kids.ge logo

მგელი

ფავორიტებში დამატება

ფრიად დაღონებული იყო. ბევრჯერ მოჰშივნია, ბევრჯერ უთხრია ტოტით მიწა და იმით დაუნელებია კუჭის წვა; ბევრჯერ ფუტურო ხე უღრღნია კბილით, გაძღომის გულისთვის. სიმშილისაგან შეწუხებულს ბევრჯელ უთხოვნია ღვთისთვის: „ღმერთო, ჩვენო გამჩენო, მომეც საზრდო, რომ გავძღე, ნუ მომკლავ სიმშილით!.. შენი გაჩენილი ვარ, დამარჩინე, უფალო!“ – მაგრამ როცა ღმერთს შეუსმენია მისი თხოვნა, მგელს დაჰვიწყნია მადლობის გადახდა. სამაგიეროდ, როცა ამაოდ ჩაუვლია მის თხოვნა-ვედრებას, სამდურავი, საყვედური გამოუცხადებია ღვთისთვის: „შენ ღმერთი კი არა, არ ვიცი რა ხარ. არ იცი შეწყნარება, არ იცი სიბრალული. გევედრები, არ მისმენ; შეგიძლიან აასრულო ჩემი თხოვნა და არ გინდა. რა დავაშავე? მითხარი, რა დავაშავე? რა ცოდვა მოვიმოქმედე?“

როცა ამ სიტყვებს ამბობდა ეს საცოდავი ნადირი, უნდა გენახათ, მაშინ რა საზარელი შეხედულება ჰქონდა და მასთან საბრალო. თუმც ორივე თვალი ცისაკენ ჰქონდა ამართული, მასთან ერთი თვალით მაინც ალმაცერად იცქირებოდა: მიწას, ტყეს არ აშორებდა… ვინ იცის, როგორ იყოს საქმე! ან ლუკმა არ ამცდეს, ან მტრის მსხვერპლი არ გავხდეო; მისი თვალები ცასა და დედამიწას ცეცხლის სხივებს ესროდა; ეს ცეცხლი სხვა ჯურის ცეცხლი იყო, იგი არა ჰგავდა არც ცეცხლის, არც მზე და მთვარის სინათლეს, ხოლო საშინელი სანახავი იყო ეს სინათლე.

