kids.ge logo

ქოსა და ყადი

ფავორიტებში დამატება

ერთი ქოსა იყო ერთსა სოფელსა შინა დიაღ გლახაკი და ერთი უსხი ჰყვა მსუქანი. უთხრა ცოლსა: უსხსა ამას გავყიდი, ეგების შენთვის და ჩემთვის სამოსელი ვიყიდოო.

წაიყვანა უსხი ქალაქად. სხვა ქოსა შემოეყარა, ევაჭრა და სამი მარჩილი აძლივა. ამან ოთხად დაუფასა. ვერ შერიგდენ.

წავიდა იგი მოქალაქე ქოსა, ბაზრები დაირბინა, ყოველსა ყასაბს უთხრა: ერთს ქოსას უსხი ჭამებული მოჰყავს გასასყიდად და ყველამ უთხარით: თხა არის და თხის ფასად ვიყიდითო.

მივიდა, ყადიც გაანდო და ტყავი ყადს უქადა.

რა ეს ზროხის პატრონი ქოსა მომავალი ნახეს, ყოველმან ყასაბმან ნახევარი მარჩილი აძლივეს: ეგ თხა მომყიდეო!

იწყინა ქოსამ და უთხრა: აქლემის ოდენს უსხსა თხის ფასად ვაჭრობთო?

მათ თქვეს: თხა არისო.

შეცილებაზე წავიდენ ყადთან კითხვად. ყადმაც თხობა ბრძანა. მასცა საქალამნე რგებოდა და ქოსას ვინღა რას აუბნებდა?

ნახევარი მარჩილი მისცეს და ქოსას უსხი წაართვეს, დაკლეს. გულმტკივნეულმან ქოსამ თქვა: არაკად თქმულა: თხის პატრონს აღარც თხის კუდიო? მაგისი კუდი აგრემც მომეცითო!

კუდი გამოართვა და წავიდა.

გამოხდა ცოტა ხანი, ყადს ცოლი მოუკვდა. ესმა ქოსას. გამოართვა ცოლს ლეჩაქი და ტანთ საცვამი, დედობრივ მოეკაზმა და ზროხის კუდი შიგნით შემოირტყა და მოვიდა ყადის კარზე.

გამოვიდა ყადი, დიაცი ნახა, მოჩივარი ეგონა, მან ეგრე მოახსენა: მე მოჩივარი არა ვარ, ქვრივი და უპატრონო დავრჩი, და ვინც შემინახავს, ვემსახურებიო.

ყადს დიდად იამა, დედაკაცი აღარ ჰყვანდა. შეიყვანა, მონათ უთხრა: ამაღამ წადით, თავთავისად მოისვენეთო!

მასთან დაწოლა ენება.

დიაცმან რა თავი დაიხელთა, ყადს აგრე უთხრა: თუცა სრულად არ გაშიშვლდები, ჩემთან ვერ დაგაწვენ, ეგრე ჩვეულ ვარო.

მოტყუვდა ყადი, გაშიშვლდა. მან ზროხის კუდი მოიხსნა, უთხრა ყადს: ეს რის კუდი არისო?

ყადმან უთხრა: ზროხისა არისო.

ქოსამ უთხრა: მაშ, თხად რად გამასყიდვინეო?

დასცა ქვე ყადი, ეგოდენი სცა კუდითა, მკვდარსა დაამსგავსა. მსახურნი შორს იყვნენ და მეშველი დაუძვირდა.

ქოსამ კარი გამოიარა და წავიდა.

მსახურთ იდროეს, გათენდა და მოვიდნენ. ყადი არ გამოვიდა. შევიდენ, ნახეს, ყადი გასივებული იდვა, დიაცი აღარ ახლდა. ყადი ძლივ სულობას მოაბრუნეს, ყოველი ყოფილი შეიტყეს.

რა მოკეთდა, აბანოში შესვლა მოინება და ზეთებით სამკურნალოდ ნაცემთა დაზელა.

შეიტყო ქოსამ, მეაბანოვესთან მივიდა და უთხრა: დიაღ, ხელმარჯვე დალაქი ვარ და აქ მიმსახურეო.

იამა მეაბანოვეს და ეგრე უთხრა: თურე ბედნიერი ხარ, დღეს ყადიც აქ მობრძანდებაო.

არდაგს შიგნით ზროხის კუდი შემოირტყა, მუნ დადგა.

ყადი მივიდა, დია კარგად სამსახური დაუწყო. იამა ყადსა და დაზელა უბრძანა. დალაქმან ქოსამ მსახურთ ეგრე უთხრა: რა ზელას დავუწყებ, ტანმტკივანია, კვნესას და ზახილს იწყებს და ნურავინ შემოხვალთ. თუ უნებს რამე, მე გამოვალ და გეტყვიო.

მონანი გაიტყუა, წაკეტა კარი და ქოსამ კუდი გამოიძრო, ყადს ჰკითხა: რისა არისო?

ეხვეწებოდა ყადი და ეფიცებოდა მრავლის მიცემასა, მაგრამ ქოსა არ მოეშვა: ამდენი სცა, სიკვდილზე მიაყენა.

გამოვიდა, მონათ უთხრა: სძინავს, ნუ შეხვალთ, ძილი არ გაუკრთოთ! მე კიდევ წამლის მოსატანად მივალო.

ჩაიცვა ტანსა და წავიდა ქოსა.

რა მონანი შევიდნენ, ნახეს ყადი ავად დანაყილი და გასივებული დაზელის ნაცვლად. აიღეს, ხირაულით შინ წაიღეს და მუნ დააწვინეს. რა სულობას მოვიდა თქვა: მე ამ ქოსას აქ ვეღარ დავუდგები, ფათერაკს კიდევ გამაბამსო, აქლემები იქირავეთ, ქაბას წავალო.

რა აქლემების თხოვნა დაიწყეს, ქოსამ მეაქლემეს ფასი მისცა სამის დღისა და აქლემები ყადის კარს ჩაატარა. იკითხეს აქლემები და მან უთხრა: ვინც იმიზდებს, კაცს ვეძებო.

იამათ, ყადს მოახსენეს, იმიზდეს. ყადი კუბოში ჩასვეს, აქლემს აჰკიდეს. ყადი ჩაჯდა და წავიდა. რაც ქონება ჰქონდა, იგიც ყველა თან წაიღო.

მეაქლემე ქოსა გზა-გზა კარგს ზღაპარს ეტყოდა და ყადს იამებოდა. მონათ უბრძანა ყადმან: წინ წადით, სოფლად სადგომი, ქერი, ბზე და ნუზლი მოამზადეთ და მე და მეაქლემე ნელიად წამოვალთო!

რა იგინი გაშორდენ, ქოსა ზღაპრად მას მოჰყვა, რაც მას და ყადს გარდახდომოდათ. ყადმან უთხრა: ეგ ბევრჯერ მასმია, სხვა მიამბეო

ქოსამ თქვა: მე ეს მწვავს გულსა, ამას ვიტყვიო, სხვა რას ჰქვიანო.

ჩამოაგდო აქლემიდან, ამდენი სცა ზროხის კუდით, რომ სული ამოხადა.

გამობრუნდა, აქლემები პატრონს მოუსხა და ქონება თავისთვის წაიღო.

ცოლმან ჰკითხა: ვინ მოგცაო?

და ქოსამ უთხრა: ჩემი უსხის ფასიაო.

ცოლმან უთხრა: ვეჭობ, შენის უსხის ფასი კი აგიღია ათას წილადო.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა იგავ-არაკები

ორნი ძმანი

ორნი ძმანი იყვნენ. უხუცესს ცოლ-შვილი ჰყვა და მრწემი უცოლო იყო. გაიყარნენ ძმობისაგან და ერთად ვეღარ დადგნენ. ყოველივე განიყვეს, რაც ჰქონდათ. რა პური გაიყვეს, ერთ...

გლახაკი და ფლური

ერთი კაცი დია გლახაკი იყო. დღე ყოველ ღმერთს გამდიდრებას ევედრებოდა. გამოხდა ხანი, და მას კაცს მუცლის ტკივილი და ყვანა დაემართა. რა კარში გავიდის, ტკივილი დაუწყ...

აქიმი და ორი სნეული

იყო ერთი მეფე სახელოვანი, მოწყალე და ძლიერი. ჰყვა აქიმი ერთი, რომ სენი უკურნებელი ვერ მოურჩებოდა. ორი დიდებული დასნეულდა მეფისა სასტიკითა სენითა. ერთი ესრეთ შე...

აბდულ-აზიზ დავრიში

მამის მამა ჩემი, აბდულ-აზიმ, დავრიში იყო და ვლიდა პირსა ყოვლისა ქვეყანისასა. ესეთისა ტილისმისა ხელოვნობა ჰქონდა, რომე მას საქმე ვერ გადურჩებოდა. მრავალს უცხოსა ...

დათვი და მონადირენი

ორნი ამხანაგნი ნადირობდენ. ხევი იყო და ხევს გაღმა-გამოღმა რონინებდენ. ერთს ამხანაგს დათვი შემოეჭიდა. ქვეშ ჩაიდვა. მეორე ამხანაგმან უყივლა: გაუშვი ეგ დათვი და ...

გლახაკი და ქილა ერბო

ერთი გლახაკი კაცი მივიდოდა გზასა ზედა და ერთი ქილა ერბო ჰპოვა. აიღო ქილა, საკიდარში ჯოხი გაუყარა და მხარზე შეიდვა. დაიწყო გზა-გზა სლვა და გულთა ამასა უბნობდა: ...

ოთხი ყრუ

ერთი ყრუ კაცი იყო და ხარი დაკარგა. საძებნელად წავიდა ერთი კაცი შემოეყარა. კითხვა დაუწყო. თურე ის კაცი უფრო ყრუ იყო და ვირი თურე ეპოვნა. მან ხარისა ვერა შეიტყო. ...

იხვი და მყვარი

ერთს მთაში ერთი მომცრო, წვიმის მდგარი გუბე დარჩომილიყო. მივიდა ერთი იხვი, ჩაჯდა და იყოფებოდა. ერთი მყვარი დაეძმობილა იხვსა და ერთად იყვნენ და, რაც გაეწყობოდა, შ...

მეფე და მებაღე

იყო მეფე ერთი და აქვნდა წალკოტი, ვითა ჰშვენოდა. მოვიდა მებაღე და მოახსენა მეფესა: - ვარდსა შიგან ბულბულს ბუდე დაუცს. მეფემ უბრძანა: - არა შერჩეს ბულბულსა მა...

ბერი და ყრმა

ერთი ბერი უკბილო კაცი და ერთი ცოტა ყრმა ერთად სხდეს და საჭმელსა სჭამდეს. ორთავე ტირილი იწყეს. ჰკითხეს ბერსა: რად სტირიო? თქვა ბერმან: მე კბილი არა მაქვს და ცო...

ნახატი იგავ-არაკები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ჯანაძე:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ციფრული უსაფრთხოება

აუხსენით ბავშვს ონლაინ უსაფრთხოების წესები, როგორიცაა პირადი ინფორმაციის გაზიარებისგან თავის შეკავება და უცხოებთან კონტაქტისგან თავის არიდება.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026