მოთხრობები   ›   ვაჟა–ფშაველა   ›   ჩხიკვთა ქორწილი

ჩხიკვთა ქორწილი

ფავორიტებში დამატება

ეს ამბავი დიდს, შავს, დაბურულს ტყეში მოჰხდა, სოფლებსა და ქალაქებზე დიდად მოშორებით. რა ამბავიაო? იკითხავთ. ჩხიკვთა ქორწილზე მოგახსენებთ. ჩხიკვი ზაქარა იწერდა ჯვარს ლამაზს, სიტურფით განთქმულს და მეტისმეტად ეშმაკს ჩხიკვს ქეთევანზე. ამ ორ ახალგაზრდა ფრინველს ჯვარსა სწერდა მცხოვანი ჩხიკვი თომა.

თომამ გულმოდგინედ აღაპყრო თვალნი ზეცად და წარმოთქვა: „აკურთხე, უფალო, გვირგვინი ამათი, შთაუნერგე ამათ ერთმანეთის სიყვარული და ერთგულება, განამრავლენ ესენი, ვითარცა წყალში თევზნი, ცაში ვარსკვლავნი, ჰქმენ შეუბღალავი სარეცელი მონისა შენისა ზაქარიასი და მხევლისა შენისა ქეთევანისა. ამინ“. სთქვა რა ეს, ორივეს ტურფა ყვავილების გვირგვინი დაადგა თავზე. „ამინ!“ „ამინ!“ – გაისმა გრგვინვით ხმა აქეთ-იქიდან. ამას იძახდნენ სტუმრად მოწვეულნი ფრინველნი: ჩხიკვნი, ქერონები, წიპრიები, ნიბლიები, კაკბები, გნოლები, ღობემძვრალები, ბოლოცეცხლები, ჭივჭავნი, კოდალები, გვრიტნი, მტრედნი და სხვანი მრავალნი. ტევა აღარ იყო, იმოდენა სტუმრებს მოეყარათ თავი. საქეიფოდ შვენიერი ადგილი ამოერჩიათ: ერთი ტაფობი ხშირყვავილიანი, ბალახით დაფენილი და უზარმაზარი ხეებით დაჩრდილული. ყვავილებსაც უხაროდათ, ისინიც ქორწილში იყვნენ დაპატიჟებულნი. იქვე ცივი, ანკარა წყალი გამოდიოდა. სუფრა გრძლად იყო დაფენილი და ზედ ათასნაირი საჭმელები და ხილეულობა ელაგა. რა ჯურის ჭიას და ბუზს იტყვით, აქ არ მოეტანათ, - ბალახთა თესლი ათასნაირი...

ნეფე-დედოფალი მიიწვიეს ყვავილებით დაფენილს ტახტზე და წვეულნიც წამოსხდნენ მწკრივად. გაიმართა დიდი სმეულობა და ჭმეულობა. ათასნაირი სასმელები ისმეოდა: კახური ლალისფერი ღვინო წყალივით მოდიოდა სუფრაზე... ყველამ ადღეგრძელა ნეფე-დედოფალი და ყველამაც ძღვენი მიართვა.

იქვე კოდალა მჯდარიყო ერთ ყუნჭზე ფუღუროში და იმან „მრავალჟამიერი“ დაიძახა.

- შენ, ეი, მყვირალავ, ღვინოს კი არა სვამ, შვილონიავ, და რა იქნება? ღვინო დალიე, და! – შეუძახეს კოდალას ერთხმად ფრინველთა.

- მოიცათ, კაცებო, ცოტა ხანი დამაცადეთ, ღმერთი გადღეგრძელებსთ; აქ ერთი კაი მსუქანი ჭია ვიპოვნე, ის მინდა გამოვთხარო და მერე, რამდენიც გინდა, ღვინო მასვით, ფიქრი აღარა მაქვს, გულდამსვიდებით ვიქნები, - მიუგო მათ კოდალამ და თან ნისკარტით დაუწყო ფუტურო ხეს ჩიჩქნა. ყველამ თვალი კოდალას მიაპყრო.

- აბა, შენ იცი და შენმა ვაჟკაცობამ, - მისძახოდნენ კოდალას ფრინველნი: - თუ არ გამოგიყვანია, ვაი შენს ტყავს, პურს აღარ გაჭმევთ, იცოდე.

კარგა ხანს გაუდიოდა ფუტურო ხეზე კოდალას ნისკარტს და ფეხებს ფხაკუნი და არც ტყუილად: კოდალამ გამოათრია ერთი კარგი მოგრძო ჭია, გველის ჭარის (გველის წანაყარი ტყავი) მსგავსი, და ნისკარტით მიართო ნეფე-დედოფალს.

- გაუმარჯოს ნეფეს და დედოფალს! – დაიყვირა კოდალამ მაღალის ხმით, - კამპანიასაც გაუმარჯოს, ურა!

- გაუმარჯოს, გაუმარჯოს! ურა! ყოჩაღ, კოდალა! ბარაქალა, რომ არც თავი შეირცხვინე და არც ჩვენ, - ჰყვიროდნენ ფრინველნი. თამადამ „საკარგყმო“, რადგანაც ვაჟკაცობა გამოიჩინა კოდალამ, ღვინით სავსე ჯიხვი მიაწოდა; იმანაც სულუქცევრად გადაჰკრა და გადაუგდო თამადას ცარიელი ჯიხვი. თამადად იგივე მოძღვარი ჩხიკვი თომა ამოეჩიათ.

- პურსა სჭამენ და ღვინოს სმენ, სიმღერას არ იტყვიანო, - სთქვა ყვავმა და თავის მშვენიერის ხმით შემოსძახა სუფრული. ყვავს მისცეს აქეთ-იქიდან ბანი და გაძლიერდა მღერა ისე, რომ ტყეს ჭახჭახი გაჰქონდა. მთა-ბარი ზანზარებდა. ყვავილები სიცილით იხოცებოდნენ. აქვე ახლოს ერთ თაგუნიასა ჰქონდა სორო. ხმაურობაზე საღერღელი აეშალა და გამოიხედა სოროდან გარეთ. დიდხანს უცქირა ფრინველთა ნადიმს, შექცევას, ჰხედავდა მსუქანს, ნოყიერ საჭმელებს, ფერად-ფერადს, ნაირ-ნაირს და ხარბად ჰყლაპავდა ნერწყვს ნერწყვზედ. ითმინა დიდხანს და ვეღარ მოითმინა: რაც მომივა მომივაო, სთქვა; მიცუნცულდა ახლოს, ისკუპა და პირდაპირ ნეფე-დედოფლის წინ თხილიანს სუფრაზე დასკუპდა.

- ვინც მოვიდეს, გაუმარჯოს! გაუმარჯოს წრუწუნას! – გაისმა საერთო ხმა ფრინველთა, - ჰოი, შენი ჭირიმე, რო დაგვხედე, ბიჭო! – ეუბნებოდნენ თაგვს შეზარხოშებულნი ფრინველნი.

- გაგიმარჯოთ, გაგიმარჯოთ, გენაცვალეთ, იცოცხლეთ და იხარეთ, მუდამაც ლხინი და კაი საქმე ნუ მოგიშალოსთ უფალმა დამბადებელმა, - ამბობდა თაგვი და თან ერთს გულიანს თხილს ჩასციებოდა, კბილით აკნაწუნებდა ნელ-ნელა.

- ღვინო მიართვით წრუწუნას, ღვინო, - დაიძახა თამადამ, - მაგას ჩვენოდნობამდის ბევრი აკლია.

- ღვინოს არ გიახლებით, გენაცვალეთ, თხილი ჩემის თვალის სინათლესაც მირჩევნია, თქვენ გაატარეთ დროება; მე თხილს ვაკნაწუნებ, არაფერი მიშავს.

- არ გიახლებით, რა სიტყვის პასუხია! ჰა, დალიე, თორემ თავზე დაგასხამთ ღვინოს, უთხრა შეტევით თამადამ თაგვს და ჯიხვი კოდალას მიაწოდა. კოდალამ ჩამოართო თომას ჯიხვი და მიუჯდა წრუწუნას ახლოს.

- დალიე, ე, ძმობილო, ქორწილია, განა ის ხომ არ არის! თხილი აკნაწუნო, რა ბრძანებაა! ჰაი, თუ აკნაწუნებ შენცა, ჰა, ჩამომართვი ჯიხვი-მეთქი, - უთხრა კოდალამ და თან ჯიხვი მიაწოდა.

- ვერ დავლევ, თუ ძმა ხარ, თავი დამანებე, არ შემიძლიან და რა ვქნა, რა წყალში გადავვარდე, - მიუგო მას თაგვმა და პირი მოარიდა.

- დაასხით, თავზე დაასხით მაგ ვირიშვილს, მაგას! – დაიყვირა თამადამ, - მაშ, ნეფე-დედოფალი არ უნდა ადღეგრძელო, შე ბრიყვო, შენა?!

- ჩემს დღეში ღვინო არ მისვამს, კაცებო, ეხლა უნდა დამაჩვიოთ ღვინის სმასა? როგორ იქნება, რა ახირებაა მაინც და მაინც?! პატიოსანი, დარბაისელი ხალხი ბრძანდებით. აი, ნეფე-დედოფლის სადღეგრძელოდ ერთს სოკოს გიახლებით.

- დაალეინე, დაალეინე მაგ რაზბონიკს, მაგას, ძალით უნდა დალიოს, არ შაიძლება. აქ რისთვის მოეთრეოდა, თუ ღვინოს არა სვამდა, დაალეინე, დაალეინე, - ისმოდა ფრინველთა ხმა.

კოდალამ დასტაცა წრუწუნას ცალის ხელით კისერში, მეორე ხელით პირში მიაგება ღვინით სავსე ჯიხვი და დაუწყო ძალათი სმევა.

- შენი ნება თუ იქნება, კი ვიცი, არ მიირთმევ, ვაჟბატონო, მაგრამ აქ თამადის ნებაა. უყურებ ამოდენა დუნიას, ერთი არ არის, ღვინოს არ სვამდეს. ერთი შენ გამოსჩნდი აქ ახირებული. ჰა, გაუბედე, გაუბედე, ცოდო არ არის დედის რძესავით ღვინოს პირს არიდებდე, შე უჯიშოვ, შენა?

თაგვმა რის წვალებით ჩაყლაპა რამდენიმე წვეთი და თან წრუწუნებდა, ეტყობოდა, არ ესიამოვნებოდა ღვინო.

- გაუბედე, წრუწუნავ, გაუბედე! აბა და ჰა! ემანგრე, მანგრე! ა, ყოჩაღ, ბიჭო! – დაჰკიჟინებდნენ თაგუნას ფრინველნი.

თაგუნამ დაიწკიპა, დაიჭიმა ყელის ძაფები, შეებრძოლა ღვინოს და გადაჰკრა, დასცა.ა. ხოლო ხავერდის ქულაჯაზე გადაესხა ცოტაოდენი ღვინო.

- ქულაჯაზე ნუ მასხამ ღვინოს, ე, ჩერჩეტო, განა შენს ხაჩანის ფაფანაკსა ჰგავს, რომ აგრე ბრიყვად ექცევი?! – შეუტია კოდალას. მერე ღრმად ამოიხვნეშა. სულ უკანასკნელი ყლაპიღა აკლდა და დაიყვირა: გაუმარჯოს ნეფეს და დედოფალს! გაუმარჯოს, ეჯიბო შენს ნეფეს!..

- გაუმარჯოს! გაუმარჯოს! მოცალა! მოცალაო! – ისმოდა აღტაცებული ხმა.

წრუწუნას მალე მოედო ღვინო და მოჰყვა ბაიათებს. ისე მღეროდა, რომ წრიპინით ყველას ყურები გამოუჭედა. მერე ცეკვაც დაიწყო. ხალხს სიცილით ჰხოცავდა. იმას კაჭკაჭი აჰყვა და დავლურს უვლიდნენ ორივენი. ყვავებს მუცლები ხელით ეჭირათ, იმდენს იცინოდნენ ამ სურათის მნახველნი.

- უჰ, დავიღალეო, - სთქვა ბოლოს თაგვმა; მართლაც პირზე და გულ-მკერდზე ხვითქი გადასდიოდა: იქვე სუფრის ახლოს წამოწვა. გამობურთული ფაშვი ზეცას მიაპყრო და ისე ქშინავდა.

სულ ბოლოს სუფრაზე ბულბული იჯდა, მგალობელი ჩიტი არა ლხინობდა, არ იცინოდა; დაღონებულ-დაფიქრებული უცქეროდა სეირს.

- მშვენიერო ბულბულო, რატომ შენს მშვენიერს ხმას არ გაგვაგონებო? – შესთხოვეს ბულბულს ფრინველთა.

ბულბული უარზე დადგა; განა ყოველთვისა ვარ სიმღერის იშტაზე, უგუნებოდ გახლავართო,- სთქვა მან.

როგორც იყო, ფრინველთა ხვეწნა-მუდარამ გასჭრა და ბულბულმაც დაიწყო. ფრინველთ ხმა გაკმინდეს, ბუზების ფრენა ისმოდა, ყვავილთ სული განაბეს და მოტრფიალე თვალებით შესცქეროდნენ მგოსანს. ბულბულმა დაიმღერა:

დიდება შენდა, ცათა მპყრობელო,
დიდება შენდა, ბუნების ძალო, -
დიდება, მეფევ გვირგვინოსანო,
და გადღეგრძელოს შენც, პატარძალო!
სიყვარულისას დავსწნავ გვირგვინსა,
სათნოებითა მოვქარგავ გარსა,
არ დავინანებ, ყველას შიგ ჩავქსოვ,
თუ ქვეყნად რასმე კი ვპოვებ კარგსა
და წრფელის გულით გამეტებულსა
იმას დაგადგამთ, ქალ-ვაჟო, თავსა.
სიყვარულია თვით ჩემი გული,
სხვისაც თუ ვნახხე, მომიდებს ალსა,
დღეს თქვენი ტრფობა უდიდესია
და მით იპყრობს ჩვენს გულსა და თვალსა.

ამ დროს შორიახლოს ხარირემი გამოჩენილიყო და გულმოდგინედ უგდებდა ყურსა ფრინველთა მღერას, ბულბულის სტვენას. ბულბულის სტვენამ ნაღველი აღუძრა გულში. რაღაც მოაგონდა, თვალებზე ცრემლი მოუვიდა, ამოიოხრა და გაბრუნდა, მიეფარა უღრანს ტყეს.

ფრინველთ გააბეს საერთო მღერა. ერთს სიმღერას ამბობდნენ ყველანი, ხოლო თავ-თავიანთს ხმაზე კი; ამ სიმღერაში ბუნების ქება იხატებოდა, ტყისა და დედამიწის მადლი. ამ მადლს მადლობას უძღვნიდნენ ფრინველნი. ამ დროს თვალის ვლებით გადმოიარა არწივმა; „არწივი, არწივი!“ გაისმა ხმა: „მეფე მობრძანდებაო!“ ერთბაშად ყველას ჩაუვარდათ მუცელში ენა, ხმის ამოღებას ვეღარ ჰბედავდნენ; ყველანი ცახცახმა, კანკალმა აიტანა.

მართლაც და საშინელი სანახავი იყო ამ დროს არწივი: რა უნდოდა? ერთის დატევების მეტი კი არ მოუნდებოდა, რომ მთლად ბურნუთად ექცია ფრინველთა ბრბო.

- რად შეჰკრთით, ხალხნო? ხმა ამოიღეთ. განა მეფე ჩვენს შემუსვრას იკადრებს, მოიწადინებს?! – ეტყოდა ფრინველთ ჩხიკვი მოძღვარი, - თუ მეტყვით, ამ წუთას აქ მოვიწვევ მეფეს.

ზოგნი უარზე დადგნენ; იმის თვალების ბრიალს ვინ გაუძლებსო, ამბობდნენ: ჩვენ კი ვეღარას ვისიამოვნებთ და რა იქნებაო. სხვებმა მოუწონეს, მოვიწვიოთ, მოვიწვიოთო.

მოძღვარი ჩხიკვი წავიდა სრიალით აღმა და გაუთამაშა წინ ფრინველთა მეფეს. არწივმა სიარული არ შეშალა, თითქოს ბუზი უფრინავდა წინა.

- გაუმარჯოს შენს დიდებულებას, ჩვენო მეფევ, - მისცა ქუდმოხდილმა ჩხიკვმა სალამი არწივს.

- გაუმარჯოს ჩხიკვსაც, - სთქვა მან დინჯად.

- ჩვენო დიდებულო მეფევ, გთხოვთ ქორწილში გვეწვიოთ, გთხოვთ გულით და სულით; მუხლმოყრით გევედრება მთელი შენი საყმო; თუ გვიკადრებს შენი დიდებულება, დიდად მადლობელნი დაგრჩებით, თავს შემოგევლებით.

- შეიძლება, რატომ! – სთქვა არწივმა, - გამიძეღ წინ!

ჩხიკვი დაეშვა თავქვე და არწივმაც შემოიკვეცა თავისი მძლავრი ფრთები და დაეშო თავქვე. ეს სურათი ცის მოგლეჯას ჰგავდა.

მთელი ფრინველთა გუნდი წამოიშალა და ჟივილ-ხივილით მიეგება წინ თავის მეფეს. არწივმაც თავისებური სალამი მისცა ფრინველთა კრებულს.

მოიწვიეს მეფე და დასვეს თავში. ყველანი ფეხზე იდგნენ ქუდმოხდილნი. ბულბული არა სჩანდა მხოლოდ აქ.

- შეგიძლიათ დასხდეთ, - უთხრა მათ არწივმა და ფრინველნიც უფროს-უმცროსობის წესზე დალაგდენ.

ეს ამბავი ოთხშაბათს დღეს მოჰხდა. ტყეში წასული ხალხი, თუ სამუშაოდ, თუ სანადიროდ, გაოცებული რჩებოდა. ამბობდა ყველა: ეს რა ამბავია, რამ გააწყო ჩიტები, რომ ერთის ხმაც აღარსაიდან ისმისო.

ხალხმა რა იცოდა, თუ ფრინველნი ჩხიკვთა ქორწილში იყვნენ, - განცხრომასა და ქეიფში.

არწივს მიართვეს ღვინო ჯიხვებით. იგი დაუზარებლივ სვამდა და ძლიერაც გამხიარულდა; შემოსძახა თავისი საზარელი ხმით რაღაც საგმირო სიმღერა; ყველას ტანში ჟრუანტელმა დაუარა.

- ღმერთო, - ეხვეწებოდნენ ყველანი ღმერთს, - ღმერთო, ნუ გააჯავრებ ნურაფრით ჩვენს მეფეს, თორემ გაგვჟუჟავს ერთ წამშიო.

არწივი მაინც არა ჯავრობდა, სთხოვდა ფრინველთ ემხიარულათ, ემღერათ, ეცეკვათ, მაგრამ ფრინველთ რაღაც გუნება გადაუბრუნდათ. არ იცოდნენ, რა დაემართათ, რომ ფრინველებისთვის გაბედულება მიეცა, არწივმა უბრძანა შთაებერათ ბუკ-ნაღარისათვის.

ბრძანება იმავე წუთას ასრულდა და არწივმაც დაიწყო ბობღვა თავის მძლავრის კლანჭებით: სულ გათელა თითქმის ის ყვავილიანი ადგილი.

მაინც კიდევ ვერავინ ჰბედავდა თამაშობას. ბოლოს ისევ წრუწუნამ გაჰბედა: ისეთი ლეკური დაუარა, ისეთს ბუქნაში ამოდიოდა, რომ მტვერი ცასა სწვდებოდა.

ერთხელ გატაცებული და გაცხარებული არწივსაც კი გადაახტა თავზე. ცოტა არ იყოს, ეწყინა მეფეს ყმის ასეთი ბრიყვული ქცევა, მაგრამ ზრდილობისა და შემთხვევის გამო, არაფერი უთხრა, მხოლოდ შეუბღვირა კი ერთხელ ისე, რომ თაგუნამ შიშისაგან კინაღამ სული განუტევა. მაინც ამ შებღვერვის შემდეგ წრუწუნა კაცად აღარ ვარგოდა, გახდა ავად, წავიდა და დაწვა ერთის ხის ძირას, ზედ ერთი ხმელი ვერხვის ფოთოლი წაიხურა.

ფრინველებში ყველაზე თამამად კოდალა იქცეოდა, კარგა გადაკრულიც გახლდათ და ისეთს ბაიათებს გაჰკიოდა, რომ მთელი მთა-ბარი ინძრეოდა. კოდალა ეხლა იქამდის გათამამდა, რომ მეფესაც აუხირდა.

- შენ მეფობა ვინ მოგცაო, - უთხრა მან არწივს, - ჩვენ როდის ამოგირჩიეთო.

- ბიჭო, შე ოჯახქორო, სუ, გაჩუმდი, რას ამბობ, შე თავხედო? – წასჩურჩულეს ფრინველთა.


- არც გავჩუმდები და არცა! რად უნდა გავჩუმდე, რაო ჩემო?!. – ამბობდა კვლავ შეზარხოშებული კოდალა. – თქვენ რა ხალხი ხართ? გული-გულში ყველას გეჯავრებათ, შვილოსან, და პირში კი ვერაფერს ეუბნებით. ბიჭობა პირად თქმაა.

არწივმა ბევრი იცინა კოდალას ახირებაზე, მაგრამ ფრინველთა ითაკილეს მეფის შეურაცხყოფა, შეიპყრეს კოდალა, ნისკარტში წბილა გაუყარეს და იქვე ხეზე მიაკრეს. დაღონდა კოდალა, აღარ იღებს ხმას, არ ესმის, რისთვის დასაჯეს ასე სასტიკად.

ფრინველნი რომ ამ გაზიდულობაში იყვნენ, მელა მოჰპარვოდათ ახლო. დიდხანს უთვალთვალა ცბიერმა ცხოველმა ტყის პირიდან და უცდიდა დროს, ფიქრობდა, ჯერ კარგად დათვრნენ, მაშინაა ჩემი დროვო. მელა იმ დროს დაინახეს, რომ ის-ის იყო უნდა ნეფე-დედოფლისათვის ეტაცა პირი. ატყდა ხმა, ყვირილი, აიშალა ფრინველთა გუნდი, ხოლო ნისკარტაღერებული არწივი ეძგერა მელას და ერთს წამს სული გააფრთხობინა. ფრინველნი გაიფანტნენ: ზოგი ხეებზე შესხდა, სხვა მაღლა ტრიალებდა. დაბლა არწივი და კოდალაღა დარჩა; ავადმყოფმა თაგვმაც განგაშის ხმაზე სორო მოძებნა. არწივმა კოდალაც გაათავისუფლა და უთხრა: ეგ მიქარვა მიაპტიებია, რადგანაც ნასვამი იყავი, და მერე აღარ გაბედო, თორემ ვაი შენს ტყავსო. თვითონაც აფრინდა, აფრინდა მაღლა, თითქოს ცას მიეკრაო, და იქ ირგვლივ დაიწყო ტრიალი. ქეთევანი და ზაქარაც მიეფარნენ უღრან ტყეს: ერთმანეთის ალერსში და კოცნა-ხვევნაში გაატარეს ის დღე და საღამოდ ერთის წიფლის ტოტზე დაეძინათ გვერდის-გვერდ.

რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს მოთხრობა საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს მოთხრობა საინტერესო?


ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია