ღვია

ფავორიტებში დამატება

ღვია პატარა, მარადმწვანე ბუჩქს ჰქვია მთაში. უმეტესად კლდეზე იზრდება. დაკლაკნილი წვრილი ტოტები განზე აქვს გაფშეკილი. სიმაღლით კი კაცის სიმაღლეც ვერ იქნება.

ეს ახლა, თორემ უწინა ასეთი ტანისა არ ყოფილა ღვია. ვერც ისე მარტოდმარტო ნახავდა ვინმე. უღრანი ტყის შუგულში იდგა ამაყად. გარს დიდრონი ხები შემოსდგომოდნენ - დაკოჟრილი მუხები, ჭადრები და ტანსრული წიფლები. ღვია ყველაზე ლამაზი იყო მათში. გაზრდილობითაც სჯობდა სვხებს. წვერი კინაღამ ცისთვის ჰქონდა მიბჯენილი. მზის ოქროსფერი სხივი პირვალად მას ეფრქვედა თავზე. დილიდ ცელქი ნივიც ყველაზე წინ გაჰკრავდა ფრთას, მილერსებდა და ნაზად შეურხევდა ქოჩორს.

რადგან სხვებზე მაღლა იყო, ირგვლივ ყველაფერს ხედავდა. საავდრო ღრუბლების გაჩენას ის შენიშნავდა პირველად და მოსალოდნელ ქარიშხალს წინასწარ ატყობინებდა მეზობლებს.

- აბა, ძმებო, მხარში ამომიდექით, ახლოს მოწიეთ, დიდი მეხთატეხა მოგველის და არ შეშინდეთ! - ეტყოდა ხეებს.

ვინ მოსთვლის, რამდენი ნიაღვრობა, სეტყვა და ჭექა-ქუხილი გადატანიათ ხეებს, მაგრამ ერთმანეთის დახმარებით ყოველთვის უვნებლად გადარჩენილან. რამდენჯერ მუხას ციდან ნატყორცნი მუხის ნატეხი საკუთარი ტოტებით დაჭერია და ღვიისთვის კი აუცდენია. დღესაც ატყვია მუხას მაშინდელი ნამეხარები.

ღვიას ყველაზე მეტი ხვდებოდა სეტყვა და მეხი, გრიგალიც მთელი ძალით ეჯახებოდა, მაგრამ ამაზე არასოდეს წუწუნებდა. ამიტომაც უყვარდათ ასე გულით ხეებს თავიანთი ძლირი ამხანაგი. დღეებს მის ალერსში აღამებდნენ. საღამობით კი ძმობისა და მეგობრის ზღაპარს უამბობდნენ ჯერ-ჯერით. განთიდისას ესალმებოდნენ, აქებდნენ და თავს უკრავდნენ მალობის ნიშნად.

ნადირთა და ფრინველთა მეგობარიც იყო ღვია. დასიცხული ირემი მუდამ მის ჩრდილში ისვენებდა. ტყის ჩიტები - ბოლოცეცხლები, პრანწიბი და გულწითელები ღვიის ტოტებში იდგამდნენ ბუდეებ და დილიდან საღამომდე ტკბილად უგალობდნენ სხვადსხვა ხმაზე.

ყველას მოსწონდა ღვია.

- რა ლამაზია ეს დალოცვილი, როგორ ამშვენებს ირგვლივ ყველაფერს - ქებით იტყოდნენ ღვიის სილამაზით მოხიბლული მეცხვარები და მთაში მიმავალნი ერთ ღამეს მაინც გათევდნენ მის ტოტებქვეში.

ამ ქებას პირველად არაფრად აგდებდა ღვია. არც თავი მოჰქონდა ზომაზე მეტად, არც ყოყოჩობდა. პირიქით, ვინც ძლირი და ღონირია, თავდაბალი უნდა იყოსო, ამბობდა. მაგრამ ბოლო დროს თანდათან გამედიდურდა, ნელ-ნელა აბუა მეგობრები და ბოლოს სულაც შეაქცია ზურგი.

- რა ჩემი საკადრისია ამ ტყეში ყოფნა, - თქვა და ზიზღით გადახედა ხეებს, - არა სჯობია, აგე, იმ მაღალი კლდის თავზე ვიდგე ჩემთვის. მარტოკა უფრო ლამაზი გამოვჩნდები და მნახველებსაც უფრო მოვეწონები.

ეს რომ თქვა, ბევრი აღარ უფიქრია, მაშინვე წასასვლელად მოემზადა.

შეწუხდნენ ხები ძალიან.

- ნუ მიგვატოვებო, - ემუდარებოდნენ, - ჩვენთან დარჩი. ჩვენ ტოტებს ავიკეცავთ, განზე გავიწევით და ყველაზე ფართო ადგილას დაგითმობთო.

- რა მინდა თქვენთან? - აგდებულად მიგო ღვიამ, - საფრთხობელებივით მეხვევით გარს და ამ ლამაზ შესახედაბას მიფარავთ. აქ თექინი მეცვხარების მეტი ვერავინ მხედავს, იქ კი მთელი ქვეყანა დამინახავს.

- დამიჯერე, ძმაო, - უთხრა მუხამ, - მარტოკა ვერც ქარიშხალს გაუმკლავდები, ვერც ყინვას ვერ გაუძლებ. მთაში მკაცრი ზამთარი იცის დაჩაგრებიო.

- როგორ თუ დავიჩაგრები, - გაბრაზდა ღვია, - განა აქამდე სულ მარტოკა არ ვიტანდი ყველაფერს?! თქვენ ხომ არ გგონიათ, დიდად მეხმარებოდით! მე უთქვენოდაც ძლირი ვარ, თქვენ კი თქვენი თავის მოვლაც კი არ შეგიძლიათ.

ეწყინა მუხას, ამიტომაც აღარაფერი უტხრა. თავი ჩაღუნა და ნამეხარ ტოტებს ჩააცქერდა ნაღვლინად.

- გაგონე მუხას, მართალს გეუბნება, - ურჩიეს ჭადრებმა და წიფლებმა, მაგრამ ღვიამ ყურიც აღარ უგდო. წავიდა წინათვე შერჩეულ კლდის თავზე დადგა. იქედან დაცინვით გადმოხედა ძირს თავის თანამოძმეებს და მნახველების მოლოდინში მედიდურად გაიჯგიმა. მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. მის სანახავად არავინ მოსულა. მეცხვარეებმა თითქოს დავიწყეს. მთის ფრინველები კი ახლოს არ გაკარნენ უცხო სტუმარს, ისევ სალ კლდეებზე ჯდომა ამჯობინეს ძველებურად.

არ მოწონა ეს ღვიას, მაგრამ გული მაინც არ გატეხა, - დღეს თუ არა, ხავლ მოვლენო, - ამბობდა, არაფერია, მალე გამიცნობე. მერე გამოფენაზედაც წამიყვანენ და მთელს მსოფლიოს შემომატარებენ. ოჰ, რა ბედნირუ ვიქნებიო! - ფიქრობდა გულში და ბედნირების მოლოდინში წინასწარვე სიმოვნებით იზმორებოდა.

ამ ოცნებით თავბრუდახვეულმა ღვიამ ვერ შენიშნა, როგორ წამოშალნენ ხებიდან ლეგა ღრუბლები. მხოლოდ მაშინღა გამოერკვა, როზა ზლაზვნით გადარეს თავზე. შეერთდნენ და აბლაბუდასავით შემოეხვივნენ ირგვლივ. მაგრამ სანამ გონს მოვიდოდა, ცამაც დაქუხა და მაღლიდან გრილით წამოვიდა მსხვილი სეტყვა. სეტყვას ქარიშხალი დაერთო.

ღვია, ჩველებრივ თამამად შეგება განსაცდელს. არად აგდებდა ქარ-დელგმის შემოტევას. მაგრამ მარტოკა შებმა არც ისეთი ადვილი გამოდგა. ელვამ შუზე გაპო ტანი, სეტყვამ სულ გაგლიჯა მწვანე სამოსი. გაჭირდა ღვიას, მშველელი კი არსად ჩანდა. აღარსად იყვნენე ძველი მეგობრები - მუხები და ჭადრები, რომ გვერდში ამოსდგომოდნენ ძველებურად. ბევრი ეძახა მაღლიდან - მიშველეთო! - მაგრამ ხმაც მიაწვდინა შორს დარჩენილ თანამოძმეებს.

ამინდი კი, თავისას შვრებოდა. ღმუდა გამძვინვარებული ქარიშხალი და ღვიას ხან აქეთ ახეთქებდა, ხან იქით, ტოტები მიულეწ-მოულეწა და კინაღამ თვითონაც ძირინად მოთხარა.

რაც ქარიშხალმა დააკლო, ზამთრის ყინვამ დამატა. ნაგვემ-ნაცემი ტოტები მთლინად შეყინა. პირველ გაზაფხულზევე დატყო ღვიას სიმარტოვე, ფოთოლი სრულად ვეღარ გამოიყარა. მალე ნამეხარი ტანი დაფუტუროვდა, შუზე გადაემტვრა და ღრმა უფსკრულში ჩაიჩეხა.

დარჩა ღვია კლდის თავზე დასახიჩრებული. აღარსად წასვლის თავი აღრ ჰქონდა. ქარ-დელგმა და ყინვა-სუსხი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, ღვიას ყოველ წელიწადს თითო-ოროლა ტოტი აკლდებოდა და თანდათან პატარავდებოდა. ბოლოს ისე დაჩიავდა, რომ, ერთ დროს უზარმაზარი ხე პაწაწინა, უმწეო ბუჩქად გადაშენდა და შორიდა, კლდეზე აფოფხებული მწვანე ზღარბი გეგონებოდათ.

დგას ახლა ეს აბურძგნული ბუჩქი კლდის თავზე და ნაღვლინად გადმოჰყურებს აქოჩრილ ტყეს. წუხილით იგონებს იმ ბედნიერ დროს, როცა თვითონაც ახოვანი და ლამაზი იმ ხეებს შორის ცხოვრობდა. იგონებს და გული ბოღმით ევსება, ნანობს თავის შეცდომას, მაგრამ წამხდარ სქმეს ვეღარაფერს შველის.

რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს მოთხრობა საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს მოთხრობა საინტერესო?


ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია