სკოლისათვის მზაობის კითხვარი

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია!

სკოლისათვის მზაობა მხოლოდ ასოების, რიცხვების ან სხვა სასწავლო ცოდნის ფლობას არ ნიშნავს. სკოლაში შესვლისთვის მნიშვნელოვანია ბავშვის ყურადღება, დამოუკიდებლობა, კომუნიკაცია, ემოციური და სოციალური უნარები, სწავლისადმი დამოკიდებულება, მოძრაობა, მეტყველება, წიგნიერების წინარე და შემეცნებითი უნარებიც.

ეს კითხვარი დაგეხმარებათ ბავშვის სკოლისათვის მზაობის სხვადასხვა მიმართულების შეფასებაში და იმ ძლიერი მხარეებისა და უნარების გამოვლენაში, რომლებსაც შესაძლოა დამატებითი ყურადღება ან განვითარება სჭირდებოდეს.

კითხვარი მოიცავს 8 ძირითად მიმართულებას:

  • ფიზიკური განვითარება და დამოუკიდებლობა;
  • ყურადღება და თვითრეგულაცია;
  • სწავლისადმი დამოკიდებულება;
  • სოციალური უნარები და ჯგუფთან ადაპტაცია;
  • ემოციური განვითარება;
  • მეტყველება და კომუნიკაცია;
  • წიგნიერების წინარე უნარები;
  • შემეცნებითი და მათემატიკური უნარები.

კითხვარი შედგება 120 შეკითხვისგან. მისი შევსებისთვის დაახლოებით 15-20 წუთი დაგჭირდებათ.

შეკითხვები დასმულია სირთულის ან პრობლემის მხრიდან. მაგალითად: „უჭირს ერთ საქმიანობაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში ყურადღების შენარჩუნება“. ასეთ შეკითხვაზე პასუხი „შეესაბამება“ ნიშნავს, რომ აღწერილი სირთულე ბავშვს ახასიათებს, ხოლო „არ შეესაბამება“ ნიშნავს, რომ ეს სირთულე ბავშვს არ აქვს ან ჩვეულებრივ არ შეიმჩნევა.

პასუხის არჩევისას გაიხსენეთ ბავშვის ქცევა ჩვეულებრივ, ყოველდღიურ გარემოში - სახლში, საბავშვო ბაღში, ჯგუფურ საქმიანობაში, თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობისას. შეაფასეთ არა ერთჯერადი შემთხვევა, არამედ ის, რაც ბავშვისთვის უფრო ხშირად არის დამახასიათებელი.

თუ რომელიმე შეკითხვაზე ზუსტად არ ხართ დარწმუნებული, აირჩიეთ პასუხი, რომელიც ყველაზე ახლოს შეესაბამება თქვენს დაკვირვებას.

კითხვარი არ წარმოადგენს სამედიცინო, ფსიქოლოგიურ ან სხვა სახის დიაგნოსტიკურ შეფასებას და მისი შედეგები დამოუკიდებლად არ შეიძლება ჩაითვალოს დიაგნოზად. მისი მიზანია ბავშვის სკოლისათვის მზაობის შესახებ საწყისი, უფრო სრული სურათის შექმნა და იმ მიმართულებების გამოვლენა, რომლებზეც შესაძლოა დამატებითი დაკვირვება ან მუშაობა იყოს სასარგებლო.

ზოგიერთი პასუხი შეიძლება მიუთითებდეს ისეთ საკითხზე, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ასეთ შემთხვევაშიც ერთი პასუხი თავისთავად პრობლემის ან დარღვევის არსებობას არ ნიშნავს - ბავშვის განვითარება ყოველთვის მთლიანობაში უნდა შეფასდეს.

კითხვარის შევსებისას გთხოვთ, უპასუხოთ მაქსიმალურად გულწრფელად და ბავშვის რეალური ქცევის მიხედვით. აქ არ არსებობს „კარგი“ ან „ცუდი“ პასუხები - ზუსტი ინფორმაცია დაგვეხმარება ბავშვის საჭიროებებისა და ძლიერი მხარეების უკეთ დანახვაში.

კითხვარის დასრულების შემდეგ შედეგი არ იქნება წარმოდგენილი ფორმით - „ბავშვი მზად არის სკოლისთვის“ ან „ბავშვი არ არის მზად სკოლისთვის“. კითხვარი დაგეხმარებათ დაინახოთ ბავშვის ძლიერი და გასაძლიერებელი მხარეები და ის მიმართულებები, რომლებიც სკოლისთვის სრულ მზაობამდე შესაძლოა დამატებით ყურადღებასა და მუშაობას საჭიროებდეს.

ელ.ფოსტა გამოიყენება მხოლოდ ამ კითხვარის მოკლე შეჯამებისა და სამუშაო მიმართულებების გამოსაგზავნად.