kids.ge logo

საღამოსპირზე წასაკითხი მოთხრობა

ფავორიტებში დამატება

მე, ცაბუნია ცერცვაძე ვარ, მეორე კლასში გადავედი, რომ იცოდეთ, სულაც არა ვარ პატარა. ის კი არა და...ბებიაჩემი მეუბნება: - შენ, ჩემო ბებიკო, ასოცირებული პროფესორი ხარო. რომ ვკითხე, ასოცირებული რა არის-მეთქი, ასე მიპასუხა: - ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სიტყვა პროფესორს თუ სიტყვა ასოცირებულიც თან ერთვის, ესე იგი კარგი პროფესორიაო. ამ დიდებისას ხომ ვერაფერს გაიგებ. ხან ამბობენ, შენ ჯერ პატარა ხარო, ხან რამე საინტერესო სიტყვას შეეკითხები და ზუსტად არ ვიციო, მპასუხობენ.

ოოდა, ახლა მოგიყვებით ამბავს, რომელიც ჩემი თვალით ვნახე და ამ საქმეს სულაც არ დასჭირდა განმარტება, არც ის, ასოცირებაა თუ რაღაცა. ამბავი ასე დაიწყო: საზაფხულო არდადაგები იწურებოდა. შაბათი დღე იყო. ჩვენ ბავშვები „ჯეირანს“ ვთამაშობდით გასახვევში. სულ შვიდნი ვიყავით: მე, ელენიკო ტუღუში, მისი ძმა საბა, ჩემი ბიძაშვილი ნუციკო, მარიკო ვასაძე, მისი ძმა ლუკა, რომელსაც ბებიაჩემი ხუთკუნჭულას ეძახის და მურადიანების ხუჭუჭა ჯულო. უცებ დიდმა შავმა ჯიპმა შემოუხვია, ოდნავ შეანელა სვლა, ცოტაზე ჩაგვცდა და თითქოს მანქანის კარიც გაიღო და მიიხურა. ამის შემდეგ ისეთი სისწრაფით გავარდა, ქუჩის გასაყართან მდგარი დალი დეიდას ორკიბიანი მაღაზიის ქვედა, პირველი კიბე კინაღამ ააგლიჯა. ჩვენ ყველანი კედელს ავეკარით. დალი დეიდა გამოვარდა და სულ მამაძაღლო და გამოტვინებული ეძახა, მაგრამ, რა თქმა უნდა, დიდი შავი ჯიპის პატრონს არაფერი გაუგია.

აი, უკვე ყველაზე საინტერესო ადგილს მივადექით. ის იყო „ჯეირანის“ თამაში უნდა გაგვეგრძელებინა, რომ მოულოდნელად მაღაზიის წინ ორი თეთრი, ღრუბელივით ნელა მოძრავი, ახალთვალახელილი კნუტები აწივლდნენ. იქამდე სულ ერთი, ორი, სამი  და ოთხი ნაბიჯი იყო. პირველი ჩვენი ხუთკუნჭულა გაიქცა, მაგრამ გაოცებული იქვე შეჩერდა, რადგან უცებ დალი დეიდას ყავისფერმა კავკასიურმა ნაგაზმა ლულუმ დინჯად ჩამოიარა მაღაზიის ორი კიბე და პირდაპირ კნუტებთან გაჩნდა. ჩვენ გულში შიშმა გაგვიარა. ლულუ კი ძალიან ჩვეულებრივად მივიდა, ჯერ ერთი კნუტი აიყვანა პირით და იქვე, თავიანთ ეზოში შეიყვანა, სადაც მას ცისფრად შეღებილი, ლამაზი სახლი ედგა დიდი ლეღვის ძირში. მერე ისევ შემობრუნდა, მეორესაც ასევე ფრთხილად მოჰკიდა პირი და იმ თავის სახლში შესვა. ჩვენ დალი დეიდას შევაჩერდით. მე მაშინვე ასეთი კითხვა შევაგებე:

- დალი დეიდა, კი მაგრამ, ძაღლები რომ კატებს ვერ იტანენ? - მას გაეღიმა.
- ესენი ხომ კატები არ არიან, პროფესორო, ესენი ერთი კვირის ან ჰა და ჰა 15 დღის კნუტები არიან. ეჰ, ჩემო ცაბუნია, რა ვართ ადამიანები, ლილუს 25 დღის 5 ლეკვი გავუჩუქეთ, ჯერ კიდევ ძუძუს აწოვებდა.
- ...და ახლა შეიძლება ამათ... - მღელვარებისაგან, ამდენი ხანი პირდაღებული დგომისგან ნერწყვი გადამცდა და ხველისგან სული ძლივს მოვიბრუნე.

- კი, კი ნამდვილად მოაწოვებს. - დამიმთავრა წინადადება დალი დეიდამ. - მოდით, მოდით ჩუმად შევიხედოთ და ვნახოთ.

...ჩვენ ყველამ ოდნავ შეღებულ ჭიშკარში თავები შევყავით. ლულუ იწვა. ორი ბამბაქულა კნუტი კი ძუძუს გამალებული წოვდა.

უკვე მოსაღამოვდა. ქუჩის განათებაც ჩაირთო. დალი დეიდამ ყველას წუწნია ჯოხიანი კანფეტები და თითო-თითო საღეჭი რეზინა გვაჩუქა.

- აი, ბავშვებო, ხომ ხედავთ დედობა როგორია, - თქვა მან.
- ესე  იგი, რაა, იშვილა ლულუმ კნუტები? - ვკითხე მე.
- მააშ, იშვილა, შვილო, იშვილა და ღმერთმა გაუზარდოს, - თან იღიმებოდა დალი დეიდა, თან თვალები ეცრემლებოდა.

აი, ასე იყო ეს ამბავი. ბებიები და დედები კი უკვე გვეძახდნენ. საღამო იყო მშვიდი, წყნარი და კეთილი.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

დააწესეთ რუტინები

ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა აქტივობებისთვის რეჟიმის დაწესება, იქნება ეს თამაში, კვება, საჭმელი, ძილი თუ სხვ. ის არა მხოლოდ ასწავლის დისციპლინას, არამედ დაგეხმარებათ საკუთარი დროის ეფექტურად მართვაში. გარდა ამისა, თქვენ არ მოგიწევთ თქვენი შვილის კუდში დევნა ყოველწამს.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024