მოთხრობები   ›   აკაკი წერეთელი   ›   მამალი რას ყივის

მამალი რას ყივის

ფავორიტებში დამატება

ქვეყნის სიბრალულით გულავსებული მაცხოვარი მიბრძანდა ერთხელ ტბის პირად და მეთევზები ნახა: ზოგი ახალ ბადესა ქსოვდა, ზოგი ძველს აკერებდა და ზოგიც მხარ-თეძოს იყო წამოწოლილი კიდეზე. გუნებაზე ვერ იყვნენ: მთელი ღამე ენადირათ და ვერა ეშოვათ რა! ხელი გადგომოდათ!.. - შეებრალა საწყლები ქრისტე-ღმერთს და ერთ მათგანს უბრძანა: „სვიმონ-პეტრე! ადე ზეზე, ეგ შენი ნავი ნაპირზე მოყენე, ჩავჯდეთ და ტბაში შევცუროთო“. მეთევზეს გაუკვირდა და ჰკითხა: „პირველადა ვხედავთ ერთმანეთს და რა იცი, რომ მე სვიმონი მქვიო?“ - „მაგას რა დიდი ცოდნა უნდაო?.. შენ სვიმონი გქვია და მამაშენს ივანეო... პეტრე კი მე დაგიძახე მეტსახელად, რადგანაც სიტყვა „პეტრე“ ქვას ნიშნავს და შენც ქვასავით მაგარი ხასითის კაცი ხარო!“ შუში რომ მივიდნენ, შეჩერა ნავი და უბრძანა: „აბა აქ დაჰკარით ბადეო!“ - „რა ბრძანებაო, - უპასუხა მეთევზემ, - წუხელი აქ არ გახლდითო?.. გათენებამდის ჩვენ თვალს რული არ მოჰკიდებია, ბადეები დავგლიჯეთ და ეს ოხერი თევზი ისე გამწყვრალა, რომ ერთი ჭიჭყინა რა არის, ისიც ვერ ვიშოვეთო“, - „ეგ შენი საქმე არ არის!.. შენ რჩევა დამიჯერე და მაშინ ნახავ მოხვდება თუ არაო“. მართლაც ჩაუშვეს წყალში თუ არა, ბადე გატენა თავამდი. მეთევზე ვეღარ მორია, რომ გამოეთრია ბადე და ამხანაგებს დაძახა: „მიშველეთო!“ გამოტანეს ნაპირზე სავსე ბადე და ორი ნავი აავსეს პირწმინდად ნანადირევით. - მეთევზეებს გაუკვირდათ: ეს ვიღაც სასწაულთმოქმედი უნდა იყოსო და თაყვანი სცეს. ქრისტემ გაიცინა ულვაშებში, - ვენაცვალე იმის სიცილს - და უთხრა: „რა ცოტაა, რომ გაგკვირვებითო. წამომყევით და თევზებს კი არა, კაცებსაც ბევრს დაგაჭერინებთო“. მეთევზეებს გახარდათ და მიძახეს: „გვიახლეთ, შენი ჭირიმეო“ და ადევნენ. მასუკან სადაც კი მიბრძანდებოდა მაცხოვარი, ისინიც თან დასდევდნენ. ბევრი სასწალები ნახეს და შეუყვარდათ მოძღვარი. აღარ შორდებოდნენ!..

ვნებათა კვირა რომ დადგა, მოძღვარი მოწაფეებს გაენდო და უთხრა: „ჩემი ტანჯვის და სიკვდილის დღეც მოახლოვდაო. ერთი თქვენგანი გამყიდის - გამცემსო. მე რომ დამიჭერენ, თქვენც შეშინდებით და აქეთ-იქით გაიქცევით... გაფანტებით, მაგრამ არაფერია, მე ამოვალ საფლავიდან და ისევე მოგიყრით თავს და შეგაერთებთო“.

პეტრემ უპასუხა: - „რას ბრძანებო, ჩვენში მაგისთანა ვინ იქნება, რომ შეშინდეს და გაიქცესო?“

„პირველი შენო!.. შენ ხომ პირდაპირი და გულმაგარი კაცი ხარ, შენც კი გადრკები და სანამ მამალი ორჯერ დაყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო!“ - იმ ღამეს მართლა შეპყრეს ქრისტე. პეტრემ მახვილი ამოღო და ყური ჩამოთალა მალხაზ ურიას. ქრისტემ დაშალა პეტრეს ჩხუბი და ისევ გაუმრთელა ურიას ყური!..

- „ძალაზე თუ მივიდა საქმე, ცა და ქვეყანაც ვერ მომერევა, ჩემს ხელთ არისო, მაგრამ აქ სულ სხვა საქმეა და უნდა დავნებდეო“, - ბრძანა მოძღვარმა. როცა შეპყრეს და მღვდელმთავართან წაიყვანეს, მოწაფები შეშინდნენ და გადაცვივდნენ. მხოლოდ ორი მათგანი ადევნა უკან და გაჰყვა: ივანე და პეტრე. სასახლეში რომ მივიდნენ, ივანე როგორც კაი ნაცნობი შეუშვეს სახლში, მაგრამ პეტრეს კი ბჭის კარი დაკეტეს და გალავანს გარეთ რჩებოდა; შეეხვეწა მეკარეს: „მეც შემიშვიო“. მაშინ მეკარემ ჰკითხა: - „რა მოგარბენინებს, მაგისი მოწაფე ხომ არა ხარო?“ - „არაო!“ უთხრა პეტრემ. სანამ სასახლეში ქრისტეს ასამართლებდნენ, პეტრე ეზოში იცდიდა, ცეცხლის პირად იჯდა და თბებოდა. აქაც ვიღაცამ ჰკითხა: „შენ, როგორც გეტყობა, მისი რამე უნდა იყოო?“ - „არაო! ვერც კი ვიცნობო!“

ბოლოს, ქრისტე რომ გამოიყვანეს და მერე მღვდელმთავართან წაიყვანეს, გაჰყვა. ერთი ურია მივიდა და ჰკითხა: „შენ ის არა ხარ, ჩემს ნათესავ კაცს მალხაზს რომ ყური ჩამოათალეო?“

შეეშინდა და უარზე დადგა. ამ დროს მამალმაც დაიყვირა: „პეტრემ - უარყოო!“ მოგონდა საბრალოს ქრისტეს სიტყვები და შემოიკრა თავში ხელი, ეს რა მომივიდაო... დაწყო ტირილი, გაიჭრა გიჟივით. აღარ იცოდა რა ექნა. გარბის და მამლები კი მიჰყივიან: „პეტრემ უარ-ყოო!“, „პეტრემ უარ-ყოო!“, „პეტრემ უარ-ყოო!“ - აღარ იცოდა რა ექნა. თითქმის თავის მოკვლაც უნდოდა, მაგრამ ამ დროს ყვინჩილებმაც დაძახეს: „შე-ინა-ნაა!“, „შე-ინა-ნაა!“, „შე-ინა-ნაა!“-ო. პეტრემ ყური მოჰკრა და გამოფხიზლდა. ჩანს უპატიბია ღმერთს ჩემი შეცოდებაო!.. დაემხო პირქვე სათაყვანოდ.

მას შემდეგ ყოველ ღამ ბნელაში მამლები დღესაც კიდევ იძახიან: „პეტრემ უარ-ყოო!“ მაგრამ, როცა ყვინჩილებიც დაძახებენ ხოლმე: „შე-ინა-ნააო“, თენდება და ქვეყანას ნათელი ეფინება.

რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს მოთხრობა საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს მოთხრობა საინტერესო?


ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია