეც მაინტერესებს, მაგრამ თქვენსავით გულადი ვერ გამოვდექი მგონი, ეს ჩანაფიქრი არც კი მქონია...--ხელი ჩაიქნია მან დანანებით და ბავშვებს ხელით წინ უჩვენა მიმართულება.

 მეგობრები დაიბნენ და ერთმანეთს გადახედეს.

--ნუთუ? ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ?

--დიახ, მაგრამ ეს ჩვენი საიდუმლო უნდა იყოს და თანაც... როცა დაბრუნდებით თუ რამე საინტერესოს ნახავთ მეც მომიყვებით!

--შევთანხმდით!--კვერი დაუკრეს გახარებულმა პატარებმა და მაინც გაუბედავად გადადგეს ნაბიჯები, რადგან ჯერ კიდევ ვერ დაეჯერებინათ, რომ ასე უთქმლად დაუძვრენ ხელიდან მეეზოვეს.

   კარგი კაცი ყოფილა შაქრო, იმ მოღუშულ და პირქუშ სახის მიღმა, ნამვილად კეთილი გული იმალებოდა თურმე.

  კარი ჭრიალით გაიღო...

    ოთახში ბნელოდა. პატარა სარკმლიდან შემოსული მთვარის მკრთალი შუქი,  ბუნდოვნად ანათებდა მის სივრცეს, თუმცა მაინც კარგად გაარჩევდა დაკვირვებული თვალი ინტერიერს,--პატარა ვარდისფერი საწოლი, ჭერიდან დაცემული ვარდისფერივე შრიალა ფარდებით. ოთახის მარჯვენა კედელთან იდგა ვარდისფერივე მაგიდა პატარა სკამით და ვარდისფერი როიალი, რომელსაც ოთახის ძირითადი სივრცე დაეკავებინა.

--ოჰოო...--გაოცებით წამოიძახა გიორგიმ, რომელიც ამ ხნის განმავლობაში საკუთარ ლიდერს ჩუმად მოჰყვებოდა უკან:--როგორც ჩანს აქ გოგონა ცხოვრობს.

--ჰო ეს ჩვენც შევნიშნეთ, მაგრამ სად არის ის?--უგუნებობა დაეტყო ხმაში ანის და უკმაყოფილოდ დაამატა:--როგორც ჩანს, ჩვენს სხვის ტერიტორიაზე შემოვედით!

--მიხვდი ხომ?--კვერი დაუკრა ლილემ მას.

--მოიცათ, აქეთ მოდით!--დაწინაურებული გიორგის ხმა შემოისმათ ოთახის ჩაბნელებული კუთხიდან.

  გოგონებმა მისკენ გაიხედეს,  გიორგი მაღალ  ბუხარს მისდგომოდა და ინტერესით ათვალიერებდა მის შიგთავსს.

--რას ეძებ?--მასთან ერთად შეჰყო თავი სიბნელეში ნიცამაც.

--კარს ვერ ხედავ?

--კიი...

--არის რამე მიზეზი, რომ ეს კარი აქ იყოს?

--ჰოდა გავარკვიოთ!--ცნობისწადილი დაუდასტურა ნიცამაც და შემდეგ გოგონებს მოუბრუნდა:--იცოდეთ, ან ერთად ვართ ან კიდევ ახლავე დაბრუნდით თუ ვერ ბედავთ!

   ანიმ და ლილემ ისევ ერთმანეთს გადახედეს და თვალებით უთხრეს ერთმანეთს:--არც წასვლა ვარგა და წაუსვლელობაც სიმხდალე იქნებაო!  ამიტომ  ერთხმად დაუდასტურეს თანხმობა  გმირთა ბანაკის წევრებს.

    ბუხარში ჩაყოლებული კარიც  ჭრიალით გაიღო, ობობის ქსელები ისე იყო თეთრდად და მყარად ერთმანეთში გადახლართულნი, თითქოს ძე-ხორცილს დიდი ხანია აქ არ გაევლო. იქნებ ასეც იყო?

  კარს მიღმა,  უფრო მეტად ჩაბნელებული და გრძელი გვირაბი გადაიშლა თვალწინ, ალაგ-ალაგ კედლეზე  მიმაგრეებული ცეცხლის ლამპიონები რომ ანათებდა მკრთალად მის შავ უკუნს.

--ნეტავ სად მივდივართ?--იკითხა ლილემ, რომელიც ყველაზე ბოლოს მიარღვევდა გზას სიბნელეში:--განა რა ცნობისმოყვარეობა გკლავთ ისეთი, რომ ეს უკუნი არ გაშინებთ?

--ნუთუ კიდევ გეშინია?--ისევ გამომწვევად იკითხა ნიცამ.

--აქ ძალიან ბნელა, შეიძლება რამე უჩვეულო არსებებსაც გადავაწყდეთ.

--რა უნდა იყოს აქ?--იკითხა ანიმ და ცხვირ წინ ჩამოშვებული ობობას ქსელი ხელით გაარღვია.

--რამე საშიშნი!--ვარაუდი გამოთქვა ლილემ.

--კარგი რა, დინოზავრები აქ ვერ შემოეტევიან!--ჩუმად ჩაიცინა გიორგიმ და უშიშარი ხმით შეეცადა გოგონებზე შთაბეჭდილების მოხდენას.

--ეგენი ისედაც გადაშენდნენ, მე მოჩვნებებს ვგულისხობ!--ხმაში შიში შეეპარა ლილეს.

--რა სასაცილო ხარ!--ხმადაბლა გადაიკისკისა ნიცამ:--არც ეგენი არსებობენ!

--ზოგი ამბობს რომ არსებობს და შეხვედრია კიდეც მათ.

--ეგენი უსაქმურები არიან, ყურადღების მისაქცევად ათასგვარ სისულელეს რომ იგონებენ.

--მოიცა რა ხმაა?!--წამიერად შედგა გიორგი და უკან მომავალ გოგონებს, ტუჩზე თითის აფარებით ანიშნა რომ გაჩუმებულიყვნენ.

--არ მინდა!--უფრო შიშ ჩამდგარი გაუხდა ხმა ლილეს და ანის ხელი წაავლო მკლავზე.

--მოდი ჩემთან!--მეგობარი ახლოს მიიზიდა ანიმ.

--აქაც კარია!-- გაოცებით წარმოსთქვა გიორგიმ და სახელურს გაუბედავად შეეხო.

--მოიცა!--ერთმად შეჰყვირეს გოგონებმა, თუმცა კარი ხელის შეხებისთანავე გაიღო და ბავშვები თვალწინ აფარებულმა რელობამ გაახევათ.

     მწვანე ბალახებში ჩაფლული მინდორი, უზარმაზარ სივრცეზე გადაშლილიყო. აქ ხარობდა ყველანაირი ფერისა თუ ჯიშის ყვავილი, მათი ერთად ხილვა ნამდვილ საოცარ პეიზაჟს ჰქმნიდა და თვალისთვისაც საამო სამზერი იყო. ჩიტები ძალიან დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ, აგერ ერთმა ბეღურამ ცხვირ წინაც კი  ჩაუფრინა გახევებულ ბავშვებს და საამოდ ჩაიჟღურტულა რაღაც. მინდვრის დასასრულს კი დაბურული ტყე იწყებოდა, რომლსაც თვალსაწიერს იქით დასასრული აღარ უცანდა.

 --გავიდეთ!--ცნობისმოყვარეობამ სძლია ნიცას და ნაბიჯი წადგა წინ.

--მოიცა, იქნებ საშშია?!---ხელი წაავლო ანიმ გულად ამხანაგს და უკან დაწია.

--ამ საოცარ ადგილას რა უნდა იყო საშიში?

--შეხედე რა მშვენიერი ჩანჩქერია!---გაოცებით წამოიძახა გიორგიმ და ბავშვები  მარჯვნივ გაახედა, მაღალი კლდისკენ, საიდანაც თავ-პირის მტვრევით გადმოედინებოდა წყლის უშველებელი ნაკადი, მისი ცივი შხეფების ანცი თამაში, აქამდეც კი აღწევდა და ნამავდა აბიბინებულ მდელოს.

--აქ რაღაც უცნაურია!!--მხრები აიჩეჩა ლილემ, რომელიც უკვე თამამად გამოსულიყო მინდვრის განაპირას და მაღალ ქვასთან დამდგარიყო, ისე თითქოს რაღაცას ემალებაო, სინამდვილეში კი აქედან და გაცილებით უკეთესად ჩანდა ყველაფერი.

  --რას ხედაავ უცნაურს?--გადაუჩურჩულა ანიმ.

 დანარჩენებიც მოვიდნენ.

--იმას რომ  მე ძალიან მიყვარს გეოგრაფია!

--გეოგრაფიას ჯერ ხომ არ ვსწავლობთ?--გაიკვირვა ნიცამ.

--მერე რაა... მამაჩემი მოგზაურია, მსოფლიოს ყველა კუთხე მოვლილი აქვს, მე კი ჯერ მხოლოდ გლობუსით და რუკებით ვმოგზაურობ მასთან ერთად და მინდა გითხრათ, რომ  საქართველოს რუკაზე  ეს მშვენიერი ადგილი არ არის!--მხრები აჩეჩა ლილემ.

--საქართველოში ბევრი ლამაზი ადგილია, თანაც ვერ ნახე რა დიდი ტყე გამოვიარეთ გზად, რა არის აქ უცნაური?--მისი ეჭვების გაფანტვას შეეცადა ნიცა და კიდევ ერთხელ მოავლო თვალი ჩანჩქერს.

--კი, გომბორზე ამოვედით, სადაც აი ეს ჩანჩქერი ნამდვილად არ არის!  საერთოდ არ გვაქვს ასეთი დიდი ჩანჩქერი!--ხელები გაოცებით გაშალა ლილემ.

--მართალს ამბობს!--კვერი დაუკრა ლილეს გიორგიმ და სახელდახელოდ ზურგჩნთაში  ჩადებული დიდი რუკა ამოიღო.

  ბავშვები გულდასმით შეუდგნენ იმ ამ მშვენიერი ადგილის ძებნას...გრძედი, განედი... გადათვალეს გაზომეს, მაგრამ მითითებულ წერტილზე, მხოლოდ სოფელი ციხი იყო მონიშული, სადაც მათი ბანაკი იყო განლაგებული.

--ეს რას ნიშნავს?--გაურკვევლად აიჩეჩა მხრები  ნიცამ და თავის ქმედებების სიმართლეში პირველად შეეპარა ეჭვი:--იქნებ უკან დავბრუნდეთ?

  სიჩუმე... მხოლოდ ჩიტების გაბმული ჟღურტული ჭრიდა სმენას, რომლებიც მათ ცხვირის წინ კრავდნენ ირაოს და ჩანჩქერის ტალღების თქაფუნიც მოდიოდა აქამდე.

--ეს ვინ არის? გაიგონეთ?--თითი მაღლა შემართა გიორგიმ და მაღალი ქვის მეორე მხარეს ანიშნა მეგობრებს ხელით.

   გულამომჯდარი სლუკუნის ხმა უფრო გასარჩევი და მკვეთრი გახდა ამასობაში.

  ბავშვები სმენად იქცნენ.

  პირველმა გიორგიმ გაბედა და ფრთხილი ნაბიჯით ქვის შემოვლა დააპირა, რომლის დიამეტრიც დაახლოებით ხუთი მეტრი მაინც იქნებოდა.

 --რა ხდება?--გასძახა ნიცამ.

--მოდით, მოდით!

  გოგონები მეგობრის მიმართულებით გაეშურნენ და ჰოი საოცრება! ქვის ძირას, მათივე ასაკის წაბლისფერთმიანი და ლამაზთვალება გოგონა მიყუჟულიყო. გოგონა ტიროდა და გრძელი მაისურის სამკლავურებით იწმენდდა თვალებს. მან მიახლოვებულ ბავშვებ არც კი შეხედა.

--ტირის, იქნებ რა უჭირს? დაიკარგა?

--მოდი ვკითხოთ!

   ლილე მას ფრთხილი ნაბიჯით მიუახლოვდა და მხარზე ხელი შეახო მორიდებით.

   გოგონა შეკრთა, დიდრონი ყავისფერი თვალებით ამოხედა ლილეს, ცოტა ხანს უმზირა უცნობს და ბოლოს ისევ ცხვირწინ შეტყუპებულ მუხლებზე ჩამოდი თავი.

  ,,ტრაააააშააან....“ --გაისმა მოულოდნელად მათ სიახლოვეს და ყველასდა გასაკვირვად, ახლოს მდებარე გაბურძგნული ბუჩქებიდან გამოძვრა უცნაური არსება, უფრო მითიური და მისტიკური ცხოველის მაგვარი. იგი სიმაღლით დაახლოებით ორმოცდაათ სანტიმეტრამდე თუ იქნებოდა, ნათელი მწვანე  ფერის ხორკლიანი კანით,  კისერი თითქმის არ ჰქონდა და დიდრონი თავი პირდაპირ გამობმულიყო უფრო დამრგვალებულ სხეულზე. მრგვალი, წითელი თვალები კი მას უფრო  უცნაურ  იერს აძლევდა, თუმცა არა საშიშს, რადგან ეს თვალები ნამდვილად სიკეთით ციმციმებდნენ. ახლა მისი ხელები გენახათ, ისეთი მოკლე  ჰქონდა, რომ თითქმის მაჯებთან მთავრდებოდნენ და უმოკლესი მრგვალი  თითებიც სულ მოძრაობაში ჰქონდა საცეცებივით. მისი ფეხებიც ასეთივე მოკლე იყო, დიდი ტერფებით, რომლებსაც ვერანაირი  ზომისა და ფორმის ფეხსაცმელი ვერ მოერგებოდა და ნამდვილად  ჯობდა ასე ფეხშიშველს ერბინა აქეთ-იქით.  ტანის ძირითადი ნაწილი ცისფერი ჯინსის კომბინიზონით შეემოსა, რითაც  უფრო საყვარელი შესახედაობის იყო და ადამიანებში ერთი შეხედვითადაც შიშს აღარ იწვევდა.

--შენ ვინ ხარ?!--შეჰკივლა ნიცამ შეცბუნებული ხმით და პირველი რაც მოიმოქმედა ხის ხმალზე ხელი წაივლო.

--მოიცააა.. მოიიცა, დავწყნარდეთ ჩემო პატარებო!--ყველასდა გასაოცრად, ძალზე მშვიდი და სასიამოვნო ხმით ჩიბურტყუნა ამ უცნაურმა და უფრო ზღაპრულმა არსებამ და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ქვასთან ჩამომჯდარ მტირალ გოგონას, შემდეგ მის გვერდით ჩაიმუხლა, თავზე ხელი გადაუსვა სიყვარულით და მიეფერა.

  ბავშვები გაოცდნენ.

--რატომ ტიირის? აწყენინეთ რამე?--გაბრაზება გაერია ხმაში მას.

   ბავშვები დაიბნენ და მხოლოდ გიორგიმ მოახერხა ძლივს გასაგონი ხმით ეთქვა:--არა!

--მაშ რატომ ტირის?

--რომ ვნახეთ ასე იყო, არ გველაპარაკება!--თავი იმართლასავით ამჯერად ლილემ, ანი კი თანხმობის ნიშნად თავის ქნევას მოჰყვა.

--ის ვერ ლაპარაკობს!--უხალისოდ ჩაილაპარაკა ამ უცნაურმა არსებამ და ბავშვებისკენ გამოემართა, რომლებიც გახევებულნი იდგნენ და შესცქეროდნენ  მათ თვალწინ მოსიარულე სასწაულს, მათში შიშს რომ აღარ იწვევდა რატომღაც, ის კი განაგრძობდა:--როცა ტირის, მშობლები ენატრება, ჯობია მარტო დავტოვოთ!

--ჩვენს ბანაკშია?

--არა... მაგრამ ერთი ეს მითხარით, თქვენ აქ საიდან აღმოჩნდით?!--მალევე მიიღო გაბრაზებული მასწავლებლის გამომეტყველება მან და ბავშვების წინ მედიდურად გაიჯგიმა.

--ჩვენ... ჩვენ...--ერთდროულად აბურტყუნდნენ ბავშვები.

--თქვენ წესები დაარღვიეთ და აკრძალულ ტერიტორიაზე გადმოხვედით.

--ნამდვილად!--თავი დახარა ლილემ.

--ახლავე წავიდეთ დირექტორ ზაქარასთან!--უფრო გამკაცრდა უნცაური ბაჯბაჯა.

--არა, ოღონ ეს არა.

--ბრაზიანია ხომ?--ეშმაკურად ჩაიღიმა მან და ჩუმი ხმით დაუმატა:--და თან ძალიან ბოროტი.

--კი, კი... --ერთხმად დაეთანხმნენ მეგობრები.

--მაგრამ თქვენ რა გიბოროტათ?

--არა.. ჩვენ წესების დარღვევისთვის დაგვსჯის!-- დამნაშვედ დახარა თავი გიორგიმ.

--არ დაიმსახურეთ რომ?

--კი!--ოთხივემ ერთად მოიწყინა  ამჯერად.

--კარგით ჰოოო, შევთანხმდეთ! არც მე ვიტყვი თქვენს შესახებ არაფერს და არც თქვენ ჩემს შესახებ!--ჩაიბურტყუნა მან უდარდელად და თბილ ბალახზე გაწვა ხელებგაშლილი, გაბერილი ღიპი კი ამ დროს ცისფერი ბუშტივით დააჯდა ზემოდან.

--ასე იყოს... ჩვენ არაფერს ვიტყვით და მადლობა  მინდა გითხრათ!--სიხარულით გაუბრწყინდა თვალები ლილეს.

--ოჰ.. არ  არის საჭირო, მე მიყვარს ბავშვები, მაგრამ ურჩობას ვერ მოგიწონებთ!--ხელი აიქნია მან და საიდანღაც მათ წინ ხილით სავსე ლანგარი გაჩნდა.

  ბავშვები დაფრთხნენ.

  ლილეს თვალებში შიშმა უფრო იმატა, ვიდრე დანარჩენებში.

--მოდით, მიირთვით, მშივრები იქნებით!

--არა მადლობა.. ჩვენ ეს ესა...

--ვერ ხედავთ აქ დღეა, თქვენ კი ღამით გვესტუმრეთ! აქ დროც სხვანაირად გადის, უფრო ნელა ვიდრე თქვენთან... დიდი ალბათობით დირექტორმა ზაქარამ და მთელმა ბანაკმა, უკვე გაიგეს თქვენი დაკარგვის ამბავი.

  ბავშვებმა ერთმანეთს გადახედეს დამფრთხალი თვალებით.

--კი, ნამდვილად დროა დაბრუნდეთ და გახსოვდეთ!  არავის, არც ერთ სულიერს არ უთხრათ აქ რაც ნახეთ.

--რა კეთილი ხარ და უცნაური... და ვინ ხარ?--სიხარულისგან ტაში შემოჰკრა ანიმ და იმ დიდი ლანგრიდან, რომელიც სასწაულებრივად ჰაერში გააჩინა ამ უცნაურმა არსებამ, მოზრდილ ბანანს დაავლო ხელი.

---მე მაქცია ვარ, მავრა ... ეს კი ჩემი მარიამია, იჩქარეთ ბავშვებო!  ჰო მართლა, წაიღეთ ეს გულაბი მსხლები და კარიც კარგად ჩარაზეთ!--გასასვლელი კარისკენ მიუთითა ბავშვებს თვალით მან და თავის მორჩილი და მრგვალი ტანით, ისევ ბუჩქებში გაუჩინარდა.

მოთხრობა 8 ~ 14 წლის ბავშვებისათვის


სხვა მომხმარებლების აზრით, ეს $work_type საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 8-დან ~ 14 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

მოერიდეთ "თუს" ხშირად გამოყენებას

წინადადებები იმგვარად ჩამოაყალიბეთ, რომ ჩანდეს ურთიერთთანამშრომლობის სურვილი. „თუ ფანქრებს დროზე ჩაალაგებ, ჩვენ შეგვეძლება პარკში წასვლა,“ ეს წინადადება უფრო მეტად გულისხმობს იმას, რომ ბავშვმა შესაძლოა არ მიალაგოს ნივთები. ამის ნაცვლად სცადეთ: „როცა ფანქრებს ჩაალაგებ, პარკში წავალთ.“

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024