kids.ge logo

მეარღნე შაშვებით

ფავორიტებში დამატება

სოფლის მცხოვრებლებმა წინასწარ იცოდნენ როდის იმართებოდა ქალაქში საშობაო ბაზრობა და მთელი მონდომებით ემზადებოდნენ, რომ ყველანი რაც შეიძლება ღირსეულად შეხვედროდნენ დღესასწაულს. ზეიმისთვის ყველაფერი უნდა შეეთავაზებინათ ბაზრობაზე საყიდლებზე მისულებისთვის, რომ ისინი სტუმრებსაც კარგად გამასპინძლებოდნენ და საჩუქრების კალათაც დაეხვედრებინათ ალილოს მიმლოცველებისთვის. 

***

საშობაო ბაზრობა ქალაქის ძველ უბანში მართლაც განსაკუთრებულ ხიბლს მატებდა იქაურობას. მორთული ხის პავილიონები მინიატურულ სახლებს ჰგავდა, რომლის ფანჯარაში დიასახლისი გადმომდგარიყო ტრადიციულ სამოსში შემოსილი, მოხატული ან მოქარგული წინსაფრით, მოსასხამით, გაფორმებული ქუდით. მას ზოგჯერ სხვა ოჯახის წევრებიც ეხმარებოდნენ, გამვლელ-გამოვლელს საკუთარ მონაგარს სთავაზობდნენ შესაძენად, ზოგი რამ ხელნაკეთი იყო, ზოგიც ნუგბარი და ტკბილეული, სათამაშოები,  კანფეტები. მოშორებით კი გრძელი მაგიდების რიგები მიუყვებოდა, რომლებზეც სურსათ-სანოვაგე დაეწყოთ. დახლ-მაგიდებს სურათები ამშვენებდა, მსურველების მისაზიდად, რომ ნახატებით ადვილად მიხვედრილიყვნენ რომელი პროდუქტი იყო წარმოდგენილი გასაყიდად. 

***

ერთგან მდინარეზე მოცურავე ტივი ნაპირს მისდგომოდა. იქვე მეარღნე მხარზე გადაკიდებული ინსტრუმენტის სახელურს რიტმულად ატრიალებდა და მუსიკის ჰანგებს აჟღერებდა. არღნის მელოდიები ერთი მეორეს ენაცვლებოდა. გარშემო ყველაზე მეტი ხალხი სწორედ მას ეხვეოდა. მეარღნე მუსიკოსს გერმანელ კლაუსს, ხანაც პაპა შულცს ეძახდნენ. ყოველი ახალი მუსიკალური კომპოზიციის შემდეგ ფულით ივსებოდა პატარა ჩემოდანი, რომელიც იქვე მერხის სკამზე იდო. მსმენელები სასურველი სიმღერის სახელს დაიძახებდნენ და ასე გრძელდებოდა შეუსვენებლად. 

ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ არღნის უკან ათობით გალია იყო ერთმანეთზე სართულებად დაწყობილი და შიგ პატარა მგალობელი ჩიტები იყვნენ დამწყვდეული - შაშვები და ჭივჭავები. ფრინველების მრავალხმიანი სტვენა და გალობა არღნის ჰანგებს ჰარმონიულად ერწყმოდა. მეარღნე პერიოდულად ჩიტებს გალიაში ნუგბარს აწვდიდა. ასე გაგრძელდა მზის ჩასვლამდე, რაც შობის წინ ძალიან მალე ხდება, რადგან ეს დღე წელიწადში ყველზე ხანმოკლეა და წინ ყველაზე ხანგრძლივი ღამეა მოსალოდნელი, რომელიც ძალიან გვიან უნდა გაილიოს. მოხუცმა ლამაზი ფერადი ფარდაგი გადააფარა გალიებს, თვითონაც მხრებზე მოსასხამი მოიხურა და სკამზე  ჩამოჯდა დასასვენებლად. მართა ბებომ იცოდა, რომ ლექსოს არასდროს მოუსმენია არღნისთვის და მის ჰანგებზე ხმაშეწყობილი მგალობელი ფრინველებისთვის, ამიტომ, ძალიან მოუნდა გაეხალისებინა შვილიშვილი ამ სიახლით და მუსიკოსი სახლში დაეპატიჟებინა. 

მართა ბებომ წარმოიდგინა, რომ მათი ეზოიანი სახლი ამ უჩვეულო სტუმრებს თავისუფლად დაიტევდა. ის გაუბედავად მიუახლოვდა მეარღნეს, თან გულში იმეორებდა: „ნეტა სასწაული მოხდეს და დამთანხმდეს, ნეტა უარი არ მითხრას.“ თითებიც კი გადაიჯვარედინა. ჯერ თავაზიანად მიესალმა და მერე მორიდებულად უთხრა:

„ჩემი შვილიშვილი ლექსო სალამურზე უკრავს და თავის მელოდიებს ფრინველების გალობას ამსგავსებს. არღანი არასდროს უნახავს და უბედნიერესი იქნება თუ მასაც მოასმენინებთ თქვენს სიმღერებსა და ჩიტების ჭიკჭიკს. გთხოვთ გვესტუმროთ, კერძო სახლი გვაქვს დიდი ეზოთი და სტუმრებისთვის განკუთვნილი ბუხრიანი ოთახით, სადაც კარგად მოისვენებთ.“ 

ხანმოკლე ფიქრის შემდეგ მეარღნე დათანხმდა მართა ბებოს და მისი შემთავაზება მიიღო. მიხვდა, რომ სხვა შემთხვევაში ღია ცის ქვეშ მოუწევდა შობის ღამის გათენება. 

