kids.ge logo

მამაცი ფუტკრები

ფავორიტებში დამატება

ზაფხულის ერთ ლამაზ დღეს პატარა დათოს ეზოში, აუზთან გაშენებულ ყვავილნარში, უამრავი ფუტკარი ირეოდა. დათო კი ინვალიდის ეტლში იჯდა და წყალზე მოტივტივე გასაბერი ნიანგებით, გედებითა და იხვებით ერთობოდა.

უცებ ორი ფუტკარი - ნექტარა და თაფლა - წყალში ჩავარდა. ბიჭი არც დაფიქრებულა, რის ვაი-ვაგლახით გადაწვა აუზის კიდეზე და განწირულ მწერებს ჯოხი შეაშველა. ფუტკრები ზედ აცოცდნენ და სამშვიდობოს გამოვიდნენ; მზეზე შეიშრეს ფრთები, მადლიერების ნიშნად დაიბზუვლეს და გაფრინდნენ.

ამ ამბის შემსწრე ჩიტებმა ერთხელ სასიხარულო ამბავი მოიტანეს:

- თურმე, აღმოსავლეთით, ერთი დღის საფრენზე, უზარმაზარი ხე ხარობს. დილაუთენია ფერად-ფერადი ყვავილებით გადაიპენტება ხოლმე. ორმა ფუტკარმა კენწეროს ყვავილებიდან ნექტრის ამოღება უნდა მოასწროს. საღამოს კი ერთმა ერთ მუხლზე უნდა უკბინოს ბიჭს, მეორემ

- მეორეზე. თუ ნაკბენით გამწარებული დათო ფუტკრებს არაფერს ავნებს, ისინი გაჭირვებით, მაგრამ მაინც გაითავისუფლებენ ნესტრებს. ფუტკრები გადარჩებიან, ბიჭი კი ფეხზე დადგება.

-რა კარგი რამ გავიგეთ! - გაუხარდა ნექტარას. - მოდი, თაფლა, რაც იქნება, იქნება, ამ ჯადოსნური ხის საძებრად გავფრინდეთ. იქნებ, ვუშველოთ ბიჭს.

-თანახმა ვარ, - მხარი აუბა თაფლამ. - დათოსთვის არც არაფერს დავიზარებ, არც არაფერს შევუშინდები...

განთიადზე გაუდგნენ გზას. საღამოს ერთ უზარმაზარ ხეს მიადგნენ. მის ფოთლებში მოიკალათეს და დაიძინეს. რიჟრაჟზე კი მკვირცხლად წამოფრინდნენ. როგორ გაუხარდათ, ისინი ხომ სწორედ ამ ხეს ეძებდნენ! წითელი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე...რა ფერის ყვავილს არ ნახავდი მასზე. ხარბად დაეწაფნენ ნექტარს და დაუყოვნებლივ გამობრუნდნენ.

დათო აუზთან იჯდა და ძაღლს ეთამაშებოდა. ნექტარასა და თაფლას მოლოდინში კი უამრავი ჩიტი და ფუტკარი გარინდულიყო ყვავილნარში. აი, ისინიც გამოჩნდნენ. გულაჩქროლებულები მიფრინდნენ ბიჭთან , მუხლებზე დაასხდნენ და ერთმა ერთ მუხლზე უკბინა, მეორემ - მეორეზე.

-ვაი! - იყვირა დათომ.

შეშფოთებულმა ძაღლმა ყეფა ატეხა.

- რა დაგიშავეთ, საცოდავებო, რატომ მიკბინეთ?! - უთხრა გულაჩუყებულმა ბიჭმა ფუტკრებს.
ფუტკრებმა კი იწვალეს, იწვალეს და, როგორც იქნა, გაითავისუფლეს ნესტრები; აფრინდნენ და ყვავილებზე დასხდნენ. უვნებელი ფუტკრების დანახვით გახარებული ბავშვი თავისდა უნებურად წამოდგა და მათთან მივიდა.

- როგორ მიხარია, ცოცხლები რომ ხართ! აღარავის უკბინოთ. ვაითუ, ვეღარ გადარჩეთ!
ხმაურზე დათოს მშობლები მოცვივდნენ. ფეხზე მდგომი ბავშვის დანახვაზე ისე გაიხარეს, თითქოს ახლა შეეძინათ შვილიო.

ბედნიერ ბიჭს თავს უამრავი ფუტკარი და ჩიტი დასტრიალებდა და ბზუილითა და ჭიკჭიკით ულოცავდნენ გამოჯანმრთელებას.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2012 - 2020