kids.ge logo

შვლის ნუკრის ნაამბობი

ფავორიტებში დამატება

შეკუნტრუშდა დედაჩემი, შევკუნტრუშდი მეც და გავსწიეთ ზეითკენ სკუპ-სკუპით. სულ ბოლო დროს მხოლოდ ესღა გავიგონე: „უი, დედაც იქა ჰყოლიაო!“
შევუდექით შამბიანს, ბუერიანს გვერდობს, ბუერის ძირები ცივის წყაროებით იყო მორწყული. აქა-იქ ლაფზე ეტყობოდა ჩემსაებ პატარა ნუკრის ნაფეხურები. საშინლად ცხელოდა. ვსწუხდით. დავწექით ბუერებში. იმისი განიერი ფოთლები არ გვაკარებდენ მწვავე მზის სხივებს. უცებ გარეშემო შემორტყმულ მთების წვერებიდამ ამოცვივდენ ღრუბლები, შეიყარნენ ერთად. ცამ დაიგრიალა, იჭექა, ელვა გაიკლაკნა.

წვიმა სვეტ-სვეტად ჩამოდგა გაღმა სერებზე, მალე ჩვენს გარეშემოც ხის ფოთლებსა და ნამეტნავად ბუერებზე დაიწყო ტლაშა-ტლუში. ისეთი ხმაურობა დადგა, თითქოს ტყე და მთა-ბარი იქცეოდა. ყველა სულდგმულმა ხმა გაკმინდა: ჩიტები ვეღარ ჰბედავდენ ჭიკჭიკს, ცელქობას… საძაგელი ჩხიკვი, რომელიც ისე მაშინებდა წინად, ეხლა სრულებით არ მეჩვენა ისე საზარელი; დამჯდარიყო წიფლის შიმელაზე, მიეხუჭა თვალები და ნისკარტიდამ ცინგლი ჩამოსდიოდა, მხრები საცოდავად ჩამოეშვა. იმის ახლოს იჯდა გულწითელი ჩიტი, „წიფლის-ჩიტა“ უწყინარი, უვნებელი, ღაბუა. მშვენივრად მიეხუჭა თვალები! მოფრინდა „წიპრანა“ და „წრიპ, წრიპ!“ შესძახა. ჩხიკვს შეეშინდა, გაახილა თვალები, გაუსკდა გული, მიასკდა ხან იქით, ხან აქეთ, უშნო „ჩხიი, ჩხის!“ ძახილით. მე გამეცინა. წინათ ყველაზედ ღონიერი ის მეგონა, ეხლა კი გავიგე, რაც შვილი ბრძანებულა.
გადაიქუხა. ჩიტებმა მორთეს ერთხმად სიმღერა. ბალახებმა და ხის ფოთლებმა სიხარულის ცრემლს დაუწყეს ფრქვევა. დედაჩემს ნაწვიმზე სიარული უყვარდა… წავიდოდა ველად და მეც თან გამიყოლიებდა. ეხლაც წავედით, შევუდექით ველის პირებს, გავსწიეთ მთისკენ. ტკბილი ხმა ისმოდა სალამურისა. მთის ძირზე გაშლილიყო ცხვარი და ტკბილად სძოვდა ახლად დანამულს ბალახს. მზე გორის პირას იყო ჩამალული ნახევრამდე. იმისი მკრთალი სხივები მხოლოდ მთებისა და ტყის წვერებს ეთხოვებოდა.

გორის პირზე ზევით მხრივ იჯდა ნაბადწამოხვეული მეცხვარე და შეექცეოდა სალამურს. იმის გვერდით წამოყუნტებულიყო ბანჯღვლიანი, საზარელი შესახედავი ძაღლი; ცოცხლად აყოლებდა თვალებს ცხვრის ფარას და ხანდახან აჩერდებოდა ალერსიანად თავის პატრონს.

– ცუდს ადგილას მოვედითო, – მითხრა დედაჩემმა, – მეცხვარე უიარაღოა, იმისი ნუ შეგეშინდება, მაგრამ ის ძაღლი დაიყრის ჩვენს სუნს, და იქნება გამოგვეკიდოსო. მობრუნდი უკან. თვალი გეჭიროს: თუ ჩვენსკენ გამოიქცა, მე დავენახვები და შენ ბალახებში ჩაიმალეო. – ჩვენს დანახვაზე ცხვარი წაფრთხა და დაიწყო ჩვენკენ ყურება. მე ხშირისა და დაბერებულის არჯაკელის გროვაში ჩავიმალე და არ ვაშორებდი თვალს იმ კუდბუთქვა ძაღლს… ცხვრის დაფრთხობა და ძაღლის წკმუტუნი ერთი იყო. სცქვიტა ყურები და გამოექანა ჩემკენ…

მეცხვარემ დაგვცა კივილი. მე ავკანკალდი. დედაჩემს შეასწრო თვალი და გაექანა იმისკენ. დედაჩემი გასრიალდა და ერთს წამს დამეკარგა თვალიდამ. ცრემლი მომერია, გული მომიკვდა; ვაიმე, დედავ, თუ დაგიჭიროს მაგ წყეულმა! დიდი ხანი მესმოდა ბრაგა-ბრუგი და ხევიდამ ქვების ჩხრიალი.

ვაიმე, თუ დაიჭირა დედაჩემი და თავის ალმასის კბილებით სწეწს! დაბინდდა. მეცხვარემ მოუსტვინა ცხვარს და შეაყოლა ბინისაკენ. გულის ფანცქალით ვადევნებდი თვალს იმის მოძრაობას. საწყალს ცხვრებს სცემდა ზოგს დიდის კომბლით და ზოგს ქვებს ესროდა. ერთს პატარა ჩემოდენა ბატკანს მიარტყა ქვა, საბრალო წაიქცა და საცოდავად დაიწყო ფეხების ქნევა. მეცხვარე ავიდა ზევით და დაუწყო ძახილი „ყურშიას“. ცოტახანს შემდეგ ცის ტატანზე დავინახე, რომ იმისი ყურშია, წითელ-ენაგადმოგდებული, ედგა პატრონს გვერდით.

მე მეშინოდა: ვინ იცის, ჩემი დედის სისხლით აქვს-მეთქი გამურული ლაშ-პირი. დაბნელდა, დაუკუნეთდა. ხმაურობა აღარსაიდამ ისმოდა. რა იქნა დედაჩემი? იქნება ვეღარ მიპოვოს, თუ ცოცხალია?
ცოტა ხანს შემდეგ ხავილი შემომესმა. დედიჩემის ხმასა ჰგვანდა. მეც გავეხმაურე. საბრალო აფორთქლებული მოიჭრა ჩემთან.

– აქა ხარ, შვილო? ნუ გეშინიან, შენი დედა ცოცხალია. ძაღლი და მგელი ვერაფერს დააკლებენ… ცოცხალი ხარო? – მკითხავდა.
– ცოცხალი ვარ, – ვუპასუხე მე.

მიალერსა დედამ… ნეტა ვის შევტირო, ვის შევეხვეწო, ვინ არის ისეთი ძალუმი, რომ დედიჩემის თვალებში ჩამახედოს, დამატკბოს იმის ალერსით.
როგორ უნდა მოვინელო ეს ჯავრი? ნეტა სისხლის მსმელს მტერს მეც მოვეკალი! რისთვის დავრჩი მე ცოცხალი?!

წინადღეს ცოცხალს, მშვენებით სავსეს ჩემს ნუგეშს შევსტრფოდი, და რა მომაგონებდა, თუ მეორე დღეს დამეკარგებოდა სამუდამოდ!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ მათ იყვნენ კარგი მსმენელები

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ძნელია ჩვილების ცნობისმოყვარე გონების შეკავება. თუმცა, სკოლამდელ ასაკში, თქვენს პატარას მოუწევს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა აქტივობებში, როგორიცაა სიმღერა, ხატვა, მასწავლებლის მოსმენა და ა.შ. ეს ყველაფერი მოითხოვს ჯდომას და ყურადღების მოკრებას. იყო კარგი მსმენელი, ეს ნიშნავს, აქტიურად მიიღო მონაწილეობა სკოლამდელი აღზრდის სხვადასხვა საქმიანობაში

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024