მოთხრობები   ›   მანანა წერეთელი   ›   წრიპისა და წრუპი

წრიპისა და წრუპი

ფავორიტებში დამატება

წრიპი და წრუპი პატარა თაგუნები არიან, ტყუპი ძმები. წრიპის ძალიან უყვარს წრიპინი, ამიტომ დაარქვა დედამ ეს სახელი. წრუპის კი საჭმლის წრუპვა უყვარს. რაც არ უნდა ჭამოს, ყველაფერს წრუპვით სანსლავს. ამიტომაც დაარქვეს წრუპი.

ძმებს ძალიან უყვართ ერთმანეთი და სულ ერთად არიან. ისინი ერთი ცხრასართულიანი სახლის სარდაფში ცხოვრობენ.

ბევრი არაფერი აბადია მათ ოჯახს: საკუჭნაო, სადაც ძალიან იშვიათად თუ შეინახავენ მარაგს, მამა თაგვის მოტანილი ძონძები, რაზეც დაღლილები რიგრიგობით იძინებენ და ძველი, გვერდებჩამომტვრეული თიხის ქოთანი, რაშიც მილიდან გამოჟონილი წყალი გროვდება.

მერე რა მოხდა?! პატარები არ დარდობენ იმაზე, რომ ბევრი არაფერი გააჩნიათ. ისინი გაიზრდებიან და დაეხმარებიან დედ-მამას, დაუგროვებენ ზამთრის მარაგს, მოიტანენ ძველმანებს, რომ ყველას ეყოს დასაწოლად, იქნებ უკეთესი საცხოვრებელიც კი შეარჩიონ. თვითონ წავლენ საშოვარზე, დედა და მამა კი მათ ლოდინში უსაფრთხოდ იქნებიან.

მაგრამ ამისთვის შრომაა საჭირო...

ძმები უკვე წამოიზარდნენ და დამოუკიდებლად შეუძლიათ საკვებისთვის გაძვრომ-გამოძვრომა. დილაადრიანად გადიან, თან დედის დარიგება მიჰყვებათ კუდში: აბა, თქვენ იცით! ფრთხილად იყავით, სადმე კატას არ გადააწყდეთ, რკინის ნივთებს მოერიდეთ, ცხვირიც არ შეჰყოთ შიგ, მახე ექნებათ ადამიანებს დაგებული და მერე ვერაფერი გიშველით!

იციან თაგუნებმა უკვე, რა საფრთხეც ემუქრებათ, მაგრამ მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია?! თუ შეეშინდებათ, მარაგს კი არა, საკვებსაც ვერ იშოვნიან. სიფრთხილე კი, ნამდვილად, აუცილებელია! ისინიც ფრთხილად მიუყვებიან ბნელ ხვეულებს, თვალები ფართოდ აქვთ გახელილი და ცხვირების ცმაცუნით, ჰაერის ყნოსვით შორიდანვე გრძნობენ, რომელ ბინაში ჯობს შეძვრომა, საიდან შეიძლება უფრო მეტი საკვების გამოტანა.

ძმები ცნობილი არიან მოხერხებულობით, მრავალჯერ დაუძვრენიათ თავი სხვადასხვა განსაცდელიდან და სხვებსაც დახმარებიან.

ერთხელ, ახალი წლის წინა ღამით, ერთ-ერთ სართულზე, ძმებმა დამტვრეული კაკლის ერთ დიდ თასს მიაგნეს და სიხარულით დაფაცურდნენ. რაც შეიძლება მეტი ნიგვზის გატანა უნდა მოესწროთ დილამდე ისე, რომ ვერავის შეენიშნა. ისინიც ხომ ხელხვავიანად უნდა შეხვედროდნენ ახალ წელს! ჯერ ხვრელში შეჰქონდათ, იქ აგროვებდნენ, შემდეგ უფრო უსაფრთხო იქნებოდა მარაგის ჩატანა სარდაფში.

თასი თითქმის რომ გაანახევრეს, წრიპიმ ძმას ჩუმად ჩაუწრიპინა:

_ წრუპი, გვეყოფა, წავედით. მალე ინათებს და შეიძლება შეგვნიშნონ.

წრუპი უსიტყვოდ მიჰყვა. ხვრელის იქით ნიგვზების პატარა გორა იდგა, კარგად ემუშავა ორივეს, სულ დარჩეული ნიგოზი გამოერჩიათ კაკლის ნაჭუჭიდან. წინწაგდებული საქმე გამოუვიდათ: დედ-მამას აღარ მოუწევდა კაკლის მტვრევა და ნიგვზის გამორჩევა.

ახლა სარდაფში უნდა ჩაეზიდათ. ეს უფრო რთული საქმე იყო, თუმცა მოხერხებულმა ძმებმა კარგად იცოდნენ ყველა ხვრელი და საიმედო გზა აირჩიეს. ნელა ჩაჰქონდათ, აღარ ჩქარობდნენ, აქ მათ საფრთხე არ ელოდათ.

კარგად იშრომეს. ორი გზაღა ექნებოდათ დარჩენილი, რომ უეცრად ერთ-ერთი ბინიდან საწყალობელი წრიპინი შემოესმათ და გაშეშდნენ. ყურებდაცქვეტილებმა ჯერ ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ კი ერთდროულად შეძვრნენ იმ ხვრელში, საიდანაც ხმა ისმოდა.

როგორც კი თავი შეყვეს ოთახში, შეამჩნიეს მოზრდილი ხაფანგი, რომლის ნახვრეტიდან ცხვირი გამოეყო მათ ნაცნობ თაგვს და შველას ითხოვდა.

წრიპი სწრაფი და საზრიანი იყო, წრუპი კი _ გონებადინჯი. სანამ წრუპი რამეს გადაწყვეტდა, წრიპს უკვე საქმე დამთავრებული ჰქონდა. ახლაც ასე მოხდა: წრიპი მივარდა ხაფანგის კარის მავთულს, კბილებით ჩაეჭიდა და მოქაჩა. თენდებოდა და რაც შეიძლება მალე უნდა გაეთავისუფლებინათ ტყვე, თორემ გაიღვიძებდნენ ადამიანები და მტერს, რაც მათ დაემართებოდათ! წრუპი კი იდგა და ფიქრობდა, რა გაეკეთებინა, რომ საბრალოს დახმარებოდა. უცებ მასაც გაუნათდა გონება, კარის ღრიჭოში ცხვირი შეყო, მაგარი კბილებით კიდეს მოეჭიდა და გამოწია.

ორივეს ძალისხმევით კარი აიწია, წრუპი შიგნით შეძვრა და ახლა იქიდან მიაწვა მთელი ძალით. აი, აქ კი შეცდომა დაუშვა: მართალია, დატყვევებულმა თაგვმა მოახერხა ხაფანგიდან თავის დაძვრენა, მაგრამ წრუპი შიგნით ჩარჩა. კარი მძიმე იყო და ისევ ჩაიკეტა. წრიპი გამწარდა, მთელი ძალით მოეჭიდა მავთულს, მაგრამ ძვრაც ვეღარ უყო. გათავისუფლებულ თაგვს მიაძახა:

_ დამეხმარე, ღრიჭოდან მოქაჩე, როგორც წრუპიმ გააკეთა, ორივე უფრო მოვერევით, მე მარტო ვერ ავწევ.

თაგვი დაფიქრდა, შეშინებულმა გაიხედ-გამოიხედა, ცხვირი გაურკვევლად გააცმაცუნა და ადგილიდან ისე სწრაფად გაუჩინარდა, განსაცდელში ჩავარდნილმა ძმებმა თვალიც კი ვეღარ შეასწრეს.

თაგვის საქციელმა ძმებს გული ატკინა, თუმცა რაღა უნდა ექნათ? თვითონ უნდა ეშველათ საკუთარი თავისთვის, მაგრამ როგორ?

წრუპი მთელი ძალით აწვებოდა კარს, რამდენჯერმე დაეჯახა კიდეც, მაგრამ ვერაფერს გახდა. მავთულისა და ღრიჭოს ერთდროული გამოყენებით კარი გარედან უფრო ადვილად გაიღო, წრიპი კი მარტო ვერაფერს გააწყობდა, ორივეს ერთად ვერ მისწვდებოდა. დაღონდნენ ძმები. წრიპი მიუახლოვდა ნახვრეტს, ცხვირი შეყო და ძმას წასჩურჩულა:

_ ნუ გეშინია, არ მიგატოვებ! ან გაგათავისუფლებ, ან შენთან დავრჩები!

წრუპიმ საცოდავად ააცმაცუნა ცხვირი, ყურები ჩამოყარა და აცახცახებული კუთხეში მიიკუნჭა.

_ დავიღუპე, წრიპიი! _ და ცრემლი ჩამოუგორდა.

წრიპიმ კიდევ ერთხელ სცადა კარის ადგილიდან დაძვრა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, თავი ჩაღუნა, ხაფანგის კედლის გარეთ წრუპს გვერდით მიუცუცქდა და ბედს დამორჩილდა.

წრუპიმ ნახვრეტიდან გამოხედა, ამოიოხრა და თუმცა დანანებით, მაგრამ გულით სთხოვა:

_ გეხვეწები, წრიპი, წადი. შენ მაინც უშველე თავს! დედიკო და მამიკოც ხომ  ცოდონი არიან, სულ მარტო დარჩებიან!.. ალბათ, როგორ გველოდებიან!..

_ არა, _ მტკიცედ მიუგო წრიპიმ, _ ვერ მიგატოვებ! დედას ხომ ხშირად უთქვამს ჩვენთვის: განსაცდელის დროს ერთად უფრო მოძებნით გამოსავალს, ცალ-ცალკე კი აუცილებლად დაიღუპებითო. სადაც შენ, იქაც მე!..

გათენდა. გულაფართხალებული ძმები უცდიდნენ, როდის მოაკითხავდნენ ადამიანები და რა ბედი ეწეოდათ. ამ ლოდინში მზეც ამოვიდა. ფანჯრიდან შემოფრქვეული სხივები სამზარეულოს კედლებზე ათამაშდნენ, აცეკვდნენ, ზამთრისთვის უჩვეულო სითბო შემოიტანეს.

_ რა კარგი იქნებოდა, ახალ წელს ერთად რომ შევხვედროდით!.. რამდენი თხილი და კაკალი გვაქვს მომარაგებული, დედამ ბრჭყვიალა ბურთებიც მოიტანა... რას გავერთობოდით! _ ამოიქვითინა წრუპიმ.

_ თან არც ცივა! _ წრიპი ცდილობდა თავის შეკავებას, მაგრამ ხმა მაინც უთრთოდა ყელში მოწოლილი ცრემლებისგან, _ ნეტავ რა გველოდება?

უცებ ფეხის ხმა გაისმა. ორივე შეხტა. წრუპი ძმის მხარეს კედელს მიასკდა, თითქოს წრიპის უნდა ჩახუტებოდა, მაგრამ ცივ კედელს წააწყდა და იმედგაცრუებული, ღონემიხდილი იქვე ჩაჯდა. არც წრიპი იყო უკეთეს დღეში, ისიც ცახცახებდა. მას კიდევ შეეძლო გაქცევა, თავის გადარჩენა, მაგრამ ძმის სიყვარული არ უშვებდა.

_ ერთი ამათ დამიხედეთ!..

ქალი გაოცებული უყურებდა თაგვებს.

_ ასეთი რამ ჯერ არ მინახავს!.. ერთი თაგვი დაუჭერია ხაფანგს, მეორე კი გვერდიდან არ სცილდება... რაო, ერთად გინდათ ყოფნა? ძალიან კარგი! მაშ, ერთად იქნებით...

ქალმა კუდით დაითრია შიშისგან თვალდახუჭული წრიპი, ხაფანგი აატრიალა, კარი სწრაფად გააღო და წრიპსაც შიგ შეუძახა.

_ იჯექით ერთად, მაინც ერთად ყოფნა გინდოდათ! _ დამცინავად ჩაიცინა ქალმა, _ ცოტა ხანი მაცალეთ და მოგივლით! თუმცა ძალიან მეზარება თქვენი გულისთვის ამ დილაადრიანად ქვევით ჩასვლა.

თაგუნები ერთმანეთს ჩაეხუტნენ, მაგრამ ქალს ეს არც დაუნახავს და რომც დაენახა, არც ინაღვლებდა.

ტყვეობის წუთები საუკუნედ მოეჩვენათ შიშისგან ღონემიხდილ ძმებს. ორივეს დაძაბული ჰქონდა გონება, თავის დახსნის გზებს ეძებდნენ, კარებს მთელი ძალით აწვებოდნენ, მაგრამ გამოსავალი არ ჩანდა.

_ მაინც არ დავნებდეთ, წრუპი, იქნებ ბოლო წუთებში გამოჩნდეს გადარჩენის გზა! _ გამხნევება სცადა წრიპიმ.

წრუპის თვალებში წამიერად გაიელვა იმედმა, მაგრამ მალევე ჩაქრა და ჩაიფერფლა. ძმებმა ისევ ჩამოყარეს ყურები.   

და აი, გამოჩნდა ეს შეუბრალებელი ადამიანი, დაავლო ხელი ხაფანგს და გაურკვეველი მიმართულებით წაიღო. დაბნეული ძმები ხან ერთმანეთს ეხლებოდნენ, ხან _ კედლებს.

_ კარგად მომეჭიდე, წრუპი! _ გააფრთხილა წრიპიმ, თუმცა წრუპის გაფრთხილება აღარ სჭირდებოდა, უკვე კბილებითაც ებღაუჭებოდა ძმას. წრიპიც მაგრად ჩაეხუტა მას.

_ თქვენი გულისთვის ქვევით ვერ ჩავალ... აბა, იფრინეთ აქედან! არა მგონია, სული ჩაგყვეთ მიწამდე... _ ჩაიცინა ქალმა, გააღო კარი, ხაფანგი კარგად დაიქნია და თაგუნები მეექვსე სართულის აივნიდან ძირს გადაყარა, თან `თუ გადარჩებით, ალალი იყოსო!~ _ მიაძახა.

დაბნეულ ძმებს უცებ გონება გაუნათდათ.

_ აბა, შენ იცი, ხელი არ გამიშვა... ერთად უფრო გადავრჩებით!.. ქვევით ბუჩქია, წრუპი, ბუჩქი... _ ძლივს მოასწრო მიწისკენ მქროლავმა წრიპიმ ძმის გაფრთხილება, რომ ფრენა დასრულდა და ორივე, ერთმანეთს ჩაბღაუჭებულები, ბურთივით დამრგვალებულები, ჯერ ბუჩქზე დაეცნენ, შემდეგ კი მიწაზე გაგორდნენ.

ყველაფერი დამთავრდა!

გვერდებჩათეთქვილმა თაგუნებმა არაფრად ჩათვალეს ტკივილი, სწრაფად წამოხტნენ და სარდაფში მიიმალნენ.

იმ ღამეს ახალი წელი თენდებოდა, კაკლისა და თხილის დიდი მარაგითა და ბრჭყვიალა ბურთულებით.

რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს მოთხრობა საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს მოთხრობა საინტერესო?


ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია