kids.ge logo

ტყე ტიროდა

ფავორიტებში დამატება

ხშირი, დაბურული ტყით შემორტყმულ მდელოზე დიდი ჟრიამული ისმოდა. ქალი, კაცი, ბავშვები და ძაღლები ერთმანეთში ბუზივით ირეოდა! მომეტებული ნაწილი თოფ-იარაღიანი ხალხი იყო. ყველას სახეზე სიამოვნების და ბედნიერების ალმური ასდიოდა, ყველას ბაგეზე ღიმილი ციმციმებდა; ხალხი თავს დაჰბრუნავდა გაშოტილ ხარ-ირემს, რომელიც ამ დილით მონადირეებს მოეკლათ. უსიტყვოდ იწვა ტყის შვილი, ტყის გულ-მკერდით და ლაღად გაზდილი; თვალები, დახოცილი თვალები, მღვრიე წყალში უცურავდა; ენა გადმოეგდო.

მონადირის ცხენებმა რომ ნახეს მკვდარი ირემი, ფრუტუნ-ხრუტუნით გაშორდენ, ზურგი აქციეს, არ უნდოდათ მკვდარი ირემისათვის ეცქირნათ, ამიტომ შორს, ველის ბოლოში მწვანესა სძოვდენ საბელ-ათრეულები. ბალღებმა ირემს ჯერ ვერ მისწონეს და ახლა კი რქის ტოტებზე ებღაუჭებოდენ.

„ჩქარა გაატყავეთ, ჩქარაო!“ – ინიჟებდენ ქალები, – ვნახოთ რა გემო ექნება ირმის მწვადსა!“
ერთმა ვიღაცამ დაიძახა:
– მოდით, ქალებო, ვიდრე მწვადი შეიწოდეს, ჰაერი შევისუნთქოთ, სისხლი ავამოძრავოთ, უფრო შევირგებთ. აბა, მაშ, – ვიდრე მწვადი შეიწოდეს, დაირა, დოლი და დიპლიპიტო!
– ძალიან კარგი იქნება, კარგზე კარგი, – წამოაყრანტალა დიდულვაშებიანმა კაცმა და პირველმა თავად დაიწყო ტლინკვა, ნავარდობა ნაიალაღარს ხარსავით; პირველად ხელგაშლილი ის მიეგება დაირისა და დიპლიპიტოს ხმასა. იმას მოჰყვნენ სხვანი, დასტრიალებდენ მწვანეზე, სიცოცხლითა სტკბებოდენ. ზოგს არ ეცალათ: ირემს ატყავებდენ. ირმის მოკვლა მხიარულებას აათკეცებდა; აუსრულდათ ყველას ნანატრი; მოჰკლეს ირემი, იმიტომ არ გამოიქცა ველად ეს ამოდენა ხალხი, რომ ირემი ან შველი უნდა მოეკლათ, და მოჰკლეს კიდევაც. გულის წადილი აუსრულდათ; დღეს ბედნიერები იყვნენ ყველა იქ მყოფნი. მხოლოდ ტყე, გარემო ბუნება არ იყო ბედნიერი; ტყე ტიროდა, ტიროდა დიდი ფერდა, კალთა მთისა, რომელიც მდელოს, საცა ირემს ატყავებდენ, თავს დაჰყურებდა. შავის ტყით დაფარული სერები ოხვრა-კვნესას, ნიავის მიერ მოტაცებულს, იმ მდელოს აფრქვევდენ, სადაც ხარი-ირემი ესვენა.

მხცოვანი ხეები – ცაცხვები, მუხები, თელები, ბოკვები, ვერხვები, წიფლები, არყები, იფნები და სხვა და სხვანი ვიშვიშებდენ, ყველამ ერთად გაიგო, თუმცა კარგა დაშორებით იდგნენ ერთიმეორეზე, თავიანთი საყვარელი შვილის სიკვდილი. ტყე არის ირმის დედა, ძუძუს ტყე აწოვებდა, აკვანს ტყე ურწევდა, საბნადაც ტყე ეხურებოდა. ტყე შეჰხაროდა და შეჰფოფინებდა ხარ-ირემს, თავი მოსწონდა ტყესა, რომ ისეთი ახოვანი, მშვენიერი შვილი გაზარდა.

