kids.ge logo

უნებლიე მკითხავი

ფავორიტებში დამატება

ერთი საბრალო კაცი იყო, ერთი ანჩხლი რძალი ჰყვა. აგინებდა რძალი იგი და ეტყოდა: წადი იქურდე, იშოვნე და მომიტანეო!

ეხვეწებოდა იგი კაცი და დიაცი არ მოეშვა.

დღესა ერთსა ნამტირალევი, რძლისაგან ნაცემი, ვლიდა. ნახა შვიდი აქლემი, აბრეშუმით დატვირთული. უპტრონონი იყვნეს, წაასხა და ერთს ტყეში დამალა და მოვიდა მუნვე.

მის აქლემების მაძებარი კაცი შემოეყარა, ჰკითხა:

- შვიდი აქლემი დავკარგე, და თუცა რამ მისი გამიგო, ერთსა რაც ეკიდოს, მოგცე!

მან კაცმან ეგრე უთხრა: მე არ მინახავნ, მაგრამ ასეთი მეცნიერი ვარ, რომე ჩემისთანა მოგვი არ იქნებაო.

თურე ერთი ცუდი წიგნი ეპოვნა და უბეთა შიგან ეპყრა, გამოიღო და ჩახედა, ეგრე უთხრა: შევიგენ და სხვის გზით წარუძღვა და ეტყოდა: აჰა, კაცთა მიჰყვანანო.

ზოგჯერ რა უთხრა და ზოგჯერ რა. რა მას ადგილს მიახლოვდა, უთხრა:

- მათ კაცთა ალღო აგვიღეს და აქლემნი დაუტევეს და თვით გაიქცნენ: ჩემმან სამისნომ ეს მამცნო.

მიიყვანა, აქლემები აჩვენა და ერთი ტვირთი აბრეშუმი მისცეს. მოიტანა შინ. რძალმან დია დაუმადლა და ეგრე უთხრა: კეთილი მაზლი ხარ, ეგრე ჰყოფდეო!

მას ჟამსა თურე მეფეს ერთი უსასყიდლო თვალი დაჰკარგოდა და იყო დიდი გამოძიება და ძებნა-კითხვა. მივიდა მასთანა იგი მეაქლემე და მოახსენა:

- ძოღან თქვენი აქლემები დავკარგე და ერთი მისანია, მან მიპოვნა.

გაგზავნეს კაცი და მსწრაფლად მოიყვანეს. დიდსა სეფესა შიგან მრავალი მისანი სხდა და ბოლოს კერძ იგი უწიგნო ახალი მისანიც დასვეს.

ერთსა მონასა ოქროს კროჭითა რაღაც დაქონდა და იტყოდა: რომელიც ამას გამოიცნობს, ამასა შიგან რა ძეს, იგი პოვებს თვალსა მასო?

შეიქმნა თქმულობა: ზოგმან თვალი თქვა, ზოგმან მარგალიტი, ზოგმან სხვა რამე. რა მას ახალს მისანთან მივიდა, მან საწყალმან არა იცოდა რა, ამოიოხრა და თქვა: ვაი, ჩემო რძალო, რა უბრალოდ მომკალიო.

მან გულის მართლით თქვა და მეფეს გაეცინა: იგავით თქვაო!

შიგ თურე მკალი იჯდა და ზმად ჩამოართვეს კაცსა მას.

გაიყვანეს და სამეფო სამოსელი შეჰმოსეს, მეფის საწოლს დააწვინეს და მეფისავე ცხედარი დაუგეს და გარს სეფეწულნი მოუყენნეს, ესრეთ დიდი პატივი დასდვეს. იგი მისანი ამას სცდილობდა, თუცა სეფეწულთ დაეძინოსთ და მე გავიპაროო.

თურე იგი თვალი ერთს სეფეწულთაგანსა მოეპარა და, რა სხვათ დაეძინათ, იგი მომპარავი ფერხს მოეხვია: მე მოვიპარე და ნუ გამამხელთო!

მას კაცს დია იამა და აგრე უთხრა:

მე დილასავე ვცან, მარა ჭაბუკობა შენი შემბრალდა და არა ვთქვიო. აწ წადი, მეფის საბატესა შიგან ერთსა ღერღეტსა ჩაანთქი და მხარი მოსტეხე, და შენ შენდა განისვენეო!

რა გათენდა, ახალი მისანი მხიარულად ასპარეზსა შიგან დადგა. გამოვიდა მეფე და ჯარი. ჰკითხეს თვალისა. გამოიღო წიგნი, ნახა და თქვა: რაც მეფის ღერღეტნი იყვნეს, მოასხითო!

რა მოასხეს, ნახა, იგი ნიშანი არ იყო, თურე მუნვე გაეშვათ. უთხრა მათ მომყვანთა კაცთა: ერთი მხარმოტეხილი აკლიაო.

გაუკვირდათ ყოველთა და იტყოდენ მისთვის ქებასა .

მოიყვანეს იგიცა. უთხრა: გაუპეთ უპე, მაგას ჩაუნთქავსო.

გაუპეს და თვალი გამოუღეს.

იამა მეფესა და მრავალი საბოძვარი მიანიჭა და ერთი თავისი სახედარი ცხენი, ოქროთ აკაზმული, მისცა.

ეს კაცი თავის გაზრდაში ცხენს არა მჯდარიყო და იგი ცხენი ჩვეული იყო, რა მოედნის აქათ გამოვიდის, მეფე იქითვე თურე გაარბევდის. რა შეჯდა და გამოვიდა ამ თავსა, გაბრუნდა ცხენი იგი და გაჭენდა. მან კაცმან თავი ვეღარ დაუჭირა, შეშინდა და შექმნა ძახილი: მიშველეთ, მიშველეთო!

რა საჯინიბოსთან მივიდა, საჯინიბო დაიქცა და მეფის ცხენები სრულიად დახოცა, და ეს ცხენიც დადგა.

მერე მან ახალმან მისანმან თქვა: მოედანს იქით რა გაველ, ეს საქმე ვცან და ვიძახდი მიშველებასა და არავინ მიეშველენითო.

იგი ცხენი მეფესავე მიართვა და მეფემან სხვა ურიცხვი საქონელი უბოძა. რა შინ მივიდა, აიყარა და გარდაიხვეწა. იცოდა ბოლოს მისი სიმტყუვნე სააჯმნოდ შეიქმნებოდა და მით მორჩა.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა იგავ-არაკები

ობოლი და მისი დედა

იყო ერთი ობოლი მარტვილი. რა მოიზარდა, დედას ჰკითხა: - დედავ, ყოველს კაცს მამა უვის, მე რად არა მყავს? დედამ უთხრა: - შვილო, შენცა გყვანდა, მაგრა წყალმან დაარ...

ანჩხლი ცოლის პატრონი

ერთი კაცი იყო საბრალო და მართალი. ერთი ანჩხლი ცოლი ჰყვა. ეს კაცი, რა პურს აიღებდის ჭამად, მდინარის პირს დაჯდის, ზოგი თვით სჭამის და ზოგი მდინარეში ჩაყარის. გამო...

მგელი, თხა და თივა

ერთს ვიწროს ხიდს გაგიდებ და ზედ ერთი მგელი, ერთი თხა და ერთი ხორომი თივა ესრეთ თითო-თითო გაიტანე, მგელმან თხა არ მოკლას და თხამ თივა არ შეჭამოს. დაჰყვა ძე მეფის...

დათვი და მონადირენი

ორნი ამხანაგნი ნადირობდენ. ხევი იყო და ხევს გაღმა-გამოღმა რონინებდენ. ერთს ამხანაგს დათვი შემოეჭიდა. ქვეშ ჩაიდვა. მეორე ამხანაგმან უყივლა: გაუშვი ეგ დათვი და ...

მეფე და ავსიტყვა კაცი

მეფე ვინმე იყო და ჰყვა კაცი ერთი ავსიტყვა, რომე მისის პირით კარგი სიტყვა არ აღმოვიდის. მეფე ხუთის წლის სავალს ლაშქრად მივიდოდა და ავსიტყვას უთხრა: ერთი კარგი ს...

აბდულ-აზიზ დავრიში

მამის მამა ჩემი, აბდულ-აზიმ, დავრიში იყო და ვლიდა პირსა ყოვლისა ქვეყანისასა. ესეთისა ტილისმისა ხელოვნობა ჰქონდა, რომე მას საქმე ვერ გადურჩებოდა. მრავალს უცხოსა ...

ვირი, ვეფხი, მელი და მგელი

ერთი ვირი გლახაკისა კაცისა, მიჭირვებული და მჭლე, გაეპარა პატრონსა თვისსა და წავიდა, ერთსა მაღალსა ადგილსა დაისადგურა. ესეთი ადგილი იყო: დიდი წყალი ჩადიოდა და წ...

აქიმი და ორი სნეული

იყო ერთი მეფე სახელოვანი, მოწყალე და ძლიერი. ჰყვა აქიმი ერთი, რომ სენი უკურნებელი ვერ მოურჩებოდა. ორი დიდებული დასნეულდა მეფისა სასტიკითა სენითა. ერთი ესრეთ შე...

ორმოში ჩაგდებული მეფე

ორნი მეფენი შეიბნენ. ერთმან მეფემან მეორესა სძლო, შეიპყრა და ორმოში ჩააგდო. გამოხდა ხანი. მოვიდა ერთი მეცნიერი კაცი და ენება აღმოყვანება და გაპარება მისი. ჩასძ...

ვირი კაჭკაჭი და მგელი

ერთი კაცი იყო. ერთი დაღლეტილი ვირი ჰყვანდა. წაიყვანა და საძოვარზე დააბა. თვითონ მიღმა დაჯდა და ყურება დაუწყო. მოვიდა კაჭკაჭი, ზურგზე შეაჯდა, დამპალს ხორცს გლეჯ...

ნახატი იგავ-არაკები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ლეჟავა:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ ექსპერიმენტები

მიეცით ბავშვს საშუალება, სცადოს ახალი რაღაცები და არ შეუშინდეთ მის ექსპერიმენტებს.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026