kids.ge logo

როგორ ვმართოთ დედმამიშვილების ჩხუბი

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
თათია გურგენიძე
ბავშვთა ფსიქოლოგი. kids.ge-ს ბავშვთა განათლებისა და განვითარების ცენტრის ფსიქოლოგი

დედმამიშვილების ჩხუბი„შენ ყოველთვის მის მხარეს იჭერ“, „ის უფრო გიყვარს, ვიდრე მე“, „პირველმა მან დაიწყო“ - ეს ფრაზები მშობლების უმრავლესობისთვის ნაცნობია. მათ ხშირად უხდებათ შვილების ქცევითი სირთულეების გადაჭრა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოჯახში რამდენიმე ბავშვია. დედმამიშვილები  ხშირად უახლოესი მეგობრები არიან, თუმცა, იშვიათია ოჯახი ბავშვების კამათის გარეშე.

ჩხუბის მიზეზი შეიძლება იყოს ბავშვების განსხვავებული  ასაკი, ინტერესები, პიროვნული თვისებები. ოჯახური რესურსების არათანაბრად განაწილება  ხშირად იწვევს კამათს. ზოგჯერ ასეთი ქცევით ბავშვები მშობლების ყურადღების მოპოვებას ცდილობენ.

რეალურად, და-ძმის ჩხუბი ოჯახური ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია. კამათისას ბავშვები მათთვის უსაფრთხო ოჯახურ სიტუაციაში სწავლობენ თავიანთი გრძნობების, სურვილების გამოხატვას, პოულობენ პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზებს, ცდილობენ საკუთარი უფლებების დაცვას. სწორი მიდგომის გამოყენებით მშობლები მნიშვნელოვნად ეხმარებიან შვილებს სოციალური უნარების განვითარებაში. ეს კი საბავშვო ბაღში, სკოლაში სხვა ბავშვებთან წარმატებული ურთიერთობის საფუძველია. 

 

როდესაც ბავშვები კამათობენ

კამათიუმჯობესია მისცეთ მათ დრო და საშუალება თავად იპოვონ გამოსავალი. ამით დაეხმარებით,  დამოუკიდებლად, მშობლების დახმარების გარეშე ისწავლონ პრობლემის მოგვარება. თუ ჩნდება იმის საფრთხე, რომ ბავშვები ერთმანეთს ფიზიკურად აზიანებენ ან მათი ჩხუბი რაიმე საფრთხის შემცველია, ამ დროს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ჩაერიოთ.

 

სიფრთხილით მოეკიდეთ ენის მოტანას

ზოგჯერ ბავშვებს ახასიათებთ ენის მიტანა, ერთმანეთისათვის რაიმეს დაბრალება. როგორი რეაქცია შეიძლება გქონდეთ ამ დროს?  უთხრით ბავშვს, რომ  დარწმუნებული ხართ, თვითონ შეძლებენ ამ პრობლემის მოგვარებას. უმჯობესია, იყოთ ნაკლებად ემოციური, არ წაახალისოთ მისი ეს ქცევა და არ მიანიჭოთ კმაყოფილება ენის მოტანისა და თქვენი მძაფრი რეაქციის გამო. მეორე მხრივ, ბავშვმა შესაძლებელია საჭირო ინფორმაცია მოგაწოდოთ, ცემის, სათამაშოს ან რაიმე ნივთის გაფუჭების შესახებ. მნიშვნელოვანია, ბავშვს ასწავლოთ, რომ ენის მოტანის გარდა პრობლემის გადაჭრის სხვა გზაც არსებობს.

 

ასწავლეთ ბავშვებს  თავიანთ ქცევებზე პასუხისმგებლობის აღება

აგრძნობინეთ ბავშვებს რომ თითოეული მათგანი პასუხისმგებელია ჩხუბზე. ამით ასწავლით თვით-კონტროლის უნარის გამომუშავებასა და კონფლიქტისადმი თავის არიდებას. არ დაიწყოთ გამოძიება ვინ დაიწყო და ვისი ბრალია კამათი. თუ ბავშვები ჩხუბობენ ტელევიზორის გამო, საერთოთ გამორთეთ, სთხოვეთ დამშვიდნენ და შესთავაზეთ, თავად შეთანხმდნენ თუ რომელ მულტფილმს უყურებენ. წინასწარ გააცანით წესები. კამათის შემთხვევაში ბავშვები მოარიდეთ მათთვის სასიამოვნო აქტივობებს, არ დასვათ კომპიუტერთან, არ ჩაუშვათ ეზოში და ა.შ. ხოლო  აუცილებლად შეაქეთ, როდესაც მშვიდად თამაშობენ, რიგს იცავენ, ერთმანეთს სათამაშოს უზიარებენ.

 

უფროს ბავშვს არ დააკისროთ ზედმეტი ვალდებულება

ზოგჯერ მშობლები უფროს შვილს, მიუხედავად მისი ასაკისა, ზედმეტ პასუხისმგებლობას აკისრებენ. შეეცადეთ, ჩხუბისას მხოლოდ უფროსი არ გაამტყუნოთ და არ აიძულოთ დათმობა.  ამით თავიდან აირიდებთ ბავშვებს შორის მეტოქეობისა და ეჭვიანობის გაჩენას.

 

მიეცით ბავშვებს მხოლოდ მათთვის განკუთვნილი სივრცე სახლში

შესაძლებლობების ფარგლებში, თითოეულს მიეცით თავისი სივრცე. ეს შეიძლება იყოს საკუთარი ოთახი.  თუ ამის შესაძლებლობა არ არის,  კარადა ან უჯრა,  სადაც ბავშვს შენახული ექნება მხოლოდ თავისი პირადი ნივთები. როგორც წესი, პირადი, ხელშეუხებელი სივრცის არსებობა ამცირებს ჩხუბის სიხშირეს.

 

ასწავლეთ კონფლიქტის მოგვარება

ჩხუბიკონფლიქტის გადაჭრის გზებს ბავშვები იოლად სწავლობენ თამაშისას. დაანახეთ ბავშვს, რომ პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზა არსებობს.  შესაძლოა მან არ იცოდეს, რომ დარტყმის გარდა სხვანაირადაც შეიძლება მოქცევა. წაახალისეთ, მოიფიქროს, თუ რა შეიძლება გააკეთოს, როდესაც სხვა ბავშვი სათამაშოს წაართმევს. მაგალითად, შეიძლება სთხოვოს სათამაშოს უკან დაბრუნება,  სხვა სათამაშო აიღოს ან ერთად თამაში შესთავაზოს.

 

თავი აარიდეთ ბავშვების ერთმანეთთან შედარებას

რა თქმა უნდა, ბავშვები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ინტელექტით, გარეგნობით, ზოგი უფრო მეტად ასრულებს თქვენს ინსტრუქციებს, ადვილია მასთან ურთიერთობა, ზოგი კი პირიქით. მიუხედავად ამისა, თავი აარიდეთ მიკერძოებულობას. შეეცადეთ წინ წამოწიოთ თითოეულის ძლიერი მხარეები. მაგალითად, ნაცვლად ფრაზისა: „ნინი ძალიან კარგად ანგარიშობს გიოსთან შედარებით, ის უფრო ძლიერი იქნება მათემატიკაში, გიო ალბათ ვერ შეძლებს.“, გამოიყენეთ: „ნინი ძალიან ძლიერია  მათემატიკაში, გიო კარგად ხატავს,  ხატვის მასწავლებელი ყოველთვის აქებს.“

 

თითოეულს დაუთმეთ მხოლოდ მისთვის საკმარისი დრო

მშობლებს ხშირად უჭირთ დროის განაწილება, განსაკუთრებით თუ ოჯახში რამდენიმე დედმამიშვილია. რეალურად, აუცილებელი არ არის თანაბარი დრო დაუთმოთ ყველა შვილს. ესაუბრეთ, ეთამაშეთ თითოეულს იმდენი ხანი, რამდენიც მას ჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ მთელი ეს დრო მხოლოდ მას დაუთმოთ, აგრძნობინოთ, რომ გესმით მისი გრძნობები, სურვილები და ინტერესები. 

 

განავითარეთ თითოეული ბავშვის უნიკალურობა

უნიკალურობააგრძნობინეთ ბავშვს, რომ ის დამოუკიდებელი პიროვნებაა და და-ძმებისაგან განსხვავდება. აუცილებელი არ არის, ყოველთვის ერთნაირი, ერთი რაოდენობის ნივთები უყიდოთ თითოეულს. როგორც წესი, ეს უფრო მეტად იწვევს ხოლმე შეჯიბრს ბავშვებს შორის. ამიტომ, უმჯობესია მათ მისცეთ ის, რაც რეალურად ჭირდებათ.  შესაძლებელია თითოეულს მისცეთ თავისი ასაკის შესაბამისი პრივილეგია. მაგალითად, გაუშვით მეგობართან მარტო .  

გახსოვდეთ რომ დედმამიშვილებს შორის ჩხუბი ნორმალურია!

 


 ფსიქოლოგიაგანვითარება
Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ მას მიყვეს ინსტრუქციებს

ეს აუცილებელია! თქვენ უნდა ასწავლოთ თქვენს პატარას დაიცვას მისთვის მიცემული მითითებები და დირექტივები. სკოლამდელ ასაკში თქვენს შვილს მოუწევს მოუსმინოს მის მასწავლებელს და მიყვეს მის დარიგებებს. ასე რომ, თქვენ უნდა მოამზადოთ იგი წინასწარ, სხვადასხვა თამაშების საშუალებით.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ვაშლის ხე“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024