kids.ge logo

რას ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემ შვილს კითხვა შევაყვარო

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
თამარ ისაკაძე
ბავშვთა ფსიქოლოგი

წიგნის კითხვაჩემი შვილი 4 წლისაა, ამიტომ ვცდილობ ყველაფერი თამაშად ვაქციო, მათ შორის წიგნის კითხვაც, რადგან თამაშით სწავლა ამ ასაკის ბავშვებისთვის წამყვანია. მე თვითონ მიყვარს კითხვა, ბავშვობაში ყველაფერს ვკითხულობდი, რასაც წიგნის, გაზეთის თუ ჟურნალის ფორმა ჰქონდა, იქაური გმირები ჩემთვის ძალიან ცოცხალი და ახლობელი ადამიანები იყვნენ, მათგან ბევრი ვისწავლე, ისინი რომ არ ყოფილიყვნენ არც კი ვიცი რა მეშველებოდა, დავიკარგებოდი ალბათ დროსა და სივრცეში, არც წინ წასასვლელი მექნებოდა, არც - უკან მოსახედი, მათ ფანტაზია მასწავლეს და საკუთარი თავი და ცხოვრება შემაყვარეს. წიგნებთან ურთიერთობა ჩემთვის ბუნებრივი პროცესია.

მაინც რას ვაკეთებთ მე და ნიტა, რომ კითხვის სიყვარული არ დავკარგოთ, პირველ რიგში იმას, რომ ეგრევე წიგნებით არ ვიწყებ:

  1. ხშირად ვცდილობ ვესაუბრო სხვადასხვა თემებზე, რომ მისი ინტერესები გამოიკვეთოს, 4 წლის ბავშვს მკაფიო ინტერესები ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული, მანაც უნდა გააცნობიეროს საკუთარი ინტერესები, გაეცნოს სამყაროს, შეისწავლოს, შეაფასოს და შემდეგ არჩევანი გააკეთოს, იმაზე თუ რა აინტერესებს. ამისთვის, როცა დრო გვაქვს ძალიან ბევრს ვსეირნობთ, მიმყავს და ვუყვები, ეს რა ქუჩაა, ეს რა შენობა, აქ ადრე რა ხდებოდა და ახლა რა ხდება. როცა მისთვის საინტერესო საკითხს დავინახავ, ჩავეჭიდები და ფანტაზიებში ვამოგზაურებ, შემდეგ ამ ფანტაზიის შესახებ ხან ვუხატავ, ხან შესაბამის სურათებს მოვუძებნი ინტერნეტში, ან მულტფილმს ვნახავთ, აი მერე მივდივართ წიგნების მაღაზიებში;
  2. თუკი ვიცი ინტერესი, მაღაზიაში წიგნის არჩევა საინტერესო პროცესია, არასოდეს ვაკრიტიკებ არჩევანის გამო, არასოდეს ვეტყვი - ეს რატომ აირჩიე, ცუდია-მეთქი, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი შვილია, არ მინდა ინტერესები ერთნაირი გვქონდეს, მირჩევნია განსხვავებული ინტერესების აღიარება-დაფასება ვისწავლოთ;
  3. 4 წლის ბავშვისთვის, წიგნი მნიშვნელოვანია იყოს ძალიან ფერადი, შედარებით დიდი სურათებით და დიდი შრიფტით, ამიტომ წიგნების ასარჩევად ისეთ თაროსთან მივალთ, სადაც საბავშვო ლიტერატურა აწყვია;
  4. ვთანხმდებით, რომ წიგნის კითხვა ყველგან შეიძლება: სახლში, პარკში, იატაკზე, საწოლში...
  5. შეიძლება არტისტული უნარები დიდად არ მაქვს გამოხატული, მაგრამ მაინც ვცდილობ დიალოგები სხვადასხვა ტემბრით წავუკითხო, ასევე ვცვალო ინტონაციები სხვადასხვა სიუჟეტის წაკითხვისას, ეს ბავშვებში სასიამოვნო ემოციებს იწვევს;
  6. ერთხელ წაკითხულ მოთხრობას მეორეჯერაც მივუბრუნდებით და მესამეჯერაც, თუმცა მოსაწყენი რომ არ იყოს, კიდევ უფრო მეტი მრავალფეროვნება გვჭირდება, ამიტომ ზღაპრის გმირებს დავხატავთ, გამოვჭრით, გავაფერადებთ, ასე, რომ უკვე სპექტაკლის პერსონაჟებიც გვყავს;
  7. აბსტრაქტული აზროვნების და განზოგადების უნარის განვითარებისთვის, ვფიქრობ კარგი იქნება ესა თუ ის გმირი სხვადასხვა წიგნებში და მულტფილმებში, ასევე გასაფერადებელ ალბომებში ამოვიცნოთ. მაგალითად, წავიკითხეთ მაუგლი, შემდეგ გასაფერადებელ ალბომში მაუგლი გავაფერადეთ, შემდეგ ინტერნეტში მოვძებნეთ ტორტები, მაუგლის გამოსახულებით, ამით პრაქტიკული უნარებიც ვითარდება და ცოტა პრაგმატიზმიც, ბავშვი უკვე ფიქრობს, რომ „მაუგლის“ წიგნის წაკითხვა სასარგებლო იყო, შეიძლება ამ ზღაპრის სხვა პერსონაჟებით ლოტოც ვითამაშოთ, ლოტო შეგვიძლია ჩვენ თვითონ დავამზადოთ;
  8. წიგნის კითხვის დასრულების შემდეგ მივდივართ ნაყინის ან შოკოლადის საჭმელად, ან მეგობართან ერთად სათამაშოდ, რადგან როცა ერთ აქტივობას მეორე მოსდევს, სწორედ ეს მეორე აქტივობა იწვევს წინა აქტივობის განმტკიცებას.

წიგნის კითხვაჩემი მიზანი მხოლოდ წიგნის კითხვა არ არის, წიგნები საშუალებაა, რომ ბავშვმა სამყარო შეიცნოს, წიგნების დახმარებით მიღებული ინფორმაციამ მას ყოველდღიურობა მინდა რომ გაუმრავალფეროვნოს. ხოლო ამ ყველაფერს მატარებლის ვაგონებივით მოყვება ლექსიკის გამდიდრება, მოსმენა, დამახსოვრება, გააზრება, გაანალიზება და სხვა უნარების განვითარება.


 ფსიქოლოგიაწიგნი
Kids.ge-ს რჩევები

აჩვენეთ თქვენს შვილს, თუ როგორ უნდა გახდეს პასუხისმგებელი მოქალაქე

გაატარეთ საქველმოქმედო აქტივობები. ბავშვები მოხალისეობებით ნებაყოფლობით იძენენ ღირსების გრძნობას.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„მოფარფატე პეპელა“
ნახატის ავტორი:
ქეთევან გვარმიანი (11 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024