მოთხრობები   ›   იროდიონ ევდოშვილი   ›   წერილი ბებიას ჩურჩხელებთან

წერილი ბებიას ჩურჩხელებთან

ფავორიტებში დამატება

პირველად მრავალ მოკითვას მოგახსენებთ, ჩემო საყვარელო, ფიქრიდან და გულიდან განუშორებელო ბებიას ჩურჩხელებო!

გისურვებთ გაზრდას, დასქელებას და თაფლივით დაშაქრებას.

თუ ჩემს ამბავს იკითხავთ, მე არა მიშავს რა, მაგრამ უთქვენოდ ობოლი და მოწყენილი ვარ. მართალია, შორსა ხართ, მაგრამ არ იფიქროთ დამავიწყდით; პირიქით, მე და ჩემი დედოფალა თინია ყოველდღე თქვენ გიგონებთ. თქვენ მაგიერ ჩემს დედოფალას ჩხირებით ვაბერებ და იმ სულელსაც უხარია, მართლა ჩურჩხელა ჰგონია.

როდესაც ქალაქისაკენ გამოვემგზავრე, თქვენ ჯერ ისევ ძაფებზე ეკიდეთ და მზეზე თბებოდით.

ოჰ, ნეტავი იმ დღეს, მე თქვენ ქვეშ ტაშ-ფანდურას ვუვლიდი ხოლმე. ორ-სამს კბილებით ბოლოში ნიშანიც დაგადეთ, რომ ბებიას არ არიოთ და სხვაგან არ ამოჰყოთ თავი. ახლაც თვალწინ მიდგია თქვენი სიმშვენირე, საროს ტანი, ყურძნისა და თხილის მრგვალი მარცვლები, მძივებივით ერთმანეთზე ასხმული და მხრებით ერთმანეთზე მიხუტებული კაკლის ლებანი. მე სკოლისაკენ გამოვეშურე, დაგტოვეთ ბებიას ანაბარა, ვინც იცის, რამდენჯერ მოგაფრინდათ ზედ გამსუნაგებული ნაცარა ქათამი! ვინ იცის, რამდენჯერ ჩაგკრათ თავისი გამწვეტებული ნისკარტი იმ წყეულმა! რა მექნა? თქვენც კარგად იცით, ჩემო საყვარლებო, არც სკოლას დანებდებოდა თავი, მაგრამ, იმედია, მალე ვნახავთ ერთმანეთს და გავიხარებთ.

როგორც ბებიაჩემი იწერება, საზამთრო ტანისამოსი კიდეც ჩაგიცვამთ, არ გამიცივდეთ, აგრემც თავს შემოგევლეთ! სქელსა და ტკბილ თათარაში ამოვლებულხართ, დამშვენებულხართ, დათაფლებულხართ და თეთრად შეპენტილხართ.

უი, თქვენ კი გენაცვალეთ მაგ თეთრ ქათიბებში! გიგონებთ და კბილებს სულ კაწკაწი გააქვთ.

იმ საძაგელ თაგვებსაც ძლიერ უფრთხილდით: იმათთანა ჩურჩხელის ონავარი მტერი დუნიზე არ მოძებნება. თუ ძლიერ შეკუჭულში არა ხართ, უეჭველად გამოგძებნიან ის სასიკვდილონი!

ნეტა რა უნდათ თქვენგან? თქვენ ხომ არავის რას უშავებთ, აწევხართ ერთმანეთზე პარკუწანაში და გძინავთ თქვენთვის. მაგრამ ფიქრი ნუ გაქვთ: ჯერ ერთი, ბებიას ყუთს გარშემო რკინა არტყია, მერეც ეს - მე რომ აქეთ მოვდიდი, ჩვენს მელანია კატას ყველა ვაჭამე და დავავალე, ყური ეგდო თქვენთვის; მააშ! გენაცვათ, აბა, ისე უპატიოდ ხომ არ გაგიშვებდით! მაინცდამაინც მანდარობას რომ გამოცალოთ, ისა სჯობია. ნათქვამია, სიფრთხილეს თავი არ ასტკივაო! მერეც ეს, ვიცი თქვენი გულის ამბავი, მოგწყინდებოდათ ბებიას სკივრში ძილი და ჩემი ნახვაც ძლიერ მოგინდებოდათ. ამიტომ კარგს იზამთ, ახალ წელიწადს ქალაქში ჩამოისეირნოთ თქვენს თამრიკელასთან. მგზავრობა მაინცდამაინც ძნელი არ არის. თვითონ ბებია დაგეხმარებათ. ვიცი აგრეთვე, მარტომ არ მოგიხდებათ მგზავრობა, ჩემი კარგი ბებუცი მეზობლებსაც გამოგაყოლებსთ: ვაშლს, ბროწეულს, ჩირს და, ვინ იცის, კიდევ რას არა. რა არ მოპოვება ბებიას საკუჭნაოში!

ჰო, იმას მოგახსენებდით: მგზავრობა ძნელი არ არის-მეთქი და ქალაქის ნახვაც არ გაწყენთ. რო იცოდეთ, რა ამბავია აქა და! გაკვეთილებიც მე, თქვენ და ჩემმა თინა დედოალმა ერთად ვისწავლოთ.

მაგრამ ერთ რამეს მაინც კიდევ გირჩევთ: ჩემს ძამია ვანოს არ ჩავარდეთ ხელში. მის ჩურჩხელებსაც შორს მორიდეთ და შიგ არ არიოთ, თორემ ერთ ყოფას დაგაწევთ. ხომ იცით მისი შარინი თავის ამბავი: თქვე ასეთებო, თქვე ისეთებო, ჩემი ჩურჩხელებისთვის გვერდები გიტკენიათ, თაფლი ჩამოგიყრევინებითო და კბილებისაკენ კი გაგაქანებსთ. ბებიასაცა ვწერ, თქვენთვის ცალკე პარკი შეკეროს და ზედ დაწეროს ჩემი სახელი. რაღა ბევრი გავაგრძელო, აგრემც გაგრძელებულხართ და გაზრდილხართ, იმედია, მალე ვნახავთ ერთმანეთს და, რაღა თქმა უნდა, ჩემს ალერსს არ მოგაკლებთ.

მშვიდობით, ჩემო შაქარებო, გადაგკოცნით სუყველას და მოუთმენლად გელით და გელით!

გწერთ თქვენ მომლოდინე და მოსიყვარულე

თამრიკელა.

რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს მოთხრობა საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს მოთხრობა საინტერესო?


ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია