kids.ge logo

დაკარგული წიგნი

ფავორიტებში დამატება

შაჰ-თამაზის შუბლზე ასპიტის1 თვალივით ელავდა კვერცხისოდენა ალმასი. ირანის მბრძანებელი ყოველთვის მზის პირდაპირ დგებოდა, რომ ალმასიდან შადრევანივით ანაფრქვევი სხივებით ქვეშევრდომთათვის თვალი მოეჭრა. ამიტომ მრისხანე ყაენს ვერავინ უმართავდა თვალს და ყველანი, მდაბიონი და დიდებულნი, ყოველთვის დამხობილნი იყვნენ მის წინაშე.

ახლაც, მუხლებზე დაშვებული, მისი ერთგული ქაიხოსრო ათაბაგი რიდითა და კრძალვით მოახსენებდა:

- აი იმ კლდეებში, რომელთაც ანათებს შუქნი თქვენი თვალისა, იმ კლდეებში, რომელთ ეწოდება ვარძია, არს საგანძური უამრავი. და არს იმ კლდეებში სენაკები რიცხვით ათასამდე და ტაძარი გამოკვეთილი იმავე კლდესა შიგან, შემკული მრავლის ხატითა, ოქრო-ვერცხლითა და თვლებით პატიოსანით. და აქვს ციხესა მას ორი ბჭე2 რკინისა და ერთიც მთლიანად ოქროსი ნაჭედი დიდის ხელოვნებითა და ოსტატობითა, რომელზე გამოკვეთილ არს სახე თამარისა და მამისა მისის გიორგისა. ხოლო ამჟამად ციხესა შინა იმყოფებიან მცირედისა ჯარითა პატრონნი ლორისა და ბამბაკისა. დაუძინებელნი მტერნი თქვენისა მზეებრ სხივოსნობისა - შერმაზან და ვახუშტ დიასამისძენი.

შაჰ-თამაზი უსმენდა და წარბებშეკრული გასცქეროდა ვარძიას. მას გვერდით უდგნენ სარდლები - ისმაილხან და სახეგაჩეხილი სელიმხან. მათ შემდეგ მორჩილად თავდახრილნი იდგნენ: ბეგლარბეგნი შაქ-შირვანისა, შამშადილისა, რანისა და პატრონ-მპყრობელი ჰერეთ-კახეთისა ლევან. უფრო მოშორებით კი მობიბინე ველზე გაშლილიყო ყიზილბაშთა ლაშქარი, საპალნიანი3 ცხენებით და ბარგი-ბარხანით დატვირთული უამრავი აქლემით. ლაშქარს დაღლა ეტყობოდა. შაქიდან ისინი პირდაპირ  ხერთვისისაკენ დაიძრნენ და გზად მხოლოდ ღამის გასათევად ჩერდებოდნენ. და აი მზე უკვე დასავლეთისაკენ გადახრილიყო, როდესაც მათ წინაშე, მტკვარს გაღმა, წამოიმართა კლდეში გამოკვეთილი ქალაქი. ლაშქარი შედგა და ყაენი წავიდა წინ სარდლებთან ერთად.

კარგა ხანს თათბირობდა შაჰ-თამაზი დიდებულებთან და გასცქეროდა ვარძიას. ბოლოს სელიმხანმა რაღაც უბრძანა ეტიკს4, რომელიც სწრაფად მიბრუნდა, ძუნძულით გაიქცა ლაშქრისაკენ და ხმამაღლა დაიძახა:

- კარვები გაშალეთ, ბანაკად ვდგებით!

მეომრები აიშალნენ, აქლემები დააჩოქეს, ცხენებს საპალნეები მოხსნეს და აბიბინებული მინდორი მალე მოიფინა ათასგვარი კარვით. ბანაკის შუაში აიმართა ყაენის დიდი კარავი დარბაზით, პატარა ოთახებით, დაფენილი თექის ხალიჩებით და გადატიხრული ყალამქრებით. კარვის თავზე აფრიალდა ყაენის ალამი.

ყაენი მობრუნდა, დიდებულებთან ერთად კარავში შევიდა. ტახტზე შესკუპებული მოშინაურებული მაიმუნი ხელის ქნევით ძირს ჩამოაგდო, დაჯდა და დიდებულებს მიმართა:

- ციხე ესე და ქვაბნი5 მიუვალად ჩანს. თუმცა არ არის რა ამა ქვეყნად მტკიცე ისეთი, რომელიც წინა აღუდგეს ჩემს ძლიერებას, მაგრამ გვიჯობს წარვუგზავნოთ მათ უსტარი6, რათა ნებით მოვიდნენ კარავსა ჩემსა ხარაჯითა7 და მმორჩილებდნენ, ხოლო რისხვა ჩემი შევუცვალო მათ წყალობად.

უკანასკნელ სიტყვაზე შაჰს თვითონ გაეღიმა. დიდებულები მიხვდნენ და ერთმანეთს გადახედეს. შემდეგ ყაენმა მიმოიხედა და ვიღაცას თვალით ძებნა დაუწყო.

- ზიადოღლ-შავერდ-სულტან-ნადარხან-უსტაჯარლუ, წინ წამოდექ!

დიდებულთა წრე გაირღვა და შაჰის წინ წარსდგა დაბალი და ჯუჯა კაცი, საოცრად განიერი მხრებით და ო-სავით მოგრეხილი ფეხებით. ყბებზე წვერი არ ჰქონდა, ხოლო ულვაშები ტუჩის ბოლოებზე მიჰკროდა. ზიადოღლიმ დაიჩოქა და შუბლი ნოხზე დაადო.

- შენ გავალებ ამ ქვაბების აღებას, - მიმართა შაჰ-თამაზმა და ზევიდან ოდნავ დახედა, - მიუვალ კლდეებში გამოცდილი ხარ და უძლევი, ხოლო ჯილდოდ მიბოძებია შენთვის ულამაზენი ქალნი, ამ ქვეყნის პატრონთა ნათესავნი, რომელნი იმყოფებიან ქვაბსა ამას. ამჟამად ჯარი დააწყვეთ, საბრძოლად იყავით მზად და დილისათვის ელოდეთ ჩემსა ბრძანებას.

ზიადოღლი ფეხის წვერებზე ემთხვია შაჰს და მაშინვე გავიდა.

- მდივანბეგო, დასწერე უსტარი! - უბრძანა ყაენმა მაღალსა და უცნაურად სახეგაყვითლებულ კაცს, რომელმაც მაშინვე მოიკეცა, გულზე ჩამოკიდებული სამელნე შეისწორა, ქაღალდი გაშალა და ფრთა მოიმარჯვა.

„მე, შაჰ-თამაზი, ყოვლისა ცასა ქვეშისა უმაღლესი, მიმსგავსებული ანგელოზთასა, თანამდგომი ღვთისა, მოვლინებული დიდისა ალაჰისაგან, მოგიმცნობთ თქვენ, უსჯულოთ ლორისა და ბამბაკის პატრონთ შერმაზან და ვახუშტ დიასამიძესთ, აწ მე მოვალ, რათა განგწვართოთ თქვენ და ყმანი თქვენნი, არა ოდეს აღებად ხრმლისა8, რომელი ღმერთსა ჩვენთვის უბოძებია. ხოლო ცხოვნებით იგი ოდენ ვაცხოვნო, რომელმა უწინარეს ამა უსტარის მიღებისა, თაყვანი მცეს წინაშე კარვისა ჩემისა და აღიაროს ქადაგება მოჰმადმოციქულისა და უარყოს სჯული თვისი, და ხელითა თვისითა იწყოს წინაშე ჩემისა ლეწად9 ჯვარისა, რომლისა მიმართ დაგიცსთ10ცუდი სასოება“.

ყაენმა ცერზე წამოცმული დიდი ბეჭედი დაასვა უსტარს, თვალი გადაავლო, დაახვია და გადასცა შიკრიკს.

შიკრიკი გაიქცა ქვაბებისაკენ.

შაჰი ადგა, დიდებულებთან ერთად კარვიდან გამოვიდა და თავისი შუბლის დიდი ალმასის შუქი ვარძიის კლდეებს შეანათა.

ვარძიის თავზე მზე ჩადიოდა.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

გონივრული შეზღუდვები - კონტროლი

ბავშვებისთვის აუცილებელია შეზღუდვები, რითაც ისინი შეძლებენ გაიგონ როგორ იმოქმედონ ხშირად კომპლექსურ სამყაროში. გამოავლინეთ სიყვარული თქვენი ბავშვებისდამი შეზღუდვების დაწესებით, რათა მათ შეძლონ უსაფრთხოდ აღმოაჩინონ თავიანთი მისწრაფებები.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024