მოთხრობები   ›   აკაკი წერეთელი   ›   დათუნა გოცირიძე

დათუნა გოცირიძე

ფავორიტებში დამატება

რაჭველი აზნარი დათუნა გოციძიძე მის დროში განთქმული ვაჟკაცი იყო მთელ იმერეთში. ხმალს უქებდნენ და პირველობაც აგვირგვინებდა. სანამ საყვარელი დისწული, მისივე გაზრდილი, ივანე კვიტაშვილი არ წამოზარდა. სახელოვანი მოწაფე გვერდში ამოუდგა სახელოვან მოძღვარს... რაღა სჯობია ამ ნეტარებას?!.. მაგრამ ტყულად კი არ არის ნათქვამი: „ჩამავალი მზე ამომავალ მზეს განზე უყურებსო“. თავმოყვარების სიხარბემ შური შეპარა ორივეს და მათი გმირული ზენა-მოყვრობა საქვეყნო მტერ-მოყვრობად შეიცვალა. მაგრამ მაინც მათი ცალ-ყბა მეგობრობა სხვების ორ-ფეხ მოყვრობაზე უკეთესი იყო, სანამ ყმაწვილურმა, აშვებულმა თავხედობამ ხმალი არ შეურცხვინა დამჯდარ, დინჯ მოხუცებულობას.

დადიანმა მეფეს სარაკო ნებირი მიუძღვნა. მეჯოგები ძლივს იმაგრებდნენ გაგარელებულ ოთხფეხს. მეფე გეგუთის სასახლეში ბრძანდებოდა ავანზე გადამჯდარი და თვალს ადევნებდა მოზვრის ურჩობას.

- ნეტავ თუ ვინმემ შეძლოს, რომ ერთი მოქნევით თავი გააგდებინოსო, - ბრძანა მეფემ.

- მაგას დათუნას მეტი ვერავინ მიჰბედავსო, - მოახსენა სარდალ-წერეთელმა.

- ვერც მისი დისწულიო? - იკითხეს კარისკაცებმა.

- ვერც ისაო, - გადასწყვიტეს ერთხმად და დაბარეს დათუნა.

ამ ამბავმა გული მოუკლა ახალგაზრდა კვიტაშვილს, მაგრამ რაღას იტყოდა?

მეორე დილას გეგუთის მინდორზე სასახლის წინ შემოხაზეს წრე, შემოავლეს გალავანი და აუშვეს ნებირი. პირუტყვმა რომ თავისუფლება იგრძნო, შეხტა და შენავარდა, იწყო ბღული და ტორებ-რქებით ბდღვირი აყენა.

- აბა, დათუნა, გვიჩვენე შენი ვაჟკაცობაო! - ბრძანა მეფემ.

შევიდა წრეში გოცირიძე. შემოხედა ნებიერმა, აღო თავი, შემოაბდღილა თვალები, შემოჰბღულა და მიშურა. დათუნა გაუხტა განზე, მომარჯვა ხმალი და სწყვიტა. წაფორთხილა გაბრაზებულმა პირუტყვმა, ჯერ წაჩოქა წინა მუხლებზე და მერე კი გადაგორდა. თავი ისევ კისერზე ება, მაგრამ კისრის ძვლები კი დასჩენჩხოდა.

გაუკვირდა ვაჟკაცს... დახედა ხმალს და ნახა, რომ პირი დაბეგვილი ჰქონდა: „ვინ გაბედა ჩემი ხმლის შერცხვენაო?“ - ჩადუდღუნა და გადისვა ულვაშებზე ხელი: - „ეს ულვაში ნუღა მსხმია, თუ ეს შევარჩინო ამის მქმნელსო!.. უნდა გამისწორდეს, ან ის, ან მეო!“

თურმე იმ წინა ღამეს დისწული მიპარვოდა მძინარე ბიძას, ამოღო ხმალი ქარქაშით და დაებლაგვა პირი.

ვაჟკაცის სიტყვა გაუტეხელია!

ვერც მეფემ, ვერც ქუთათელ-გაენათელმა, ვერც მოძღვარმა და ვერც თანამესისხლხორცეებმა ვეღარ შერიგეს მტერ-მოყვარე ბიძა-დისწული. ახალგაზრდა კვიტაშვილი იძულებული შეიქმნა დაეგდო რაჭის საზღვარი და გადმოსულიყო იმერეთში. საყვარელი დისწულისა და სასიქადულო გაზრდილის დაკარგვა ვეღარ ატანა დათუნამ... ორგვარის გრძნობის ჭიდილი აღარ აძლევდა მოსვენებას... არ ემეტებოდა სასიკვდილოდ მტერი, მაგრამ იმავე დროს აღარ ეხერხებოდა აღარც ვაჟკაცური დაჩემების გატეხა და ულვაშების შერცხვენა, დანაღვლიანდა და გატყდა.

ბოლოს გადასწყვიტა: საამქვეყნოდ რაღა გამოსადეგი ვარო და განიზრახა: „ნიკოლოზ წმიდაში“ ბერად შესვლა, მაგრამ რადგანაც სასახლის ნებართვა და გენათელის თანხმობა საჭირო იყო, მიშურა მეფეს ვარციხისკენ.