იქვე შორიახლოს მეფაიტონე თვლემდა კოფოზე და გააღვიძეს, რომ სახლში წაეყვანა მართა ბებო თავის სტუმართან ერთად. ფაეტონიც ქალაქის ისტორიული წარსულის ატრიბუტი და განუყოფელი ნაწილი იყო, იშვიათად თუ ვინმე დაიქირავებდა, თანაც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში. 

მართა ბებოს მოაგონდა თავის ბავშვობაში  ყოველ კვირა დღეს მამიდამისი ოჯახთან ერთად ფაეტონით როგორ მობრძანდებოდა ნოი ტიფლისიდან ალექსანდრსდორფში ჯერ დიდუბის ეკლესიაში, მერე კი თავის ძმისწულებსაც მოინახულებდა. მონატრებით გაახსენდა მაშინდელი დრო და ისიც, თუ როგორ უხაროდა პატარა მართას თავის მამიდაშვილებთან შეხვედრა. ახლაც, ამდენი ხნის შემდეგ, ისევ მამა-პაპისეულ სამკვიდრო სახლში ცხოვრობდა მათი პატარა ოჯახი, სადაც ყველაფერი უცვლელად და ხელუხლებლად იყო შემონახული: ულამაზესი ეზო, შუშაბანდებიანი დერეფნები, რომელიც გარშემო მიუყვებოდა სახლს, შუაში შადრევანი თევზის ფიგურით, ასწლოვანი ვაზის ტალავერი და სანგარივით მიწაში გაჭრილი სარდაფი, გემის იალქანივით ამოზიდული კარით.  

***

უჩვეულო პროცესია დიდუბის ეკლესიასთან ერთი სახლის ალაყაფის კართან გაჩერდა. ფრინველების გალიებმა ფაეტონიდან ეზოში გადაინაცვლეს და შენობის მთელ სიგრძეზე გადაჭიმულ უსასრულო დერეფნების გასწვრივ ფანჯრებთან დაიკავეს ადგილი. სახლის ორი ფლიგელი ერთმანეთს გრძელი შუშაბანდით უკავშირდებოდა.   

მიმინო ქუნქულა ეზოს ზემოდან დასტრიალებდა და ამდენი ჩიტების დანახვაზე სული ეკვროდა, მაგრამ ამაოდ ირჯებოდა, სანუკვარ მიზანს ფანჯრის მინები და გალიის გისოსები აშორებდა. მიხვდა, რომ ეს ჩიტები მისი საკბილო ვერასდროს გახდებოდა.  მისდა ბედად სახლის ახლოს მუშტაიდის პარკი იყო და იქ შეაფარა თავი. გადაწყვიტა უფრო შესაფერის მომენტს დალოდებოდა. 

****

საღამოს დიდ სასადილო ოთახში სადღესასწაულო ვახშამი გაიმართა, ლექსომ სტუმარს მოასმენინა  საშობაო მოტივზე დაწერილი თავისი ახალი ლექსი. პაპა შულცმა კი ცნობილი მელოდია შეუწყო არღანზე. 

 

ფანტელი ცვივა/ფიფქები ცვივა/თოვლი ფარავს ყველაფერს/
ყინულისგან ავაგებთ/ლაჟვარდოვან სასახლეს/
კოშკის ქიმზე აღვმართავთ /მოელვარე ვარსკვლავს/

ციმციმებს ღამით/კიაფობს ნაზად/ასხივოსნებს სანახებს/
ალიონზე ავანთებთ/საკმეველსა და სანთლებს/
ასე გაბრწყინებული/ქრისტეშობას დავხვდეთ/ 

 

ამის შემდეგ, მოხუცი მეარღნე, გერმანელი კლაუსი, იგივე პაპა შულცი, სტუმრებისთვის განკუთვნილ ოთახში განცალკევდა მოსასვენებლად.  

 

***

(გაგრძელება იქნება)

 


მხატვარი: ქეთი ოძელაშვილი

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

მოერიდეთ "თუს" ხშირად გამოყენებას

წინადადებები იმგვარად ჩამოაყალიბეთ, რომ ჩანდეს ურთიერთთანამშრომლობის სურვილი. „თუ ფანქრებს დროზე ჩაალაგებ, ჩვენ შეგვეძლება პარკში წასვლა,“ ეს წინადადება უფრო მეტად გულისხმობს იმას, რომ ბავშვმა შესაძლოა არ მიალაგოს ნივთები. ამის ნაცვლად სცადეთ: „როცა ფანქრებს ჩაალაგებ, პარკში წავალთ.“

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024