მოთხრობები   ›   მანანა წერეთელი   ›   სამი ლეკვის თავგადასავალი

სამი ლეკვის თავგადასავალი

ფავორიტებში დამატება

I

   »

ქალაქის გარეუბანში, ერთი სახლის ეზოში ცხოვრობდნენ დედა ძაღლი - გიშერა და მისი სამი ლეკვი: მურა, კუდა და ბუტა. დედა შავბეწვიანი იყო, ლეკვებს კი სხვადასხვა ფერის ლაქები ჰქონდათ. ისინი ერთ დღეს დაიბადნენ, მაგრამ ყავისფერლაქებიანი მურა მათ შორის პირველი გაჩნდა.

უფროსი ძმა, დებთან შედარებით, უფრო დინჯი და წინდახედული იყო. დედას გვერდიდან არ სცილდებოდა და ყველა საქმეში ეშველებოდა.

შავბეწვიან კუდას გულზე გამოსახული ჯვარი და კუდი თეთრი ჰქონდა. იცოდა კუდამ, ლამაზი რომ იყო, ამიტომ სულ კუდაპრეხილი დადიოდა. თუ სადმე სარკეს წააწყდებოდა, ქვეყანა რომ დაქცეულიყო, ვერ მოაცილებდით. მურას არ მოსწონდა დის სიამაყე და ხშირად არიგებდა: ერთხელაც იქნება, ეგ მეტიჩრობა კისერს წაგატეხინებსო. კუდა წარბს აზიდავდა, პატარა, შავ დრუნჩს აიბზუებდა და კუდაპრეხილი ამაყად ჩაუვლიდა ძმას  გვერდით.

აი, ბუტას კი სახის ნახევარი შავი ჰქონდა, ნახევარი – თეთრი. შავ-თეთრი ყურების პარტყუნით დადიოდა, სულ ჭამდა და სულ იბუტებოდა. ისე ჩასუქდა, კიბეზე სულ ხვნეშა-ხვნეშით ბობღდებოდა, იქიდან კი თავს ვეღარ იმაგრებდა და ბურთივით დამრგვალებული მოგორავდა. მურას ბევრჯერ შეუშველებია გვერდი უმცროსი დისთვის, რომ არაფერს დაჯახებოდა და რამე არ ეტკინა. უფროსი ძმა ხშირად აფრთხილებდა, ამდენს ნუ ჭამ, ხომ ხედავ, თავს ვეღარ ერევიო, მაგრამ ბუტა გაუგონარი იყო, ცოტა რამ სწყინდა, განზე გადგებოდა და იბუტებოდა. ბევრჯერ ეცადა დედა, ბუტა გადაჩვეოდა გაბუტვას, მაგრამ რომ ვერაფერი გააწყო, თავი დაანება, იფიქრა, გაიზრდება და მიხვდება, რომ ეს ცუდი თვისებააო.

ღამით დედა და შვილები ეზოს გარს უვლიდნენ, ხანდახან ქუჩასაც დაზვერავდნენ, განსაკუთრებით დედა გრძნობდა არასასურველი თუ დაუპატიჟებელი სტუმრის მოახლოებას და ყეფით იკლებდა იქაურობას. მაგრამ როცა სამივე ლეკვი აჰყვებოდა, ისეთი ვაიუშველებელი ატყდებოდა, თავზეხელაღებული უნდა ყოფილიყო ვინმე, ცუდი განზრახვით თუნდაც ას მეტრში მოახლოვებოდა ეზოს.

დღისით ისვენებდნენ. თუმცა გიშერა მაინც ფხიზლობდა. რამდენჯერმე შემოირბენდა ეზოს, რკინის ჭიშკრის გაყოლებით გისოსებიან ღობეში დრუნჩს გაყოფდა, ჰაერს დაყნოსავდა, ქუჩას დაზვერავდა  და გულს რომ დაიმშვიდებდა, დასასვენებლად ლეკვებთან ბრუნდებოდა. მურა ხშირად ახლდა დედას და ყურადღებით იმეორებდა მის ქცევებს. ხანდახან დაასწრებდა კიდეც და დედის სითბოთი სავსე თვალების დანახვა გულს სიამოვნებითა და სიამაყით უვსებდა, რადგან გრძნობდა, ეს მიბაძვა კი არ იყო, ამას გული და გონება აკეთებინებდა.

– დედიკო, რატომ არ მეძინება მაშინ, როცა ყველას სძინავს? – ჰკითხა ერთ ღამეს მურამ დედას.

– ერთგულება არ გაძინებს, შვილო, რომელიც შენ მამისგან გადმოგეცა, მამას კი – თავისი მამისგან.

– რა არის ერთგულება?

– ეს არის სიყვარული,  მეგობრობა და სიკეთე ერთად!

– მართლა?! – გაუხარდა მურას, – რა კარგი რამ ყოფილა!

– მარტო ბიჭებს გადმოეცათ მამებისგან?  ჩვენ – არა? – იკითხა ბუტამ.

– თქვენც, თქვენც, შვილო, ყველას გადაეცემა შთამომავლობით! – გაეღიმა გიშერას.

– გინდათ, ერთგული იყოთ? – ეშმაკურად აუციმციმდა თვალები მურას.

– გვინდა, აბა რა! – ორივეს მაგივრად უპასუხა კუდამ.

– მაშინ არც პრანჭია და ამაყი უნდა იყოთ და არც მუცელა და ბუტია.

დები გაბრაზდნენ. კუდამ, როგორც ყოველთვის, კუდი აპრიხა, ძმას ხმადაბლა შეუღრინა და ცხვირაბზუებით მიაბრუნა თავი, ბუტა კი განზე გადგა და გაიბუტა.

– ჰო, კარგით, კარგით, მოდით აქ, მამათქვენზე მოგიყვებით ერთ ამბავს და მიხვდებით, რა არის ერთგულება, – დაუყვავა დედამ დებს.

კუდამ და ბუტამ ყურები ცქვიტეს, ისე ძალიან უყვარდათ მამის თავგადასავლების მოსმენა, მაშინვე დაავიწყდათ წყენა და დედისკენ შემობრუნდნენ.

რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს მოთხრობა საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს მოთხრობა საინტერესო?


ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია