kids.ge logo

როგორ იპოვა თუთიმ ძაღლი

ფავორიტებში დამატება

ეს ამბები დიდი, ძალიან დიდი ხნის წინათ ხდებოდა,-წარმოუდგენლად უხსოვარ დროში. ადამიანები მაშინ სახლებში კი არა, გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ, ტანს ცხოველის ბეწვით იფარავდნენ და საჭმელს უმად მიირთმევდნენ. ეს ის დრო იყო, როდესაც ადამიანები ცდილობდნენ ერთმანეთთან სალაპარაკოდ სიტყვები მოეფიქრებინათ და ყველაფრისთვის, რასაც ხედავდნენ, სახელი დაერქმიათ. ისინი ხშირად გადადიოდნენ ერთი ადგილიდან მეორეზე, განსაკუთრებით მაშინ, ახლომახლო ტყეებში წვრილი ნადირი და საკვებად ვარგისი მცენარეები  გამოილეოდა. სახეტიალოდ მათ  ზოგჯერ ახალი ადგილების ნახვის სურვილიც უბიძგებდა, ზოგჯერ კი სიცივეს გაურბოდნენ...

ადამიანები მაშინ ხშირად შიმშილობდნენ, რადგან ერთადერთი იარაღი, სანადიროდ და თავის დასაცავად გამოსადეგი,  ბრტყელი, წამახული და ჯოხზე დამაგრებული ქვა იყო. ასეთი „ქვის ნაჯახით“  ნადირობა ძალიან ძნელი იყო. 

გამოქვაბულის ადამიანებს ჩვენ პირველ ადამიანებს ვეძახით. ერთ ასეთ გამოქვაბულში სხვებთან ერთად ერთი ჭკვიანი და მამაცი ბიჭუნა ცხოვრობდა.  მას უკვე  ჰქონდა  სახელი-თუთი ერქვა.  თუთი ძალიან ცნობისმოყვარე იყო,-გარშემო ყველაფერს აკვირდებოდა, მერე კი სახელს არქმევდა.  ბიჭუნა ობოლი იყო, დედა სულაც არ ახსოვდა, მამა კი ბიზონზე ნადირობის დროს დაღუპვოდა. გამოქვაბულის ადამიანები მასზე ისე ზრუნავდნენ, როგორც საკუთარ შვილებზე. ხალხს ძალიან უყვარდა ეს კეთილი და მამაცი ბიჭი, თუთისაც უყვარდა თავისი გონიერი და მოსიყვარულე ხალხი.

ეს  ხალხი ამ ადგილებში და ამ გამოქვაბულში  თურმე დიდი ხნის წინათ გადმოსახლდა. მათი ადრინდელი სამშობლო ძალიან ცხელი მხარე ყოფილიყო. იქ წელიწადის დროები არასოდეს იცვლებოდა.  ტყეებში ურიცხვი საზარელი ნადირი ბინადრობდა. ქვის ნაჯახებით და ხის  შუბებით თავი როგორ დაეცვათ?  ადგნენ და განსაცდელს გამოექცნენ, ამ ადგილებში დაბინავდნენ. სრულიად მოულოდნელად ისეთი დიდი  გამოქვაბული იპოვეს, რომელიც ამ ხალხს მთლიანად დაიტევდა.

ადგილი, სადაც ცხოვრება გადაწყვიტეს,  თბილი მხარე იყო, აქ  წელიწადის დროები ჩვეულებრივად  იცვლებოდა,- თბილ დარს ავდარი მოსდევდა. დრო გადიოდა.  ხსოვნა პირველ სამშობლოზე მოხუცებსღა შემორჩენოდათ და ეს ბავშვობისდროინდელი მოგონებებიც  მეტად  ბუნდოვანი იყო , აი, რამდენად დიდი ხნის წინათ მომხდარიყო  მათი გადმოსახლება.

როგორც ყველა პირველ ადამიანს, ცხოვრება თუთის ხალხსაც უჭირდა, განსაკუთრებით ზამთარში. ხალხი რომ გამოეკვებათ, ღონიერ და ამტან მამაკაცებს ქვის  იარაღით დიდტანიან ცხოველებზე უნდა ენადირათ.  ამ ნადირობას ბევრი მონადირე  შეეწირა,  ისე, როგორც თუთის მამა.

გამოქვაბული, სადაც  უკვე დიდი ხანია ცხოვრობდნენ,   განიერი  კი იყო, მაგრამ ასევე ძალიან განიერი და სრულიად დაუცველი  შესასვლელი ჰქონდა. ამან კი  ხალხს  ახალი თავსატეხი გაუჩინა, მითუმეტეს მაშინ, როცა  მოულოდნელად ახალი განსაცდელი გაჩნდა. ამ ადგილებს საზარელი შავი დათვი შემოეჩვია. საიდან მოვიდა? იქნებ შორიდან გამოჰყვა ირმებისა  და ბიზონების ნაკვალევს? მოვიდა და  სწორედ გამოქვაბულთან ახლოს ერთი მთის კალთაზე,  საზარელ ბუნაგში მოიკალათა. შიშით შეპყრობილმა ხალხმა დაუნდობელ მტაცებელს უიმი დაარქვა. 

დათვის გამოჩენის შემდეგ თუთის ხალხს ღამე ძილი დაეკარგა, რადგან უიმი სწორედ ღამე გამოდიოდა სანადიროდ. მხეცი გრძნობდა, რომ გამოქვაბულის ბინადრები სრულიად უმწეოები იყვნენ, განსაკუთრებით, სიბნელეში. ამ ხალხმა ჯერ ცეცხლის გამოყენებაც კი არ იცოდა. უიმი გამოქვაბულზე თავდასხმას სულაც არ ერიდებოდა, უზარმაზარ ნადირთან შებრძოლებას ვერავინ ბედავდა...

-რა ვქნა? ჩემი ხალხი როგორ დავიცვა?-დარდობდა თუთი,- უიმი თავიდან როგორ მოიშოროთ?

ერთხელ  თუთი გამოქაბულის  ახლოს გაშლილ ტყეში სეირნობდა. მდელოზე გასულ ბიჭუნას უცნაური წკმუტუნი შემოესმა. თუთიმ დაინახა, ეკლიან ბუჩქთან უცნობი ცხოველი მოკუნტულიყო. ცხოველმა მოიხედა, ყურები დაცქვიტა, მაგრამ ადგომა ვერ შეძლო და ისევ  დაიწკმუტუნა. უთუოდ შიმშილისგან იყო ასე დასუსტებული. მას სევდიანი თვალები ჰქონდა, ფაფუკი ბეწვი და გრძელი კუდი. ეტყობოდა, შორიდან იყო მოსული, გამოქვაბულის სიახლოვეს ბიჭს ასეთი ცხოველი არასოდეს ენახა.

თუთის კი შეეშინდა, მაგრამ ცხოველი ისეთი უმწეო ჩანდა, ისეთი მავედრებელი მზერით იცქირებოდა,  ახლოს მისვლა მაინც გაბედა.  ბიჭს თან წამოღებული, ტყავში გამოკრული ხორცი ჰქონოდა.  ცხოველმა ხორცი ხარბად შესანსლა. ბიჭმა მას პირმოკრული ტყავით წყალიც კი მოუტანა. ცხოველმა წყალიც შესვლიპა. ამასობაში  თანდათან  მომაგრდა  და  ფეხზე  წამოდგომაც კი  შეძლო.

„ამას უკვე არაფერი უჭირს, დროა, შინ წავიდე!“-გაიფიქრა თუთიმ.

უცებ ტოტების ლაწალუწი გაისმა. ტყიდან საზარელი შავი დათვი გამოძუნძულდა.

-ეს უიმია!  დავიღუპე!-დაიყვირა თუთიმ.

უცნობი ცხოველი ბიჭს აეფარა, მერე დაიღრინა, ადგილს მოწყდა და იმ ვეება დათვისკენ უშიშრად გაიჭრა. დათვი ბევრად დიდიც იყო, ძლიერიც, მაგრამ მას არც ასეთი ცხოველი ენახა და არც ასეთი ხმა გაეგონა. ნადირი მიჩვეული იყო, რომ მის  დანახვაზე  ყველა  კისრისტეხით  გარბოდა.  თავზარდაცემული უიმი მიტრიალდა და სასწრაფოდ ტყეში შეძუნძულდა.

თუთი კი  ყველაფერს ყურადღებით აკვირდებოდა:

-დახეთ, მან საფრთხე წინასწარ იგრძნო!  რა  მამაცი ყოფილა! უზარმაზარ უიმის როგორ შეუტია! ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ... ვაშაა! ამიერიდან ღამე მშვიდად დავიძინებთ!  მე და ჩემს ხალხს ეს ცხოველი დაგვიცავს! გამოქვაბულს ეს უდარაჯებს!

ბიჭი ცხოველს მოეფერა, თავი დაუჭირა და თვალებში ჩახედა:

-შენნაირ ცხოველს სახელად რა მოუხდება?  მოდი, ძაღლი იყავი! ჩემი საკუთარი ძაღლი!

ძაღლმა ბიჭს ლოყა გაულოკა.

-ძაღლო, სახელად ეცის დაგარქმევ.. ჰო, ეს სახელი ძალიან მომწონს.  შენ საიდან მოხვედი, ეცი? შენნაირი ცხოველები სად ბინადრობენ? კიდევ მაპოვნინებ?

ძაღლი ბიჭს მიელაქუცა, ხელებიც გაულოკა.

-უკვე ღამდება, ეცი!  შინ  წასვლის დროა!

ეცი ბიჭს გამოქვაბულისკენ მორჩილად გაჰყვა. ძაღლი თუთის მოსიყვარულე მზერით ახედავდა ხოლმე. თითქოს გრძნობდა, რომ ამ ბიჭუნასთან ახლოს ყოფნით მის მარტოობას ბოლო მოეღებოდა. ადამიანსაც სჭირდებოდა ასეთი ერთგული მეგობარი. ის პირველი მოშინაურებული ძაღლი იყო ქვეყნიერებაზე.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

მხარი დაუჭირეთ გუნდურ მუშაობას

როგორც კი თქვენი ბავშვი დაიწყებს სკოლაში სიარულს, ის დღის განმავლობაში დაახლოებით 4-5 საათს გაატარებს თანატოლებთან და მასწავლებლებთან ერთად და მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა ჯგუფურ აქტივობებში. მან უნდა ისწავლოს გუნდურად მუშობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ესაუბრებოს სხვა ბავშვებს და ჩაერთოს კომუნიკაციაში. მიუხედავად იმისა, რომ ის სახლში შეიძლება იყოს ყურადღების ცენტრში და მისი ყველა მოთხოვნა უმალ სრულდებოდეს, მან უნდა გაიაზროს, რომ იგივე სიტუაცია არ დახვდება სკოლაში. ბავშვის თანატოლებთან შეთავსების უზრუნველსაყოფად, საჭიროა მას ასწავლოთ გუნდური მუშაობა, რომლისთვისაც აუცილებელი უნარები შეგიძლიათ სახლში თამაშით განუვითაროთ

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024