მოთხრობები   ›   გურამ პეტრიაშვილი   ›   წვიმის მოყვარული კაცის ამბავი

წვიმის მოყვარული კაცის ამბავი

ფავორიტებში დამატება

პატარა ქალაქში ცხოვრობდა კაცი, რომელსაც წვიმა უყვარდა ძალიან.

ის წინასწარ გრძნობდა ხოლმე წვიმის მოსვლას, გავიდოდა ქუჩაში და ხელებგაშლილი შეჰყურებდა ცას.

მას რომ დანახავდნენ, გამოფინებოდნენ ქუჩაში ბავშვები და კაცთან ერთად ელოდნენ წვიმას.

გაწვიმდებოდა.

იდგა კაცი და სველდებოდა.

მის ირგვლივ ბავშვები დახტოდნენ.

_ ბავშვებს რომ უხარიათ წვიმაში ხტუნვა, გასაგებია, მაგათ რა მოთხოვებათ, მაგრამ შენ, ამხელა კაცს რა მოგდისო? _ ეკითხებოდნენ ხანდახან.

კაცი მხოლოდ ამას ეტყოდა ხოლმე პასუხად:

_ წვიმა ციდან მოსული წყალიაო.

ძალიან უყვარდა კაცს წვიმა, რაც არ უნდა დიდი საქმე ჰქონოდა, მაინც დათმობდა წვიმაში დგომის გულისთვის.

ხან ძილში იგრძნობდა, წვიმა უნდა მოვიდესო, და შუღამისას გამოვარდებოდა ქუჩაში...

ერთ დღეს ხელებგაშლილი რომ იდგა წვიმაში, იგრძნო, ხელისგულზე რაღაც დაცა მსუბუქად.

დახედა: გამჭვირვალე ცისფერი მარცვალი იყო.

კაცს ასეთი მარცვალი არასოდეს ენახა და ჩაფიქრდა, ნეტავ რა უნდა იყოსო.

წვიმამ რომ გადაღო, კაცმა ის მარცვალი ქოთანში ჩათესა და ქოთანი ავანზე გადგა.

კაცი სწორად მიხვდა, რაც უნდა ექნა.

ქოთანში ყვავილი ამოვიდა.

ყვავილი პატარა ბავშვის სიმაღლისა იყო, გრძელი, ბრტყელი ფოთლები ძირს ჰქონდა დაშვებული.

იდგა ყვავილი აივნის მოაჯირზე.

რომ გაწვიმდებოდა, გაშლიდა ჩამოკეცილ ფოთლებს და აელვარდებოდა ცისფრად.

ეცემოდნენ ყვავილს წვიმის წვეთები და ყველა წვეთი გამჭვირვალე ნაირფერ მარცვლებად იქცეოდა.

მარცვლები ქუჩაში ცვიდა და ბავშვები კრეფდნენ...

მიჰქონდათ სახლში ის მაცვლები ბავშვებს და თესავდნენ ქოთნებში...

...და მალე ყველა სახლის ავანზე იდგა ყვავილები.

გაწვიმდებოდა, გაიშლებოდნენ ყვავილები და თითქოს უცებ განათდებოდა ქალაქი.

სულ სხვადასხვა შეფერილობის იყვნენ ყვავილები: ზოგი _ წითელი, ზოგი _ მწვანე, ზოგი _ ჭრელი, ზოგი ქობინი იყო, ზოგი _ კოპლებინი და კიდევ ვინ მოთვლის, როგორი. მოხატულები ათასნარად. ლამაზად...

აფრქვევდნენ სურნელებას...

მოდიოდა წვიმა.

კრეფდნენ ბავშვები ცისფერი ყვავილის დაცვენილ, გამჭვირვალე მარცვლებს.

ემატებოდა ყვავილები პატარა ქალაქს და ქალაქი ერთ დიდ თაგულს ემგვანებოდა.

იდგა ბედნირი კაცი წვიმაში...

მერე ქალაქის ქალიშვილებმა, აი, რა მოგონეს... რომ გაწვიმდებოდა, აიღებდნენ ქოთნებს და ქუჩაში გამოჰქონდათ ყვავილები.

დაატარებდნენ ყვავილებს, უღიმოდნენ ერთმანეთს.

მკერდზე იხუტებდნენ ქოთანს, მათ თავს ზემოთ კი ყვავილები იყო გაშლილი.

ეს ყვავილები იყო პირველი ქოლგები ამქვეყნად.

დადიოდნენ ქალიშვილები წვიმაში, მოხიბლულები ქოლგა-ყვავილზე წვიმის წვეთების კაკუნით.

მერე მათ ხნიერმა ქალებმაც მიჰბაძეს და პატარა გოგონებმაც, _ ვისაც კი ქოთნის აწევა შეეძლო, ყვავილებს დატარებდა წვიმაში...

დიდებული სანახავი იყო წვიმა პატარა ქალაქში.

განსაკუთრებით ლამაზი იყო ქალაქი ზევიდან. დაქროდნენ ჩიტები და დასცქეროდნენ ქუჩებს. სიხარულით ევსებოდათ პაწია გულები.

ამბობდნენ, ბევრმა ჩიტმა სწორედ მაშინ ამოიდგა ენა, იმ სილამაზის შემხედვარემ დაიწყო ჭიკჭიკიო.

გალამაზდა ქალაქი.

მთავარი კი ის იყო, რომ ყვავილების სურნელებით დამტკბარი მოქალაქენი უფრო კეთილნი გახდნენ.

ერთმანეთს აღარავინ აწყენინებდა.

ის კი არადა, გოგონები ერთმანეთს აღარ ებუტებოდნენ იმის გამო, არა ჩემი დედოფალა უფრო ლამაზია, არა ჩემიო; ბიჭებს ხომ ფეხბურთის თამაშისას ერთხელაც აღარ მოსვლიათ ჩხუბი _ გავიდა ბურთი, თუ არ გავიდაო.

ყველა მადლირი იყო იმ კაცის.

... ერთხელ წვიმაში რომ იდგა და ცას შესცქეროდა, კაცს სიმღერა მოესმა. მოცილა მზერა ცას და დაინახა, მის ირგვლივ ლამაზ ქალიშვილებს ფერხული გამართათ. ცეკვავდნენ და მღეროდნენ, მათთან ერთად ისე დაქროდნენ ყვავილ-ქოლგები, თითქოს დაფრენენო.

კაცს მოწონა მათი ცეკვა-სიმღერა, მაგრამ, ცოტა არ იყოს, შერცხვა, ჩემს ირგვლივ რატომ გამართეს ფერხულიო.

განაგრძო ცაში ყურება...

მას შემდეგ ქალიშვილები ყოველთვის უვლიდნენ ამ კაცის ირგვლივ ფერხულს წვიმაში.

და ერთხელ, მარტო რომ დარჩა, კაცმა იფიქრა, მართლაც კარგი საქმეა, ყვავილ-ქოლგები რომ ვაჩუქე ქალაქსო და სიმაყე იგრძნო.

ერთხელ რომ იფიქრა მერე ხშირად მოსდიდა ეს ფიქრი თავში.

ახლა წვიმაში ცას ხშირად მოცილებდა ხოლმე თვალს და იღიმებოდა ქალიშვილების ფერხულით დამტკბარი.

ერთი დავთარი გაიჩინა და ყოველი წვიმის შემდეგ იწერდა: დღეს ამდენმა და ამდენმა ქალიშვილმა იხტუნა ჩემს ირგვლივო.

წვიმა ისე აღარ უყვარდა. ახლა უფრო თავის დავთარზე ფიქრობდა.

მერე ერთხელ განთიდისას გაეღვიძა. იგრძნო, წვიმა უნდა მოსულიყო. წამოჯდა და გაიხედა ფანჯარაში. ერთხანს იყო ასე. მერე ისევ დაწვა, თვალები დახუჭა, გაფიქრა, აბა ახლა, ამ დილათენია ვინ გამოვა საცეკვაოდ, ალბათ ყველას სძინავსო. დაამთქნარა და ჩაიძინა...

ერთხანს ეძინა...

და უცებ გაეღვიძა შეშფოთებულს.

გაიხედა აივნისკენ და დაინახა: წვიმდა, ცისფერ ყვავილს ფრთებივით გაშალა ფოთლები და ნელ-ნელა მიწევდა მაღლა...

_ ვაიმე, ეს რა ვქენიო! _ იყვირა კაცმა და წამოვარდა ზეზე...

... უცებ გაიღო ქალაქის ყველა ფანჯარა.

გამოიხედეს ნამძინარევმა მოქალაქეებმა და დაინახეს: წვიმაში მიფრინავდა ცისფერი ყვავილი.

ძირს კი კაცი მირბოდა საცვლების ამარა. საცოდავად მისძახოდა ყვავილს და ტიროდა...

გადაიარა ქოლგამ ქალაქის თავზე. გაჰყვა თან კაცი, მიეფარა თვალს.

გაიხედეს მოქალაქეებმა თავიანთი ყვავილებისაკენ... და ნახეს, გამქრალიყო ყვავილები...

 

* * *

 

ახლაც ხშირად წვიმს პატარა ქალაქში.

დახტიან პატარა გოგო-ბიჭები, დასდით თავზე ციდან მოსული წყალი...

ქოლგებს ახლა თვითონ აკეთებენ ადამინები, მაგრამ ეს ქოლგები იმ ყვავილ-ქოლგებს ვერ შეედრებიან სილამაზით და რადგან არც იმ ყვავილების სურნელი გააჩნიათ, ამიტომ ვერც იმას შველიან, რომ მოქალაქეებმა ერთმანეთს არ აწყენინონ.

ვერ ივიწყებს იმ ყვავილებს პატარა ქალაქი.

ხანდახან ქალიშვილები ჩაფიქრდებიან წვიმაში და ეჩვენებათ, ქოლგა კი არა, ყვავილი გვიჭირავს ხელშიო. ამიტომაც, ისე ფაქიზად დატარებენ ქოლგებს, კაცი იფიქრებს, უცებ ქოლგები რომ შეხონ ერთმანეთს, გაქრებიან თავიანთ ქოლგებიანადო.

კაცებს ახსოვთ იმ კაცის დიდი შეცდომა და, როგორც კი წვიმა წამოვა, უმეტესობას გული გარეთ მიწევს. მოგონებენ, ვითომ რაიმე საჩქარო და გადადებელი საქმე ჰქონდეთ სადღაც და გამოდიან ქუჩაში.

დადიან სერიზული სახით, თან ერთმანეთს თვალს არიდებენ: ვითომ ვერ ხვდებიან ერთმანეთის გულისნადებს.

მაგრამ აღარ ვარდება ციდან ცისფერი გამჭვირვალე მარცვალი...

დადიან კაცები წვიმაში...

სველდებიან თავიდან ფეხებამდე...

ღამით კი შფოთავენ ძილში.

ზოგიერთებს ეღვიძებათ, შუღამისას სტოვებენ სახლებს და მიდიან ცისფერი ქოლგის საძებრად.

ძებენ მთელ ქვეყანაზე, ეძებენ და ვერ უპოვიათ.

 

რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს მოთხრობა საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს მოთხრობა საინტერესო?


ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია