kids.ge logo

ჩვენი მამალი

ფავორიტებში დამატება

მეტად ამაყია ჩვენი მამალი: ეზოში მედიდურად დადის, დროგამოშვებით შედგება და დაიყივლებს; ჯიჯლიბო გვერდზე გადაუგდია, როგორც თავმომწონე ბიჭი გადიგდებს ხოლმე ქუდსა. საყივრები ხმლებივით ბოლოდამ უკანა აქვს გადაშვებული, თითქმის მიწაზე მიათრევს. მტრის მოსაგერი დეზები შემოკაუჭებული აქვს; ეს დეზები შუბი და ლახვარია, მტრის გასაგმირად დამზადებული.

ვაი იმ უცხო, მეზობლის მამალს, რომელიც ჩვენს ეზოში შემოსვლას გაჰბედავს: ჩვენი მამალი დაუხვდება წინ და შეუტევს, როგორც ლომი, აუტეხს შემოსულს მტერს მედგარს ომს. სასიკვდილედ შეებრძოლება ჩვენი მამალი მტერსა. გაიმართება მამლებ შორის ფარ-ხმლის ტრიალი: ქვეყანა შეიძვრის იმათ ბრძოლისაგან, მზე დაბნელდება მამლების ფეხთა ანადენის მტვრისაგან.

ერთად შეგროვილი დედლები ანწლებში, ღოლოებში ან ჭინჭოებში გულისფანცქალით თვალს ადევნებენ ამ ორის გმირის ბრძოლას, ხანდახან აკუტკუტდებიან, ღმერთს ევედრებიან:

– „ღმერთო, შენ გაამარჯვებინე ჩვენს მამალს, დაამარცხებინე ეგ ვიღაც უცხო მამალი მოთრეულა; აქ, ჩვენ თვალწინ, ჩვენს ეზოში პამპლაუშობს და ჩვენზედ გაბატონება მოსწადებია“.

მამალმა კარგად იცის, რომ დედლებს ის პატრონად მიაჩნიათ და თავგამოდებით იმიტომ იბრძვის, იბრძვის, თანაც თვალი და თვალი დედლებზე ჰრჩება: მოსწონთ თუ არა ჩემი ბრძოლა, ჩემი ვაჟკაცობა.

უნდა მაშინ ნახოთ ჩვენი მამალი, როცა გაიმარჯვებს, – ან კი როდის არ გაუმარჯვნია! – როგორ ამაყად, მეფურად გაივლ-გამოივლის, ეზოში იქნება, თუ კალოში, გაიბღინძება, მკერდს წინ გადმოიშვერს, საყივრებს დასწევს, ყელს მოიღერებს და, რაც ძალი და ღონე აქვს, დაიყივლებს და დაიყივლებს: გაიგე, მთაო და ბარო, ცავ და დედამიწავ, რომ გავიმარჯვე!

დაუძახებს და შემოირტყამს გარეშემო დედლებს და ეუბნება იმათაც: – „გაიგეთ, დარწმუნდით თქვენც, ქალებო და ქალბატონებო, რომ გმირი ვარ, გმირი, უძლეველი გმირი! ნუ გეშინიათ, სხვის ხელში არ ჩაგყრით მე, თუ ცოცხალი ვარ და სული მიდგა; მიწამ არ უნდა შეჭამოს ჩემი მკლავები, რომ ვერ გიპატრონოთ, ვერ მოგიაროთ!“

– ვიცით, ბატონო, ვიცით, – უპასუხებენ დედლები, – იმიტომ გვიყვარხარ, რომ ეგეთი გმირი ხარ და კარგი ჩვენი პატრონი, უშენოდ ერთი დღეც ნუ გვაცოცხლოს ღმერთმა.
– შენს ჯიჯლიბოს, ნისკარტს და დეზებს ვენაცვალე! – ეუბნება ერთი, წვრილი თვალებით მოკირწყლული თალხს კაბაზე, ღაბუა ნაცარა ვარიკა, რომელიც ყველაზე მეტად ეწონება და ეფერება მამალს, რომ მუდამ ამის მზრუნველი და მფარველი იყოს და სხვებში გამოარჩიოს. დედლები იგონებენ მამლის მაშინდელს სიმამაცეს, როდესაც ქათმებს ქორმა დაუტია. ამ გაუმაძღარმა ფრინველმა ერთს დედალს გაჰკრა ბრჭყალი და მამალმა კი დაატოვებინა…
ეს ამბავი ასე მოხდა.

სწორედ გარიჟრაჟზე ჩამოფრინდა მამალი ქანდარიდამ, თან მოჰყვნენ დედლები და უცდიდენ პატრონს, რომ საკენკი დაეყარა ქათმებისათვის; დასეირნობდენ ეზოში, ფრთებს ისწორებდენ… მამალი მედიდურად მიდი-მოდიოდა და ქათმებს არიგებდა, რომ არ გაფანტულიყვნენ. სწორედ ამ დროს დაუტია ქორმა, დაეხურა ერთს მსუქანს დედალს, უნდოდა წაეღო. გადახტა მამალი, შეუტია ქორს და გაჰკრა დეზები. ქათმებმა ასტეხეს წიოკი, ტირილი და ჩივილი: „ვაჰმე, ქორი, ვაჰმე, ქორიო!“ – გაისმოდა. მამალი და ქორი შეიბნენ, დიდხანს იბრძოლეს; მამალი გულადად იყო, მაგრამ ქორმა დასძლია, რამდენსამე ადგილას დაგვიჭრა, – ეს წყლულები დღესაც ეტყობა ჩვენს მამალს: ერთი იარა კიდეც მოურჩა ნისკარტის ძირზე; მეორე ჯიჯლიბოზე ეტყობა, ცალი კბილი ჯიჯლიბოსი მოგლეჯილი აქვს; მესამე ჭრილობა ბიბილოზეა, რომელიც შუაზე აქვს გახეთქილი…
ის-ის იყო, თითქმის ქორს უნდა დაეძლია მამალი, შეერცხვინა დედლებთან და, ვინ იცის, იქნება შეეჭამა კიდეც, მაგრამ დედლები მიეშველნენ თავის ბატონ-პატრონს, თავის მეუფეს… ქორმა, ნისკარტგაღებულმა, დაუქშია დედლებს და გაფანტა; დედლებისაგან გამხნევებული ერთხელ კიდევ მოახტა მამალი, მაგრამ ამაოდ: ქორმა ყანყრატო დაუჭირა და გაითრია. საქმე გაჭირდა, იღუპებოდა გმირი, დიდის ოჯახის და ცოლ-შვილის პატრონი ვაჟკაცი…

სწორედ ამ დროს გამოხტა საიდამღაც ჩვენი კატა და გაექანა მამლის მისაშველებლად. რა ნახა ქორმა კატა, ანება თავი მამალს, ელვასავით სწრაფად წამოხტა, გასწია და რა გასწია, – ენით გამოუთქმელია, როგორ შეშინებული მიათახთახებდა ქორი თავის ლეგა ფრთებს. ათი ვერსი დაუსვენებლად იფრინა. შორს, შორს, მთის ძირას, დაჯდა ერთს ვერხვზე და იქიდამ მუქარას უთვლიდა მამალს: – „მოიცა, მამალო, თუ შენი ჯავრი არ ამოვიყარო და ჩემებურად, ქორულად ნაბუერი და ბდღვერი არ აგადინო, თუ შენი დეზები აქ, ამ ვერხვის ტოტზე არ ჩამოვკიდო!“

მამალს ქორის ტრაბახი არ ესმოდა, გმირულად დასეირნობდა ეზოში დედლებს შუა და ყიოდა რაც ძალი და ღონე ჰქონდა: „მოგხვდა თუ არა, ქორო! მე მამალს მეძახიან, ეგ არაფერი, კვლავ უარესს მოელოდეო!“

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

ნუ მოუთმენთ შვილს უპატივცემულობას

არასოდეს მისცეთ მას უფლება იყოს უხეში ან მოგაყენოთ შეურაცხყოფა თქვენ ან სხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში უთხარით, რომ მას ასეთ საქციელს არ მოუთმენთ.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024