kids.ge logo

ძუნწი დიდვაჭარი

ფავორიტებში დამატება

ერთი დიდვაჭარი იყო. ეგზომი განძი შეყარა, სალაროთა რიცხვი არ იცოდა. სიბერემდე არა სვა, არა ჭამა, არცა რა შეიმოსა. მერმე თქვა: ეგოდენი შემიკრებიან, აწ დავჯდები, ვილხენ, ვიხარებ, ხარჯვას დაუწყებო!

მოვიდა ერთსა სალაროსა, დაკლეტილი ვერ გააღო; მეორესა და მესამესა - და ყოველივე ნახა და ვერა რომელი გააღო.

გაწყრა და გინება დაიწყო.

სალაროდამე ხმა გამოვიდა: რომელი აღებ კარსა, რა საქმე გიცსო?

მან მდიდარმან სახელი თვისი უთხრა: ჩემია, დახარჯვა მნებავსო.

მუნით ესრე ესმა: თუცა შენი იყო, დღეისამდე არცა შენ იხმარე და არცა ცოლსა და შვილსა ახმარე. ესე ყოველივე ხურო ნაზარისა არისო.

იწყინა მან კაცმან და ეგრე თქვა: «ესეთსა საქმესა ვიქმ, ჩემთვისა და მისთვის სწორად დავკარგო».

აიღო ვალი, მოაღებინა მრავალი ძელი, გამოახვრეტინა, ყოველი საუნჯე შიგ ჩაყარა და პირი გარდაუჭედა და შადის მდინარესა ჩაყარა. იგი ხურო თურე ბაღდადელი იყო, შადი სადაც ჩადის.

დილას განთიად ხურო იგი მდინარის კიდესა განვიდა: ნუთუ ტივი მოაქვნდეს ვისმეო? ნახა, უამრავი ძელი მდინარესა მოაქვს უკაცურად. მისცა ფასი მცურავთა, შეგზავნა და გამოაზიდვინა. ყველა კარსა ზედა ხუროსასა დაახორავეს.

კაცი იგი ნამდიდრევი შეუდგა კვალსა ძელისასა: ვისი ბედი იყოს, ვიცნაო.

მოვიდა, ნახა კარსა ზედა ხუროსასა. ჰკითხა: ვინ ხარო?

მან უთხრა: მე ნაზარი ხურო ვარო.

უთხრა ხუროს: აიღე ერთი ძელი და შინა სახლსა შეიღეო.

რა შეიღეს, უთხრა: ეჩო ჰკარ ხესა ამას, რა ძესო!

რა ძელსა შეხეთქა, თვალი პატიოსანი და მარგალიტი გამოსცვივდა.

შესწრაფა ხუროსა და მან კაცმან ეგრე უთხრა: ესე რომელსა ჰხედავ, ყოველივე ძელი ესრეთ არს, ღმერთმან მე წამართო და შენ მოგცაო.

რქვა ხურომან: ღმერთმან შენვე მოგცეს, ეგრევ წარიღეო. ნამდიდრევმან არ ინება არც ნახევარი და არც ნაოთხალი. ერთი და ორი ეუბნა, და არც ერთი ფული არ წამოიღო.

მერმე ხურომ უთხრა: ორიოდ-სამი პურიც არის, წაიღეო!

ნება დართო. შევიდა, ცოლს უთხრა:

- სამი დიდი პური გამოაცხევ და შიგ კარგი და პატიოსანი თვლები ჩადევ. ეგება იმ კაცმან წაიღოს, ცოლ-შვილი მშიერი არ დაეხოცოს.

ადრე უსმინა ცოლმან, პურნი არდაგსა გაუხვივნა, მოსცა და წარიღო კაცმან მან და წავიდა.

მიმავალმან ნახა, უდაბნოსა ხარგა ერთი დგა თხისა ბალნისა. მივიდა, გლახაკი არაბთაგანი იყო. ცოლი ყრმასა ზედა დასწოლოდა. სხვა მეზობლები აგარაკთა ადგილთა წარსრულიყვნეს და იგი ვერ გაყოლოდა. არა რა აქვნდათ, არცა ქვეშსაგებელი, არცა ყრმისა შესახვეველი.

