მოთხრობები   ›   ვაჟა–ფშაველა   ›   პატარა მწყემსის ფიქრები

პატარა მწყემსის ფიქრები

ფავორიტებში დამატება

ბეჩაბით გაზრდილი ვარ, ძმისავ, მას აქეთ, რაც ფეხზე სირული შევიძელ, სულ სხვისშვილადა ვარ. შვიდის წლისა მამაჩემმა დიდყურაანთ დამიყენა მოჯამაგირედ და ამ ხუთის წლის განმავლობაში მამაჩემი ჩემის ჯამაგირით იხდის მახტას*. წლისა და წლის თავზედ მოდის ხოლმე ჩემი ჯამაგირის ასაღებად. მე კი ერთი ფრჩხილის საკვეთი დანაც არ მიყიდია. ეჰ, ნეტავი მშობლები ცოცხლები მყვანდენ და, რა ვუყოთ!..

მარტოობამ დამატანა ძალა: ხშირად ოთხი თვე გავა, კაცს ვერ დავინახავ თვალით; მოხუცებული პაპუა რა ტოლამხანაგობას გამიწევს? საღამოზე ბინაში მისვლაც კი მეზარება ხანდახან, მაშინვე ჯავრობას დამიწყებს, სულ ჯავრობს, ბუზღუნებს: „ეშმაკ-ქაჯთ შეჰხედავ, ცხვარს ვერ უმარჯვებ ბალახიან ადგილებსაო“. ჩვენს მთებში ხომ ბალახს ძებნა არ უნდა, ლაშარის-ჯვრის მადლმა!

ჩემი განუშორებელი დღედაღამ ამხანაგი ყურშია არის. ენაცვალოს თავისი პატრონი ყურშიას, ის არავის დაჩაგვრინებს ჩემს თავს! იმ დღეს პაპუჩელთ ტუღუნა ყოფილიყო სანადიროდ როჭოებზე*, პაპას გამაჰპარვიყო სათიბიდამ. ის იყო ცხვარი გადავჰფინე თხილიანთ ვაკეზე; ზევიდამ ხმა მომესმა „თილო, ჰა, თილო!“

„ვინა ხარ, მტერი თუ მოკეთეო?“ - დავუძახე მე ქვევიდამ.

„აბა, თუ ბიჭი ხარ, ამოდი, მეჭიდეო“, - მეუბნებოდა თავმომწონებით ტიღუნა. მეც არ დავუშინდი, ვიჭიდენით. ტიღუნა ხერხით მჯობდა, მე - ღონითა, „სწორული“ მოგვდიდა. ბოლოს იმან წამაქცია და ყელში წამიჭირა. ნახა ჩემმა ყურშიამ, რომ ტიღუნა აღარა ხუმრობდა, ეძგერა, წააქცია და, მე რომ არ მივშველებოდი, სულ ლუკმა-ლუკმა დაგლეჯდა. ჩემს ყურშიას ჯერ ძაღლი არ მოჰრევნია; ამაყი და დიდგულაც ძლიერ არის, მეც არ დამიზავებს, თუ უმიზეზოდ გავაჯავრებ, სამს დღეს ხერინის თვალით აღარ შემომხედავს, - გამებუტება. ბეწვი გასწყდა, კინაღამ ტიღუნას ახალი ჩოხა და წითელი პაჭები არ შემოხია. მე ვინ მომაშავებს, - წითელს არ ვიტყვი, - თუნდაც თეთრ პაიჭებს?!

მამაჩემი გულშავი კაცია, სრულებით არ ვებრალები, ისევ დედაჩემს ვენაცვალე სულში. ამ ხუთ წელიწადში ერთხელ ძლივსძლივობით დამითხოვეს დიდყურაანთ შინა. დედას ჩემი დანახვა ძლიერ გახარდა, დიდხანს მკოცნა: „ენაცვალოს დედა ჩემს ბეჩავსო“, - იტყოდა ხოლმე, რამდენჯერაც მაკოცებდა. დედამ ერთი პირი ჭრელი წინდა მომცა; ეს წითელგულისპირიანი პერანგიც ჩემთვისა ჰქონდა შენახული, ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხა: - როგორ გექცევიან დიდყურანიო, ხომ არა გცემენ, ან ხომ არ გამშევენო? დიდიხანია, შვილო, რასაც ეს ტყავანი გაცვინო? ბარეღამც დიდყურაანთ ცუდად მექცევიან, მაგრამ იმათზე ცუდს როგორ ვეტყოდი დედას. როდესაც დედამ ჩემი ტანისამოსი ნახა, დაგლეჯილი ტყავ-ნაბადი, დაწყო ჩხუბი მამაჩემს: „შე დამეხილო, რაზე ჩაუგდე სხვათ ეს ბალღი ხელში, რად აკვლევინებ ქვეყანასაო?!“ - ამბობდა რა ამას, თან თხილის გულის სიმსხო ცრემლები ჩამოსდიდა თვალებიდამა და კალთა ევსებოდა. მეც დამენანა, შამებრალა თავის თავი და ტირილი დავიწყე.

დედამ საცვლები დამირეცხა, ნაბადი დამიკერა, ტყავი გამიპოხა და ისეთი ჩამაცო. დიდი ხანი მე წმინდა პური აღარ მეჭამა, დედამ გამომიცხო კვერი, წმინდის ფქვილი მოლოდინაანთაგან ისესხა, „ჩამიხურა“ ერბოში და მაჭამა. გული დამიბრუნდა შინ, აღარ მეწადა ცხვარში წასვლა. რადა ვყევივარ, მიკვირს, მამას სხვისშვილად? დიდყურაანთ ერთხელ არ გამგზავნიან ქორწილში, არც ხატში... შენი ქორწილი ცხვარიაო, - მეტყვიან, მომაგონდება წითელკაბინი ქალების თამაშობა და გული მომიკვდება...

საშინლად იტანება მგელი. ნეტავი დამბაჩა მაინცა მქონდეს, რომ დავახალო და გავაფრთხო. დედაჩემს შავეხვეწე, ერთის ვარითი ტყვია-წამალი მიყიდე და მამას დამბაჩა მითხოვეო. დამპირდა, მაგრამ არ ვიცი, ამისრულებს პირობას, თუ არა. თუ დამბაცა ვიშოვნე, ჯიხვების და როჭობის ჯავრსაც მაშინ ამოვიყრი, ეხლა რომ არ მეპუბიან და, სადაც არა მგონია, გადმოჰყუდებენ ჯიხვები რქებს კლდის თავებზედ, ხან ხროდ შეყრილები დაქანებენ ქვიშის ზვავს და როჭობი ჩემს წინ ამოღებენ ფრთხიალს, - აბა, მაშინაც ნუ შემეპუბიან!

ჩემი შინ ყოფნის დროს ჩვენსა მღვდლის შვილი ვასო მოვიდა. იმან მიამბო, რომ ქალაქში ბევრი ტყვია-წამალი არისო. ნეტავი მე მომიტანა... ახ, ნეტავი მეც ნასწავლი ვიყო! რამდენი მიამბო ვასომ ნახული და გაგონილი. თუმცა პაპუამ მითხრა ცისა, დინდგლისა არისო, მაგრამ ვასომ, ეს რომ ვუთხარი, სიცილი დაწყო, - იქამდისინ მაშ რატომ არ დადნაო.

ვასოს ლამაზად ეცვა: მადის ჩოხა, ჭრელი ახალული, ვერცხლის ქამარ-ხანჯალი. თოფიც მამამ უყიდა. მე ვინ რას მიყიდის?! როდის გავიზრდები, მე თვითონ ვიყიდი ჩემთვის ყველაფერს: ტყვია-წამალს ბლომად ვიქონიებ, ერთს შევერცხლილს თოფს, სირმიანს ჩოხას... ვასომ ერთი სროლა ტყვია-წამალი მომცა, მაგრამ ისიც იქვე დავწვი ნიშანზედ. ვასო კარგი გულისაა. მაშინ რომ მყოლიყო ის როჭო, რომელიც გუშინ ჩემმა ყურშიამ დამიჭირა, ვასოს ვაჩუქებდი. რად მინდა, ტყულად მომიკვდება; თუმც კალათაში მიზის, მაგრამ პაპუა იმას ყურს არ უდგებს, არაფერს არ აჭმევს...

საწყალი! როგორ ჰფეთქდა, გული როგორ უცემდა, წინაპირველად ხელში რომ ავიყვანე. შავარდენი მოსდევდა. ჭექასაებრ ხმა, ქუხილი რომ შემომესმა. თავი მივიბრუნე და დავინახე: წინ როჭო და უკან შავარდენი დამალებულები მოდიდენ; ორივენი მე მომიახლოვდენ. ცხვარი მაშინ ქობთოხევსა მყვანდა, წყლის პირას ვიჯექ და დიყის სტვირს ვაკეთებდი. შეშინებულმა როჭომ გზა ვეღარ გაიგნო, ჩემს წინ გუბეში ჩაცა, ჩემი ყურშია გადუხტა და დაჭირა. შავარდენი გაწყრა, წავიდა მაღლა-მაღლა კივილით და ცაში დაღუპა. მე როჭო ხელში ავიყვანე. საცოდავი! კანკალებდა და გასაფრენად იზიდებოდა, დაფეთებულს თვალებს აქეთ-იქით ავლებდა, წუხელ კი უფრო გულდასევდინებულს ჰგავდა, ორჯერ გადახედენ ჩრაქვით, თვალებმიხუჭული, მობუზული იჯდა.

