kids.ge logo

ბედნიერი და-ძმა

ფავორიტებში დამატება

ძველად, ერთ სამეფოში, ზღვის ნაპირას, ძველ ქოხში, პატარა და-ძმა ცხოვრობდა. მათ ერთმანეთის მეტი არავინ გააჩნდათ და ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. არასდროს კინკლაობდნენ, პირიქით, სულ იმას ცდილობდნენ, როგორ ესიამოვნებინათ ერთმანეთისათვის. გოგონა სახლს უვლიდა, საჭმელს ამზადებდა და ძმას ეხმარებოდა. რაში? ძმას ოქროსხელებას ეძახდნენ. გირჩებისგან, რკოსაგან, წკირებისგან, კენჭებისგან, ნიჟარებისგან, გამხმარი ფოთლებისა თუ ყვავილებისგან ისეთ ლამაზ სათამაშოებს ამზადებდა, თვალი ზედ დაგრჩებოდათ.

           დაიკო ამ სათამაშოებს აპრიალებდა. გოგონებს კაბებს, ბიჭებს შარვლებს, მოხუცებს ჩაჩებებს უკერავდა, სასახლეებისთვის ფარდაგებს, ფარდებს ქსოვდა, შემდეგ ამ სათამაშოებს ყუთში ფრთხილად ჩაალაგებდა და გასაყიდად მიჰქონდა. ასე ირჩენდნენ თავს პატარები. იმ მიდამოში ყველას უყვარდა ეს მშრომელი, ერთმანეთისთვის თავდადებული და-ძმა. ასე გადიოდნენ წლები. უფრო და უფრო ლამაზ, დახვეწილ სათამაშოებს ჰქმნიდა ძმა. უფრო და უფრო ჰაეროვან, ულამაზეს კაბებს, კოსტუმებს, ფარდაგებსა თუ ფარდებს კერავდა და ქსოვდა და.

           ერთხელ, მთელი თვის მუშაობის შემდეგ, საოცრად ლამაზი სასახლე ააგო ძმამ. ულამაზესი სამშვენისები შექმნა დამ. სასახლე ისეთი გრაციოზული, ისეთი თვალისმომჭრელი სილამაზის იყო, რომ გასაყიდად ვერ იმეტებდნენ

ეჰ, ნეტავ, ასეთი სასახლე გვქონდეს - ნატრობდა ყოველ ღამე, დაწოლის წინ გოგონა.

გვექნება - აიმედებდა ძამიკო და გულში იკრავდა თვალცრემლიან დაიკოს.

         თქვენ ალბათ არ იცით, რომ ღამით, ძალიან გვიან, როცა ნაკადულიც კი წათვლემს, ცისფერი ფერია ჯადოსნურ ჯოხს აიქნევს და სათამაშოები ცოცხლდებიან. თოჯინები კოპწიაობენ, ერთმანეთს თავს აწონებენ, მზარეულები ჭურჭელს ახმაურებენ, ლაქიები დალაგებას იწყებენ, ძაღლები იყეფებიან და მოკრუტუნე  ფისოებს უღრენენ, გოჭები ჭყვიტინებენ, გედები ყელს იღერებენ, მტრედები ღუღუნით დაგოგმანებენ, ყვავილები თვალებს აფაფხულებენ და ირგვლივ სურნელს აფრქვევენ, მაგრამ ამის დანახვა მხოლოდ ძალიან დამჯერე, მოსიყვარულე პატარებს შეუძლიათ. უფროსები ამ ჯადოსნობას ვერც კი ამჩნევენ.

          იმ ცისფერ ფერიას ძალიან მოსწონდა შრომისმოყვარე, მოსიყვარულე და-ძმა. ყოველ ღამე ესმოდა გოგონას ნატვრა და ერთხელ, ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს მთელი თავისი ჯადოსნობა გამოიყენა, ჯოხი მთელი მონდომებით აიქნია და ის ულამაზესი სათამაშო ნამდვილ სასახლედ აქცია. ძაღლები კარიბჭესთან დააბა, ფისოები შესასვლელთან აკრუტუნდნენ. მზარეულები აგუზგუზებულ ქურასთან დატრიალდნენ, ლაქიებმა დალაგება დაიწყეს. გოგონას ულამაზეს საწოლში ეძინა, ვაჟის ოთახი უფრო მკაცრ სტილში გამოიყურებოდა.

          მზე ამოიწვერა. ამ ულამაზესი სასახლის დანახვაზე უფრო გაიბადრა და სხივები ყველა ფანჯარაში შეაჭყიტა. გოგონას გამოეღვიძა და გაოცებისგან კინაღამ ენა ჩაუვარდა. ოთახში ჰაეროვანი ფარდები ეკიდა, ფუმფულა ფარდაგები ეგო. საწოლთან საოცარი კაბა ეკიდა.  გოგონას თავი სიზმარში ეგონა. რამდენჯერმე დახუჭა და გაახილა თვალები. როცა დარწმუნდა, ყველაფერი ნამდვილად ხდებოდა, წამოხტა და ძმას დაუწყო ძებნა.

არანაკლებ გაოცებული ვაჟი წამომდგარიყო და მის მიერ გაკეთებულ, რეალურად ქცეულ ხმლებსა და დამბაჩებს ათვალიერებდა. ბედნიერი და-ძმა ერთმანეთს ჩაეხუტა.

იქვე, მაღალ ნაძვზე შემოსკუპული ცისფერი ფერია კი კმაყოფილებისგან ლაღად იღიმებოდა.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

დამწვრობის რისკის შესამცირებლად აუცილებელია

შენობებში ხანძრის საწინააღმდეგო სიგნალიზაციის დამონტაჟება, ონკანში ცხელი წყლის ტემპერატურის რეგულირება, სანთებელას შენახვა ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ხანძრის შემთხვევაში ყველა ბავშვის უზრუნველყოფა დამწვრობის ცენტრში მკურნალობით.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024