kids.ge logo

გაქცევა

ფავორიტებში დამატება

მოთხრობას ვუძღვნი აფხაზეთიდან ლტოლვილ, ჩვენს თანამემამულეებს

 

ერთი კვირაა გზაშია. ხან თოვს, ხან წვიმს. მზე დაეკარგა... საშინლად ცივა. გვიანი შემოდგომის სუსხი ტრიალებს ირგვლივ. კიდევ კარგი ჩანთაში ცოტა პური და წყალი  აქვს. სადაც უღამდება, იქ უთენდება. ცეცხლს გაჭირვებით ანთებს. ყოველ დღე ჰგონია, რომ მოკვდება, მაგრამ ცოცხალია... როგორც კი გათენდება, ცოტაოდენს წაიხემსებს და გზას აგრძელებს. მთები, უსასრულო ტყეებია ირგვლივ. ბოლოს ძალიან დაიღალა, ძალა გამოეცალა, საგზალიც გამოელია, ასანთიც გაუთავდა... 

დაბნელდა. გზას მაინც აგრძელებს. რომ გაჩერდეს, ისე ცივა, გაიყინება. სჯობს იაროს, იაროს გონების დაკარგვამდე, სანამ ოდნავ მაინც შერჩენია ძალა... მერე ან მგლები 

შეჭამენ, ან სადმე გადაიჩეხება. 

-უუუუუუუუ.... -სულ ახლოს გაიგონა მგლების ყმუილი. შედგა. თვალები დახუჭა:ნუთუ ეს იყო ჩემი სიცოცხლე?!   რა უეცრად და როგორ ცუდად დამთავრდა ყველაფერი. მთავრდება... მთავრდება... მთავრდება... 

ჩაიკეცა. თვალები ვარსკვლავებით მოჭედილ ცას მიაპყრო:იქ რა ლამაზია, ნეტავ,  მომცა ფრთები, ამაფრინა, გამაქრო! ცრემლები ღაპა-ღუპით წასკდა თვალებიდან. სახელოებით  მოიწმინდა და წინ გაიხედა. რაღაც ანათებდა. ეჩვენება თუ მართლა შუქია, იქნებ მოკვდა და გვირაბის მეორე მხარეს სინათლე კიაფობს?! თვალები ფართოდ გაახილა და იქით გაიხედა, საიდანაც შუქი მოდიოდა, როგორც ჩანს არაფერი ეჩვენება, მართლა შუქია. ისევ მოესმა მგლების ყმუილი, თან ძალიან ახლოს. ძალ-ღონე მოიკრიბა, როგორც შეძლო შუქისკენ გაიქცა. ჰგონია მირბის, არადა ძლივს მიიწევს წინ. ქოხს რომ მიუახლოვდა, ძაღლებმა ყეფა ატეხეს და მისკენ გამოიქცნენ.  განძრევა ვეღარ შეძლო, გონება დაებინდა. როცა გონს მოვიდა, უკვე ქოხში იყო, ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცი ჯამით რძეს აწვდიდა. 

-დალიე, შენი ჭირიმე, თბილი რძეა, ძალას შეგმატებს! 

გაკვირვებულმა და დაბნელმა რძე ხელიდან გამოსტაცა, სულმოუთქმელად დაცალა. 

-ვინ ხარ, ასეთ ცუდ ამინდში სად მიდიხარ, ან საიდან მოდიხარ? -მიაყარა მასპინძელმა კითხვები სტუმარს. 

-მე... მე... მე მათეს მეძახიან,  -დაიბნა სტუმარი. 

-მე კი დათო ვარ, სამწყემსურში ნახირს ვუვლი. 

მასპინძელმა ცეცხლს შეშა შეუკეთა. 

-რა იყო, რას კანკალებ? თუ გცივა აქეთ მოიწი, გათბი. 

სტუმარი ღუმელთან მიჩოჩდა. ნახევრად სველი ტანსაცმელი ტანზე მოიხვია, თავი ქურთუკში ჩარგო და გაიტრუნა. 

-მეგობარო, სველი ტანსაცმელი გაიხადე, თორემ გაცივდები. 

სტუმარი შეკრთა, ტანსაცმელი კიდევ უფრო მაგრად შემოიხვია ტანზე. 

-ნუ გეშინია, არავინ წაგართმევს მაგ ქურთუკს. -გაეცინა დათოს. 

დაბნეული სტუმარი ფეხზე წამოდგა, ქურთუკი გაიხადა, იქვე ღუმელთან თოკზე გადაკიდა, ტალახიანი, სველი ჩექმები  გაიხადა, ღუმელის ქვეშ დააწყო, თვითონ კი ისევ სკამზე ჩამოჯდა. ცოტახანში, როცა გაშრა, რული მოერია. 

რამდენი ხანია მალავს, რომ ქალია. რამდენი ხანია ღიმილი დაეკარგა, ძალით ცოცხლობს და სულ შიშშია. ვინ არის, რატომ არის, საიდან მოვიდა, სად მიდის? ვეღარ გარკვეულა ვერაფერში. მარიკა რომ ქვია ისიც დაავიწყდა. მათე ხარ, მათე ხარ, მათე ხარ! -ჩასძახის საკუთარ თავს და ცდილობს არაფერი შეეშალოს. 

-მეგობარო, უკვე გაშრი,   დროა ვივახშმოთ! -ნახევრად მძინარ მარიკას თავს ადგა დათო და ანჯღრევდა, თან თვალით მაგიდისკენ ანიშნებდა. მარიკამ ერთი გახედა მაგიდას, რომელზეც ყველი, პური, ხორცი, ბოთლით ღვინო იდო, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ პირი ღია დარჩა, თავი გვერდზე გადააგდო და ღრმა ძილს მიეცა. 

-ეჰ, საცოდავი, როგორ დაღლილა?! -შეეცოდა დათოს მარიკა-ადე, ადე, საწოლში დაწექი! -ხელით შეანჯღრია, მაგრამ  გონს ვერ მოიყვანა. მხარზე მოიგდო, იქვე საწოლთან მიიყვანა, ფრთხილად  დააწვინა. თვითონ ღუმელთან ახლოს ნაბადი გაიგო და დაიძინა. 

დათო გაკვირვებას იყო, ვერ გაეგო საიდან გაჩნდა მოულოდნელი სტუმარი. აშკარად ეტყობოდა, რომ აქაური არ იყო. ერთი წლის წინ, როცა აფხაზეთში სისხლისმღვრელი  ომი გაჩაღდა, ეს მთა მრავალმა ლტოლვილმა გადმოიარა:ქალებმა, კაცებმა, ბავშვებმა, მოხუცებმა. დათომ ბევრს გაუმართა ხელი, ცოცხალ-მკვდარი ხალხი შეიფარა თავის პატარა ქოხში:დააპურა, მოასულიერა, ღამის გასათევი მისცა. ნეტავ ეს ბიჭი საიდან მოდის? თუ აფხაზეთიდან-ამდენ ხანს იქ როგორ გაძლო? თუ არა, მაშ საიდან, ციდან ჩამოფრინდა? 

აღმოსავლეთით ცისკიდე ჯერ განაცრისფერდა, მერე ვარდისფერი შეერია. ერთი კვირის ნაომარმა ამინდმა, როგორც იქნა გამოიდარა. მზემ აჯობა ღრუბელს, სამყარო გააკაშკაშა. 

დათომ ცეცხლი დაანთო, ღუმელზე რძე შემოდგა. სტუმარს გახედა. მარიკას ღრმა ძილით ეძინა. 

-ჰეი, მათე ბიჭო,  გაიღვიძე! -გასძახა მძინარეს. 

შეშინებული მარიკა უცებ წამოხტა. დათო რომ დაინახა, საბანი მოიხვია და საწოლის კუთხეში მიიბუზა. 

-რას მომშტერებიხარ, ვერ მიცანი? -გაუცინა დათომ. მარიკამაც გაუღიმა. 

-რა გაკვირვებული მიყურებ! -დაიბნა დათო-გეყო ძილი, აბა, ადექი, მე უკვე მივდივარ, ნახირი მიმყავს საბალახოდ! შენც ჩემთან ერთად წამოდი, სოფლის გზას გასწავლი, სამ საათში იქ იქნები. თუ არ აპირებ სოფელში წასვლას?! -დათომ პასუხი რომ ვერ მიიღო, სტუმარს გახედა. მას კი  ისევ ეძინა. 

-ერიჰაა, მე მგონი, ეს დღეს გაღვიძებას არ აპირებს, ეტყობა დიდი გზა გამოიარა, საცოდავი, იყოს, რას მიშლის, დამელაპარაკება მაინც. 

დათომ ცოტა ხანს უყურა მძინარეს, მერე ნაბადი მოისხა, თოფი აიღო და გარეთ გავიდა. ნახირი ზმუილით შეეფინა ფერდობს, მენახირეც მშვიდად გაჰყვა უკან. 

ცამდე აწვდილი, გოლიათი მთები გარს შემორტყმოდნენ საბალახოებს.  გვიანი შემოდგომის სურნელი ტრიალებდა. დილით ციოდა, მაგრამ როცა მზე საკმაოდ მოძლიერდა ცამრგვალზე,  დათბა, ირგვლივ სიხარულმა და ბედნიერებამ დაისადგურა. სამყარო ლაღობდა, თითქოს მოკვდავთ ეუბნებოდა:ეს სილამაზე მე თქვენ მოგიძღვენით, თქვენ კი ანადგურებთ ყველაფერს, თითქოს არ გყოფნიდეთ ეს უზარმაზარი სივრცე, კლავთ, ტკივილს აყენებთ, ჩაგრავთ ერთმანეთს, ბომბებით მატკიებთ გულს, მე კი სიყვარული, მოფერება, სითბო მჭირდება. ეხ, ადამიანებო როდის უნდა გაიგოთ ყოველივე?! 

დათო ორი წელია ტკბება ამ საოცარი ბუნების მშვენიერებით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დატოვა თბილისი,  მისი ხმაურიანი ცხოვრება და  წინაპრების ძირძველ მიწას დაუბრუნდა. თავდაპირველად აქ ცხოვრება გაუჭირდა, მაგრამ მერე თანდათანობით შეეჩვია. ახლა ამ გოროზი მთების, ხმაურიანი მდინარის, ზღაპრული ბუნების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. სპეციალობით ინჟინერს ბევრი საქმე გამოუჩნდა სოფელში. შუაგულ ტყეში ძველი დაჩაჩანაკებული ფერმა დაანგრია და მის ადგილზე უზარმაზარი შენობა ააშენა. დიდ დახმარებას უწევდა ადგილობრივებს, როცა მწყემსი სჭირდებოდათ. ხუთი თითივით შეისწავლა მთის ყველა ბილიკი. 

მზე საკმაოდ მაღლა ავიდა. კიდევ უფრო დათბა. დათო მინდორზე წამოკოტრიალდა. ცაზე კამარა შეჰკრა არწივმა. “რატომ ადარებენ საქართველოს არწივს? “გაიფიქრა დათომ, “საქართველო ხომ პატარაა, კოპწია ყვავილივით, მაგრამ ეს ბუმბერაზი მთები ძლიერს,  ამაყს ხდის, სწორედ რომ არწივს ჰგავს  საქართველო, გამუდმებით იგერიებს მტრებს, მაინც ცოცხალი და შეუდრეკელია. “დათომ იგრძნო, რომ ძალიან უყვარდა თავისი სამშობლო, თვალზე ცრემლიც კი მოადგა. აქეთ-იქით მიმოიხედა, ხომ არავინ დამინახაო, როცა პირუტყვის მეტი ვერაფერი შენიშნა, მუჭით მოიწმინდა თვალზე მომდგარი კურცხალი. მიდამოს შეჰღიმა, თვალებით მოეფერა ლურჯ, კრიალა ცას, ბუმბერაზ მთებს და წაიღიღინა:“ჩემი მთა და ჩემი ბუნება, სიყვარულზე მეჩურჩულება, საქართველო რომ არ უყვარდეს, ქვეყნად არვინ არ მეგულება“.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

მიაჩვიეთ დისციპლინას ეფექტურად

თქვენ ალბათ არასოდეს შეხვედრიხართ მშობელს, რომელიც არ იღებს პაუზას ან სკოლამდელი აღზრდის მასწავლებელი, რომელიც ისვენებს. მაშ რა დისციპლინის სტრატეგიებს გვირჩევენ მასწავლებლები?

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024