ყველასაგან მოძულებული და ყველასაგან შეჩვენებული დღესაც დაღონებული იწვა უდაბურს ტყეში. ორივე ტოტი წინ გაეწოდა, დიდი სალი კლდე თავზე დასჩერებოდა და ზურგს უმაგრებდა; მგელი ცის სივრცეს გასცქეროდა. მას სასმელ-საჭმელი აღარ აწუხებდა. მაშ რადა სწუხდა? რად იყო დაღონებული? რას ფიქრობდა ეს ბეჩავი ცხოველი? გიკვირსთ? ნუ გაგიკვირდებათ!.. დღეს მგელი სრულიად სხვა რასმე ფიქრობდა და ისევ ამ ფიქრით ღმერთს ემუდარებოდა: „ღმერთო, რად გამაჩინე მგლად?! რადა ვძულვარ ყველას? რად მომეცი ბუნება მგლისა? რადა ვარ სისხლით გაუმაძღარი? ათასს სულ ცხვარს ერთს ღამეში თავებს გავბალთავ, განა ერთი არ მეყოფა?! რად მიყვარს ხორცის ჭამა და სისხლის სმა?! რატომ არა ვარ შველი, ან ირემი, თუნდ ბეჩავი კურდღელი?.. კურდღლობა მე არ შემიძლიან, არც ირმობა, არც შვლობა… ჩემი ბუნება სულ სხვაა, ეშმაკი მიზის გულში და მიჩანგებს: „გააფუჭე, წაახდინე!.. აგებული დაშალე, ცოცხალი მოკალ, შათქი, შაყლაპე!.. რაც შეიძლო, ბევრი სისხლი დაანთხიე!.. ნუ დაჰზოგავ ნურავის, რასაც კბილი და კლანჭი მიგიწვდება! თესე ქვეყანაზე ვაება, ტირილი და გლოვა, სისხლი და ცრემლი!..“ აი ჩემი ნდომა, ჩემი წადილი, ჩემი ბუნება… ააახ!.. არ მინდა ვიფიქრო, არ მინდა გავიხსენო ჩემი ცოდვები… ააახ! ღმერთო, ღმერთო, შე დალოცვილო! რა უბედური, რა ყველაზე საწყალი გაგიჩენივარ! და განა მარტო მე? რა საჭიროა ან ვეფხვი, ან დათვი, ან სხვა სისხლის მსმელი ნადირი?.. რას ვაკეთებთ ჩვენ? არაფერს, ცოდვის მეტს. ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი არსება თავიდან ბოლომდე დაგვირგვინებული ცოდვაა. არ შეგვეძლო განა ბალახი გვეძოვა და ისე გვეცოცხლა? სისხლის მაგივრად წყალი გვესვა? ჩვენ ყველგან შიშსა ვთესავთ, ჩვენი ყველა სულდგმულს ეშინიან და ყველა გვემტერება. ზოგი, ვისაც ხელის შემობრუნება არ შეუძლიან, გაგვირბის; ვისაც თოფი და ტყვია-წამალი აქვს და გული ერჯის, სასიკვდილოდ არა გვზოგავს… ოოოხ! არა, არა! არა ღირდა ჩვენი გაჩენა… მე მგლობამ უბედურების მეტი სხვა არაფერი მომიტანა… იქ რა უნდა, რა ესაქმის ბედნიერებას, საცა ქენჯნა და მხილებაა სინდისისა?!. რა მქვიან მე? – მგელი. უვარგისს, უმსგავსს სახელს ვატარებ. ნუთუ ამისთანა ყოფნა ყოფნაა, ამისთანა სიცოცხლე სიცოცხლეა?!. არა, ეს მკვდარი სიცოცხლეა. როცა დავდივარ, უსულო და სულიერი ყველა ზიზღითა და შიშით იძახის: „მგელი!..“ გასქდი, დედამიწავ, და თან ჩამიტანე! ფუუუჰ!.. ჩვენ როცა გვშიან, ერთმანერთსაც კი ვჭამთ: თვით ჩემი დედა, და-ძმები მგლებმა დაჭამეს და მეც, იქნება… ჰო, იქნება კი არა, სწორედ შესაძლებელია ჩემივე მსგავსის, ჩემის თვისის და ტომის საგლეჯ-საწეწი შევიქმნა ოდესმე. მითხარით, მირჩიეთ, რა ვქნა? რითი ვუშველო ჩემს თავს? საით, როგორ დავახწიო თავი ამ მგლურს ბუნებას, ამ წყეულს, ამ შეჩვენებულ წადილთა და გრძნობა-მისწრაფებათა ხროვას?.. ეეეჰ!“ – სთქვა მან და მწარედ კბილები დააკრაჭუნა.

ამ დროს იქვე ხეზე ჩხიკვი ჩამოჯდა, მგელს დააცქერდა, კისერი გადმოძაბა, იმანაც თითქოს კბილები გააკრაჭუნა, დაუწყო კირცხება, ჯავრება და შემდეგ „ჩხიიი, ჩხიიი“ გააბა… ბოლოს, ისევ თავს დაუწყო კანტური და მოჰყვა: „საწყალო, საწ-ყა-ლო!.. საწყალო!.. ხა-ხა-ხა!“ – თან გაიცინა; ფრინავდა მოუსვენრად ტოტიდან ტოტზე, ნავარდობდა, ცელქობდა, მხიარულობდა. მდინარე, ქვეით ხევში ლოდებზე მომდინარეც, ტკეპნით მიაქანებდა ტალღებს, თითქოს ისიც რაღაცას ამბობდა, თითქოს მიმხვდარიყო და თანაუგრძნობდა მგლის გულის ტკივილს – „უყურე, მგელს, – ამბობდა იგი, – ვინ მგელი, ვინ ეგ სიტყვები? ღმერთო, ამას რას მოვესწარი!.. მიკვირს, გამკვირებია!“

– რად სცრუობ, ვის ატყუებ? შენ, იქნება, ან ავადა ხარ, ან მოხუცდი და აღარ ძალგიძს მგლური ნავარდი და მიტომ მოინდომე გადასხვავება? გინდა იმ ერთ ადამიანივით, სამოცდაათი წელი რომ გარყვნილებაში გაატარა და როცა ყოველი ძალა და ჯანი გამოელია, გარყვნილების მასაზრდოებელი, მაშინ შედგა ბერად სულის მოსაგებად, – შენც სული მოიგო? სტყუი, სცრუობ! – შემოსძახა მდინარემ ქვევიდან.
– არა სტყუის! – დაიჩხავლა ჩხიკვმა, – გულწრფელად ამბობს.
– არა სტყუის! – დაიბუტბუტა კლდემ, მგლის თავზე შავად დაყუდებულმა.
– მართალია, მართალი, არა სტყუის! – დაიგრიალა ტყემ და მიშოლტ-მოშოლტა თავისი ფოთლიანი ტოტები.
– განა, აქაო და მგელიაო, სიმართლეს არ იტყვის, არაფერი დაეჯერება? – დააკაკუნა კოდალამ.
ხოლო მგელი ხმას არ იღებდა… გარინდებული იყო.
– ვაჰ!.. მე რომ… მე რომ ის… ვიყო? – ბუტბუტებდა და თან დასთვლიმა.
დასთვლიმა და რა მოესიზმრა? ირმად ქცეულიყო, მშვენიერი ტანისა, ბოჯოჯღი რქებით შემოსილი, ყელმოღერებული სხვა ირმებთან ერთად დანავარდობდა ტყეში.
მძინარას გრიალი, ხმელი ფოთლების შრიალი და ლაწა-ლუწი შაესმა. ფეხზე წამოდგა… მის პირდაპირ დამთხალი ირმები გარბოდენ.
– ეჰ, გამასწრეს!.. – სთქვა მგელმა თავისთვინ, – მოვტყუვდი. წავიდენ, წავიდენ! მირბიან, მირბიან!
ხოლო თვალს ვერ აშორებდა, ირმებს თან გაჰყვა მისი თვალები. მონადირემ, რომელიც ირმებს მისდევდა, გაბრიყვებულს მგელს თვალი შეასწრო.
– ირმები თუ გამექცნენ, ეს ხომ აქ არის! – სთქვა მან და გამოუმიზნა თოფი. თოფი გავარდა… და მგელიც წაიქცა…
მოკვდა მგელი…
ამ შემთხვევამ ყველანი გააოცა.
– დიდება შენთვის, უფალო, წინადიგრძნო სიკვდილის მოახლოვება, თორემ ვინ მგელი, ვინ მაგისთანა მსჯელობა? – ამბობდა კლდე.
– საწყალი, საწყალი მგელი! – დუდუნებდა მდინარე, – თქვენ არ დაიჯერებთ, ცხონებულია!..
– კრრრიია! – გაისმა კოდალას კაკუნი. ჩხიკვი კი მაღლა ხის ტოტზე დაფარფატებდა და უგემურად ჩხიკვინებდა… ტყე არაფერს ამბობდა, თავი დაბლა დაეღო და ღრმა, საიდუმლო ფიქრებში იყო გართული.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

თამაში უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გართობა და მხიარულება

თამაშის საშუალებით ბავშვი სწავლობს ფიქრს, დამახსოვრებას, პრობლემების გადაჭრას, თავისი აზრების, ემოციების გამოხატვასა და მათთან გამკლავებას.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024