მოთხრობები   ›   ვაჟა–ფშაველა   ›   სააღდგომოდ

სააღდგომოდ

ფავორიტებში დამატება

დღეს შაბათია, წინადღე აღდგომისა. ბუნებაც მომზადებულა აღდგომის მისაგებებლად. ავსილა მისი გულ-მკერდი ყვავილებით. თავზედ ადგა გვირგვინი გამარჯვებისა და ეს დედა, დედამიწა, სულგრძელი, უსაზღვრო სიყვარულით ავსილის გულით, აწვდის ყველას და ყველაფერს ხელს და, როგორც დედა შვილებს, პირჯვარსა სწერს, სიცოცხლეს დიდის ხნისას, სიყვარულისას სთხოვს მათთვის ზეცას. ყველგან სიხარულია, ყველას გულში სიმოვნებაა დღესასწალის გამო. ერთი მხოლოდ ბობოლა სტირის და სტირის იმიტომ, რომ შვიდის ფრთისა ერთიღა შერჩა და ისიც, როგორც თითონ, შემჭვარტლული; იგი, თავპირჩამომტირალი, ბუხრის თავზე ჰკიდია მოსაწყლებული, გაბეჩავებული, სასობამიხდილი. საბრალო! ხვალ იმ ერთადერთს ფრთასაც დაჰკარგავს და თითონაც თან გაჰყვება. მოღება ბოლო მის ფარფაშს, მის საზარელს მაღლიდამ გადმოცქერას, დიდისა და პატარის დამაწიკებელს. გაითრევენ, გასწეწენ ბალღები და გადაძახებენ სადმე ხევში ან კლდეზედ, ქარსა და წყალს მისცემენ.

რამდენი ცრემლი ჩამოაგდებინა ამ შეჩვენებულმა ბობოლამ ბალღებს, მაგრამ ხვალ კი ჯავრს ამოიყრიან; როგორც შეფერება, სწორედ ისე მოექცევიან, ამოაშხამებენ სასტიკობა-მტარვალობას. ჯერ გუშინწინვე გაგონებდით ბალღების სიმხირულეს ბობოლას ჩამობრძანებაზე და ყელის ჩაპოხაზე.

„დღეს წითელი პარასკევი,
ხვალ შაბათი შავდებაო;
ხვალზევით რომ კვირა მოვა,
ყელი ჩაიპოხებაო“.

ყველგან მოძრაბა და დიდი მოლოდინია ქრისტეს აღდგომისა. სად ქათამი ჩამოსვეს ქანდარიდამ და მოაგდებინეს კისერი, სად ნასუქს ინდაურს მოშორეს სწორედ ინდარული, გამოჩერჩეტებული გოგრა, სად ნასუქის ქოსმანის ჭყივილი ისმის, ჭყივილი ვასა და ვაგლახისა. ამოაშხამეს იმასაც იმდენის სანოვაგის შეყლაპვა და გაოხრება. დიასახლისებს ჯერაც არ გადასვლიათ ხელებიდან კვერცხების ღებით ახალი ფერი. მოისვენებს ამას იქით ლობიოს სადუღარიც. პატარძლებმა და გასათხოვარმა ქალებმა სწორედ ათჯერ დაბანეს პირი და, ვისაც კი რამ ზიზილ-პიპილა მოპოვებოდა, ტანზე მიკოსეს, „ბუზიკები“ და „პოლსაპოჩკები“ გაიწმინდეს. მხოლოდ მოხუცებულნი არა ზრუნავენ ტანის აჭრელებაზე, მისხდომიან ცეცხლს კერის პირას, სანთელს ადნობენ და აკეთებენ. მღვდელი და დიაკვანიც, უნდა მოგახსენოთ, დიდს ფაცა-ფუცში არიან. ხურჯინები დაკერეს, ტიჭკორები დარეცხეს და, სადაც დაზინებული იყო, პოლორჭიკი მიკერეს. მარილი და შაბიც მოამზადეს ბატკნის ტყავების დასამარილებლად. მომზადდა ძღვენიც ნათლისათვის, მის განუშორებელის მეგობრითურთ - ინდარით, ამასთან, ნამცხვარ-ნაზუქით და საქმის დამაგვირგვინებელ ყელმოღერებულ გოზაურით.

საყდრის შორიახლო ცეცხლის ალი ავარდა. გაჩაღებულს ცეცხლს გარს შემოსხდომოდა ხალხი. დიდი და პატარა გაფიცულიყვნენ ეფხიზლათ ამ ღამეს. ყველანი ყაყანებდნენ. იმათში მხოლოდ ერთი გაჭაღარავებული კაცი ერია. დაფიქრებული თვალები, ჩამომხმარი და ჩამომტირალი სახე ცხადად ამტკიცებდნენ, რომ ამ კაცს ბევრი ტანჯვა და ვაბა უნდა გამოევლო. უცნობს სოფელში ნაბერალს საბას ეძახდნენ. მართლაც, საბამ ბერობაში ათიდე წელი გაატარა, მაგრამ რა მიზეზის გამო დანება თავი ბერობას, არავინ იცოდა; იგი სოფელში მაინც კიდევ ბერივით სცხოვრობდა, საყდრის ყარაულად იყო. სოფლელთაგან ბევრი დაცინვა ესმოდა საბას: ერთი „ძალად წმინდანს“ ეძახდა, სხვა „გამოპარულს ბერს“ და სხვა და სხვა. საბა ამას ყურადღებას არ აქცევდა.

- აბა, ერთი, შენ ჩვენზე ბევრით მეტი იცი, - სთხოვა საბას ერთმა იქ მყოფმა შუახნის გლეხმა: - ერთი გვიამბე რამა, გეთაყვა, საბავ!

- დიდება შენს სახელს, ღმერთო, სასობაო ჩვენო, დიდება შენდა! - სთქვა საბამ, - ნეტარ არიან დევნილნი სიმართლისათვის, თვით ისო ქრისტემ ბრძანა. იგი ღმერთი იყო, შვილო, - არ იწამეს, მოჰკლეს, ჰგვემეს, სტანჯეს, ჯვარს აცვეს და მე ერთი საწყალი კაცი რომ მასხრად დამიჭიროთ, რა საკვირველია. იგი ჯვარს აცვეს, მაგრამ ჯვარზედაც თავის მტრებისთვის ლოცულობდა, ევედრებოდა მამა ღმერთსა, რომ მიტევებინა ცოდვა უგუნურთათვის: „რამეთუ არა იციან, რას იქმანო“. მაინც და მაინც ისომ ქვეყანა არ მოძულა, მას არ გადაემტერა.

- რად მოჰკლეს ქრისტე ურიებმა, საბავ? - იკითხა მერემ.

- იმიტომ, - უპასუხა საბამ, - რომ კუტს არჩენდა, მკვდარს აცოცხლებდა და ბრმას მხედველობას აძლევდა. ფარისეველთ სწყინდათ, ჰშურდათ, ქრისტე ხალხს რად უყვარსო და მოაკვდინეს კიდეც, მაგრამ მან სიკვდილი დათრგუნა და ამაღლდა ზეცას და კვალად მომავალ არს... ვაი მაშინ იმას, ვინც ცოდვილია. მერედ მოსვლა რომ იქნება, მაშინ ისო ქრისტე გაარჩევს ყველას, როგორც მწყემსმა ცხვრები თხებისაგან გაარჩიოს, და ყველას თავის შესაფერისს ადგილს მისცემს. მაშინ ბევრი ინანებს, ბევრი იტირებს, მაგრამ გვაინღა იქნება...

ეს საბარი დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ ძვლების კნაწაკნუწის ხმას არ მიექცია ხალხის ყურადღება. თურმე კატას, ვინ იცის, რომელ დისახლისისათვის, ქათამი მოტაცა, შორეულ ღამისმთეველებს შორიახლო მიეთრია და შეექცედა. ნახევარი ხალხი იმას გამოეკიდა.

- ვერ უყურებ მაგ ვერანას, წინადღითვე გაუხსნილებია, ე! - ამბობდა ხალხი ხარხარით.

ამ მდგომარებაში იყო ხალხი, რომ ზარი აჩქამდა. ყველამ ქუდები მოხადეს და დაწყეს პირჯვრის წერა. „ტარასტა“, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, რეკდა ზარებს, მაგრამ ახალგაზრდებმა მალე ჩამოართვეს ეს ხელობა და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ზარის რეკვაში; ერთი მერეს სტაცებდა ხელიდან ზარის თოკს. შორიდამ მღვდლისა და დიაკვნის ხმაც მოისმა, იმათ თან მოსდევდა ხალხის გროვა. მღვდელი მოვიდა მრევლითურთ. ყველამ სანთლები დაანთეს, მხოლოდ „ტარასტა“ აღარსად ჩანდა, იგი საყდრის კარებს ეფარა. მღვდელმა წინადვე დარიგა, რა პასუხიც უნდა მიცა. „ტარასტა“ მიკუნჭული იდგა კარებში და დასწავლილს სიტყვებს ბუტბუტებდა. მღვდელი შემოსა, აღო კელაპტარი და გაუძღვა წინ ხალხს „ქრისტე აღსდგა“-ს გალობით. ხალხიც თან მისდევდა ხელსანთლინები. შემორეს ლიტანია ორჯერ და, მესამედ რომ მიახლოვდა კარებს, მღვდელმა ყველანი შეჩერა და სთქვა:

- აღახვენით ბჭენი თქვენნი, მთავარნო, და აღახვენით ბჭენი საკუნენი და შევიდეს მეფე დიდებისა! - „ტარასტას“ დაჰვიწყებოდა მღვდლის ნასწავლი სიტყვები და, იმის მაგივრად, რომ ეთქვა: „ვინა არს მეფე დიდებისაო“, - ვინ არის და ვინ გინდაო, - შემოგვჩხავლა საყდრიდამ. ხალხს სიცილი წასკდა. მღვდელმა ყური არ უგდო „ტარასტას“ უგვანს პასუხს.

- უფალი ძალთა თავად არს მეფე დიდებისაო, - სთქვა მან, დაჰკრა ფეხი და შეღო კარები. ხალხიც მიჰყვა გრიალით. მღვდელმა და დიაკვანმა გამარჯვებულად ჩამოლოცეს ეს გამარჯვება სიმართლისა, ქრისტეს აღდგომა.

- აღსდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი, - სთქვა მღვდელმა და „ქრისტე აღსდგა!“ მოძახა ხალხს გამეორებით.

ბოლოს მღვდელმა სიტყვა სთქვა, რომელიც შემდეგის სიტყვებით დაამთავრა: „ფარისეველთ, უგუნურთ აცვეს ქრისტე ჯვარსა, ვითარცა ავაზაკი, და გაგმირეს ლახვრითა, მაგრამ აღსდგა, სძლია სიკვდილსა და მით მოგვცა ჩვენ, კაცთ, მაგალითი აღდგომისა, სიკვდილის ძლევისა, და დაემკვიდრა ჩვენს შორის; მოგვანიჭა ნათელი, ნაცვლად ბნელისა. ამიერიდგან ეშმაკი ვეღარ გამარჯვებს კაცთა ნათესავზე, სამეფო მისი შემუსვრილ იქმნა. ლოდი, რომელიც დაკეტა ფარისევლობამ, ბოროტებამ, შურმა სამარე ქრისტესი, რათა მოესპო ჩვენთვის კავშირი ქრისტესთან, ჰფარვიან ანგელოზნი და ეტყვიან ისოს მაძიბელთ: „ვისაც ეძიებთ, იგი აღსდგა!“

ხალხი თავჩაკიდებით, მორჩილად ისმენდა ამ სიტყვებს, საბა კი დაჩოქილი იდგა ქრისტეს აღდგომის ხატთან, ცრემლი სიხარულისა ჩამოსდიდა და ხელაღპყრობით ევედრებოდა მეფეს.

რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს მოთხრობა საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს მოთხრობა საინტერესო?


ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია