მოთხრობები   ›   ქეთევან გარაყანიძე   ›   დაუვიწყარი ამბები

დაუვიწყარი ამბები

ფავორიტებში დამატება

 ნათლად შემორჩა ჩემს გონებას ბავშვობისდროინდელი ერთი მოგონება, ვფიქრობ ღირს გიამბოთ.

ზაფხულის დადგომას შეთქმულებივით ველოდით. ჭრელ სამგაზავრო ჩანთაში მაისის პირველი რიცხვებიდან ვალაგებდით კაბებს, ფეხსაცმელებს, რვეულებს, ფანქრებს, კიდევ ათას წვრილმანს, საჭიროსა თუ გამოუსადეგარს. დედსთან კი გულისგამაწვრილებელი ერთადერთი კითხვა გვქონდა: დეე, როდის მოვდივართ ბებოსთან?

26 მაისი. როგორ მახსოვს ყოველი 26 მაისი ჩემი ბავშვობისა. ადრიანად გაღვიძება, დილას ჯერ კიდევ ნისლის სურნელი რომ ასდის მაშინ. გაღვიძებაც არ ეთქმის, მთელი ღამე არ მეძინა, არც ჩემს პატარა დას ეძინა. სწორედ მაშინ, ამ თეთრ ღამეებში იქმნებოდა ჩემი ზღაპრების სერია, ერთი ძირი, კერკეტი კაკლის ხვავით გამდიდრებულ კაცზე, რომელმაც ობოლი გოგონა იშვილა და არაფერი დააკლო, მის ბედს მთელი სამყარო შენარტოდა.

კიდევ ყვითელი ავტობუსის გამოჩენა მახსოვს მტვრიან გზაზე, ჩემთვის მზის შემოგორებას რომ ჰგავდა ორღობეში, თუ ასეთი რამის წარმოდგენა საერთოდ არის შესაძლებელი.

მერე გზა. სოფლები, სოფლები, მერე ქალაქის კარიბჭე, ყაბალახიანი კაცების ბიუსტი და ლოცვა: “ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გურიაში!”

სანაყინე. მის გარეშე გზის გაგრძელება წარმოუდგენელი იყო. დიდი, ზარის ფორმის, ვარდისფერზოლებიანი ქოლგის ქვეშ სასწრაფოდ მოვკალათდებოდით, დედას და მამას კი რკინის ჭიქებით ნაყინი მოჰქონდათ, ჩემთვის შოკოლადით, სოფოსთვის- ხილის არომატით.

მაგრამ ეს ყველაფერი არაფერია იმასთან შედარებით, რაც მერე ხდებოდა. ხიდი ზვანსა და ბებიას სოფელს შორის. აი, იმ ხიდზე იწყებდა ჩემი გული ხმაურს. ყელში მოლოდინი მებჯინებოდა. ვწუხდი, ძალიან ვწუხდი, მაგრამ არ ვამხელდი. ხიდის შემდეგ მეორე სანიშნე ლამაზი სახლი იყო, მთელი ჩემი ბავშვობის ოცნება. იმ სახლის რიკულებიანი მოაჯირი და აივნის გაპრიალებული ჭერი მაჯადოვებდა, მაგრამ ნეტარების წუთები კიდევ უფრო მძაფრი ნეტარების მოახლოვების გამო წყდებოდა. ერთი თავჩაკიდული გორაკი და იქ ვარ, სადაც მიწაში ღრმად ჩაფლული ქვევრი, ნავთის უზარმაზარი ავზი, სარაია ათასი წვრილმანით, ნაკადული მეზობლის საზღვარზე, მატარებელი, გრძელი სკამი ჭიშკართან, უამრავი ბავშვი და ყველაზე მნიშვნელოვანი, განუმეორებელი და შეუცვლელი ბებია, რომლის სახე დღესაც ცხადი და ფერადოვანია და მგონია, რომ ვერც მომავალში დაემუქრება გაფერმკრთალების საფრთხე.

ზაფხული. 26 მაისიდან 1 სექტემბრამდე. თამაში მზესთან, ლეღვის ხის ჩრდილებთან, ღამის ლანდებთან. თამაში მატარებელთან, ნავთის ავზთანაც კი, რომ არაფერი ვთქვათ ქვევრზე, მიწაში ღრმადჩაფლულსა და იდუმალზე.

ნეტავ რას იტყოდა ბებია, რომ სცოდნოდა ოდესღაც დავწერდი ყოველივე ამის შესახებ. არადა მას როგორი მოკრძალებული სათხოვარი ჰქონდა სიკვდილის წინ...

რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს მოთხრობა საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს მოთხრობა საინტერესო?


ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია