kids.ge logo

ანჩხლი ცოლის პატრონი

ფავორიტებში დამატება

ერთი კაცი იყო საბრალო და მართალი. ერთი ანჩხლი ცოლი ჰყვა. ეს კაცი, რა პურს აიღებდის ჭამად, მდინარის პირს დაჯდის, ზოგი თვით სჭამის და ზოგი მდინარეში ჩაყარის.

გამოხდა ხანი. მდინარიდამ ერთი კაცი გამოვიდა და უთხრა: ესოდენი ხანია, რომ შენი საზრდოთი მზრდი. აწ პირში ენას გამოგავლებ და ყოვლის სულიერის ენას ისწავლიო. ამას შემოგზღავ და თუცა ეტყვი ვისმე, მაშინვე მოკვდები უცილოდო.

გამოავლო ენა და ისევ მდინარეში ჩავიდა და წავიდა.

მოვიდა კაცი იგი, სოფლის პირს დაწვა. საბძელზე ყვავი შემოჯდა. მისი ბახალა თან მოჰყვა.

ბახალამ დედას უთხრა: კაცი იგი მკვდარია და წავალ თვალებს ამოვჭამო.

დედამ უთხრა: ნუ შვილო, ადამის ტომი ხრიკიანია, არ შეგიპყრასო!

ბახალამ უთხრა: მივალ, ფეხზე ნისკარტს დავჰკრავ, თუ გაიძრა, გავფრინდები, თუ არა და გულზე დავკრავ, თუ კიდევ არ გაიღვიძა, მკვდარი იქმნება და თვალებს დავთხრიო.

კაცს ყველა ესმოდა. ჩავიდა ბახალა, ფეხზე ნისკარტი დაჰკრა, არ გაიჩუჩუნა, რა გულზე დააჯდა, მისწვდა და შეიპყრა.

ბახალამ დედას დაუძახა: მიშველეო!

დედამ უთხრა: რა ვქმნა, გიშალე და არ დაიშალე. ახლა მაგ კაცმა თუ ჩემი ენა იცოდეს, მალე მოგარჩენ, მაგრა რა გიშველო?

მან კაცმან დაუძახა ყვავსა: რა გინდა, შენი ენა ვიციო!

ყვავს იამა და წაუძღვა. ერთს კაცს მრავალი განძი დაეფლა, აჩვენა და ბარტყი მოარჩინა. წამოვიდა კაცი იგი, შინ მოვიდა.

ერთს დღეს საცაღა ლოცვა მოუნდა. ცოლმან დაუჟინა წაყვანა. რა აღარ დაიშალა, ერთი კვიციანი მაკე ცხენი შეუკაზმა. დიაციც ორსულად იყო. შეჯდა, ერთი მარტვილი უკან შემოისვა, საგზალი გარდაიკიდა და წავიდა.

რა პირშეღმართ შეუდგეს, კვიცი დავარდა და დედას დაუძახა: მომიცადეო!

დედამ დაუძახა: მე ერთი მუცელში მიძს და სამი თავისის ნუზლით ზურგსა მკიდია. თუ მე ვიარები, შენ რა დაგემართა, რატომ დავარდიო?

მან კაცმან რა მოისმინა, დიდად გაიცინა.

ცოლმან უთხრა: რაზედ იცინი, მითხარო?

მან უთხრა: ვერ გეტყვიო.

ცოლი არ მოეშვა.

ქმარმან შეჰფიცა: თუ ვთქვი, მოვკვდებიო.

არ იქმნა, ცოლმან დია შეაჭირვა.

ქმარმან უთხრა: არ დამეხსენ, წავიდეთ, ვილოცოთ, შინ მოდი, ჩემი აღაპისა და სუდარის საქმე გამირიგე და გეტყვიო.

დიაცს იამა, სწრაფით მივიდა, ილოცა, გამობრუნდა, აღაპი და სუდარა დაუმზადა და თქმას დაუჟინდა.

მას კაცს ერთი ციბა ჰყვანდა. ტირილით კარში გამოვიდა. კარზე მამალი დაჰხვდა. ჰკითხა ციბას: რა გატირებსო?

მან ყოველი უთხრა: პატრონს დიაცი მიკლავს და ის მატირებსო.

მამალმან უთხრა: შედი შენი პატრონი გამომგვარეო!

ვირემდის კაცი გამოვიდოდა, სოფლის დედლები სულ შემოიგროვა და მამალი შუა დაუდგა.

კაცს ჰკითხა: რატომ იკლავ თავსაო?

მან უთხრა: ცოლი არ მეშვება და რა ვქმნაო?

მამალმან მას ქათმებს რაღაც უთხრა და შემოურბინა. ყველანი გაინაბნენ. მერმე კაცს უთხრა: მე სამოცი ცოლი მყავს, ვინძლო უჩემოდ ერთმან საკენკი აიღოსო, და შენ ერთის ცოლის ხელით ჰკვდებიო.

კაცმან ჰკითხა: მაშ რა ვქმნაო?

მამალმან უთხრა: ერთი შინდის ჯოხი მოსჭერ, რა გითხრას თქვიო, მისდეგ, ეგოდენი ჰკარ, რომ მიამკვდარო და აღარ გკითხავსო.

დაუჯერა მამალსა. რა ცოლმან თქმა უთხრა, მუნამდის სცა, ვირემდის სულობას მიდგებოდა, და მორჩა კაცი იგი სიკვდილსა.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 10–17
ოპტიმალური ასაკი: 12–15

სხვა იგავ-არაკები

ხარბი გლახაკი

გლახაკი ვინმე იყო უპოვარი ყოვლისაგან ნივთისა. ეზმანა მას: სამეოცი ცხოვარი ჰყვა და ენება განსყიდვა. მოვიდა კაცი ერთი და მოსცა თითოსათვის ხუთ-ხუთი კირმანეული. ც...

ქორი, იხვი და კაკაბი

ერთმან ქორმან ერთი იხვი შეიპყრა და ჭამა ენება. იხვი ეგრევე უვნებელი ცოცხალი ეპყრა, ზევიდამ მონადირისაგან შეშინებულმან ერთმან კაკაბმან ჩამოუარა. ქორი წაეტანა, ...

აქლემი და ვირი

ერთი აქლემი და ერთი ვირი, დიაღ დაღლეტილნი, დაძმობილდენ და თავის პატრონს გაეპარნენ. წავიდნენ აგარათა ადგილთა. დიდად გასუქდენ მთასა მას ზედა. დაავიწყდათ სიმჭლე და...

ორი პურით მასპინძლობა

მიველ ერთსა წყაროზე. ორნი კაცნი წყალსა სმიდენ. რა მნახეს, ჩემი ნახვა იამათ. დასხდენ ჭამად. ორის პურის მეტი არა ჰქონდათ რა. მეც დამსვეს. ერთი პური ერთმან დაიდვა ...

კაცი და გველი

ერთი კაცი მოვიდოდა გზაზედა. ნახა, ერთს ძეძვს ცეცხლი შემოჰგზნებია და ზედ გველი გასულა. წასასვლელი გზა არა აქვს, ღონობს და წივის. ნახა მან კაცმან, შეეწყალა და თქვ...

ქურდი მკერვალი

ერთი მკერვალი იყო დია ქურდი. რაც ნაქსოვი გამოსჭრის, ბევრი მოიპარის. ღამესა ერთსა ნახა სიზმარი: პირთა ხე ამოსლოდა და ყოველი ნაპარევი ნაჭერი ზედ ეკიდა რტოთა. რა ...

მოძღვარი მელი

ერთი მელი დაცანცარებდა. ძველთაგან თურე ნასოფლარი ყოფილიყო. სამღებროს ქვევრი, ლილით სავსე, პირღია დარჩომილიყო. სლვასა იქი-აქა შიგ თურე ჩავარდა, ამობორტყდა, ამოვი...

ბროწეულის წვენი

ერთი მებაღე იყო მოსავი ღვთისა და მართალი კაცი. ვინც მასთან მივიდის, ხილი მიართვის. ერთი ბროწეული გამოუწურის. რაგინდ დიდი ჯამი ყოფილიყო, ერთის ბროწეულის წვენით ა...

ობოლი და მისი დედა

იყო ერთი ობოლი მარტვილი. რა მოიზარდა, დედას ჰკითხა: - დედავ, ყოველს კაცს მამა უვის, მე რად არა მყავს? დედამ უთხრა: - შვილო, შენცა გყვანდა, მაგრა წყალმან დაარ...

ოთხი ყრუ

ერთი ყრუ კაცი იყო და ხარი დაკარგა. საძებნელად წავიდა ერთი კაცი შემოეყარა. კითხვა დაუწყო. თურე ის კაცი უფრო ყრუ იყო და ვირი თურე ეპოვნა. მან ხარისა ვერა შეიტყო. ...

ნახატი იგავ-არაკები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ნონაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ თვითგანათლება

მიეცით ბავშვს საშუალება, დამოუკიდებლად ისწავლოს ახალი რაღაცები და განვითარდეს.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026