მან კაცმან სიგლახაკისათვის შეიწყალნა და პურნი იგი მისცნა და უთხრა: წარვედ ბაღდადად ხურო ნაზარისასა, ეს უძღვენ, იგი კაცი ღვთის მოშიში არის და აკვანსა და სახვეველს მოგცემსო.

ნამდიდრევი იგი წარვიდა, და არაბმან პურნი ხუროსავე მიუტანა. მან ყოველივე სათხოვარი მისცა და მოვიდა ხურო ცოლთან და მოართვნა პურნი იგი.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 8–16
ოპტიმალური ასაკი: 10–13

სხვა იგავ-არაკები

მეფე და დალაქი

ინდოთ მეფე აბანოს იბანებოდა და დალაქი თავსა პარსავდა. რა ყელთან სამართებელი მიიღო, მეფეს უთხრა: შენი ასული შემრთეო. გაუკვირდა მეფესა და მიცემას დაჰპირდა. გამო...

კაცი და გველი

ერთი კაცი მოვიდოდა გზაზედა. ნახა, ერთს ძეძვს ცეცხლი შემოჰგზნებია და ზედ გველი გასულა. წასასვლელი გზა არა აქვს, ღონობს და წივის. ნახა მან კაცმან, შეეწყალა და თქვ...

მაოხრებელი მკვდარი

კლარჯეთის თემსა, სოფელსა ერთსა იყო ერთი გზირი, ანჩხლი და მტერი სოფლისა მის. შეაწუხა იგი სოფელი და სრულიად ააოხრა. მოიგონის მიზეზი, უთხრის თათართა და მრავალი ვეც...

მეფე და ავსიტყვა კაცი

მეფე ვინმე იყო და ჰყვა კაცი ერთი ავსიტყვა, რომე მისის პირით კარგი სიტყვა არ აღმოვიდის. მეფე ხუთის წლის სავალს ლაშქრად მივიდოდა და ავსიტყვას უთხრა: ერთი კარგი ს...

ობოლი და მისი დედა

იყო ერთი ობოლი მარტვილი. რა მოიზარდა, დედას ჰკითხა: - დედავ, ყოველს კაცს მამა უვის, მე რად არა მყავს? დედამ უთხრა: - შვილო, შენცა გყვანდა, მაგრა წყალმან დაარ...

გლახაკი და ქილა ერბო

ერთი გლახაკი კაცი მივიდოდა გზასა ზედა და ერთი ქილა ერბო ჰპოვა. აიღო ქილა, საკიდარში ჯოხი გაუყარა და მხარზე შეიდვა. დაიწყო გზა-გზა სლვა და გულთა ამასა უბნობდა: ...

ქურდი მკერვალი

ერთი მკერვალი იყო დია ქურდი. რაც ნაქსოვი გამოსჭრის, ბევრი მოიპარის. ღამესა ერთსა ნახა სიზმარი: პირთა ხე ამოსლოდა და ყოველი ნაპარევი ნაჭერი ზედ ეკიდა რტოთა. რა ...

ძაღლები და მგელი

ერთი მძორი იდვა ადგილსა ერთსა. და შვიდი-რვა ძაღლნი ეხვივნენ, სჭამდენ მძორსა და იღრინებოდნენ და შუღლობდენ და კბენდენ ერთმანერთსა. ნახეს მგელი მომავალი. მათი შუღ...

ბზიკის მწვრთნელი

მე ბზიკს ასრე გავწვრთნი, ჰაერიდამ მფრინავი წერო და ვარხვი ჩამოიღოს. პირველ მოუწონეს. მერმე ჰკითხეს: ვითაო? მან თქვა: - ლერწამში ჩავსხამ, რა დაიმართება, რა წეროს...

დათვი და მონადირენი

ორნი ამხანაგნი ნადირობდენ. ხევი იყო და ხევს გაღმა-გამოღმა რონინებდენ. ერთს ამხანაგს დათვი შემოეჭიდა. ქვეშ ჩაიდვა. მეორე ამხანაგმან უყივლა: გაუშვი ეგ დათვი და ...

ნახატი იგავ-არაკები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: მელაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

დააწესეთ მკაფიო და თანმიმდევრული რუტინა

შექმენით ყოველდღიური გრაფიკი, რომელიც მოიცავს ყველა მნიშვნელოვან აქტივობას და დაიცავით ის ყოველდღე.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026