kids.ge logo

განძის მცველი ექვთიმე

ფავორიტებში დამატება

რამდენიმე საუკუნის წინ სვიმონსა და ნინოს ვაჟი შეეძინათ. ბავშვშს ექვთიმე დაარქვეს.

- რა ლამაზი ბავშვია, ნეტავ როგორი გაიზრდება? - ჩაფიქრდა დედა.

- მინდა რომ ღირსეული ადამიანი იყოს! - ინატრა მამამ, მერე ცას ახედა და თითი მბრწყინავი ვარსკვლვისაკენ გაიშვირა: - ნახე, როგორ ანათებს, საცაა ჩამოვარდება, თვალები დახუჭე, ნინო და ინატრე, რაც მოგესურვება!

თვალებდახუჭულმა ნინომ ღიმილით ახედა ცას და წამოიძახა: - მინდა, მთელი საქართველოს განძი ჩემი შვილის ხელში იყოს! - სვიმონს გაეცინა და შეშფოთებულმა უთხრა ცოლს: - რას ამბობ, ამხელა რამეს ერთი ადამიანი როგორ გაწვდება?

- გაწვდება, გაწვდება, ნახავ როგორი ბიჭი გაიზრდება ჩვენი ექვთიმე! - გაიღიმა დედამ და ბავშვი გულში ჩაიხუტა.

ზოგიერთი ნატვრა მართლაც ახდება ხოლმე, მარამ არა ისე, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. ექვთიმე გაიზარდა, ძალიან კარგი განათლება მიიღო და ის სახელმწიფოს ყველა მუზეუმის ზედამხედველად დანიშნეს. ისე გამოვიდა, რომ მართლაც საქართველოს საგანძური ჩააბარეს. იმსახურებდა კიდეც, სამუზეუმო ექსპონატებს შორის ბევრი ნივთი მისი მოძიებული იყო. ექვთიმე მთელ ქვეყანაში დადიოდა და ბევრ კითხვას სვამდა: - ამ დანგრეული ეკლესიის ხატები ვის ოჯახში ინახება?.. და სხვა ნივთები სად შეიძლება იყოს? რამე საინტერესო ამბავს ხომ ვერ მოგვიყვებით ამ ადგილის შესახებ? წინაპრების მონათხრობიდან რა გახსენდებათ? შეგიძლიათ, ეს წიგნი შეღავათიან ფასში მომყიდოთ და ეს ზარდახშა რომ გამიცვალოთ რამეში?.. ასე და ამგვარად გაივსო ნაირ-ნაირი განძეულით ქვეყნის მუზეუმები, შეგროვდა და შეგროვდა, გალამაზდა და გამშვენიერდა გამოფენები, რომლებსაც ექვთიმე პეიოდულად, ძველი ნივთების აღმოჩენისთანავე გამართავდა ხოლმე.

ერთხელ ქვეყნის მმართველმა, სახელად ნოემ, ის დაიბარა და გააფრთხილა: - ექვთიმე, მტერი შემოგვესია, წითელარმიელების შემოტევას ვეღარ ვუძლებთ. საქართველოს  მუზეუმში თუ რამე ძვრფასი გვაქვს, ყველაფერი ყუთებში ჩაალაგე, რომ ქვეყნიდან გავიტანოთ და სადმე გადავმალოთ!

ექვთიმე სამშობლოდან გაქცევას სულაც არ აპირებდა, მაგრამ რა ექნა, ის საგანძურის მცველად დანიშნეს და სადაც  განძი იქნებოდა, ექვთიმეც იქ უნდა ყოფილიყო, მოეარა და გადაერჩინა მთელი ქვეყნის სიმდიდრე მტრისგან. არ იყო ადვილი საქმე, განძი 2000 კილოზე მტს იწონიდა და 200 ყუთში იყო გადანაწილებული. ქვყანაში ომი იყო და სამუზეუმო ექსპონატების დასაცავად ექვთიმეს გარდა არავის ეცალა. რამე უნდა მოეფიქრებინა! და იცით რა გადაწყვეტილება მიიღო? გახსნა ექვთიმემ ერთი ყუთი, სადაც ძველი, მეფეთა აქონი თოფები ეგულებოდა, გადაიკიდა ერთი მხარზე და ნამდვილი ჯარისკაცივით დაიწყო წინ და უკან სიარული. ასე იცავდა ამდენ სიმდიდრეს ერთი ადამიანი და კიდევ კარგი, რომ ვერავინ გაიგო: თოფის სროლა არ ეხერხებოდა!

ამასობაში წითელარმიელები წინ მოიწევდნენ, ახლა უკვე გარდაუვალი იყო ხელისუფლების ქვეყნიდან გაქცევა.

განძთან ერთად მისი მცველი გემზე აღმოჩნდა. ბევრი იცურა თუ ცოტა იცურა, იმ ქვეყანას მიადგა, რომელსაც საფრანგეთი ჰქვია. განძი ყველაზე დიდ და სანდო ბანკში დააბინავეს. ჰოდა, სად იყო და სად არა, საფრანგეთსაც დაესხა თავს მტერი. გერმანიამ მეორე მსოფლიო ომი დაწყო და ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა. რა უნდა ექნა ექვთიმეს, განა ასეთი ადვილი გადასამალი იყო 2000 კილოზე მეტი ძვირფასეულობა? ჰოდა, მოძებნა ყველაზე დიდი სარდაფი, რომელიც ვერსალის მშვენიერი სასახლის ქვემოთ მდებარეობდა, საგანძურთან ერთად ქ ჩამალა და ჩასასვლელზე მეგობრებს ნაგავი დააყრევინა, რომ ვერავის მიეგნო.

- რაც მთავარია, ყველა ყუთი ადგილზეა, - ფიქრობდა ვერსალის სარდაფში გამომწყვდეული ექვთიმე. - ამ ერთ ომსაც გავუძლებთ და მერე სამშობლოში დავბრუნდებით!

 ეს დღე მართლაც დადგა რამდენიმე წელში, მაგრამ ექვთიმე რატომღაც დაბრუნებაზე არ თანხმდებოდა, ყველა ფიქრობდა რომ 80 წელს გადაცილებული მოხუცი გაგიჟდა და სრულ ჭკუაზე ვერ იყო.

 - არა, სულაც არაა შეშლილი! - თქვა ერთმა მისმა კარგმა მეგობარმა, რომელმაც ყველაფერი გაარკვია... - ამდენი წლის მერე მას ერიდება გაცრეცილი პიჯაკით, დახეული ფეხსაცმლითა და დაკემსილი შარვლით ესტუმროს სამშობლო! - ყველა ყველაფერს მიხვდა! მიხვდნენ და თვალი აეცრემლათ... 24 წლის განმავლობაში ექვთიმეს საგანძურიდან არც ერთი ნივთი არ გაყიდია და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. განძი ხელუხლებლად დაბრუნდა სამშობლოში და თავის მცველიც, ცხადია, მას თან ჩამოჰყვა. მოხუც ექვთიმეს სახელმწიფოსგან ნაჩუქარი ახალთახალი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ეცვა და ბედნიერი სახით ჩამოდიოდა თვითმფრინავის კიბეზე. ამბობენ, ჩამოსვლისთანავე ის დახრილა, ქართული მიწა აუღია და ლექსი უთქვამს:

"ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,

ჩემო სამშობლო მხარეო,

სნეული დავბრუნებულვარ,

მკურნალად შემეყარეო!"

ამას წინათ ერთი პატარა ფერია მოფრინდა ჩემთან და მითხრა:

- იცი, მეზღაპრევ, კარგია რომ ნატვრა ექვთიმეს დედას აუხდინა ვარსკვლავმა და არა სხვას. ვინმე ცუდი ადამიანის ხელში რომ ჩავარდნილიყო მთელი ქვეყნის საგანძური, ხომ შეიძლებოდა საერთოდ არ გვქონოდა მუზეუმი?

- შენ მუზეუმი ფერია ხომ არ ხარ? - გამომცდელად ჩავეკითხე მე.

- კი, მუზეუმში განთავსებულ ნივთებსაც ხომ სჭირდება მცველი?- მიპასუხა ამაყად.

- და ექვთიმე სად არის?

- ის წმინდანია და როგორც ყველა წმინდანი, ცაში ცხოვრობს.

- როგორ ხდებიან ადამიანები წმინდანები? - დავინტერესდი მე.

 

 - ეს ძალიან იშვიათად ხდება და ეკლესიის გადასაწყვეტია. წადი შენ შენ ზღაპრებს მიხედე, რას ჩამაცივდი?!. - ფრთები აიქნია მუზეუმის ფერიამ და გაფრინდა. დამავიწყდა, რომ ფერიებს არ უყვართ კითხვებზე პასუხების გაცემა... ფანჯარა გამოვაღე და თვალი გავაყოლე, მერე ვარკვლავებიან ცას ავხედე და დავეთნხმე: ჰო, რა კარგად ინატრა ექვთიმეს დედამ!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ მათ იყვნენ კარგი მსმენელები

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ძნელია ჩვილების ცნობისმოყვარე გონების შეკავება. თუმცა, სკოლამდელ ასაკში, თქვენს პატარას მოუწევს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა აქტივობებში, როგორიცაა სიმღერა, ხატვა, მასწავლებლის მოსმენა და ა.შ. ეს ყველაფერი მოითხოვს ჯდომას და ყურადღების მოკრებას. იყო კარგი მსმენელი, ეს ნიშნავს, აქტიურად მიიღო მონაწილეობა სკოლამდელი აღზრდის სხვადასხვა საქმიანობაში

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024