kids.ge logo

ბაბუა

ფავორიტებში დამატება

-ბაბუა, წყალი მომიტანე ერთი, შენს გაზრდა-გახარებას მომასწრებს ღმერთი!-მთხოვა ბოსტნიდან ახალგადმოსულმა, ჟამთა სიმრავლისაგან დაუძლურებულმა და თოვლის კაცივით თმაგათეთრებულმა პაპამ. თითონ კიბის საფეხურზე ჩამოჯდა, ჯიბიდან „პაპიროსი“ ამოიღო და კვამლში გაეხვია.

-ა, ბაბუ, მოგიტანე,- წყლით პირამდე სავსე ალუმინის „კურუშკა“ გავუწოდე, რომელიც რატომღაც ძალიან უყვარდა.

სულმოუთქმელად დალია, ცარიელი ჭურჭელი კიბის მოაჯირის ჩუქურთმაზე ჩამოკიდა.

-ბაბუ, მოდი დაჯექი ჩემთან,-მითხრა მან, როცა „კურუშკის“ წამოსაღებად მივედი.

დავჯექი. ბაბუამ გზას გახედა და მითხრა:

- ამ შარას რომ უყურებ მარტო წასასვლელად კი არ არის ბაბუ.

ვერ მივუხვდი რის თქმას აპირებდა, ამიტომ წინ გადმოვიხარე, ისე, რომ მისი სახე კარგად დამენახა.

-გზა მთელი ცხოვრებაა ბაბუ. ადამიანი სულ გზაგასაყარზე დგას და არ იცის რა გზას დაადგეს. ზოგი მიდის, ზოგი ბრუნდება. ზოგჯერ ისეც ხდება რომ წასული ვერ ბრუნდება, მაგრამ გზა ყოველი კაცისთვის ერთია. მე ჩემი გზა გავიარე. ბევრჯერ წავედი და მოვედი. ყოფნა-არყოფნის გზიდანაც დამაბრუნა გამჩენმა (ახლა ვხვდები ომს გულისხმობდა), მაგრამ უკვე ვიცი, რომ მარტო წასვლა შემიძლია, უკან დაბრუნება-აღარ.შენ რომ 85 წლის გახდები და შვილისშვილს მოუყვები რა არის გზა...

ის გაჩუმდა, მე კი დუმილის დარღვევისა ძალიან მეშინოდა. სხვა აღარაფერი უთქვამს, ბაბუა ადგა, ჭიშკარი გააღო და გადაღმა გადავიდა.

-სად მიდიხარ ბაბუ?- გაუბედავად ვკითხე მე, მაგრამ მან პასუხი არ გამცა.

 დედამ სამხრობის სუფრა გაშალა და მთხოვა ბაბუს დაუძახეო. მე დავუძახე, მაგრამ ის შინ არ იყო. შებინდებამდე რომ არ გამოჩნდა გაღმა უბანში გამგზავნეს, ნახე ბებია ნინიასთან ხომ არ წავიდაო, მოცალეობისას ხშირად მიდიოდა დის მოსანახულებლად.

არ შემცდარა დედა, ბაბუა მართლაც წასულიყო ბებია ნინასთან, გაღმა უბანში. რომ მივედი მოხუცები მაგიდასთან ისხდნენ და სევდისმომგვრელად ჩუმად მიირთმევდნენ ფაფას, რომელიც ბიცოლა მარიას ამოერიგებინა ღრმა თეფშებზე.

ფაფას ხომ არ მიირთმევ პატარა ქალბატონო?- მკითხა ძია დიმიტრიმ, მაგრამ მე უარი ვუთხარი, იმიტომ რომ ფაფა არ მიყვარდა, არც ახლა მიყვარს.

დღეს ღამე ენაცვლებოდა, როცა მე და ბაბუამ ორღობე ამოვიარეთ და მთავარ გზაზე გამოვედით. ცაზე უზარმაზარი, ბრდღვიალა მთვარე საწოლს იხაზირებდა. ბაბუა ისე შესცქეროდა მთვარის სამზადისს გამეღიმა და ვკითხე:

-         რა იყო ბაბუ, რამ გაგაოცა?

-         გზამ ბაბუ, მთვარის გზამ.

-         რას ამბობ ბაბუ, მთვარის გზა სად არის, მე ვერ ვხედავ?!

-         შენ არც უნდა ხედავდე ბაბუ,-მითხრა მან და თვალები უცნაური შუქით გაუბრწყიდა.

მთვარე ძალიან ყვითელი და კაშკაშა რომ გახდა, მაშინ მივადექით ჭიშკარს მე და ბაბუა. კარი ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცივით გავაღე, რომელიც ოჯახს დიდი ხნის წინ დაღუპული ჰგონია და ხმამაღლა გამოვაცხადე: აი, ბაბუა ვიპოვე და მოვიყვანე. მისი საწოლი მოგუზგუზე ბუხართან უკვე გაეწყო დედას. ბაბუა დასაძინებლად დაწვა.

დილით, საძინებელი ოთახი გვიანი შემოდგომის მზის სხივებით რომ გაივსო და განათდა, საწოლიდან ავდექი. აივანზე გამოსულმა ეზოში მეზობლები დავინახე, გული შემეკუმშა, შემეშინდა... მერე საგალობლის ხმამ გაარღვია ეზოს თავზე ჩამოწოლილი შეგუბებული მწუხარება და გამოჩნდა მთვარის გზა, ბაბუას გზა, რომელიც მისი აზრით მე არ უნდა მეხილა, მაგრამ მანვე მასწავლა ერთხელ, თუ ძალიან მოინდომებ შეუძლებელს შეძლებო.

მეც მთელი გულით მოვინდომე მისი საუკუნო გზის დანახვა, ამიტომ დავინახე კიდეც თეთრი ბილიკი, შორეული და უსასრულობამდე ირიბი.

 მაშინ 8 წლისა ვიყავი, ახლა 35 წლისა ვარ და მაინც არ ვიცი რა უნდა ვუთხრა შვილისშვილს, როცა 85 წლისა გავხდები?!...

მოთხრობა 6 ~ 10 წლის ბავშვებისათვის


სხვა მომხმარებლების აზრით, ეს $work_type საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 6-დან ~ 10 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

ტელევიზორი საერთო ოთახში იქონიეთ

კვლევებმა არაერთხელ აჩვენა, რომ ტელევიზორის არსებობა ბავშვების საძინებელში მოქმედებს რამდენიმე ფაქტორზე, კერძოდ, ბავშვები მიდრეკილები არიან ჭარბი წონისადმი, ნაკლებად სძინავთ, სკოლაში დაბალ ნიშნებს იღებენ და ფლობენ დაბალ სოციალურ უნარებს. პ.ს. მშობლებს, რომლებსაც ტელევიზორი საძინებელში აქვთ, უფრო იშვიათად აქვთ „ახლო ურთიერთობა“.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024