ჩემმა ყურშიამ შარშან უფრო საკვირველი საქმე ჩადინა. ერთხელ ცხვარი აფხუშოს კუდებში მყვანდა. იმღამინდელი წვიმისაგან სველი იყო ბალახი. მე ისეც სველი, უფრო დავსველდი. ის იყო მზემაც გაწითლა მთის წვერები. მე დავჯექ ერთი კლდის თავზედ და ვუცდიდი მზის ამოსვლას. ჩემს წინ ერთი ცირცელი იდგა... საპარავის-ყელში გამოჩნდა არწივი; არწივი თავმომწონებით, ამაყად მოიზლაზნებოდა; მხოლოდ დროდადრო მოიხრიდა თავქვე და იქით-აქეთ კისერს; იმას აჰსევიყო ორი ყორანი და აღარ ასვენებდნენ; გაელვებდა ერთი იმათგანი, ამობრუნდებოდა გულაღმე და „ყრანტ“, „ყრანტს“ შესძახებდა. არწივი ყორნებს თავს არ უყადრებდა, არ ივლებდა ბაი-ბუად იმათგან მიტანილს ირიშს; იგი ხანგამოშვებით შააფრაშფრაშებდა მხოლოდ მხრებს და ერთმხრივ მიწევდა. ერთი ყორანი უფრო აწუხებდა. არწივი გაჯავრდა, დაჰკრა გაზი, ყორანი მხარგაშლილი თავქვე წამოვიდა, თან ბუმბულის კვალი გამოჰყვა, ერთი კუმში იმის ბუმბულისა, ქარმა ცისაკე წაღო. არწივმა იმას ყური არ უგდო, ის ისევ თავისთვის დინჯად მიდიდა და უფსკრულებს თვალს ადევნებდა. მერე ყორანმა მაშინ ფეხი უკან დადგა, არწივმა საძერინი გადაიარა, დამეკარგა თვალიდან.

ახლა ახუნიდან გამოჩნდა ერთი ორბი. კლენჭებში ძვალი ეჭირა: ორბი ძვალს ათამაშებდა: ჩამოაგდებს დედამიწაზე და დატანება; მერე ისევ წაღებს. წავა, წავა მაღლა, გაუშვებს კლანჭებიდამ და ჩამოჰყვება თვითონაც თანა. ესე რამდენჯერმე ჩამოაგდო ძვალი და წაღო. მალე მეც დამიახლოვდა, მაგრამ ვერ კი დამინახა, ცირცელი მეფარებოდა, ყურშიაც გვერდზე მეწვა. აფხუშოს კუდები კლდიან-რიყიანები არის, ორბი უფრო რიყეს უგანებდა ძვალს. აკი გაწყრა ღმერთი და ჩვენს ახლო ჩამოაგდო ორბმა ძვალი. ყურშია გადატანა და, მანამ ორბი აღებდა, ყურშიამ დაასწრო აღება. ორბს ეწყინა, გველივით სისინი დაწყო და თოფნასროლივით საჩქაროდ შაეფარა კლდეებში. მერე პაპუას ვკითხე: რადა შვრებოდა, ჩემო პაპავ, ორბი იმასაო? - ორბმა ეგრე იცისო, - მითხრა იმან: - როცა ძვალს ნისკარტით ვერ გასტეხს, რომ ტვინით ჩაპოხოს ყელი, რიყეზე ჩამოაგდებს მაღლით ძვალს, დაამსხვრევს და მერე ტვინს ისე შაექცევაო. დიდება შენთვისა, ღმერთო, ფრინველსაც ამოდენა ჭკუა ჰქონია!.. თქვენი ჭირიმე, მთებო, რამდენი რა არის კარგი სანახავი აქა!.. გაზაფხულზე, როცა ზვავები დადნება, ნაზოვრებში კენკეშა და ჩადუნა ამოჩნდება, მოვკრეფ ნორჩ ჩადუნას, მივიტან ბინაში. მოვხარშავთ რძეში. იმაზედ გემრილი განა კიდევ რამ იქნება?!

დოლობაც ამ დროს არის, გვიჩნდება ბატკნები. დღე და ღამე სიხარულით აღარა მძინავს. უდგა ბატკნებს და ბატკნის დედებს ბღავილი... მაგრამ, ახ! ამ ორი წლის შემდეგ დიდყურაანთ დამითხოვენ შინ და ხელცარილი როგორ მივიდე დედას, რომ ერთი სატყავე მაინც არ მიტანო?

 

---

* მახტა - წლირი სახელმწიფო ფულადი გადასახადი კომლზე
*
 როჭო - 
მოზრდილი ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა

რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს მოთხრობა საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს მოთხრობა საინტერესო?


ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია