kids.ge logo

მე არაფერი დამიშავებია!

ფავორიტებში დამატება

მე ბუბუ ვარ, ქუჩის ძაღლი, შავ-თეთრი ბეწვი მაქვს, რომ დავრბივარ, ჩემი დიდი, ჩამოკეცილი ყურები ხან ჰაერში იშლება, ხან ტყაპუნით მეხეთქება თავში. მე და ჩემს დას, ლულუს, მამა არ გვყავს. დედა კი, სულ პატარები ვიყავით, როცა მანქანამ გაიტანა. უდედობა ძალიან გაგვიჭირდა... აი, მაშინ მივხვდი, რომ მე უნდა მეზრუნა ჩემს დაზე. მართლაც, სულ მის გვერდით ვარ, არავის ვაძლევ მისი დაჩაგვრის უფლებას.

ლულუსაც შავი ბეწვი აქვს, ყურები, დრუნჩი და თათები კი - ყავისფერი და ჩემზე უფრო ლამაზია. სადაც არ უნდა წავიდეთ, დღის ბოლოს მაინც ერთი მაღალსართულიანი კორპუსის სარდაფთან ვხვდებით ერთმანეთს. იქ პატარა, მყუდრო თავშესაფარი გვაქვს, ცივ ან წვიმიან ამინდში მივიყუჟებით ხოლმე სიბნელეში და ხან დღისით თავს გადახდენილ ამბებს ვუზიარებთ, ხან ვათბობთ ერთმანეთს.

ქუჩაში ჩვენსავით ბევრი ძაღლი ცხოვრობს, სულ სხვადასხვა ხასიათის, ზოგს ჩვენ ვერიდებით, ზოგი თვითონ გვერიდება, ზოგთან ვმეგობრობთ, მაგრამ ყველა თავის გადარჩენისთვის ვიბრძვით. ამისთვის ხანდახან კბილებითა და წიხლებით ბრძოლაც გვიწევს... რამდენჯერმე დასისხლიანებული მივედი ჩვენს ქოხმახში, ლულუმ ჭრილობები გამილოკა, გამისუფთავა და ცოტა გონს მოვედი. ადამიანებმა იციან თქმა: ძაღლი კოჭლობით არ მოკვდებაო. მართალია, არ მოვმკვდარვარ, მაგრამ იმდენად მტკიოდა, ყმუილამდე მივდიოდი. კბილებს ერთმანეთს მაგრად ვუჭერდი, არ ვყმუოდი თუნდაც იმიტომ, რომ ლულუსთვის მეჩვენებინა - ჩვენ ძლიერები ვართ, არც ქუჩა გვაშინებს, არც - ბრძოლა, არც შიმშილი და ჭრილობები... ჩვენ არ გვყავს მზრუნველი პატრონი, ვინც მოგვეფერება, საჭმელს, სითბოსა და წამალს არ მოგვაკლებს, ამიტომ ჩვენ უნდა ვუპატრონოთ საკუთარ თავსაც და ერთმანეთს. სანამ ჭრილობები მომიშუშდა, თავშესაფარში დავრჩი, ლულუს მოჰქონდა საჭმელი. საჭმელი ჰქვია, თორემ ნაგვიდან ამოღებული, უკვე ჩაობებული პური ან ჭიებგაჩენილი ძვლებია. ისე, ამ ბოლო დროს უფრო ხშირად გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც ნორმალური საჭმლით გვიმასპინძლდებიან, ხანდახან თბილადაც კი გამოგვხედავენ ხოლმე. ნეტავ იცოდეთ, როგორ გვიხარია ასეთი ადამიანების გვერდით ყოფნა, ავედევნებით მათ კუდის ქიცინით, მივაცილებთ ან სახლამდე, ან გაჩერებამდე და დიდხანს, ძალიან დიდხანს ვუყურებთ იმ ადგილს, საიდანაც უჩინარდებიან, ზოგი ავტობუსში ადის, ზოგი კი - მაღალსართულიან კორპუსში...

ერთხელ ერთმა ქალმა ჩაიმუხლა ჩემთან, თავზე ხელი გადამისვა, ისეთი თბილი სიტყვები მითხრა, ტანში სულ ჟრუანტელმა დამიარა, მერე ძეხვის დიდი ნაჭერი დამიდო, ღიმილით გადმომხედა და კორპუსში შევიდა. უჰ, როგორ ამისუნსულდა მუცელი, ერთი სული მქონდა, როდის შევსანსლავდი ამ ნუგბარს, თან ლულუც გამახსენდა, მისთვისაც ხომ უნდა დამეტოვებინა ნახევარი. ასეთი რამ ცხოვრებაში, ალბათ, ერთი-ორჯერ თუ მღირსებია... ერთი დიდი ლუკმა რომ მოვკბიჩე, დავფიქრდი, მივხვდი, სანამ ამ ძეხვს შევჭამდი, იმ ქალს დავკარგავდი. არჩევანი უნდა გამეკეთებინა. მართალია, მენანებოდა ძეხვი, მაგრამ ქალის სითბომ გადაწონა, ყველაფერი დამავიწყდა და იმ ლუკმის ღეჭვით მის კვალს მივყევი. ქალი ლიფტს აჰყვა ზევით, მე - კიბეებს, ალღომ მიკარნახა, სადაც შევიდა და რადგან უკვე ღამე იყო, უკან აღარ გამოვბრუნდი, იქვე კართან მოვიკალათე. იმ ფიქრმა, რომ დილით ის ქალი ისევ მომეფერებოდა, თბილი თვლემა მომგვარა და ტკბილად ჩამაძინა.

თქვენს მტერს, რაც მე დილით დამემართა:

მეზობელი ბინიდან ვიღაც მელოტი და ღიპიანი კაცი გამოვიდა. - ამას აქ რა უნდაო? - ჯერ თვალები გადმომიტრიალა, მერე იატაკის ჯოხი გამოიტანა, გონს მოსვლა ვერც კი მოვასწარი, კუთხეში მიმიწყვდია და მომიქნია. ვერც კი წარმოვიდგენდი, ადამიანი ასე თუ გამიმეტებდა, მე ხომ მისთვის არაფერი დამიშავებია!.. ფერდში გაუსაძლისი ტკივილისგან ხმამაღალი ყმუილი აღმომხდა. ისეთი გამწარებული ვიყავი, ხორცს ამოვაგლეჯდი, მაგრამ ვერ გავიმეტე საკბენად. მიყვარს ადამიანები, სულ მინდოდა, ერთი მაინც ყოფილიყო ჩემი მეგობარი. ვიცი, როცა უყვართ, მათ ვერ იმეტებენ ცუდისთვის. ისიც ვიცი, როგორც ჩვენ გვტკივა, ისე მათ, როგორც ჩვენ ვტირით და ვდარდობთ, ისე ისინიც...

... მაგრამ არ ვიცოდი, რას მიპირებდა ეს დაუნდობელი კაცი. ღრენითა და თვალების ცეცებით თავის დაძვრენას ვცდილობდი, კედელს ვეკვროდი, როცა ჩემს ბედად, ნაცნობი კარი გაიღო და ის ქალი გამოვიდა. მაშინვე ჩემთან მოვარდა, გადამეფარა და მეზობელს სთხოვა:

- აღარ დაარტყა, მე ჩავიყვან ქვევით.

- არ მიიჩვიო ეს ბინძური ძაღლი, თორემ აქედან ვეღარ გავაგდებთ!.. - კაცმა მასაც თვალები დაუბრიალა, - ამისი ბეწვები და რწყილებიღა გვაკლია აქ!.. თან ნახე, აყროლებულია!..

კაცი ისეთი გაავებული იყო, უცებ შემეშინდა, ამ ქალისთვისაც არ დაერტყა, ამიტომ მის დასაცავად მოვემზადე. ახლა კი აღარაფერი მაკლდა, რომ ამ გულქვა ადამიანისთვის მაგრად მეკბინა, მაგრამ ისევ ქალმა შემაჩერა, თავზე ხელი გადამისვა, თითქოს მეუბნებოდა, დაწყნარდიო. ქალს კალთაზე კბილებით მოვეჭიდე და კიბისკენ მოვქაჩე. მიმიხვდა, რაც მინდოდა და მომყვა. ერთად ჩავედით კიბეებზე, ორი სართული რომ ჩავიარეთ, ვერ მოვითმინე, ზევით ავიხედე და ღრენითა და ყეფით გამოვხატე ჩემი გულისწყრომა, მერე ისევ კალთაზე მოქაჩვით მივანიშნე, რომ ქვევით ჩავსულიყავით. მეშინოდა, ჩემ გამო იმ კაცს არ ეჩხუბა მასთან. ქალს თბილად გაეღიმა და ჩემკენ დაიხარა:

- ისე მიყურებ, თითქოს თვალებით მელაპარაკები... ნეტავ შეგეძლოს, ალბათ, ბევრ რამეს მეტყოდი, არა?...

იცით, როგორ მიყვარს, როცა ადამიანივით მელაპარაკებიან?! ზოგიერთს ჰგონია, არაფერი გვესმის, არადა, ყველაფერს ვიგებთ, უბრალოდ, ვერ ვლაპარაკობთ. ახლაც ძალიან მომინდა, მეთქვა, რასაც განვიცდიდი, მეთქვა, რომ მასთან მინდოდა დარჩენა, რომ თუ დამტოვებდა, ჩემზე ერთგული არავინ ეყოლებოდა... ავწრიალდი, ხან კუდის ქიცინით შევცინე თვალებში, ხან თბილი წკმუტუნით თავი გავუსვი მის კალთას, მაგრამ ეჰ!... ასე რას გავაგებინებდი?!..

თითქოს მიმიხვდა, რაც უნდა მეთქვა და დანანებით ჩაილაპარაკა: - ნეტავ შემეძლოს, ჩემთან დაგტოვებდი!..

ნეტავ!.. ნეტავ შესაძლებელი ყოფილიყო, მეც დიდი სიხარულით დავრჩებოდი მასთან!.. ყურები ჩამოვყარე, ერთი კიდევ მოვხედე უკვე აცრემლებული თვალებით და კუდამოძუებული გავცილდი.

თავჩაღუნული და მოწყენილი გავუყევი თავშესაფრისკენ მიმავალ გზას. ვიგრძენი, ვიღაც ამომიდგა გვერდით და თვალი არ მოუცილებია, ისე გამომყვა ცოტა ხანი. მერე ვერ მოითმინა და გვერდი გამკრა.

- ეე, ბუბუ, რა დაგემართა? რა ცხვირ-პირი ჩამოგტირის?

- შენს ხასიათზე არა ვარ, თავი დამანებე!.. - ისე ჩავიღრინე, არც გამიხედავს მისკენ, ხმით ვიცანი, ბოღრა იქნებოდა.

- ვინ გაგაბრაზა, წამო, ვეჩხუბოთ.

- შენ კიდევ სულ ჩხუბზე როგორ ფიქრობ?

- აბა, რა მოხდა?

უცებ პარკისკენ მიმავალი ის მელოტი კაცი დავინახე, მე რომ ჯოხი მითავაზა ფერდში და ყურები დავცქვიტე.

- ეე, ნახე, ის კაცი ვიღაც ბავშვთან ერთადაა... აუ, ძაღლიც ჰყოლიათ, თან რა მახინჯია!.. - კი არ ვთქვი, ჩავიღრინე.

- ვინ კაცია, იცნობ? - ბოღრაც დაიძაბა.

მისთვის პასუხი არ გამიცია, ისე ავედევნე იმ კაცს.

ამ დროს მათ ძაღლს უბანში ცნობილი მოჩხუბრები გამოენთნენ ყეფით. შეშინებული და დამფრთხალი ძაღლი გაიქცა, მისი თოკი გოგონას მარყუჟით ჰქონდა ხელზე გადახვეული, ამიტომ ხელის გაშვება ვერ მოასწრო, ძაღლმა ის წააქცია და ასფალტზე ათრია. გოგონა სიმწრით ხმამაღლა ატირდა.

რას ფიქრობთ, როგორ მოვიქცეოდი?..

სულ დამავიწყდა, რა გამიკეთა ამ კაცმა დილით, გოგონა შემეცოდა, ბრაზით დრუნჩი ამიკანკალდა, კბილები დავკრიჭე და ღრენა-ღრენით შევუტიე იმ აბეზრებს. ბოღრაც, რა თქმა უნდა, მომყვა და ერთად ისე დავიფრინეთ ცნობილი მოჩხუბრები, ჩხუბიც კი არ გამართულა. გამიკვირდა, მე უფრო უშიშრები მეგონა ისინი, თან სიამაყის გრძნობაც დამეუფლა, ვაჯობეთ და შევაშინეთ.

მიხვდებით, ალბათ, ყველაზე საინტერესო ამ ამბიდან იმ ღიპიანის რეაქცია იყო. ამ ინტერესით მათკენ მივიხედე: კაცს გოგონა წამოეყენებინა, კაბას უფერთხავდა, თან ჩემკენ იყურებოდა.

სულ ადვილად შეგვიძლია, ამოვიცნოთ, რას ფიქრობენ ადამიანები, ჩვენ ხომ თვალებით ლაპარაკი ვიცით, ამიტომ სწორედ თვალებში ვკითხულობთ მათ განცდებს.

მისი არაფრისმთქმელი თვალებიდან მაინც ამოვიკითხე გაკვირვება და აღიარება: ნახეთ, რა გააკეთა?!.. არ ყოფილა ცუდი ძაღლი!..

და ბოლოს, მის თვალებში გაიელვა იმ აზრმა, რასაც გულით ველოდი: - არ უნდა დამერტყა!..

აი, ასე!.. გაჯობე, ადამიანო!.. ოღონდ არა მოჩვენებით, არამედ გულწრფელად!

 

 

 

 

 

*                 *                *

 

ერთ დილას მე და ლულუ ნაგვის ურნიდან გადმოყრილ და ძირს მიმობნეულ პარკებში ერთად ვეძებდით საჭმელს. მოულოდნელად ჩვენ გვერდით დიდი მანქანა გაჩერდა. ისე უეცრად მოხდა ყველაფერი, გონს მოსვლა ვერც კი მოვასწარით და რომ გამოვერკვიეთ, ჩვენ უკვე მანქანის გისოსებიან კაბინაში ვიყავით. შეშინებული შევცქეროდით ერთმანეთს და ვერ ვხვდებოდით, რა დავაშავეთ, რა უნდოდათ ადამიანებს ჩვენგან.

- ალბათ ნაგვის გადმოყრას ჩვენ გვაბრალებენ... - გადავუჩურჩულე ლულუს.

- დაგვსჯიან? - ჩემს დაიკოს უკვე ცრემლები უბრწყინავდა თვალებში.

- არა, ლულუ, არ დაგვსჯიან, - გავამხნევე, თუმცა ჩემი თავის მე თვითონ არ მჯეროდა და ლულუს როგორ დავაჯერებდი? - ნუ გეშინია, მე დაგიცავ, მე ხომ შენთან ვარ!..

ლულუ თითქოს გამხნევდა, გვერდით მომიჯდა და დრუნჩი ჩემს თათებში დამალა. სულ დაგვავიწყდა, დილიდან რომ არაფერი გვეჭამა, გულაფანცქალებულები ველოდით, როდის გაჩერდებოდა მანქანა. უცებ გონება გამინათდა და გამახსენდა, ბოღრა და ბოთა რომ წაიყვანეს და უკან მეორე დღეს დააბრუნეს. მერე ბოღრა გაავებით ყვებოდა, რომ იქ ნემსი გაუკეთეს და ყურზე რაღაც ნიშანი დაადეს. გამომაცოცხლა იმ იმედმა, რომ ჩვენთვის ნემსი ჯერ არ გაუკეთებიათ, არც ნიშანი გვედო ყურებზე და ალბათ მხოლოდ ამიტომ დაგვიჭირეს, ამაზე უარესი არაფერი გველოდა.

უჰ, როგორ მეტკინა ნემსის გაკეთებაა, მაგრამ ვიცოდი, მალე გაგვიშვებდნენ და მოვითმინე!.. ლულუ ატირდა, შემეცოდა დაიკო და ცრემლები ავულოკე, თან ჩუმად ვამშვიდებდი.

ახლა სირბილის დროს ნიშანდადებული მარჯვენა ყური უფრო გამეტებით მეტყაპუნება თავში, მიჭირს შეჩვევა, მაგრამ მთავარი ხომ ის არის, რომ ცოცხალი ვარ. ლულუს არ სჯერა, მე კი მგონია, ესეც ჩვენს სასიკეთოდ გააკეთეს ადამიანებმა, თორემ ჩვენი დახოცვა რომ სდომოდათ, ხომ არ გამოგვიშვებდნენ?!..

დიახ, როგორც ძაღლებში, ისე ადამიანებშიც არიან კარგები და ცუდები. აი, ახლა გამახსენდა და თქვენც მოგიყვებით ჩემი საწყალი დედიკოს ამბავს, რომელიც თვითონ გვიამბო, როცა პატარები ვიყავით:

ჩემი დედიკო ადამიანებთან იზრდებოდა არცთუ მდიდარ ოჯახში. ის გრძნობდა, რომ ნამდვილი სიყვარულით იქ მხოლოდ პატარა ბიჭუნას უყვარდა, რომელიც სულ ეთამაშებოდა და ეფერებოდა. ცოლ-ქმარს ხშირად ავიწყდებოდა მისი დაპურებაც კი და ბიჭს რომ არ გაეხსენებინა, ალბათ მთელი დღე მშიერი დარჩებოდა. დედა ხშირად სეირნობდა ქუჩაში, სადაც რამდენიმე მეგობარი ჰყავდა, მათ შორის ჩვენი მამიკოც. ერთ დღეს დედიკოს გაუგონია, როგორ ეჩხუბებოდა კაცი ცოლს:

- ვის რად უნდა მაგის უჯიშო ლეკვები, იმიტომ მოვიყვანე, რომ ვიფიქრე, გავყიდდი ლეკვებს და ცოტა ფულს ვიშოვიდი... რომ დაყრის, თუ მსგავსი არ იქნება, გავყრი ქუჩაში თავის ლეკვებიანად, ისედაც ძვირი მიჯდება მაგის შენახვა!..

ასეც გააკეთა იმ უგულო კაცმა. რომ ნახა, მამას ვგავდით, მოგვკიდა ხელი, ჩაგვსვა დიდ ყუთში და ქალაქგარეთ, ძალიან შორს, სადღაც სასაფლაოზე დაგვტოვა. მაშინ ძალიან გაუჭირდა დედას, არ იყო მიჩვეული ასეთ ცხოვრებას, მაგრამ გაუძლო, ხან საფლავებზე მიტოვებულ საჭმელს მოარბენინებდა ჩვენთან, ხან კი ნაგავს ქექავდა და იმით ვირჩენდით თავს.  ერთ დღეს დედამ საჭმელს ვერსად მიაგნო, ჩვენ კი გვშიოდა და წკმუტუნი ავტეხეთ. დედიკო შორს იყო, ჩვენი ხმა არ ესმოდა. ერთი კეთილი ნაცრისფერი ფისო ცხოვრობდა ჩვენ გვერდით, ბაფი ერქვა, მას გაუგონია ჩვენი ძახილი, მოირბინა, პირში პურის ნატეხი ეჭირა, წინ დაგვიდო, დაგვიქუცმაცა და გვერდით მოგვიწვა, რომ გავეთბეთ. საღამოს კი დედიკოს მოუყვა, როგორ გადაუყარა ერთმა სასტიკმა კაცმა ახალდაბადებული კნუტები, თან იტირა. ახლაც კი შემცივდება ხოლმე, როცა მისი ცრემლიანი თვალები მახსენდება...

ასე წამოვიზარდეთ. ერთ დღეს დედამ ქალაქის გარეუბანში ჩამოგვიყვანა და ის თავშესაფარი მოგვიძებნა, ახლაც რომ ვცხოვრობთ მე და ლულუ.

ეჰ, ერთ დღეს კი ჩვენი დედიკო ვეღარ დაბრუნდა ჩვენთან...

ორი დღე ველოდეთ მე და ლულუ, ორი დღე ვიტირეთ, მაგრამ დედიკო რომ აღარ გამოჩნდა, გამოვედით ქუჩაში, ძებნა დავიწყეთ, ტირილით ვუხმობდით, მაგრამ ვერსად მივაგენით. ნელ-ნელა მივეჩვიეთ მის გარეშე ცხოვრებას. მერე ქუჩის ძაღლებმა გვიამბეს, როგორ მომკვდარა ჩვენი საბრალო დედიკო: ნაგვის ქექვის დროს მანქანას დაურტყამს მისთვის...

ახლა დიდები ვართ, ჩვენი დედიკოს ტოლი. ლულუ უკვე დედაა, მასაც ორი ლეკვი ჰყავს, ერთი ძალიან ჰგავს ჩვენს ლამაზ დედიკოს, მისი სახელიც დავარქვით - ბაბი.

გუშინ საღამოს კოკისპირულად გაწვიმდა. თავშესაფარს მივაშურეთ მე და ლულუმ, ლეკვები დავაპურეთ და ერთმანეთს მივეხუტეთ, რომ გავმთბარიყავით, ლეკვები კი შუაში ჩავიწვინეთ. მე ჩამთვლიმა თუ არა, ლულუმ ყურები ცქვიტა და მხარი გამკრა:

- ბუბუ, კნავილი არ გესმის?

- მესმის... მერე რა? სადღაც კატაა ალბათ კნუტებთან ერთად.

- კი, მაგრამ მგონი მარტო კნუტები არიან, დიდი კატის ხმა არ ისმის, - ყურდაცქვეტით მელაპარაკებოდა ლულუ და დედის ალღოთი გრძნობდა საფრთხეს.

- მოიცა, შენ დარჩი ლეკვებთან, მე ვნახავ, - ვუთხარი დაიკოს და მართალია, ძალიან მეზარებოდა ამ წვიმაში გარეთ გასვლა, მაგრამ ლულუს ხათრით მაინც გავედი. ყნოსვით მივაგენი ორ ნაცრისფერ კნუტს, რომლებსაც ჯერ თვალებიც კი არ გაეხილათ. დედა კატა არსად ჩანდა. იქვე მოვათვალიერე ყველაფერი, დავსველდი და დავიღალე, ცოტა ხანიც ველოდე და კნუტების კნავილით გულგაწვრილებული ისევ ჩვენს თავშესაფარში დავბრუნდი.

- რაო, უდედოდ არიან და იმიტომ კნავიან? - შეებრალა კნუტები ლულუს.

- ჰო, - მეც შემეცოდა პატარები, - იცი, ბაფის როგორ ჰგვანან?!

- მომიყვანე, ბუბუ, გეხვეწები!.. გახსოვს, ბაფიმ როგორ იტირა თავისი კნუტების გამო? ერთს ბაფი დავარქვათ, როგორც დედიკოს სახელი დავარქვით ჩვენს გოგოს.

ლულუს დამთავრებული არ ჰქონდა თხოვნა, მე უკვე გავრბოდი, აღარც წვიმა მადარდებდა, აღარც სიბნელე და სიცივე, თვალწინ მედგა დედიკო, რომელსაც ყველაზე მძიმე დღეებში დაეხმარა კეთილი ბაფი...

ორივე რომ მივუწვინე ლულუს, წვიმა შეწყდა, დილით კი მზემ გამოანათა და დათბა.

სიკეთე არ გვავიწყდება ძაღლებს!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

თანამშრომლობის წახალისება

ქვეყნის ნებისმიერ სკოლამდელი აღზრდის საკლასო ოთახში ნახავთ, რომ ბავშვები წყნარად ზიან წრის გარშემო, ხელს იწევენ სანამ რამეს იტყვიან, ერთმანეთს გადასცემენ ხელსახოცებს და საჭმელს. ისმის კითხვა: როგორ აღწევენ ამას მასწავლებლები? როგორ შეუძლიათ მათ ნებაყოფლობით მართონ 4 წლამდე ასაკის რამდენიმე ბავშვი ერთად? არ არსებობს საიდუმლო ფორმულა, თუმცა, არსებობს რამდენიმე რჩევა

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024