kids.ge logo

ზღაპარი ცნობისმოყვარე ჟირაფზე

ფავორიტებში დამატება

ერთ დიდ სავანაში, აკაციების ტყის მახლობლად მცხოვრები ჟირაფების ოჯახს პატარა შეეძინა. ჟირაფებისთვის იყო პატარა, თორემ უკვე დიდი ადამიანისოდენას იწონიდა და სიმაღლეშიც ამეტებდა. მოწოვა პატარამ დედის რძე და ერთ საათში ფეხი აიდგა. ორი საათი არ გასულა და დედ-მამას შეკითხვების სეტყვა დააყარა:

-რა ჰქვია ამ სავანას? ჩვენ რა გვქვია? ჟირაფები დაფრინავთ თუ დავდივართ? ვჭიკჭიკებთ თუ ვლაპარაკობთ? რატომ ვართ ასე აჭრელებული? რატომ არა გვაქვს დიდი რქები? ჩვენი წინა ფეხები უკანაზე მოკლე რატომაა? რატომ გვაქვს პატარა თავზე ასეთი დიდი თვალები? 

-რა უცნაურია ჩვენი შვილი,-თქვა შეწუხებულმა დედა ჟირაფმა.

-უბრალოდ, მეტისმეტად ცნობისმოყვარეა,-დაამშვიდა მამა ჟირაფმა.

პატარა ჟირაფი გაბაკუნდა და სავანის დათვალიერებას შეუდგა. 

მიწაზე მცხოვრები არსებები რომ გაიცნო, გადაწყვიტა, ახლა მიწის ზემოთ მცხოვრებ სულიერებს გაცნობოდა. აკაციის ტოტებში ჩიტუნას ბუდე ჩაედგა. ნეტავ, იმ ბუდეში რა ხდებოდა? ჟირაფმა კისერი დაიგრძელა, დაიგრძელა და პატარა, კოხტა თავი ზედ ჩიტის ბუდესთან ამოჰყო. 

ბარტყებს შიშით კინაღამ გული გაუსკდათ, აბა, როგორია, საკუთარი ბუდის პირდაპირ უცებ ვიღაცის თავი ამოიზარდოს. თანაც ის ვიღაცა დიდი შავი თვალებით დაჟინებით გაკვირდებოდეს.

-გვიშველე, დედა, გვიშველე! -დაიჭყიპინეს ბარტყებმა.

დედა ჩიტი მაშინვე ბუდისკენ გამოქანდა. დაინახა პატარა ჟირაფი და გული საგულეში ჩაუდგა.

-აქედან დაიკარგე, ცნობისმოყვარევ!-გაუჯავრდა პატარა ჟირაფს. 

პატარა ჟირაფმა უფრო დაიგრძელა კისერი და ახლა სხვა ბუდეების დათვალიერებას შეუდგა. ბუდეებში სხვადასხვანაირი ჩიტების ბარტყები ისხდნენ. განა მარტო ეს,- აგერ ბებერი აკაციის ამოღრუნტული ტანიდან უცნაური არსება იცქირებოდა, აქეთ ვიღაც აკაკუნებდა, იქით რაღაც ჩხრიალებდა... ხომ უნდა ენახა, რა იყო.

თანაც აკაციის ხეებს კენწეროსთან უფრო ნორჩი და გემრიელი ფოთლები ჰქონოდა. პატარა ჟირაფმა ახლომახლო ლამის ყველა აკაციას წააკვნიტა თავი. 

-კენწერო აღარ შეგვარჩინა, ასე სიმაღლეში როგორ გავიზრდებით?-ჩიოდნენ ახალგაზრდა აკაციები.

-შიშით გულებს გვიხეთქავს, ბარტყები საკვების საშოვნელად აღარ გვიშვებენ,-ქოთქოთებდნენ ჩიტუნები. 

ერთ ღამეს პატარა ჟირაფმა დიდხანს უცქირა გაბადრულ მთვარესა და მოელვარე ვარსკვლავებს. 

-დაბლა თითქმის ყველაფერი ვნახე, ნეტავ, მთვარეზე რა ხდება? ახლავე უნდა გავიგო,-თქვა მან. 

პატარა ჟირაფმა კისერი დაიგრძელა. აი, ხეებს ასცდა სიმაღლით! აგერ ცაზე შემორჩენილ ღრუბელსაც გაუსწრო! დაინახეს ვარსკვლავებმა და სიცილი მორთეს. ერთ-ერთმა ჟირაფს პატარა ყურებში ხელი წაავლო და თავისკენ მოსწია.

-გამიშვი, მეტკინა!-დაიძახა პატარა ჟირაფმა. 

-შენ რომ ცაში მოძვრებოდი!-ხითხითებდნენ ვარსკვლავები.

-ბოდიში, მეტად ასე აღარ ვიზამ,-ჩაიბურტყუნა პატარა ჟირაფმა.

ვარსკვლავმა ჯადოსნური ხელები გაუშვა. ჟირაფს ცამდე გაწელილი კისერი კი დაუმოკლდა, მაგრამ მაინც დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ცოცხალ არსებაზე მაღალი დარჩა. პატარა ჟირაფი უკვე აღარ ეთქმოდა. 

-გაწელილ კისერს რომ დამინახავს, დედა გამიჯავრდება! შეეშინდება კიდევაც, -ატირდა ჟირაფი. 

ჩამოსწია თავი და რა დაინახა!- ჯადოსნურ ვარსკვლავებს ყველა ჟირაფი მასავით გრძელკისერა გაეხადათ. ცნობისმოყვარეს არავინ გაჯავრებია, ასეთი მაღალი კისერი ჟირაფებს ძალიანაც მოსწონებოდათ.

-რა კარგია, ახლა შეგვიძლია აკაციის ყველაზე მაღალ ტოტებსაც კი მივწვდეთ!-გაიძახოდნენ ისინი.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

ითამაშეთ თქვენს შვილებთან ერთად

დაე მათ აირჩიონ აქტივობა და არ ინერვიულოთ წესებზე. უბრალოდ აჰყევით მათ და გაერთეთ. ესაა თამაშის არსი.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024