kids.ge logo

მოძღვარი მელი

ფავორიტებში დამატება

ერთი მელი დაცანცარებდა. ძველთაგან თურე ნასოფლარი ყოფილიყო. სამღებროს ქვევრი, ლილით სავსე, პირღია დარჩომილიყო. სლვასა იქი-აქა შიგ თურე ჩავარდა, ამობორტყდა, ამოვიდა. მელი შავად შეღებული შეიქმნა. დაიწყო სიარული.

ერთი მამალი შემოეყარა. ჰკითხა მელსა: რა დაგმართებიაო?

მელმან უთხრა: ჩემნი დღენი ცოდვის ქმნით დავაღამე, ახლა ჭკუა მოვიხმარე, ეს სოფელი გავუშვი, ბერად შევდეგ, იერუსალიმს მინდა წავიდეო.

მამალმან უთხრა: რადგან ცოდვისაგან ხელი აგიღია და ქველის საქმეს იმრავლებ, მეც წამიტანე, მადლი მოგხვდებაო!

მელმან წაიტანა და წავიდნენ.

შემოეყარა ძერა. უთხრა მამალსა: რას მოუცთუნებიხარ, ვის მისდევო?

მან უთხრა: მელი ბერად შემდგარა, იერუსალიმს მივა და მივსდევო.

მოეწონა ძერასა და იგიც გაჰყვა. შემოეყარა ოფოფი, იგიც გაჰყვა.

შეიყარნენ ოთხნი ამხანაგნი. მელი სოროსაკენ გაუძღვა, თავისი ხერხიანი ენა ტკბილად აუბნა და ეგრე უთხრა: შვილებო, იერუსალიმს უმოძღვრო კაცს არ მიესვლება. ცოდვის აღსარება უნდა გამანდოთ და მონანული წავიდეთო.

იგინი დამორჩილდენ. სოროში შეასხა, სამოძღვრო სახლიაო და თვით კარისაკენ დაუჯდა. უთხრა: ოროლის ცოდვის შენდობა შემიძლიაო და მესამისა კი ვეღარაო.

მათ მადლი მოახსენეს: თუცა ორს ცოდვას შეგვინდობ, მესამის შენდობას ვინღა ითხოვსო?

მათ თავნი უბრალონი ეგონათ და მელი მიზეზს ეძებდა.

უბრძანა პირველსა მოწაფეს მამალსა: ღმერთმან ქათმის ყივილი გათენებისას ბრძანაო და შენ ვახშამთ უკან რად წაიცდენ ხოლმეო? მისი შენდობა მოითხოვა და აღარ-ქმნის აღთქმა დადვა. მანც შეუნდო.

მერმე ეს უბრძანა: ყოველს კაცს თითო ცოლი ჰყავს და შენ ათს არ დასჯერდები. ვისაც იბრიყვებ შენს ამხანაგს, მასცა წაჰგვრიო. მისიც აღთქმა დადვა და მან შეუნდო.

მესამე უთხრა: მხედარი არა ხარ და მშვილდოსანი, დეზები რად გაკრავს, შენ ხომ მის ჟამში ცხენს არ მჯდარხარო? მამალი მესამეს ცოდვაზედ რაღას იტყოდა? მოსწყვიტა თავი და წინ დაიდვა.

უბრძანა ძერას: ის რომ ავი მგალობელი ხარ, არც სტვინვა გივარგა და არც ძახილი, მუდამ რად ყივიო? ძერამ აღთქმა დადვა, და მან შეუნდო.

მეორე უთხრა: ღმერთმან შენ საზრდოდ ხვლიკი და თაგვი მოგცაო. ერთს ქვრივს სარჩოდ ერთი ქათამი ეგულების, დასვამს, ამაგსა იქმს და შენ მიხვალ და წიწილს რისთვის მოსტაცებო? ესეც შეუნდო.

მესამე უთხრა: ექვს თვეს მამლობ და ექვს თვეს დედლობ, გიდი ამიტომ დაგირქვამსო? მოსწყვიტა თავი და დაიდვა წინა.

სანამდისინ მელი ამ ორისაგან მოიცლიდა, მანამდინ ოფოფმან ასეთი ხერხები არჩივა, მელს ოსტატობით გარდაამეტა.

ჰკითხა მელმან ოფოფსა: სამეფო თომარ-ჯიღა ვინ მოგცაო?

ოფოფმან უთხრა: სოლომონ ბრძენმან თავისის ხელით დამხურაო.

მელმან უთხრა: მოწამე ვინა გყავსო?

ოფოფმან უთხრა: ერთი მსუქანი ბატი და ერთი მსუქანი იხვიო.

მელს სიხარბით და მსუნაგობით ჭკუა და მცნება დაეფანტა; ასე თქვა გულში: ეს ოფოფი ერთს ლუკმად არ მეყოფის და ერთი ბატი და იხვი ერთს კვირასაც მეყოფაო.

ბევრის ნდომა კაცს ასე წაახდენს. მამალიცა და ძერაც იქივ შეუჭმელი დარჩა და თან გაჰყვა.

ოფოფმან მელი ერთს ხევში დააწვინა, მონადირე ვინმე დახვდა ქორითა და მწევრითა და ძაღლებითა.

ოფოფი წინ დაუჯდა. სეფქა უნდა ესროლა. აფრინდა. მელს ახლო დაუჯდა. მიჰყვნვნ მონადირენი. მანამდინ ქმნა, იმ ხევში მიიყვანა. მეძებრებმა კვალი ნახეს, მელი გაიხტუნეს, მწევრებმან ასე გახადეს, ძვალი და რბილი გაუერთეს. ძლივ დაჩეჩქვილმან სული გარდაჰხვეწა.

ოფოფმან დაუძახა: მელო, მოწამე ვერ გიშოვნეო!

მელმან უთხრა: რასაც მოძღვარს აღსარება სამოწმოდ გაუხდია, უარესიმც დაემართებაო!

ოფოფმან ჯავრი კი ამოიყარა, მაგრამ მამალსა და ძერას კი აღარა ეშველა რა.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 8–14
ოპტიმალური ასაკი: 10–12

სხვა იგავ-არაკები

ვირი, ვეფხი, მელი და მგელი

ერთი ვირი გლახაკისა კაცისა, მიჭირვებული და მჭლე, გაეპარა პატრონსა თვისსა და წავიდა, ერთსა მაღალსა ადგილსა დაისადგურა. ესეთი ადგილი იყო: დიდი წყალი ჩადიოდა და წ...

ბროწეულის წვენი

ერთი მებაღე იყო მოსავი ღვთისა და მართალი კაცი. ვინც მასთან მივიდის, ხილი მიართვის. ერთი ბროწეული გამოუწურის. რაგინდ დიდი ჯამი ყოფილიყო, ერთის ბროწეულის წვენით ა...

ქურდი მკერვალი

ერთი მკერვალი იყო დია ქურდი. რაც ნაქსოვი გამოსჭრის, ბევრი მოიპარის. ღამესა ერთსა ნახა სიზმარი: პირთა ხე ამოსლოდა და ყოველი ნაპარევი ნაჭერი ზედ ეკიდა რტოთა. რა ...

გლეხი და სამი გველი

ერთი კაცი ყანას მკიდა. ნახა, ორი გველი თამაშობდა. ერთმან გველმან მეორე დააწვინა, გარეშემო თვით წრე შემოავლო და წავიდა. მივიდა ერთი სხვა გველი. დაინახა, წრეს ში...

კეთილი გველი

ერთი გლახაკი კაცი მივიდოდა გზასა. ნახა ორი გველი, ერთი შავი და ერთი წითელი, იბრძვის და შავი ერეოდა. და თქვა მან კაცმან: ამ წითელს ეჭირვება მოხმარება და მოვეხმარ...

გლახა და მდიდარი

ერთი გლახა კაცი თავის სახლში იჯდა და ინატრა: ღმერთო, ხუთასი მარჩილი მომეცო და თუ ან ერთი აკლია, არ ვინდომებო. ერთი მდიდარი კაცი თურე ბანზე იარებოდა, მან გაიგონ...

სოფლის მაშენებელნი

ერთი ძაღლი და ერთი მამალი დაძმობილდენ: სოფელი ავაშენოთო! ძაღლმან უთხრა: როგორ ავაშენოთო? მამალმან უთხრა: შენ იყეფე, მე ვიყივლებ და აშენდებაო. წავიდენ ტყეში. ...

ხარბი გლახაკი

გლახაკი ვინმე იყო უპოვარი ყოვლისაგან ნივთისა. ეზმანა მას: სამეოცი ცხოვარი ჰყვა და ენება განსყიდვა. მოვიდა კაცი ერთი და მოსცა თითოსათვის ხუთ-ხუთი კირმანეული. ც...

მელი და წერო

მელმან წერო იწვია. ოსპი შეუგბო და სპილენძის თეფშზე დაუსხა. ორთავ ჭამა დაუწყეს. მელი ენით სთქლაფევდა და წერო რას შესჭამდა თეფშზე? თითო-თითოს თუ აიღებდა. მეორეს ...

თხა და მელი

ერთი თხა და ერთი მელი დაძმობილდნენ და საზიაროდ ყანა დათესეს. რა მოსავალი მოუვიდათ, დია კარგი ყანა იყო. მომკეს, გალეწეს და გაანიავეს. ხვავი ცალკერძ დააგროვეს და ...

ნახატი იგავ-არაკები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: დარბაიძე:


Kids.ge-ს რჩევები

გადააქციე პასუხისმგებლობა თამაშად

თუ თქვენი შვილი უარს ამბობს რაიმეს გაკეთებაზე, სცადეთ ის თამაშად აქციოთ. „იუმორი და თამაშები ორი ეფექტური საშუალებაა, რაც ხშირად მშობლებს ავიწყდებათ“, ამბობს ზებუკერი. როდესაც საკუთარი ვაჟი სკოლამდელ დაწესებულებაში სწავლობდა, ზებუკერი შვილს ფეხზე ისე აცმევდა, თითქოს იგი ფეხსაცმლის მაღაზიის კლიენტი ყოფილიყო. „ვეუბნებოდი ხოლმე: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქ-ნი დედიკოს ფეხსაცმლის მაღაზიაში, დღეს შემიძლია შემოგთავაზოთ შესანიშნავი წყვილი ფეხსაცმელი“, ამას სულელური აქცენტით ვეუბნებოდი და ძალიან ერთობოდა“.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026