ირმის მშვენებაში თვით ტყისავე მშვენება იყო ჩაქსოვილი. სიტურფე ირმისა დამამტკიცებელია ტყის მშვენიერებისა. ულაზათოს, უშნოს განა შეუძლიან ჰშვას მშვენიერება? ირემში ტყე თავისთავსა ჰხედავდა. ირემი ამაგია ტყისა. აბა, სთქვით – ტყეს, რაზედაც კი ირემს თვალი და პირი მიუწვდებოდა, თუ დაუზოგია?! მიუვალ ტყეს ირემი უფლობდა, როგორც სრულ საკუთრებას; ტყეს ეს უხაროდა, როდი სწყინდა: უნდოდა მისი შვილი, თვისი აღზრდილი, დამდგარიყო ლამაზი, ახოვანი, გონიერი და ღონიერი, სახელოვანი ვაჟკაცი.
ირმის სიკეთე იყო სიკეთე თვით ტყისა, როგორც შვილის სიკეთე არის მუდამ დიდება მშობლისა.

– ვაჰმე, ჩემო სილაღევ, ვაჰ, ჩემ თავს! გულში სინათლე ჩამიდგებოდა, როცა გამივლიდა წინ და ლამაზ, უმზაკვრო თვალებს დამაცეცებდა, – ამბობდა ტყეში მწვანე და ყვითელი ხავსით შემოსილი კლდე, მუხისა და წიფლის ფესვებით დაშანთულ-დახლართული.

ირმებს, მოკლულის ამხანაგებს, ვინ მოაცლიდა სატირლად, დამფრთხლები გარბოდენ, თავის სიცოცხლე ჰქონდათ საზრუნავად. ტყეში შაშვმაც რომ გააფაჩუნოს, იმათ სიკვდილად ეჩვენებათ. თვალებს აქეთ-იქით აცეცებდენ, ყურებს აცქვეტენ, – სმენას იმახვილებენ. ნიავსა ჰყნოსვენ; ადამიანის სუნი მგლისაზე მეტად აშინებთ…
ტყე ტიროდა…

დიდრონი მუხის ჩრდილოში სუფრა გრძლად იყო გაშლილი, სუფრის ნაპირები აეყვავებინა ჩამწკრივებულ ხალხს – კაცს და ქალს. იყო სმა-ჭამა, დიდი ქეიფი, ჭიქების ჯახაჯუხი, მრავალჟამიერი, არხალალო-ვარხალალო ისმოდა. მღერას მოჰყვა კვალად თამაში, სიცილ-ხარხარი.

მზე დასავლეთისკენ გადიწურა; საღამო ახლოვდებოდა; მონადირენი შინ წასასვლელად გაემზადენ; ქალები ურემში ჩალაგდენ; ვაჟები ცხენებზე ამხედრდენ. თოფებს, რამდენადაც შესაძლებელი იყო, კოხტად იკიდებდენ; ყოველი მათი მიმოხვრა უსიტყვოდ შემდეგს გამოსთქვამდა: „ჩვენ ნადირის მკვლელები ვართ, ძალიან მარჯვედ თოფის მსროლელნი და იმიტომ კაი ბიჭებიო“!..

წავიდენ მონადირენი შინ იმ ფიქრით, კიდევ როდისმე სწვეოდენ ტყეს და ერთი ირმის მაგივრად ორი, სამი მოეკლათ.

დაბრუნდენ შინ მონადირენი კმაყოფილნი, მხიარულნი. დარჩა ველი ობლად, ზედ მხოლოდ ნაცეცხლარი ეტყობოდა, სადაც ერთი საათის წინად ცეცხლი გიზგიზებდა და ზედ ხის შამფურებზე აგებული ირმის მწვადი იწვებოდა; სადაც გრძლად სუფრა იყო გაშლილი და ქალ-ვაჟის სიცილ-ხარხარი, მხიარულება ისმოდა. აქა-იქ ირმის გამოხრული ძვლები ეყარა, ადამიანის კბილის შემდეგ ძაღლების ნახრავი.

ტყე კი ტიროდა და ამბობდა: „ვაჰმე, ჩემო სახელოვანო შვილო, ბორჯავ, როდისღა აღვზარდო შენისთანა შვილი, რქითა და ტანით დამშვენებული; შენით ვამაყობდი და დღეის შემდეგ ვისითღა ვიამაყო?!“.

მოსთქვამდა ტყე და თანაც ცრემლს აფრქვევდა.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

დააწესეთ რუტინები

ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა აქტივობებისთვის რეჟიმის დაწესება, იქნება ეს თამაში, კვება, საჭმელი, ძილი თუ სხვ. ის არა მხოლოდ ასწავლის დისციპლინას, არამედ დაგეხმარებათ საკუთარი დროის ეფექტურად მართვაში. გარდა ამისა, თქვენ არ მოგიწევთ თქვენი შვილის კუდში დევნა ყოველწამს.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024