სწორედ იმ ხანებში დაღესტნიდან გადმოსული, განთქმული აღიფინა ბელადი მისი წუნკლებით აჯამეთის უტეხ ტყეში ბუდობდა და იმ გზით სირული, თუ არ ჯარად, ტორო კაცისთვის საფრთხილო იყო. ვარციხისკენ მიმავალი მგზავრები საზოგადოდ სიფრთხილეს იჭერდნენ, შორის გზით უვლიდნენ, მაგრამ დათუნამ შიში არ იცოდა და პირდაპირ გადასჭრა აჯამეთი.

შუა გზა გავლილი ჰქონდა, რომ გზის პირად, პატარა მინდორში, ვიღაც მგზავრი დაინახა მიწოლილი ჩეროში: ფარღილას თავი უნაგირზე მიედვა და ეძინა. მიახლოვდა დათუნა, დახედა და შეკრთა... ივანე კვიტაშვილი გამოდგა, ხმალზე მოივლო ხელი, მაგრა, თითქოს შანთმა დასთუთქაო. უცბად უშვა ხელი და სთქვა გუნებაში: „ეს ხომ ქურდობა იქნება! გავაღვიძებ და ისე შევებრძვიო“. გადასწყვიტა, მაგრამ წინ მაინც ბიჯი აღარ წასდგა: „არც ეს ივარგებსო!“ - კიდევ გაფიქრა. „ძალით გამოღვიძებული მის გუნებაზე ხომ არ იქნება და მაშინ მასზე უცბად მისვლა მაინც კიდევ ლაჩრობა იქნება. არა!.. ჯერ გამოძინოს, ადგეს თავის თავად, იარაღი შემოირტყას და მაშინ გაუსწორდებით ერთმანეთსო, და მანამდის კი მეც მოვიცდი... სად წამივაო?!“ მიაბა ცხენი ბუჩქზე, მიდგა ტყის პირად, აქვე მუხის ძირში მიჯდა და ამოეფარა ხეს.

ბევრს ხანს არ გაუვლია, რომ აქვე მახლობლად ჟღურტული მოისმა. მიხედა და დაინახა ჩასაფრებული ლეკები. ერთ მათგანს ამოღო ნიშანში მძინარე მგზავრი. ვეფხივით მივარდა დათუნა და უტაცა ხელი ჩახმახ შეყენებულ თოფის პირს; დაჭექა შაშხანამ, მარცხენა ხელი ძირს დაუშვა დათუნამ. გახვრეტილ ხელის გულში სისხლი მოჩქრილებდა. მარჯვენა ხელით იძრო ხმალი და დასჭყივლა: „დამრჩით, წუნკლებოო!“

თოფის გასროლით დამფრთხალი მძინარი წამოვარდა ზეზე, იგდო ხელში იარაღი და მიშურა იქითკენ, სადანაც ქართული შემოესმა. გასცა ხმა და მიიჭრა. ერთს შემოხვეოდნენ გარს ლეკები ჯარად და ის ერთი ყველას იგერიებდა. მომხრე რომ დანახეს ლეკებმა, დაფრთხნენ და გადაცვივდნენ!.. დარჩნენ მარტოდ პირისპირ ორი ქართველი, ერთმანეთის მოსისხლე მტრები... ბიძა და დისწული, დათუნა გოცირიძე და ივანე კვიტაშვილი! დიდხანს ხმა ვეღარ ამოღეს, ბოლოს როგორც იქნა შეკითხა ახალგაზრდა:

- შენა ხარ, ბიძაჩემო? აქ რას მოუყვანიხარ?..

- შენს სიგლახეს, - უპასუხა მოხუცმა: - ბედს ვაჟკაცობა მოცია შენთვის, მაგრამ ღმერთს კი ჭკუა წაურთმევია... უადგილო ადგილას რომ ძილს მინდობიხარ, ხომ ღორივით გაგაგორებდნენ, მე რომ არ წამოგსწრებოდი და მტერს წინ არ გადავღობებოდიო.

ხალგაზრდა უსიტყვოდ დაეშვა მუხლის თავებზე და მოეხვია მოხუცს. მოხუცმა წამოყენა, ჩაიკრა გულში და უთხრა: „შენ ჩემთან დამნაშავე ხარ და მე კი ქვეყნის წინაშე: სანამ გარეშე მტერი არ მოგვიგერიბია, შინარი მტრობა რჯულის უარისყოფაა და ორივეს ღმერთმა შეგვინდოსო!“

მისცეს მხარი მხარს, დაძახეს: „მდევარიო!“ და ერთად გამოუდგნენ მტერს...

ნეტავ თუ ახლანდელი ქართველებიც ასე დასთმობდნენ პირად უსიამოვნებას და განხეთქილებას საზოგადო საქმისათვის?

რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს მოთხრობა საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს მოთხრობა საინტერესო?


ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია