kids.ge logo

ბადო და ზადო

ფავორიტებში დამატება

ეს ამბავი თაგვების ქვეყანაში მოხდა.

თაგვების ქვეყანა სადღააო, იკითხავთ.

სად და აქვე, ჩვენს გვერდით, ჩვენს სხვენში, სასიმინდეებში, ბეღლებში...

თაგვების ქვეყანა ბევრად არ განსხვავდება ჩვენი ქვეყნისაგან. თაგვებსაც აქვთ თავიანთი ქალაქები და სოფლები, დიდი და პატარ-პატარა მდინარეები, მოწანწკარე წყაროები, გაუვალი ტყეები და მზისგან გადამწვარი ხრიოკი მინდვრები. თაგვებსაც უყვართ და პატარძლობენ, ისინიც ანგრევენ და აშენებენ, ერთგულებაც შეუძლიათ და მტრობაც იციან, ისინიც იბადებიან და მრავლდებიან. პატარა წრუწუნები კი ისეთივე ანცები და გაუგონარები არიან, როგორც ზოგიერთი თქვენგანი.

ბადო და ზადო – ორი პატარა წრუწუნა, რომელთა ამბავსაც ახლა გიამბობთ, ბედმა ათას შიშსა და ხიფათს გადაჰყარა.

სოფელში ხმა გავარდა, აბიბო მეწისქვილეს კარზე ვიღაცამ ორი წრუწუნა მიუყარაო.

წისქვილის კარში დაძეწკვილი ჭორი ცალი ყბით აბიბოს უთვალთვალებდა, ცალით – მთელი სოფლის გასაგონად გაჰყვიროდა:

– კი, კი, წრუწუნები ძმები იქნებიანო...

– აბიბოს ობლები საკუთარი შვილივით მიუღიაო...

– აბა რას იზამდა, კედელზე ჩამობენძღილ სარკეს ლამის ფსკერი გაუცვითოს გაძვალტყავებული თავ-პირის ცქერითო...

აბიბოს წისქვილი კი სიმინდსაც ფქვავდა და ღომსაც, ქერსაც და ჭორსაც.

აბიბო ადრე სოფელს თუ კარდაკარ უვლიდა და წისქვილის კარი დღე და ღამ საქარღრჭიალოდ ჰქონდა მიტოვებული, ახლა ნურას უკაცრავად; 

– ხვალ, ხვალ საღამოს გამოიარეთ, სადაცაა მდინარეც ამოაშროს ამ ოხერმა გვალვებმა, – გამოსძახებდა აბიბო წისქვილის კართან ჩამომსხდარ ცნობისმოყვარე თანასოფლელებს, რომლებიც, ვინ მოთვლის, რამდენ `ხვალეს~ და `ზეგეს~ ათენებდნენ და აღამებდნენ ნახევარი ბათმანი საფქვავის მოლოდინში...

 

ეს წისქვილის კარს მიღმა. შიგნით კი აბიბო ბადოს და ზადოს ყოველ დილით თხის რძეში მოთუხთუხებულ ყვითელი სიმინდის ფაფას აჭმევდა, შუადღისას – თხილ-კაკლის გულებს, საღამოობით ჩირ-ჩურჩხელებს.

ასე გაგრძელდა მანამ, სანამ ბადომ და ზადომ თვალი არ აახილეს და პირმადას აყოლილებმა სოფლის დიამბეგის ხორბლით სავსე ტომრებს ძირი არ გამოუძგნარეს.

– ნუ, ჩემო ზაზული, ნუ დაძრახავ, წრუწუნები ჯერ პატარები არიან, ერთ მარცვალსაც არ დაგაკლებ, – უთხრა აბიბომ წრუწუნებზე გამწყრალ სოფლის დიამბეგს.

– ვიცი, ჩემო აბიბო, შენი ამბავი, მარა, – ზაზულიმ წრუწუნებს გადახედა, – ამათი რა მოგახსენო, ვერ ვატყობ მთლად სიკეთეს, – თქვა დიამბეგმა და წისქვილის კარი გაიხურა.

– საქმეა ახლა ეს? – მიუბრუნდა აბიბო წრუწუნებს, – ჯერ გვარიანად თვალები არ აგიხელიათ და სოფლის სალანძღავად გამიხადეთ საქმე?.. არა, აჰ! ახლავე გალიაში ჩაგსვამთ, აბა ნახეთ! – აბიბომ წრუწუნებს ხელი დაავლო და კინწისკვრით გალიაში შეყარა.

წრუწუნები გაუნძრევლად იდგნენ გალიის კუთხეში და ყურებაკაპიწებულები უსმენდნენ აბიბოს, რომლის საუბრიდან ვერც ერთი სიტყვა ვერ გაეგოთ. ვერც ის, რატომ ეცოტავათ გალიის სივრცე და რატომ დარჩათ ოთხწნულა მავთულს მიღმა თავისუფლება... 

როდის, როდის გალიის სხვადასხვა კუთხეში გაცუნცულდნენ, მარცვლით გატიკნილი მუცლები თავქვეშ ამოიდეს და მშვიდად მიიძინეს...

გალიაში

დილით წისქვილის გაჭვარტლულ მინიან ფანჯარაში მზის სხივმა შემოაჭყიტა. გალიის ოთხწნულშიაც გაძვრა და ზადოს ცხვირზე მოუღიტინა. მანამ არ მოასვენა, ვიდრე თვალი არ გაახელინა. პირველი, რასაც ზადომ თვალი მოჰკრა, გალიის კარზე ვერცხლისფრად მობრჭყვიალე ვეებერთელა ბოქლომი იყო. ზადო მუხლებზე წამოსკუპდა, გალია გულდასმით შეათვალიერა. ახლა გალია კიდევ უფრო პატარა მოეჩვენა.

წამოდგა, ბადოსთან მივიდა და ხელი წაჰკრა,

– ბადო, გაიღვიძე... გესმის, გაიღვიძე!...

– უუუჰ, რა იყო, რა დაგემართა? – აბუზღუნდა ბადო.

– რა და ისევ გალიაში ვართ. შეხედე კარს რამოდენა ბოქლომი ადევს! ბადომ თვალები მოიფშვნიტა, ფეხზე წამოდგა, მთელი სხეულით გაიზმორა და გალიის კარს გახედა, – ახლა რა უნდა ვქნათ? – თქვა ცოტა ხნის შემდეგ.

– მოდი, მთელი ხმით დავიწრიპინოთ.

– წისქვილის დოლაბის ხმაურში ჩვენს ხმას მაინც ვერავინ გაიგონებს, – ამოიოხრა ბადომ.

– ბადო, ბადო, ნახე, იქ ფაფით სავსე ბარქაში დევს! – წამოიძახა უცებ ზადომ და გალიის კართან მიირბინა, – მოდი, ვჭამოთ!

– არ მინდა, მე გარეთ მინდა, – ბადომ ცხვირი აიბზუა.

– მაშინ, არც მე მინდა.

– აბა, ვჭამოთო, რომ თქვი?

– შენ თუ არ გინდა, არც მე მინდა.

– კარგი ვჭამოთ, – თქვა ბადომ და ფაფით სავსე ბარქაშში თითი ჩაჰყო, – ჯერ მე შევჭამ, მერე – შენ.

– კი აბა, შენ?! ნამდვილი ღორმუცელა ხარ, მართლა და მართლა! – გაიბუსხა ზადო.

– ჰოო, რას იბუსხები... მოდი, ბარქაში გალიის კართან დავდოთ, მერე სამჯერ დავითვალოთ და ვინც მიასწრებს, პირველმა მან ჭამოს.

– კარგი!

წრუწუნებმა ფაფით სავსე ბარქაში გალიის კუთხეში მიდგეს და უკან გამობრუნდნენ. ერთი, ორი, სამი! – წრუწუნები ადგილს მოსწყდნენ.

დაწინაურდა ზადო. ის იყო ბარქაშში ტუჩი უნდა ჩაეყო, რომ ბადომ ფეხი გამოსდო და ზადო ბარქაშზე ცხვირით დაეცა. ბარქაში აყირავდა და ფაფა წურწურით ჩაიღვარა გალიიდან.

– ვაი, ძალიან გეტკინა? – ჰკითხა ბადომ და ზადოს მიაჩერდა.

– თავი გამანებე, აღარ გელაპარაკები!

– რატომ აღარ მელაპარაკები?

– რატომ წამაქციე?

– ფაფა რომ დაღვარე, მაშინ მეც აღარ გელაპარაკები. ნახე, ჩემ დედას თუ არ ვუთხრა ყველაფერი!

– შენ რომ წამაქციე და ცხვირი მატკინე, კარგი იყო?! მეც ჩემ დედას ვეტყვი და ნახავ, რომ გცემს! – უთხრა ზადომ და გალიის კუთხეში გაცუნცულდა.

– ზადო!

– ნუ მეძახი, ხომ გითხარი, აღარ გელაპარაკები-მეთქი!

– ზადო... შენ არაფერი გინდა? – ჰკითხა ბადომ და გვერდით მიუჯდა.

– აქ რატომ მოხვედი, ხომ გითხარი, ეს ჩემი კუთხეა!

– შენ გგონია, სულ აქ დავრჩები? კი აბა?!. მოიწი, ყურში რაღაც გითხრა.

– მითხარი...

წრუწუნებმა თათები კისერს უკან გადაიწყვეს და გალიის მავთულს მაგრად ჩასჭიდეს. მერე მუხლები მოხარეს, უკანალები მავთულის ოთხწნულში გაჰყვეს და მაგრად გაიჭინთნენ...

ცოტა ხნის შემდეგ წრუწუნებმა ზემოთ ამოიხედეს და ერთმანეთის თვალებგადმოკარკლულ სახეს რომ შეხედეს, ფსუტუნი აუტყდათ...

კიდევ დიდხანს იფსუტუნებდნენ და კიდევ დიდხანს გამოიცურცლავდნენ წრუწუნები გატიკნილ მუცლებს, საწოლიდან აბიბო რომ არ წამომხდარიყო:

– ეს რა ამბავია! ნახეთ, რა დღეში არიან! – აბიბომ გალიას ხელი დაავლო, კარში გავარდა და გალია მდინარეში მოისროლა: – ესეც თქვენ! ესენი ვინა ყოფილან, კაცოო! – წამოიძახა და მდინარის ნაპირზე ჩამოჯდა...

 

კარკარეთში

– რაო, როგორ თქვი, რამდენი დღე იყვნენ წრუწუნები წყალშიო? – იკითხა კუკუჩია ექიმბაშმა და მასპინძლებს გადახედა.

– რა ვიცი, თავად კი არაფერს ამბობენ და, – ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ბაჭადომ.

– რით ვერ გაიგე, კაცო, წრუწუნები ჯერაც არ გამობრუნებულან ამ ქვეყნისკენ და როგორ იტყვიან, ჰა! – სულმოუთქმელად მიაყარა ცოლმა ბაჭადოს.

– შენ გირჩევნია ჭკუის სწავლებას თავი გაანებო და ცოტაოდენი ძვლების გასათბობი გამოგვიტანო, თან ზედ რაიმე სასუსნავიც მოაყოლო, გაიგე? – მიუბრუნდა ბაჭადო ცოლს.

– შენ კი ჩაწკვარამდი შენა აი, მალე არა ვნახავ შენს ძვლებს ხაფანგში გარეგვილსა?! – ქოქოლა მიაყარა ცუცუნამ ბაჭადოს და ოთახიდან გავიდა.

– რაო, რა თქვი, რამდენი დღე იყვნენ წყალშიო? – კვლავ იკითხა ექიმბაშმა.

– შენ რაღა მოგივიდა, კაცო? აკი გითხარი, არ ვიცი-მეთქი... იქნება ასე, ორი-სამი კვირა, ბიჭოს!

– რას ამბობ, ბაჭადო? ამ ყიამეთში თევზსაც კი გასცვივა ფარფლი და წრუწუნები სამი კვირა როგორ გაძლებდნენ წყალში! – წამოიძახა კუკუჩია ექიმბაშმა და გულმარიხიანად ჩაიკუჭკუჭა. – რაკი ეგრეა, მომისმინე: დილით, ორივენი ფეხებით ჩამოჰკიდე და ვინემ პირიდან მუცელში ნაგუბარ წყალს ბოლომდე არ გადმოღვრიან, აგრე იყვნენ. მერე ჩამოხსენი და სხეული ზანდაროზით შეუზილე, ბოლოს კი ორივენი თბილ საწოლში ჩააწვინე, ხომ დაიმახსოვრე? ჰოდა, ეგრე უწამლე იმდენი დღე, რამდენიც თავად იყვნენ წყალში.

– ესე იგი, სამი კვირა, ხომ?

– ჰო, აგრე არ თქვი, სამი კვირა იყვნენ წყალშიო?

– მაშ, სულ დაცლიან მუცლებს?

– დაცლიან, აბა რას იზამენ.

– რას ამბობ, კაცო! შენ ჭკუიდან ხომ არ შეიშალე! ცუცუნა, ცუცუნა, ერთი აქეთ მოიხედე! – გასძახა ბაჭადომ ცოლს. ოთახში ცუცუნა შემოვიდა.

– გაიგონე რა თქვა? წრუწუნები ჯერ ანგრე დაჰკიდეო, მერე კიდევ, ინგრეო. შენ რა, გინდა, ჩემი ხელით ჩამომახრჩობინო ეს საცოდავები? – მიუბრუნდა ბაჭადო ექიმბაშს.

– ნეტავ ვიცოდე, რა გაღრიალებს, დამხრჩვალის წამალი ეგაა და, ბიჭოს! – ექიმბაშმა ხელჯოხი აიღო და გაბრაზებული კარში გავარდა, – ერთი ამათ დამიხედეთ, არ გინდათ და ნუ გინდათ, ბიჭოს!

– დამეკარგე აქედან! – მიაძახა ბაჭადომ ექიმბაშს...

– კაცო, მართლა რომ არაფერი ეშველოთ, მერე? – კვლავ აქოთქოთდა ცუცუნა, – ადექი აგრე უნდილად რად ზიხარ! ადე, ჩამოუარე სოფლებს, იქნებ მათ მშობლებს მიაწვდინო ხმა!

– ესენი ალაზნისპირელები არ უნდა იყვნენ, – ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ბაჭადომ და კარში გავიდა...

სევდამ დაიბუდა კარკარეთში. სამი დღე და ღამე არ მოსცილებია სოფელი ბაჭადოს ეზო-კარს. მათი ცოდვით კაკალი არ გადმოვარდნილა ლენჯოდან, პეპელა ყვავილს არ გაჰკარებია, ჭიანჭველა – წკას მარცვალს.

– კუს ბაკანი გაუტყდა, ჭირადაც ეყო და ლხინადაცო, ხომ გსმენიათ? ჰოდა, ეგრეა ჩემი საქმეც, – ხშირად გადაულაპარაკებდა ბაჭადო სახლის კიბეებზე ჩამომსხდარ მეზობლებს.

– რაო, ბაჭადო, როგორ თქვა კუკუჩია ექიმბაშმა? – მეზობლებიც ხშირ-ხშირად ჩაჰკითხავდნენ ბაჭადოს.

– მაშ, კაცო, წრუწუნები ჯერ `ანგრე~ ჩამოჰკიდეო, მერე კიდევ, `ინგრეო~, – გამოაჯავრებდა ენამოჩლექით ბაჭადო კუკუჩია ექიმბაშს. მეზობლებიც, თითქოს პირველად ისმენენო, სიცილს გააბამდნენ.

– მოიცათ, ჩუმად! – წამოიძახა უცებ ცუცუნამ და წრუწუნების საძინებელ ოთახს მიაყურადა.

– დ-ე-დ-ა, დე-და-სთან მინდა, – წრიპინებდა ბადო მთელი ხმით, – ზადო გაიღვიძე, მე ჩემ დედასთან მინდა, გაიღვიძე!

ცუცუნამ სწრაფად აირბინა კიბეები და წრუწუნების ოთახში შევიდა.

– დამშვიდდით, ნუ ტირით, თქვენი დედა მალე მოვა, – ეუბნებოდა ცუცუნა წრუწუნებს და სათითაოდ იკრავდა გულში...

ის ღამე მშვიდად გაათენეს კარკარეთელებმა. მშვიდად ეძინათ ბაჭადოს და ცუცუნას. ეძინათ ბადოს და ზადოს...

ბადოს და ზადოს სოფელში გამოჩენის ამბავი, სხვებთან ერთად, არც მათ თანატოლებს გამოჰპარვიათ. დილაადრიანად მოიყარეს თავი წრუწუნებმა ბაჭადოს ჭიშკარზე. 

– შორს არ წახვიდეთ, შვილებო, ბევრი არ ირბინოთ, მდინარეზე არ ჩახვიდეთ! – მიაძახა ცუცუნამ ალაგეზე გადავლილ ბადოს და ზადოს...

– თქვენ რა გქვიათ? – ჰკითხა ათულიმ წრუწუნებს.

– მე ზადო, ამას – ბადო, თქვენ?

– მე ათული, ეს – თაბია, ეს ბუჭუ, ეს კი...

– მე ბაჭუტა მქვია, გინდათ ბაჭუ დამიძახეთ.

– ზადო, მოდით ლახტობანა ვითამაშოთ, – უთხრა ბუჭუმ.

– კარგი, ვითამაშოთ.

– რატომ სტყუი ზადო, ჩვენ ხომ ლახტის თამაში არ ვიცით? – უთხრა ბადომ ზადოს.

– მაშინ... მაშინ კაკლებით ვიკოჭაოთ! – წამოიძახა თაბიმ.

– ჩვენ რომ კაკალი არ გვაქვს? – ბადომ და ზადომ ერთმანეთს გახედეს.

– მე მოგცემთ, ნახეთ, რამდენი მაქვს, – თაბიმ მაისურიდან კაკ­ლები ამოიღო და ბადოს გაუწოდა, – იცით, რა ადვილია? მე ჩემ კაკალს მიწაზე გავაგორებ, შენ კი შენსას თითწკვინტილს ჰკრავ და თუ ჩემ კაკალს გაარტყამ, ორივე შენი იქნება – აი, სულ ეს არის.

– თუ ვერ გავარტყი, მაშინ?

– მაშინ... ჩემსას დამიბრუნებ.

წრუწუნებმა თამაში გააჩაღეს...

 

– უკვე სამი კაკალი წააგე, წადი და მომიტანე! – უთხრა თაბიმ ბადოს.

– საიდან უნდა მოგიტანო?

– მე რა ვიცი, წადი და დედაშენს გამოართვი!

– ვის?

– ვის და დედაშენს! რა, ვერ გაიგე?

– ჩემი დედა აქ რომ არ არის, როგორ გამოვართვა? – ამოყელცრემლა ბადომ.

– ჰო, მართლა, ბაჭადომ თქვა, წრუწუნებს დედა არ ჰყავთო, – თქვა ბაჭუმ.

– თქვენ დედა მართლა არ გყავთ? – ჰკითხა ათულიმ ზადოს და ბადოს.

– ჩემი დედა სხვაგანაა და მალე მოვა, ბადოს დედაც მალე მოვა, ისინი ერთად მოვლენ, არა ბადო?.. წამო, წავიდეთ აქედან, არ გვინდა ამათთან თამაში, – ზადომ ბადოს ხელი ჩაჰკიდა.

– არ გინდა, კარგია! კაკალი ხომ წააგე? ჰოდა, საიდანაც გინდა მოიტანე, თორემ! – თაბი ბადოს კისერში წვდა.

– ახლავე გაუშვი ხელი! – იყვირა ზადომ.

– ეე, ერთი ესა ნახეთ?! – მიუბრუნდა თაბი ზადოს.

– თაბი, ახლავე გაუშვი წრუწუნებს ხელი! იცოდე ბაჭადოს ვეტყვი ყველაფერს, – გამოექომაგა ათული ზადოს და ბადოს.

ზადომ და ბადომ ერთმანეთს გადახედეს, თვალით რაღაც ანიშნეს და უცებ ისე სწრაფად შემოჰკრეს თაბის ყბაში მუშტები აქეთ-იქიდან, რომ თაბი მიწაზე გაგორდა.

– ჩქარა, გავიქცეთ! – ათულიმ წრუწუნებს ხელი სტაცა და ადგილიდან გავარდნენ...

– ბადო, გძინავს?

– არა, ზადო, შენ?

– ბადო, შენი დედა სად არის, რატომ არ მოდის?..

– არ ვიცი...

– ჩემი დედაც რომ არ მოვიდა, – თქვა ზადომ ნაღვლიანად და საწოლზე წამოჯდა...

– ბაჭადო, ბაჭადო, გაიღვიძე, კარზე არიან! – ცუცუნამ ბაჭადოს მუშტუკუნი წაჰკრა.

– რას ამბობ, ამ წკვარამში მდინარის წყალსაც სძინავს, დაიძინე ერთი! – ბაჭადომ კედლისკენ იბრუნა პირი.

– არ მესვენება, კაცო, რაღაც ამბავია ჩვენს თავს, – ცუცუნა საწოლიდან წამოდგა და წრუწუნების საძინებელ ოთახში გავიდა. 

– უიმე, უიმე, მომიკვდეს თავი! აკი ვთქვი, არ მესვენება-მეთქი! – ცუცუნა ქოთქოთით უკან შემობრუნდა.

– ეეეჰ!.. აღარ მომასვენა, კაცო! – ბაჭადო საწოლზე წამოჯდა, – რა იყო, რა კატის კნავილი აგედევნა ამ დილაადრიანად, ჰა?!.

– გაპარულან, ორივენი გაპარულან!

– რას ამბობ! – წამოიძახა ბაჭადომ, – სოფლის გზას ვერ გაიგნებენ, მდინარით წავიდოდნენ! – თქვა ცოტა ხნის შემდეგ და კარში გავარდა.

კვლავ აიშალა კარკარეთი.

მთელ ხეობას მოედო კარკარეთელთა ხმა:

– ხევს, ხევს ამოჰყევით!

– ზემოდან, ზემოდან მოუარეთ მდინარეს!

– ზა-დო-ო!

– ჰეი, ბა-დო-ო!

– რა ჰქენი, ბაჭადო, იპოვე?..

ბორანზე

ახლა ბადო და ზადო ბორანზე ეყარნენ დაღლილ-დაქანცულნი.

ბორანი მდინარის ზედაპირზე დუნედ ტივტივებდა.

ახლა ერთი სული ჰქონდათ, როდის წამოცვივდებოდნენ და ნაპირზე ავიდოდნენ.

ახლა მათთვის სულერთი იყო, ბორანი გაღმითა ნაპირს მიადგებოდა, თუ მდინარის დაყოლებით დაეშვებოდა. მთავარი იყო, უკან არ მიბრუნებულიყვნენ, რადგან ისინი სოფელს გამოექცნენ, სოფლის წუნწუხებში ამოგანგლულ სირცხვილს გამოექცნენ, სირცხვილს, რომელიც გაფოთებით მოსდევდათ ფეხდაფეხ და ვინ იცის, მდინარის სალზე ფეხი რომ არ ასხლეტოდა (ესეც ზადოს და ბადოს ბედი იყო), ისიც ბორანზე მოადენდა ზღართანს მათთან ერთად. მერე კი ვეღარ გაექცეოდნენ, ვეღარსად დაემალებოდნენ და ვინემ ბადოს და ზადოს მოთმინების ძარღვი არ გაუწყდებოდა, ზურგზე სირცხვილაკიდებულებს უნდა ევლოთ სოფელ-სოფელ...

 ... ბორანი მდინარის ზედაპირზე დუნედ ტივტივებდა. ახლა ვინმეს რომ დაეძახა, ადექით, ბორანი გაღმითა ნაპირს მიადგაო, მაშინ სულ არ იჩქარებდნენ, რადგან ახლა მათ კარგად უნდა დაესვენათ, კარგად გამოეძინათ... მდინარის ნაპირიდან კი იწყებოდა ახალი ცხოვრება.

 ახლა არც ერთმა მათგანმა არ იცოდა, რას მოუმზადებდა ცხოვრება. მდინარის თაგვებად აქცევდა თუ ძუძგის ვირთხებად, მინდვრის დაღლარებად გახდიდა თუ ლიამპალის წურბელებად. ასე იყო თუ ისე, ახლა ისინი ობლები იყვნენ, უსახლკარონი, სასუსნავიც თავად უნდა ეშოვნათ და წყალიც, კატასაც უნდა დამალოდნენ და ხაფანგიდანაც ისე უნდა გამოეტანათ კაკალი, რომ შიგ გვერდები არ მოერეგვათ. ობლობაც უნდა მოერგოთ და თანატოლების დაცინვაც უნდა მოეთმინათ, ვინემ დედას არ იპოვიდნენ.

 იქნებ ცუცუნა იყო მათი დედა?... არა, ასე რომ ყოფილიყო, ცუცუნა ხომ არ ეტყოდათ: `დამშვიდდით, ნუ ტირით, თქვენი დედა მალე მოვაო.~ ხომ შეიძლებოდა ცუცუნასაც სხვაგვარად ეთქვა, თუნდაც: `ნუ ტირით, დედა გენაცვალოთო~, – მაშინ?.. მაშინ ხომ უფრო ამაყები, უფრო ძლიერები იქნებოდნენ. თაბის ხელის გარტყმის შემდეგ კი არ გაიქცეოდნენ, ბოლომდე შეებრძოლებოდნენ. მერე რა, რომ ისინი ოთხნი იყვნენ? ეცემინებოდნენ ბოლოს და ბოლოს და ხუთი – ჰა, ჰა, შვიდი დღე საწოლშიაც იკოტრიალებდნენ გაჩეჩქვილი ცხვირ-პირის მოსაშუშებლად. სამაგიეროდ, არც სოფელს გაექცეოდნენ და არც თანატოლებს. სოფლის წუნწუხებში ამოგანგლულ სირცხვილს კი საბოლოოდ გამოუკეტავდნენ ცხვირწინ კარს...

 ახლა სადაცაა ბორანი გაღმითა ნაპირს მიადგება. ახლა ბადომ და ზადომ უკანასკნელად უნდა გამოიტირონ ობლობა და სიღარიბე, გავლილი და გასავლელი გზა და შარაზე გავიდნენ...

 

– უჰ, რამდენი ვიძინე?! – ბადო მუხლებზე წამოჯდა და მთელი სხეულით გაიზმორა, – ზადო გაიღვიძე, ნახე, ნაპირზე ვართ... იცი, როგორ მომშივდა?.. შენ არ გშია?.. გახსოვს აბიბომ გალიაში ფაფით სავსე ბარქაში რომ შემოგვიდგა? ისიც ხომ გახსოვს, ფაფა რომ დაღვარე და მერე მე რომ გამებუტე? ახლა ის ფაფა აქ რომ მოგვცა?!. რატომ აღარ მელაპარაკები, რა, არ გშია?.. არ გშია და ნუ გშია. მე წავალ, შენ კი იძინე რამდენ ხანსაც გინდა... რა, ვერ წავალ? თუ ფიქრობ, საჭმელს მოგიტან? კი აბა, შენ იძინო და მე საჭმელი მოგიტანო? იფ, რა კარგია?! თუ მასეა, მე დავიძინებ და შენ მომიტანე!..

ბადომ მდინარის წყალი სახეზე მიისხა, ნაპირზე ისკუპა და გზას გაუდგა. 

იარა, იარა და პირდაპირ თხილნარის ტყეში ამოჰყო თავი. სწრაფად მოხვეტა ირგვლივ მიმობნეული ნაყოფი, ჩაცუცქდა და თხილი წინ დაიყარა:

 – სამი – ზადოს, სამი – მე,

 – სამი – ზადოს, სამი – მე,

 – სამი – ზადოს, სამი – მე, 

 – სამი – ზადოს, მე?.. მე რომ ორი დამრჩა?.. მე არ მინდა, ორივე კაკალი ზადოს ჰქონდეს, მას ხომ არაფერი უჭამია!

 

თბილი, წვიმიანი დღე იდგა, იქა-აქ მოლაღურების ჭივი ისმოდა. პეპლები ფრაფლანით დაფრინავდნენ ყვავილიდან-ყვავილზე. თხილის ფოთლებში გახლართული სიო კიპკიპით მიმოდიოდა ფოთლიდან-ფოთოლზე. ფოთლების შრიალზე ბადომ ყურები ცქვიტა, თითქოს კატის კნავილს მიაყურადაო, სწრაფად მოხვეტა თხილი და ადგილიდან გავარდა. ისე სწრაფად გარბოდა, უკან არც მოუხედავს, მხოლოდ მაშინ მოეგო გონს, ბორანზე ზღართანი რომ მოადინა. თვალი ზადოსკენ გააპარა, ხომ არ დამინახაო. ზადო ბორანის კუთხეში იწვა და საცოდავად კანკალებდა.

ბადო წამოდგა. ზადოსთან მივიდა და მუშტუკუნი წაჰკრა: – ზადო, ნახე რას მოვრბოდი?! იცი, როგორ მომდევდნენ, მაინც ვერ დამეწიეს! რა მაგარი ვარ, არა?!. შენ რა, კიდევ გძინავს? – ჰკითხა და სახეზე დახედა.

– იცი, ბადო... შენ რო...მ წა-ხვე-დი და დამტოვე, რა-მდენი გე-ძახე? მერე ბო-რანი თანდათან მდინარის ფს-კერზე და-ეშვა, იქ ბე-ვრი, ძალიან ბევრი ფერ-ად ფე-რა-დი თევზი იყო და ყვე-ლას უნდოდა, რომ მე მათთან დავრჩე-ნი-ლი-ყავი... მე კი შენ-თან მინდო-და, კიდევ ჩემ დე-დასთან მინდოდა... რატომ არ ამო-მიყვანე, რომ გეძახ-დი?.. – ზადო საცოდავი ხმით კრუსუნებდა და სიცივისაგან კიდევ უფრო ეკვროდა ბორანის კუთხეს.

– ზადო, ცუდად ხომ არ ხარ, მოდი შუბლი მაჩვენე, – ბადომ შუბლზე ხელი დაადო, – უჰ, როგორი ცხელი ხარ? მგონი სიცხე გაქვს... რა ვქნათ?.. აი ნახე, რამდენი თხილი მოგიტანე, გინდა დავტეხავ და ისე მოგცემ, შენ გეგონა მართლა არ მოგიტანდი, აჰა, აიღე, სულ შენი იყოს...

– არ მინდა თხილი, მცივა.

– გცივა?.. მოიცა, ახლავე მოვალ, – უთხრა ბადომ და მდინარის ნაპირზე გავარდა.

– ბადო, სად გარბიხარ? აქ არ დამტოვო! – მიაძახა ზადომ.

– აი, თხილის ფოთლები მოგიტანე, – ბადო თვალისწამში ბორანზე დაბრუნდა, – ახლავე ზემოდან დაგაფარებ, გათბები და მალე კარგად გახდები... ახლა თხილის გულიც შეჭამე, ნახე, რა გემრიელია. აიღე, სულ აიღე, ყველა შენი იყოს, მე არც ერთი ცალი არ მინდა, იცი იქ რამდენი თხილია? მალე კარგად გახდები და ტყეში ერთად წავიდეთ, ჰო?...

კატის სოროში

ზადოს გამთენიისას ჩაეძინა.

ის იყო ბადომაც თვალი მილულა, რომ უცებ ძლიერი ქარი ამოვარდა და გაწვიმდა.

– ზადო, გაიღვიძე, მთაში გრიგალია! – ბადომ ზადოს ფეხებზე ხელი დაავლო და ბორანიდან მდინარის ნაპირზე გაათრია.

– არ მინდა წყალში, შენთან მინდა! – ბორგავდა სიცხისგან მისავათებული ზადო.

– ესეც ასე, უკვე ნაპირზე ვართ, აქ მდინარის წყალი ვერ მოგვწვდება... უჰ, როგორ ცივა, წავალ აქაურობას მოვათვალიერებ, იქნებ თავსაყუდარი ვნახო რამე, თორემ სულ დავსველდით. შენ აქ დარჩი, მე მალე დავბრუნდები, – თქვა ბადომ და წავიდა.

– ზადო, აქეთ, აქეთ! – ბადო ერთ გამოფუღრულ ხის ძირში იდგა და ზადოს თავისთან ეძახდა.

ზადო წამოდგა და ხესთან მიირბინა.

– შემოდი, რაღას უცდი, – ბადომ ზადოს ხელი ჩაჰკიდა და გამოფუღრულში შეიყვანა, – ნახე, აქ როგორ თბილა, მოდი ბუხარს შევუკეთოთ, – ბადომ კუთხეში მიყრილი ფიჩხი მოხვეტა და მინავლულ ნაკვერჩხალს დააყარა. 

– სახლის პატრონი რომ მოვიდეს, მერე? – თქვა ზადომ.

– მოვიდეს რა, სულ აქ ხომ არ დავრჩებით, გავთბებით და წავალთ. ბადო ბუხრის წინ ჩაცუცქდა და ფეხები გაღვივებულ ცეცხლს მიაფიცხა, უჰ, რა კარგია... 

– ახლა იქნებ ცოტა რამ სასუსნავიც ვიპოვოთ, მთელი დღეა ლუკმა არ ჩაგვსვლია, – თქვა ბადომ და სორო გულდასმით მოათვალიერა.

წრუწუნები აქეთ მოდგნენ, იქეთ მიდგნენ, მაგრამ საკბილოს ვერაფერს მიაგნეს და კვლავ თბილ ბუხარს მიეფიცხნენ.

– ზადო, შეხედე კაკალია რამდენა! – წამოიძახა უცებ ბადომ და ბუხრის თავზე აცოცდა, – აჰა, დაიჭირე! – ჩამოსძახა და კაკალი ქვემოთ გადმოაგდო.

 ბევრი აკირწიკორწეს წრუწუნებმა კაკალი წინ და უკან, მარჯვნივ და მარცხნივ, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს, კაკალი კერკეტი გამოდგა.

– ბადო, იცი რა მოვიფიქრე?

– რაა?

– შენ ბუხრისთავზე ადი, მერე იქედან გადმოხტი და კაკალს ფეხებით დაახტი, მე კი დავიჭერ, კარგი?

– კარგი, – თქვა ბადომ და ბუხარზე აცოცდა. ის იყო, ბადო ბუხრიდან უნდა გადმომხდარიყო, რომ უცებ ფეხი აუსხლტა, ბუხრიდან თავდაყირა გადმოეშვა და კაკლის წვერზე უკანალით დაეცა.

ზადომ, თავზე არ დამეცესო, კაკალს ხელი გაუშვა და გვერდზე გავარდა. 

– ვაიმე! – იღრიალა ბადომ და უკანალზე ხელი წაივლო, – რატომ გაუშვი ხელი, ხომ თქვი, დავიჭერო?

– კი აბა, თავზე რომ დამცემოდი?! – ზადო უშნოდ გაიღრიჭა.

– რა გაცინებს? იცი, როგორ მტკივა! – თქვა ბადომ და ცრემლები გადმოყარა...

– რა ვქნათ, ბადო, შიმშილით კუჭი მეწრიტება, – კვლავ აწრიპინდა ზადო.

– თუ კარგია, ახლა შენ გადმოხტი.

– არა, ეგ არ გამოვა, სხვა რამე მოვიფიქროთ.

– რა, რა მოვიფიქროთ?

– რა და... მოდი კაკალი კართან დავდოთ, მერე კარს მთელი ძალით მივაწვეთ და კაკალიც გატყდება.

– არა, არც ეგ გამოვა.

– ნახავ, თუ არ გამოვა, – ზადომ კაკალი კარის ჩარჩოზე დადო და კედელთან მივიდა, ერთი, ორი, სამიიი! წამოიძახა და კარს მთელი ძალით დაეტაკა. კარი მოსხლეტით უკან გაბრუნდა და ზადოს სახეში მიეხეთქა.

ვაიმე! იყვირა ზადომ და სახეზე ხელი აიფარა.

– რა მოგივიდა? – მივარდა ბადო, – ხელი ჩამოსწი, მაჩვენე, ძალიან გტკივა?

– აბა, არ მტკივა?!.

– კარგი, ნუ ტირი, სხვა რამე უნდა მოვიფიქროთ, – თქვა ბადომ ცოტა ხნის შემდეგ.

– რა მოვიფიქროთ? – ზადომ ცრემლები მოიწმინდა და ბუხართან ჩაცუცქდა, იცი, რა... კაკალი რომ ნაკვერჩხლებზე დავდოთ?

– რას ამბობ, რომ დაიწვას, მერე?

– რომ დაიბრაწება, ჩვენც მაშინათვე ავიღოთ.

წრუწუნებმა კაკალი ნაკვერჩხლებზე დადეს და გაფაციცებით ცეცხლს მიაცქერდნენ.

ჭაახ! – გაისმა რამდენიმე წუთის შემდეგ და კაკლის ნაჭუჭები მთელ სოროში მიმოიფანტა.

– ვაიმე, თვალი! წამოიძახა ბადომ და სახეზე ხელი აიფარა.

– რა მოგივიდა, ხელი ჩამოსწი! – ზადო ბადოსთან მივიდა და თვალიდან ნაჭუჭის გავარვარებული ნამცეცი ააცალა, – გეწვის?.. აბა, თვალი გაახილე, მხედავ?..

– ხომ გითხარი ნაკვერჩხალზე ნუ დავდებთ-მეთქი!

– როდის მითხარი? – ზადომ ცხვირი აიბზუა და ზლუქუნ-ზლუქუნით სოროს კუთხეში განმარტოვდა.

– ზადო, იცი, აღარ მეწვის, მოდი ვჭამოთ, – თქვა ბადომ ცოტა ხნის შემდეგ და სოროში მიმობნეული კაკლის ნაჭუჭების შეგროვებას შეუდგა. დიდხანს ატრიალა ხელში ნაჭუჭები, ბოლოს სულ ერთიანად მოხვეტა, რაც კალთაში ნაჭუჭები ჰქონდა და გაბრაზებულმა ბუხარში შეყარა..

– რას აკეთებ! – წამოიძახა ზადომ და ბუხარს მივარდა.

– კაკალი ფშუტი ყოფილა, – ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ბადომ...

– ახლა რა ვქნათ?.. ამაღამაც მშიერი ვიყოთ?.. როდის-როდის ამოყელცრემლეს შიმშილისგან მისავათებულმა წრუწუნებმა და ბუხრის წინ გვერდი-გვერდ მიიძინეს...

დილით კარზე ხმაური გაისმა.

წრუწუნებმა თვალები ჭყიტეს და კარს მიაყურადეს.

უჰ, როგორ დავიღალე, დასწყევლოს ღმერთმა, ერთი კონჩხა რძისთვის მთელი ხეობის სოფლები შემოვიარე...

– ვაი, კატის სორო ყოფილა! – თქვეს წრუწუნებმა ერთხმად, – ვეღარ გავიქცევით, ზედ გასასვლელში ზის.

– მოდი, ბუხარში ავძვრეთ.

– რას ამბობ, ბუხარში ხომ დავიწვებით!

– ადგა, შემოდის, ჩქარა სხვენზე! – ბადომ ზადოს ხელი სტაცა და სხვენზე გააქანა.

სოროში კატა შემოვიდა. ბუხარში გაღვივებულ ნაკვერჩხალს თვალი რომ მოჰკრა, გაოცებისგან მხრები აიჩეჩა: ვინ იყო?.. ბუხარიც რომ დაუნთია, – თქვა და სორო შეათვალიერა. მერე რძიანი კონჩხა ბუხრის პირას მიდგა და თბილ ღვერფლში მიწვა.

– ხომ გითხარი, სოროს პატრონი რომ მოვიდეს-მეთქი!.. – უთხრა ზადომ ბადოს.

– ჩუმად, რა გაღრიალებს!

– აბა, აწი სულ აქ ვიყოთ? კარს უკან უნდა დავმალულიყავით, კარს რომ გააღებდა და სოროში შემოვიდოდა, ჩვენ გარეთ გავვარდებოდით...

– კი აბა, შორს გაექცეოდი?!. ჩუმად იყავი, მე ქვემოთ ჩავიხედავ, – თქვა ბადომ და მუცლით გახოხდა.

– იუფ, ერთი შეგახედა, გვერდით როგორი ქაფქაფა რძით სავსე კონჩხა უდგას?!

– მოვალ, მეც ჩავიხედავ, ჰო.

– ხომ გითხარი, ჩუმად იყავი-მეთქი... ნეტავი ჩაეძინოს!

– რას იზამ?

– აქედან კონჩხაში თავით გადავეშვები და რძეს სულ ერთიანად შევხვრიპავ!

– მერე მე?

– ჰო, ცოტას შენც დაგიტოვებ.

– მე კი შუაზე გავყოფდი.

– ერთი მითხარი, რძით სავსე კონჩხას შუაზე როგორ გაჰყოფ?!

– როგორ და... ა– ა– აამცხიკვ! – დააცემინა უცებ ზადომ და ბადოს შეხედა, რა იყო, მართლა და მართლა, ძალად ხომ არ მინდოდაო.

ხმაურზე კატამ ყურები ცქვიტა და ირგვლივ მიმოიხედა. სოროში რომ ვერავინ დაინახა, ალბათ მომეყურაო, გაიფიქრა და კვლავ თვალები მილულა...

ნაშუადღევს წვიმამ გადაიღო. მზემ გამოანათა. წრუწუნებმა სხვენში შემომავალ ჭვრიტს მოჰკრეს თვალი. ბადომ ჭვრიტთან მიირბინა და გარეთ გაიხედა.

– ზადო, ნახე, ჭიანჭველას რამოდენა ქერის მარცვალი მოაქვს! ვაი, გაუვარდა... არა, დააგდო და გაიქცა.

– რატომ გაიქცა?

– არ ვიცი.

– არ ჩანს?

– არა. ფოთლებში შეძვრა.

– მარცვალი თან წაიღო?

– ისევ იქ დევს.

– ბადო გაიწი, მეც გამახედე.

– დამაცადე... ისევ მოდის, მეორე მარცვალი მოაქვს. ვნახოთ სად წაიღებს... ისიც გვერდით მიუდო... აქეთ იყურება...

– რატომ, ჩვენი ხმა ესმის?

– ხმა არა... ნახე, რა ქნა?

– რაა?

– თხილის ვეებერთელა ფოთოლი მოაქვს.

– რად უნდა?

– მარცვლებს აფარებს ზემოდან. მოდი, თუ გინდა, გაიხედე.

– არ მინდა... იცი, ბადო, რა მოვიფიქრე? მოდი, ხელებზე ხელი ჩამკიდე.

– მერე? 

– ჩამკიდე და ნახავ.

ზადო სხვენზე ფეხებით ჩაეშვა, კუდი მოიქნია და კონჩხის სახელურს გამოსდო, – ბადო, მაგრად დამიჭირე, – უთხრა და კუდით რძიანი კონჩხა წამოსწია. ბადომ ზადოს დაკავება ვერ შეძლო, ხელი აუსხლტა და ზადო რძიან კონჩხაში თავით გადაეშვა. 

ხმაურზე კატამ თვალები ჭყიტა. თაგვს თავისი ფეხით აქ რა მოიყვანდა, ალბათ მომეჩვენაო, გაიფიქრა და ძილი განაგრძო.

ზადო რძიან კონჩხიდან ამოხტა და კარში გავარდა.

კონჩხიდან გადმოღვრილი რძე მიწას გაედინა და ბუხრის წინ შეგუბდა. 

თუ მომეჩვენა, რძე რამ დაღვარა?.. არა, აქ რაღაც სხვა ამბავიაო, გაიფიქრა კატამ და კარში გავიდა.

გზად არავინ ჩანდა. კატა სოროში შემობრუნდა და იქაურობა კიდევ ერთხელ შეათვალიერა. უცებ სხვენზე თაგვის კუდს მოჰკრა თვალი. თუ გაიქცა, სხვენზე როგორღა არის-ო?.. კატა კარგა ხანს ჩაფიქრებული იდგა... გამოდის, ორნი იყვნენ, გაიფიქრა და სოროს კარი საიმედოდ გადარაზა იმ იმედით, რომ სხვენზე კიდევ ერთი წრუწუნა უნდა ყოფილიყო. კატამ ხმამაღლა დაიძახა:

– აბა, ახლავე ძირს ჩამობრძანდი! 

ბადოს შიშისაგან სუნთქვა შეეკრა, სხვენიდან ნელ-ნელა ჩამოცოცდა და ცახცახით კედელს აეკრო.

კატა კედელთან მივიდა და წრუწუნას გაკვირვებულმა შეხედა.

ბადომ შიშისგან სახეზე ხელები აიფარა და მუხლებზე დაეშვა.

– ნუ ცახცახებ, ხომ ხედავ, არ გერჩი, – კატა ჩაფიქრდა... გუშინ... ესე იგი, მთელი დღე... გამოდის, რომ ორი დღეა სხვენზე ხარ...  – აბა აქეთ წამოდი, – კატამ ბადოს ხელი მოჰკიდა და რძით სავსე კონჩხასთან მიიყვანა, – ვიცი გეშიება, აჰა, დალიე, დალიე რამდენიც გინდა.

ბადომ აკანკალებული პეშვი კონჩხაში ჩაჰყო, რძე წურწურით ამოიღო და გასვლიპა.

– დალიე, სულ დალიე, – უთხრა კატამ.

როცა ბადო რძის დალევას მორჩა, კატამ გვერდით მოისვა და წვრილად გამოჰკითხა: რა გქვიაო, მეორე ვინ იყოო, აქ როგორ მოხვდითო, რას ჰქვია, დედა ვერ იპოვეთო, როგორ თუ მარტო ხარო, – ამბობდა კატა და სოროში მიმოდიოდა.

– მაშ, მარტო ხარ, ხომ? – ნაღვლიანად ჩაილაპარაკა კატამ, – იცი, ბადო, მეც მარტო ვცხოვრობ, ერთ პატარა კნუტს ვზრდიდი. ერთხელ დილაადრიანად გავედი საშოვარზე, სწორედ იმ დროს სოროზე მტაცებელს ჩამოევლო და კნუტი ხელს გაეყოლებინა. ბევრი ვეძებე, ბევრი ვითავცემე, მაგრამ ვერსად მივაკვლიე. მას აქეთ სულ მარტო ვარ, აღარავინ გამაჩნია... კატა ბადოსთან მივიდა და ალერსიანი ხმით უთხრა: 

– დილით ტყეში გავალ, ნაწვიმარზე ბლომად თხილს და წაბლს ჩამოყრიდა, ცოტა ფიჩხსაც გამოვიყოლებ. გარეთ არ გახვიდე, გახსოვდეს, გზაზე ათასი რჯულის მტაცებელი დაძრწის, იცოდე, საკბილოდ არავის გადაეყარო!

კატა უკან გაბრუნდა, ბუხართან მივიდა, მიმქრალ ნაკვერჩხალს ფიჩხი შეუკეთა, ბადო თბილ საწოლში ჩააწვინა, თავადაც გვერდით მიუჯდა და გვიან ღამემდე მშვიდად ისაუბრეს...

დილით კატა ადრიანად ადგა, ბუხარი ააგიზგიზა და ბადოს მიუბრუნდა: – დილისპირს სუსხი იყო, ეტყობა მთაში ჩამოთოვა, – თქვა და საბანი ფრთხილად გადახადა.

– ეჰ, გაპარულა, – ამოიხვნეშა კატამ და კარში გავიდა. სოროს წინ დიდხანს უძრავად იდგა და ხევს გაჰყურებდა. როდის-როდის კართან ჩაცუცქდა და ნაღვლიანად ჩაილაპარაკა, ეს აღარ დაბრუნდებაო...

ბადო გზის გასაყართან იდგა.

გზა ოთხმხრივ იყოფოდა, წინ და უკან, მარჯვნივ და მარცხნივ...

ახლა ბადოს რომელიმე გზა უნდა აერჩია და მას გაჰყოლოდა.

უკან არ დაბრუნდებოდა, რადგან ამ გზით გამოიპარა. კატას გამოეპარა, კატას, რომელმაც უმასპინძლა, ლუკმა უწილადა, თბილ საწოლში ჩააწვინა, მეგობრობა შესთავაზა, კი არ შესთავაზა, სთხოვა; `... გარეთ არ გახვიდე, ნაწვიმარზე ბლომად თხილს და წაბლს ჩამოჰყრიდა და მოგიტანო.~... დიახ, – `მოგიტანო~, აუცილებელია მარცვალ-მარცვალ ეთქვა `მო-გი-ტა-ნო?~, რად უნდოდა კატას თხილი და წაბლი და ისიც ტყის, თუ არა ბადოსთვის? მორჩა, უკან აღარ წავა!

წინ?

არც წინ. უფრო მეტიც – წინ საერთოდ არც გაიხედავს, რადგან წინ მდინარეა, მდინარეზე ბორანი. ბორანს იქით გაღმა ნაპირი. უფრო იქით კი – სოფელი, სოფელი, საიდანაც გამოიქცა, თანატოლებს, ობლობას, სირცხვილს გამოექცა...

ესე იგი – მარცხნივ? 

არა, მარცხენა მარცხიანიაო, უთქვამთ.

მაშ, მარჯვნივ?

მარჯვნივ – მარჯვედ უნდა იყო, ამაყი, ძლიერი. ახლა ბადო მარტოა, ყველასგან მარტო. `მარტო კაცი ჭამაშიაცო~... უთქვამთ ოდესღაც, და მით უფრო – დღეს! დღეს, როცა `...გზაზე ათასი რჯულის მტაცებელი დაძრწის და საკბილოდ არავის გადაეყაროო~, გააფრთხილა კატამ.

ნეტავი რომელი გზით წავიდა ზადო? უკვე მეორე დილაა, არ ჩანს, ალბათ გზა აერია და კვლავ სოროში დაბრუნდებაო, გაიფიქრა ბადომ და კატის სოროსკენ გაბრუნდა.

იარა, ბევრი თუ ცოტა, კატის სოროს მიადგა. ბადომ კარს მიაყურადა. სოროდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. კარი ფრთხილად შეაღო და შიგ შეიხედა. უცებ საშინელმა შიშმა აიტანა.

რა იყო ეს შიში, კატის შიში?..

კატას შეჭმა რომ ნდომოდა, რატომ იცუღლუტებდა? ისე გადასანსლავდა, წარბსაც არ შეარხევდა!

იქნებ გაპარვის, მიტოვების შიშმა აიტანა?..

ამ დროს ყურში კატის ნათქვამმა სიტყვებმა გაურბინა: `...ვარ ახლა მარტო, აღარავინ გამაჩნია...~ ვინ იცის, როგორ სჭირდებოდა ახლა კატას მასთან მეგობრობა, მასთან ყოფნა და არა ისე, როგორც მას ეგონა – შესაჭმელადო.

შევალ და ვეტყვი, არსადაც არ გავპარულვარ, ხევში ვიყავი-თქო. მერე?.. მერე მეტყვის – შემოდი, რაღას დგახარ, არ გაცივდე, გეშიებაო და თბილ რძეს დამალევინებს... მერე საწოლში ჩამაწვენს, ძილის წინ კი კვლავ დამარიგებს, გარეთ არ გახვიდე, აქ ჯერ არავინ გიცნობს, საშიშიაო. ჰოდა, აწი ყველაფერი მას უნდა ჰკითხო: ტყეში წასვლა თუ შეიძლება, შინ დაბრუნება თუ დამაგვიანდა, ათასჯერ უნდა აუხსნა, არსადაც არ გავპარულვარ, აქვე, ხევში ვიყავიო... არა, ისევ მარტო ყოფნა სჯობს! – თქვა და სოროს კარი გამოხურა.

შეჩერდა.

დიდხანს უძრავად იდგა. 

შევიხედავო, თქვა ბოლოს და კარი შეაღო.

კატას თავზე საბანი წაეფარებინა და საწოლში უძრავად იწვა.

`იქნებ ავადაა, იქნებ სცივა კიდეც, ნეტავი ბუხარი თუ უნთია? ჩაილაპარაკა ბადომ და სოროში შევიდა.

– მოხვედი, ბადო?.. მეგონა აღარ დაბრუნდებოდი, – კატამ საბნიდან თავი ამოჰყო და საწოლზე წამოჯდა.

– იცი, მე... მე, ზადოს ვეძ...

– ვიცი, ბადო, ვიცი. კონჩხაში რძეა, გაათბე, ცივი არ დალიო, – უთხრა კატამ და საბანი თავზე წაიფარა...

ბაყაყი რობი

დილით კატა და ბადო ადრიანად გავიდნენ საშოვარზე.

იარეს, იარეს ბევრი თუ ცოტა, მდინარის ნაპირს მიადგნენ.

– ბადო, შენ აქ დარჩი, მე მეთევზეებს ცოტაოდენ თევზს ავწაპნი და მალე დავბრუნდები. წყალში არ შეხვიდე, ფეხები არ დაისველო, – დაარიგა კატამ და წავიდა.

ბადო მდინარის პირას ქვაზე ჩამოჯდა. უცებ წყლიდან ბაყაყის ყიყინი მოესმა. ხმაურზე ბადომ ყურები ცქვიტა. ის იყო ყიყინს თვალი მიადევნა, რომ წყლიდან ბაყაყმა ამოჰყო თავი, შამბში მისწი-მოსწია და ნაპირზე მოთქვლაფაშდა. ბადომ თვალებგადმოკარკლულ ბაყაყს რომ შეხედა, შიშისგან გაქცევა დააპირა.

– ვინ ხარ, ქვებს რატომ მესვრი? – ჰკითხა ბაყაყმა გაბრაზებული ხმით.

– შენ თვითონ ვინ ხარ, როდის გესროლე ქვა?

– მე რობი ვარ, ბაყაყი რობი, ყველა მდინარესა და ტბაში მცხოვრებთა მბრძანებელი!

– ოჰო! – გაიკვირვა ბადომ, – მერე დიდი თავი რომ გაქვს და თვალები რომ გადმოგიკარკლავს, გგონია შენი მეშინია?!

ბადოს ამ სიტყვებმა ბაყაყს მოთმინება დააკარგვინა: მე ბაყაყი რობი არ ვიყო, თუ ეგ კუდი გემრიელად არ ჩავღმურძლოო, გაიფიქრა. 

– ცურვა თუ იცი? – ჰკითხა ბაყაყმა.

– არა, არ ვიცი.

– გინდა გასწავლო?

– კი, აბა?! ჩემმა მეგობარმა მითხრა, მდინარეში არ შეხვიდე, შიგ ბევრი მტაცებელიაო!

– ვინ არის შენი მეგობარი?

– ვინ და, კატა.

– კატა?! – კატის ხსენებაზე ბაყაყს გაოცებისაგან ლამის თვალის კაკალები გადმოსცვივდა!

– დიახ, კატა! და ნახავ, რომ მოვა თუ არ ვუთხრა, ჩემი შეჭმა რომ გინდა!

– როდის მინდა შენი შეჭმა?

– აბა მაგოდენა პირი რატომ გაქვს?

– ეჰ, განა მე კი მინდა ბაყაყობა?.. რა იქნებოდა, არწივად რომ გავჩენილიყავი. ავფრინდებოდი მაღლა, სულ მაღლა... აი, ასე, – რობიმ ნაპირზე ისკუპა, ბადოს ხელი სტაცა და მდინარისკენ გააქანა.

– არ მინდა ცურვა, ხელი გამიშვი! – აწრიპინდა ბადო.

 უცებ, სად იყო, მდინარესთან კატა გაჩნდა, ბადოს ფეხში სწვდა და ბაყაყს ხელიდან გამოსტაცა.

– ახლოს არ მიეკარო, ეს შხამიანი ბაყაყია, მუდამ გველ-წურბელებით იკვებება! – კატა დაბლა დაიხარა, ქვა აიღო და ისეთი ძალით სთხლიშა ბაყაყს თავში, რომ ბაყაყი ზურგზე ამოტრიალდა და ფეხები გაფშიკა, – მაგრე მოგიხდება, აბა რა გეგონა, ბადოს შეჭმას რომ უპირებდი! – მიაძახა.

ბადო ბაყაყთან ფრთხილად მივიდა და მუცელზე დახედა, სტყუის, არ მომკვდარა, სუნთქავს...

თავი გაანებე, წამოდი, შინ წავიდეთ, კატამ ბადოს ხელი ჩაკიდა და სოროსკენ გააქანა.

გავიდა დრო. 

მთიდან მონაბერმა ცივმა ქარებმა შემოდგომის თბილი დღეები ჩამოფურცლეს. დადგა ცივი, სუსხიანი ზამთარი. თოვლმა დაფარა მთა და ხევი. ნადირი სოროსა და ბუნაგში მოემწყვდა. საკბილოს ეძებდა ყველა, მგელი თუ დათვი, სვავი თუ მელა.

თხილ-წაბლიც ბლომად გვაქვს და ქარადუღიც ჭარბად გვეზოგებაო, ეტყოდა ხშირად კატა ბადოს და ზამთრის გრძელ და სუსხიან ღამეებს, თბილ ბუხართან მშვიდად ატარებდნენ...

და აი, ზამთრის ერთ გვიან ღამით კარზე კაკუნი გაისმა.

 ამ ყიამეთში ვინ უნდა გვსტუმრობდესო, გაიკვირვა კატამ და კარს ურდული ახსნა.

სოროში სამი კატა შემოვიდა.

– რა ამბავია, კატებო, ჩვენს თავს? – ჰკითხა მასპინძელმა და სტუმრები თბილ ბუხართან მიიპატიჟა.

– არ გვკითხო! ქვეყანა თოვლში იხრჩობა, ყველგან შიმშილმა დაისადგურა, სოფლებში ვერ შევსულვართ, ხეობაში ჩარჩენილ პირუტყვს სვავები დაეპატრონენ, შიმშილით ლამის სული გაგვძვრეს... შენ კი სულ დაგვიწყებია ჩვენი ადათ-წესი, შვილად თაგვი აგიყვანია და თავს ევლები. სად სმენილა კატებისგან ეგ საქმე! მიდი, გამოიყვანე და ერთი კარგად მივაძღეთ! – თქვეს სტუმრებმა.

– რას ამბობთ, – კატამ კუთხეში მდგარ საწოლს გახედა, – განა შემეძლო ობლისთვის სითბო არ მეწილადა? გაზაფხულზე თოვლს აიღებს და, – კატა საწოლთან მივიდა, საბანი გადასწია და სტუმრებს გახედა, – აჰა, შეხედეთ, რომელს გეკმარვით ამისი ხორცი?

ბადო შიშისაგან ერთიანად აკანკალდა და კატას მიეკრო.

– ნუ გეშინია, ბადო, აბა გაბედონ! – კატამ საცეცხლურს ხელი წამოავლო.

– ჰო, კარგი, კარგი, გამოგვიტანე, თუ რამ გეზოგება, ცოტას წავიხემსებთ და წავალთ, – ერთხმად თქვეს კატებმა.

გვიან ღამემდე მოილხინეს `სტუმრებმა~, დაგლოცოთო, შორი გზიდან ვართო, სტუმრად შემოვიარეთო, ამბობდნენ თხილ-კაკლით მუცელგატიკნილი სტუმრები და თან თვალი, ბადოზე ეჭირათ...

– ესენი არ მოისვენებენ, უნდა გავიქცეთ, – უთხრა კატამ ბადოს სტუმრების წასვლის შემდეგ.

– სად გავიქცეთ?

– შორს ბადო, სწრაფად უნდა გავეცალოთ აქაურობას. მიდი, ჩაიცვი, სადაცაა გათენდება, მზის ამოსვლამდე უნდა გავასწროთ.

კატა და ბადო კარში გავიდნენ და თეთრ სიჩუმეს ფეხაკრეფით გაჰყვნენ.

– აუჩქარე, ბადო, მოგვდევენ, ეს ოხერი თოვლიც რომ მათ იღბალზე ჰყრის... თუ არ გადაიღო, სადმე მიგვათოვლავს..

– თქვენ კვალს მიჰყევით, მე ზემოდან მოვუვლი! – კუდისწვერზე გაიკნავლეს მდევრებმა.

– მდინარეზე, ჩქარა მდინარეზე! იქ ბორანია! – კატამ ბადოს ხელი წაავლო და ორივენი მდინარის ნაპირს მიაწყდნენ, მაგრამ ესეც ბადოს ბედი იყო, ბორანი გაღმითა ნაპირს გამდგარიყო!

– ახლა რა უნდა ვქნათ? – ამოყელცრემლა ბადომ და კატას მიაჩერდა.

– წყალში ვერ შემოვლენ. აწი, შენ იცი, მშვიდობით, ბადო! – კატამ ბადო ხელში აიყვანა და მდინარეში მო­ი­სროლა...

სოფელი ოფლათარი

იგაზაფხულა.

ნათოვლარ მინდვრებზე ია-ენძელებმა იკვირტეს. სოროებიდან დილაადრიანად გამოსულ თაგვებს მინდვრად საგაზაფხულო ფუს­­ფუსი გაემართათ:

ერთნი სახნის-სახვნელს გასდებოდნენ, მეორენი – ეზო-ღობეს სალტავდნენ, ზოგსაც კარ-სანათურები გაეღოთ და ნაზამთრალ სოროებს ამზეურებდნენ...

ოფლათარელები ამ შემოდგომით დაფუძნების შვიდ წელს მოითვლიდნენ. ვინ იცის, რამდენჯერ მოუჭირვარამშოლტავს სოფელი მაწანწალა კატებსა თუ ძუძგის ვირთხებს. შემოდგომის ნიაღვრებსა თუ გაზაფხულზე მთიდან დაშვებულ თოვლის ზვავებს. 

მაგრამ სოფლის მისადევრობა არ ათმობინებდათ იქაურობას; სოფლის სამხრეთით მშრომელ კაცებს ქერის ყანები დაეთესათ და თაგვებიც მასზე უკეთესს რას ინატრებდნენ! სოფელს ჩრდილოეთიდან სანახირე გზა უვლიდა, გაზაფხულზე ნაჩლიქარში ჩამდგარ წვიმის წყალს თაგვები სასმელადაც იზოგავდნენ და საჭყუმპალაოდაც. 

სოფელს აღმოსავლეთის მხრიდან წაბლნარის ტყე ერტყა. შემოდგომით ხეჭბიდან გადმოვარდნილ წაბლს პირდაპირ თაგვების სოროს კარზე გაჰქონდა ჭახანი!

 ხომ გსმენიათ, `ობლის კვერი ცხვა, ცხვაო~ და, აქაც – ბედის წყალობამ ბადო სოფელ ოფლათარს მიაყენა.

 სოფლის თავკაცებმაც სიკეთის ხელჯოხები დაიჭირეს და ბადოს წნულღობიან ეზოში შეუძღვნენ.

ბადო სოროს შესასვლელთან ერთხანს უძრავად იდგა. მერე კარი შეაღო, სოროში შევიდა და იქაურობა მოათვალიერა. სოროს ერთ კუთხეში თახჩა იდგა. თახჩის გვერდით – საწოლი. საწოლზე თხილისა და კაკლის ნაჭუჭები ეყარა. ბუხრისყელში ჩაცვენილი თოვლი სოხანეს პატარ-პატარა გუბეებად დასტყობოდა. აქ არ გამოუზამთრებიათო, გაიფიქრა ბადომ და საწოლზე წამოწვა. დიდხანს უძრავად იწვა. უცებ სიცივე იგრძნო. ღია კარს გახედა. იყოს ღიადო, თქვა და კედლისკენ გადაბრუნდა.

• 

იყოს ღიად, რა მოხდა. ახლა ბადოს როცა მოუნდება, მაშინ ადგება და დაკეტავს. ან სულაც არც დაკეტავს. ახლა იგი თავის სახლშია. ახლა ბადო დიდხანს დაისვენებს. ადვილი ხომ არ არის ამდენი ხანი ტყესა და ღრეში წანწალი, თვეობით ბორანსა თუ ყინულის ნამსხვრევებზე გდება, მთელი დღეები სანაგვეზე კაკლის ნაჭუჭებში ჩარჩენილი ლებნის ნამცეცების ძებნა?.. მორჩა, რაც იყო, იყო; ახლა ბადოს სახლიც აქვს და კარიც, ახლა ბადო დილამდე მშვიდად დაიძინებს, მერე...

კი, ეს ჩემი სახლია. შემოდი, გაჩვენო. მოდი, საწოლები გვერდი-გვერდ დავდგათ, კარგი?.. ჩემთან ხომ დარჩები და აწი აღარ წახვალ?.. ზადო? ზადო წავიდა, დედას მოვიყვან და მალე მოვალო, თქვა. იცი, როგორ მაბრაზებდა?.. ერთხელ გალიაში რომ ვიყავით, ფეხი დამიდო და წამაქცია, ნახე, რომ მოვა, თუ არ ვცემო! შენ გგონია ვერ მოვერევი? აი, ნახავ, თუ ვერ... 

– გაიღვიძე? – ჩაესმა ძილში ბადოს.

ბადომ თვალები გაახილა:

– ჰო, გავიღვიძე, – თქვა და საწოლზე წამოჯდა,

– მე თათო მქვია, შენ?.. აქ უნდა იცხოვრო?

– კი.

– ზადო ვინ არის?

– შენ მას იცნობ? – ბადოს სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა.

– არა, მე არ ვიცნობ. რომ გეძინა, ამბობდი, გამიშვი, უნდა ვცემოო, რატომ უნდა სცემო?

– ეგ არ მითქვამს, და საერთოდ, თავი გამანებე, გაიგე?! – უთხრა ბადომ თათოს და კედლისაკენ გადაბრუნდა.

– მე რომ გითხარი, თათო მქვია-მეთქი, შენც ხომ უნდა მითხრა შენი სახელი.

– მე ბადო მქვია.

– იცი ბადო, რამდენი წლის ვარ?.. არ იცი და არც გეტყვი, თუ კარგია, ჯერ შენ მითხარი.

– რაში მჭირდება, როო?

– უუჰ, კარგი რა, სულ რატომ იბუსხები?! მე გეტყვი – ორის, შენ?

– მეც.

– ზადო რამდენი წლისაა?

– ისიც ორის, – ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ბადომ.

– ახლა სად არის?

– წავიდა, თავის დედას იპოვის და მოვა.

– ეს სახლი რომ არ იცის, როგორ მოვა?

– როგორ და... – ბადო ადგა, სოროს ღია კართან მივიდა და გზას გახედა, – არ ვიცი, როგორ.

– გინდა, წავიდეთ და მოვძებოთ?

– კი, მინდა.

ზოოპარკში

ბადო და თათო დილით ადრიანად გაუდგნენ გზას.

იარეს, ბევრი თუ ცოტა, ერთი ხიდის ქვეშ ამოჰყვეს თავი. ხიდის ზემოდან უცნაური ხმები ისმოდა. 

– ბადო, ეს რა ხმებია?.. არ გვინდა აქ, მეშინია, მოდი, უკან დავბრუნდეთ, – უთხრა თათომ ბადოს და ხელზე მოქაჩა.

– შენ აქ დამელოდე, მე ხიდზე ავალ, გზას გავხედავ და მოვალ, კარგი? – უთხრა ბადომ თათოს და ხიდზე ავიდა.

ხიდს მანქანების ნაკადი უწყვეტად გასდევდა. ბადოს მანქანები ჯერ არ ენახა და გაოცებით ადევნებდა თვალს მათ მოძრაობას.

– აქ დგომა არ შეიძლება, ახლავე ქვემოთ ჩადი! – ბადოს თავზე ხიდის დარაჯი წამოადგა.

– მე... აქ...

– გასაგებია, ქალაქში პირველად ხარ? – ჰკითხა დარაჯმა ბადოს.

– დიახ, მე ზადოს ვეძებ.

– ზადოს?.. დარაჯი ჩაფიქრდა, – არა, მასეთს არავის ვიცნობ, ალბათ ისიც შენსავით პატარაა.

– დიახ, ტოლები ვართ.

– აქ მარტო მოხვედი?

– არა, ქვემოთ თათოა, მე წამომყვა, წავალ და ახლავე მოვიყვან.

ბადომ მდინარეზე ჩაირბინა და თათო ხიდზე ამოიყვანა. თათოს თოფიანი კაცის დანახვაზე შიშის ზარმა დასცა.

– ნუ გეშინია, მე ხიდის დარაჯი ვარ, ჩემი თოფი პატარებს არ ერჩის. აბა, თქვით, აქ საიდან გაჩნდით, თქვენი მშობლები სად არიან? – ჰკითხა დარაჯმა და წრუწუნები გულდასმით აათვალ-ჩაათვალიერა.

– ჩვენ ზადოს ვეძებთ! – თქვა თათომ, – აუცილებლად უნდა ვიპოვოთ.

– გასაგებია, აი რა: დღეს ზოოპარკში წრუწუნებს დიდი ზეიმი აქვთ, ყველა წრუწუნა იქ იკრიბება, თქვენც წადით და ზადოსაც იქ იპოვით. აბა, აქეთ მოდით, იმ ბილიკს ხომ ხედავთ, ჰოდა, მას გაჰყევით, არსად გაუხვიოთ, ეს ბილიკი ზოოპარკში შეგიყვანთ. აბა, გასწით! – უთხრა წრუწუნებს დარაჯმა.

წრუწუნებმა ხელი-ხელს ჩაჰკიდეს და ბილიკს სირბილით დაჰყვნენ.

იარეს, ბევრი იარეს თუ ცოტა, მალე ზოოპარკში ამოჰყვეს თავი. 

გალიებიდან ცხოველების კმინვა ისმოდა.

ის იყო ბადო და თათო გალიების ჩამოვლას შეუდგნენ, რომ ერთ-ერთ გალიიდან ერთმა წრუწუნამ გამოსძახათ:

– ეეი, თქვენ, აქეთ მოდით! 

ბადომ და თათომ გალიასთან მიირბინეს. გალიის შუაგულში დედა თაგვს ეძინა, მავთულის ოთხწნულზე პატარა, თეთრი წრუწუნა ჩამოკონწიალებულიყო და მზესუმზირის მარცვლებს აკნაწუნებდა.

– რატომ გალიაში არ ხართ, გინდათ ზოოპარკის დარაჯებმა გცემონ?

– რატომ უნდა გვცემონ, ჩვენ აქ არ ვცხოვრობთ, ჩვენ შორიდან ვართ, ზადოს ვეძებთ, – უთხრა თათომ.

– შორიდან? – წრუწუნა მავთულიდან ჩამოხტა და გალიის კართან მიცუნცულდა, – სად არის თქვენი შორიდან? იქ კარგია?

– დიახ, იქ ძალიან კარგია.

– აბა, თქვით, როგორია.

– ჯერ მზესუმზირის მარცვლები მოგვეცეს და მერე ვუთხრათ, არა, ბადო? – თქვა თათომ.

– მარცვლები რატომ უნდა მოგცეთ?! წადით თქვენს ქვეყანაში და მარცვლებიც იქ მიირთვით... აი, ნახეთ, მე რამდენი მაქვს?! – წრუწუნამ ჯიბეში ხელი ჩაიყო და პეშვით მზესუმზირის მარცვლები ამოიღო, – მე გოგრის მარცვლებიც მაქვს!

– საიდან გაქვს მაგდენი მარცვლები? – ჰკითხა ბადომ.

– ზოოპარკის დარაჯები მაძლევენ. დღისით კი აქ უამრავი ბავშვი მოდის და მარცვლებს სულ მუჭებით ყრიან ჩემ გალიაში. თქვენ კი ერთი ცალი მარცვალიც არ გაქვთ.

– ჰმ, რად გვინდა, როო?! – თქვა თათომ.

ამ დროს ზოოპარკში საყვირის ხმა გაისმა. საყვირის ხმაზე წრუწუნები შეკრთნენ და ერთმანეთს შეხედეს.

– შეგეშინდათ?! – გადაიხარხარა წრუწუნამ, – ეს ზოოპარკის დარაჯის საყვირის ხმაა, იგი ყოველ დილით გვაღვიძებს და გვამცნობს, გათენდა, ადექით და დამთვალიერებლების შესახვედრად მოემზადეთო, მალე ზოოპარკის შემოვლას დაიწყებს, აქაც მოვა და ნახავთ, გალიაში რომ შეგაბრძანებთ!

– კი აბა, ვნახოთ?! – წრუწუნებმა ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს და ადგილიდან მოკურცხლეს.

წრუწუნა გალიის დაკეტილ კარს მივარდა და მთელი ძალით დაეჯაჯგურა. იგი მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ ამ წუთამდე ტყუილად თვლიდა თავს ბედნიერად, მან მხოლოდ ახლა შეამჩნია, გალიის კარს ვეებერთელა ბოქლომი რომ ედო. წრუწუნამ მთელი ძალით მოსწია გალიის დაკეტილ კარი, მაგრამ თითქოს ვიღაცამ ფეხებზე თოკი გამოსდო და გალიის იატაკს უძრავად მიასარჭვაო. წრუწუნამ წამოდგომა სცადა, მაგრამ თოკი თითქოს უფრო მაგრად ეწეოდა თავისკენ. წრუწუნას თანდათან ფეხებში ძალა გამოელია და მუხლებზე დაეშვა. დიდხანს უძრავად იჯდა გალიის ჩარაზულ კართან და ნაღვლიანი თვალებით გაჰყურებდა ბადოს და თათოს, რომლებიც ზოოპარკიდან გამავალი ბილიკით შინისკენ ხტუნვა-ხტუნვით მიცუნცულებდნენ.

– თქვენ, ჰეეი, მოიცათ! აჰა, აიღეთ მზესუმზირის მარცვლები, სულ თქვენი იყოს, მე არ მინდა! – მიაძახა წრუწუნამ ბადოს და თათოს და მზესუმზირისა და გოგრის მარცვლები გალიიდან გადმოყარა...

კონსერვის ქილაში

– ბადო, ნუ გარბიხარ, დავიღალე.

– ვიჩქაროთ, თათო, ხომ გაიგონე წრუწუნამ რა თქვა?

– რაო, რა თქვა?

– რაო და, ზოოპარკის დარაჯი თქვენც გალიაში ჩაგსვამთო!

– ჩვენ რატომ უნდა ჩაგვსვას გალიაში?

– მე რა ვიცი, წადი და მას ჰკითხე.

– სხვა გალიები რომ არ გვინახავს...

– სხვა გალიებში მელიები სახლობენ, კიდევ მგლები, ნიამორები... აუჩქარე, წვიმას აპირებს.

– წრუწუნასაც ხომ უნდოდა ჩვენთან ერთად წამოსვლა, გახსოვს რომ მოგვაძახა, მოიცადეთო.

– აკი, გალიაში ცხოვრება კარგია, მზესუმზირის მარცვლებიც ბლომად მაქვს და გოგრისაცო, ხომ თქვა?! ჰოდა, იყოს იქ!..

– ვაი, ნახე როგორ გაწვიმდა... რა ვქნათ, ბადო?

– მოიცა, რამეს მოვიფიქრებ, – ბადომ პერანგი გაიხადა, თავზე წაიფარა და მიწაზე ჩაცუცქდა, – შემოდი, ორივენი დავეტევით.

– როგორ წვიმს, თუ არ გადაიღო...

– თათო, შეხედე, კონსერვის ქილა, მოდი შიგ შევიდეთ, – თქვა ბადომ და ქილის ღია ჭრილში ისე სწრაფად შევარდა, რომ ქილა აყირავდა და ბზრიალით დაგორდა ქვებზე.

– ფრთხილად, ბადო! – თათომ პერანგი მოისროლა და ქილას დაედევნა. 

ბადო ქილის ხუფს მივარდა და მთელი ძალით გარეთ გამოაწვა, მაგრამ ხუფი ისე მაგრად ჩაჭედილიყო ჭრილში, რომ ძვრა ვერ უყო და შეშინებულმა ყვირილი მორთო:

– თათო, დამეხმარე, ვერაფერს ვხედავ!

თათომ ქილასთან მიირბინა და ჭუჭრუტანაში შეიჭვრიტა.

– ბადო, მიდი, ხუფს მოაწექი, – თათომ ქილის ჭრილში თითები ჩაჰყო და ხუფი თავისკენ მოსწია, – ვერ ვძრ....ავ, არ იძ...ვრის, შენც მოაწექი!

– ვაწვები, აბა, არ ვაწვები?! – ჩაილაპარაკა ბადომ და ჭრილს გასცილდა.

– თათო, კიდევ წვიმს?

– არა, გადაიღო, მზე გამოვიდა, – თათო წამოდგა და ჭრილს გაერიდა, – რა ვქნათ, ბადო, როდემდე უნდა იყო მანდ? – თათოს ცრემლები მოერია.

– ხუფს შიგნით რომ მოაწვე?

– ახლავე, – თათომ ცრემლები მოიწმინდა, ქილასთან მივიდა და ხუფს ზურგით მიაწვა.

– დაიძრა, დაიძრა, კარგია! მაგრად, უფრო მაგრად! – აწრიპინდა ბადო.

– შენც მოქაჩე მანდე...დან,  – ამბობდა თათო და რაც ძალა და ღონე ჰქონდა ხუფს შიგნით აწვებოდა.

– მეც ვეწევი, კარ-გია, კარ-გია! – ყვიროდნენ გახარებული წრუწუნები ჭრილის სხვადასხვა მხრიდან. ჭრილმა ოდნავ დააღო პირი, ბადომ დრო იხელთა და ჭრილში თითები ამოჰყო, ის იყო უნდა ამომძვრალიყო, რომ ქილა ადგილზე დაბზრიალდა და გადაყირავდა.

– ვაიმე, თითები! თითები მომეწეწკვა! – აწრიპინდა ბადო.

– მაჩვენე, – თათომ ქილაში შეიჭვრიტა. 

– ნახე, რა მიქენი? – უთხრა ბადომ და ტკივილისაგან ცრემლები წასკდა. 

– შენ გგონია, ძალად მინდოდა? – ჩაილაპარაკა თათომ და ქილისგან მოშორებით დაჯდა.

მზემ გამეტებით დააჭირა. კონსერვის ქილა ისე გაცხელდა, რომ ბადოს სიცხისგან სუნთქვა შეეკრა, სასწრაფოდ ზეზე წამოვარდა და ჭრილთან მივიდა.

– თათო, სად ხარ! – დაიძახა ხმამაღლა და ჭრილში თვალი ჩადგა.

– აქ ვარ, ბადო, შენ გეგონა, მიგატოვე?!.

– იცი, აქ როგორ ცხელა?

– კი, ვიცი, ახლავე წყალს მოვიტან! – თათომ მდინარეზე ჩაირბინა, პეშვით წყალი ამოიღო და ქილასთან მიირბინა, – აბა, ახლოს მოდი და ჭრილს პირი მოადე. მასე არა, ოდნავ ქვემოთ დაიწი, ცოტა კიდევ... ჰო, კარგია, – უთხრა თათომ და ჭრილში პეშვით წყალი შეასხა.

– უუჰ, სულ დაიღვარა, – თქვა ბადომ.

– კარგი, კიდევ მოვიტან, – თათომ კვლავ ჩაირბინა მდინარეზე, მდინარიდან პეშვით წყალი ამოიღო და ქილასთან მიირბინა.

– იცი რა, მოდი მუხლებზე ჩაჯექი და ისე მიადე ჭრილს პირი, – კარგია, კიდევ უფრო გააღე, – თათომ პეშვით ჭრილში წყალი შეასხა, – ხომ გაგრილდი? გინდა, კიდევ მოგიტან წყალს... რა მოგივიდა, ხმას რატომ არ მცემ? – ჰკითხა თათომ და ქილაში შეიჭვრიტა.

– რანაირი ხარ, მართლა და მართლა, კინაღამ და-მა-ხრჩვე, პირდა-პირ ხახაში ჩამასხი წყალი! – ბადო ჭრილს გასცილდა და იქვე ჩაცუცქდა.

– სულ რომ მიბრაზდები, აღარც მე გელაპარაკები. მანდედან რომ გამოხვალ, ნახე თუ გეთამაშო! – უთხრა თათომ და ქილას ზურგი შეაქცია...

– თათო!

– ჰო.

– შეხედე მზის სხივი ჭრილში როგორ მოძვრება... იცი, აქ როგორ ცხელა?..

– ბადო, გინდა ქილას ქვემოთ, ბუჩქებთან ჩავაგორებ?

– კი, მინდა.

თათო მუხლებზე ჩაცუცქდა და თითებით კონსერვის ქილას ძირი გამოუთხარა. ის იყო მიწის თხრა უნდა დაესრულებინა, რომ ქილა ადგილიდან მოსწყდა, თათოს ტანზე გადაუარა და ხევში ბზრიალ-ბზრიალით დაეშვა.

– დაიძრა, კარგია, თათო, კარგი! – წამოიძახა ბადომ.

თათო უძრავად იჯდა მიწაზე და კარგა ხანს ვერ მიმხვდარიყო რა მოხდა. როდის, როდის მოეგო გონს. წამოდგა, შიშისაგან მთელი სხეული უცახცახებდა. ირგვლივ მიმოიხედა, კონსერვის ქილა აღარსად ჩანდა.

– ბადო!.. სად ხარ, თქვი, სად ხარ? – თათო ზლუქუნით დაეშვა ხევში.

კონსერვის ქილა მდინარის ზედაპირზე ტივტივებდა.

– არა, წყალში არა! – წამოიძახა თათომ და მდინარეში შევარდა.

– მოხვედი, თათო?.. ნახე, ქილაში რამდენი წყალია... მალე სულ გაივსება და მდინარის ფსკერზე დაეშვება...

– გაჩუმდი, რას ამბობ!.. შენც ხომ თქვი, ქილა ბუჩქებთან ჩავაგოროთო, მე მდინარეზე სულაც არ მინდოდა... ახლა რა უნდა ვქნათ? – ბუტბუტებდა თათო და თან ცალი თვალით ქილაში იჭვრიტებოდა, – მოვიფიქრე! – წამოიძახა უცებ თათომ და ნაპირზე გავარდა.

– აქ არ დამტოვო, თათო, არ დამტოვო, გესმის?! – აწრიპინდა ბადო.

თათომ მდინარის ნაპირზე ანწლს ხმელი ღერო მოატეხა და კვლავ მდინარეში შებრუნდა.

– მეგონა სულ წახვედი, ვიფიქრე აღარ დაბრუნდება-მეთქი, ეგ ჯოხი რად გინდა?

– ეს ჯოხი არ არის, ეს ანწლის ხმელი ღეროა, რომელსაც შუაში სიცარიელე აქვს – უთხრა თათომ და ანწლის ღერო ქილის ჭრილში ჩაჰყო, – წყალი პირში ჩაიგუბე და ამ ღეროთი გარეთ გამოასხი... მიდი, რაღას უცდი!..

– კიდევ დარჩა ქილაში წყალი?

– არა, რა კარგად მოიფიქრე, ცოტაც და, ქილა წყლით აივსებოდა... იცი, თათო, როგორ მომშივდა?.. რამდენი ხანია არაფერი გვიჭამია, იცი, რა გამახსენდა? ერთხელ მე და ზადო აბიბო მეწისქვილემ გალიაში ჩაგვკეტა, რომ მოგვშივდა, აბიბომ გალიაში ფაფით სავსე ბარქაში შემოდგა. მერე ზადომ ფეხი დამიდო, წამაქცია და ბარქაშზე ცხვირით დავეცი. ბარქაში აყირავდა და ფაფა სულ წურწურით ქვემოთ ჩაიღვარა... ეჰ, ახლა ერთი კოვზი ფაფა აქ რომ მომცა?!

– იცი, ბადო, მეც როგორ მშია?.. იმ წრუწუნამ გალიიდან მზესუმზირის მარცვლები რომ გადმოყარა და დაგვიძახა, აიღეთ, სულ თქვენი იყოსო, უკან რომ მივბრუნებულიყავით და აგვეკრიფა, ახლა...

– წადი და აკრიფე, თუ ასე გინდა, ვინ გიშლის!

– ზოოპარკის გზა რომ აღარ მახსოვს, – ჩაილაპარაკა თათომ და ქილაში შეიხედა. ბადოს თავი მუხლებში ჩაერგო და ქილის კუთხეში იჯდა...

საღამოს ცა ისევ აირია. წვიმამ კვლავ გამეტებით დაუშვა. მთიდან მოვარდნილმა ნიაღვარმა კონსერვის ქილა მდინარის დინებას დააყოლა და წისქვილის ღარში ჩაუძახა.

ბადო ქილის ხუფს ეცა და წრიპინი მორთო:

– არ მინდა აქ, თათო, არ მინდა, გესმის, გარეთ მინდა! დე...და! ზა...დო! მე თქვენთან მინდა, გარეთ მინდა! – წრიპინებდა ბადო და ქილის კედლებს მთელი ძალით ეხეთქებოდა.

– ბადო!.. ფრთხილად, ბადო! – თათოს შიშით მუხლები მოეკეცა, წისქვილის ღარზე ჩამოჯდა და თვალებზე ხელი აიფარა...

დილით წვიმამ გადაიღო.

იდარა.

თათო ძილიდან გამოერკვა. წამოდგა. წისქვილის ღართან მივიდა და თვალი ჩააყოლა...

დღრუგურუნ, დღრუგურუნ, დღრუგურუნ - დღრუგუნებდა წისქვილის თვალი და ღარში დაშვებულ მდინარის წყალს პატარ-პატარა ნაწუწებად იქეთ-აქეთ აფრქვევდა.. 

წისქვილის თვალის შემზარავმა დღრუგუნმა თათოს წუხელ ღამით მთიდან მოვარდნილი ნიაღვარი გაახსენა. გაახსენა გუშინდელი წვიმა... კონსერვის ქილა, შიგ ბადო... თითქოს წისქვილის თვალი კიდევ უფრო უმატებდა ხმაურს. აქ კი თათომ თავი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა აქვითინდა... 

ტირილის ხმაზე წისქვილიდან მოხუცი მეწისქვილე გამოვიდა და თათოსთან მივიდა.

– ოჰო, როგორ დასველებულხარ? აბა, თქვი, რა გატირებს? 

– იცით, იქ... ქვემოთ ბადოა, – ამოყელცრემლა თათომ.

– ვინ?.. ჰო, ბადო, ბადო, – თქვა მოხუცმა და ღარს ჩახედა.

– კი, იქ ჩავარდა კონსერვის ქილა!

– დამშვიდდი, იქ არავინაა, ადექი, წისქვილში შევიდეთ, სულ სველი ხარ...

– კი, იქ არის, მან ხომ ცურვა არ იცის, – თათო სლუკუნით შეჰყვა მოხუცს წისქვილში. უცებ შეჩერდა და კუთხეში მდგარ საწოლს გახედა. – ბადო! – წამოიძახა თათომ და საწოლთან მირბინა.

– ეს-ესაა ჩაეძინა, მეთევზეებმა მოიყვანეს გვიან ღამით, უგონოდ იყო, მთელი ღამე ბორგავდა...

– რა კარგია! – წამოიძახა თათომ და მოხუც მეწისქვილეს კისერზე მოეხვია, – ხომ გადარჩება?

– უკვე გადარჩა, მალე გაიღვიძებს და შინ წახვალთ, ეს მდინარე ოფლათარზე ჩაივლის, წავალ, ნავს გაგიმზადებთ, – თქვა მოხუცმა და კარში გავიდა.

– ბადო, ბადო, გაიღვიძე! ნახე, წისქვილში ვართ, მეწისქვილემ მითხრა, მალე შინ წახვალთო.

ბადომ თვალი გაახილა, საწოლზე წამოჯდა და წისქვილი მოათვალიერა.

– იცი, თათო... მოდი, ყურში გეტყვი...

– არ ვიცი, არ უთქვამს, – თათომ ბადოს გაკვირვებით შეხედა.

ამ დროს მოხუცი წისქვილში დაბრუნდა.

– აბა, პატარა მყვინთავებო, ნავიც მზადაა, დროა შინისაკენ გასწიოთ, – თქვა მოხუცმა და წრუწუნებს მდინარის ნაპირზე ჩაუძღვა, – აქედან თქვენს სოფლამდე საათის სავალია, მშვიდობით, ბადო, – მოხუცი წრუწუნებს გამოემშვიდობა და ნავი მდინარის დინებას დააყოლა.

– ვიცი, ვიცი, შენ აბიბო მეწისქვილე ხარ!.. მე მალე მოვალ, ზადოს მოვიყვან და ჩვენ ერთად მოვალთ! – მიაძახა ბადომ მდინარის ნაპირზე მდგარ მოხუც მეწისქვილეს და წყალს ნიჩბები მოუსვა.

 

შეხვედრა

– მოდიან, მოდიან, აი ისინიც! – წამოიძახა უცებ ზადომ და გახარებული თაგვები მდინარის ნაპირს მიაწყდნენ.

– ზადო! – ბადომ ნავიდან ისკუპა და ზადოსთან მიირბინა, – იცი, ზადო, – ბადომ მორცხვად დახარა თავი, – იცი... რამდენი გეძებე, – ამოილუღლუღა ჩუმი ხმით.

– არა, შვილებო, ნუ გაუწყრებით ერთმანეთს... დაივიწყეთ, რაც მოხდა, დღეიდან ყველანი ერთად ვიქნებით, – გახარებულმა დედამ ბადო გულში ჩაიკრა, – სულ ჩემი ბრალია... გეგონათ მიგატოვეთ?.. არა, ეს არ იფიქროთ... ზამთარი კარზე იყო მომდგარი, ვიფიქრე ზამთრისთვის ცოტაოდენ მარაგს შევაგროვებ-მეთქი. იმ დილით ადრიანად გავედი საშოვარზე, მთელი დღე ხელცარიელმა ვიარე სოფელ-სოფელ. საღამოს შუქურაანთ ხორბლით სავსე ბეღელს მივადექი. იქვე, ბუჩქებს მოვეფარე და დიდხანს ვუთვალთვალე ბეღელს. ბეღელს საღამომდე არავინ გაჰკარებია, ჰოდა, ახლა შენ იცი და შენმა ქალობამ-მეთქი, ვთქვი და ჯალდანი მოვიმარჯვე. ვზიდე და ვზიდე ხორბლის მარცვლები... მეორე დილით მზის ამოსვლამდე მივადექი ბეღელს, ვთქვი – ზედმეტი ვის მოსჭარბებია-მეთქი და... ნუ მკითხავთ, იმ წყეულ შუქურაანთებს ზედ ბეღელის კარზე დაედგათ სარეგვავი. ვერ შევნიშნე... ორი დღე და ღამე უგონოდ ვეგდე აბიბოს წისქვილთან, გონს რომ მოვედი, ვეღარ გიპოვეთ, სად აღარ გეძებეთ. – დედა წრუწუნამ კაბის კალთით ცრემლები მოიწმინდა და წრუწუნები გულში ჩაიკრა, – ამიერიდან წუთით არ მოგიცილებთ თვალიდან, – ამბობდა დედა თაგვი და ცრემლებს ღაპაღუპით აღვარღვარებდა.

– დედა, ჩვენ ძმები ვართ? – ერთხმად ჰკითხეს წრუწუნებმა.

– ჰო, შვილებო, თქვენ ტყუპები ხართ, – უთხრა დედამ.

– რა კარგია! – წამოიძახეს ზადომ და ბადომ და ერთმანეთს მოეხვივნენ.

– დედა, ეს თათოა, ჩვენ ერთად გეძებდით, თათოც შენი შვილი იყოს, ჰო? – უთხრა ბადომ.

– იყოს რა, დეე... ჩვენ ხომ და არ გვყავს, ჰოდა, თათო ჩვენი და იქნება, კარგი? – შეეხვეწა ზადო.

– კარგით, შვილებო, როგორც თქვენ გინდათ, – თქვა დედა თაგვმა და თათო გულში ჩაიკრა.

– აბა, მეზობლებო, რაღას ვუცდით, გამოვიტანოთ, ვისაც რა გვეზოგება, ისეთი პურ-ხადილი გავმართოთ, ყველა გავაკვირვოთ! – თქვა კუკუჩია ექიმბაშმა და მეზობლებს გადახედა.

– კი, კი, აბა! – ერთხმად თქვეს იქ შეკრებილმა თაგვებმაც და სიხარულით მიაშურეს თავიანთ სოროებს.

 

– ზადო, იცი, მე აბიბო მეწისქვილე ვნახე. მდინარეში რომ ვიხრჩობოდი, მან გადამარჩინა! – უთხრა ბადომ.

– ჰოო?.. მოდი, აბიბო მეწისქვილეც დავპატიჟოთ, კარგი?

– კარგი, დავპატიჟოთ. კიდევ ბაჭადო და ცუცუნაც, იცი, კიდევ ვინ დავპატიჟოთ?ათული, ბაჭუ, ბუჭუ და თაბი.

– თაბი?.. შენ რა, დაგავიწყდა, ჩვენი ცემა რომ უნდოდა?

– მერე რა, ხომ გაიგონე, დედამ რომ თქვა, ამიერიდან ყველა ერთად ვიყოთო, ჰოდა, თაბიც დავპატიჟოთ და ის კატაც, შენ რომ გაიქეცი და მე რომ დამტოვე!

– რას ამბობ, ბადო? კატა ხომ ყველას შეგვჭამს!

– კი აბა, შეგვჭამს?! ის ისეთი კეთილია, იქ რომ ვიყავი, ერთ ღამეს სამი კატა მოვიდა, ჩემი შეჭმა უნდოდათ, იცი სამივენი როგორ სცემა?!. აი, მოვა და ნახავ, როგორი კეთილია...

– თუ მასეა, დავპატიჟოთ, ოღონდ დედას ვკითხოთ.

– რაკი სურს, დავპატიჟოთ, – დედამ, შვილების საუბარს ყური მოჰკრა, – რადგან ამბობს, კატა კეთილიაო, დავპატიჟოთ.

– რა კარგია! გმადლობთ, დედა! – წამოიძახა ბადომ და სიხარულისაგან ტაში შემოჰკრა.

– ბადო, ის წრუწუნა არ დავპატიჟოთ, ზოოპარკში რომ დავტოვეთ? – ჰკითხა თათომ.

– ჰო, ისიც.

– როგორ დავპატიჟოთ, ის ხომ აქედან შორს არის? – ჩაფიქრდა თათო.

– როგორ და... მოდით, ყველას მოსაწვევი ბარათები დავუგზავნოთ! – თქვა ზადომ.

– რა კარგად მოიფიქრე, ზადო! მოდი, ყველას დავუგზავნოთ! – ერთხმად წამოიძახა ბადომ და თათომ.

წრუწუნებმა ტყიდან წაბლის ფოთოლები მოზიდეს, თათომ ფანქარი მოიმარჯვა, მუხლებზე ჩაცუცქდა და მოსაწვევი ბარათის წერას შეუდგა:

მოსაწვევი ბარათი.

აბიბო მე-წი-სქვი-ლეს,

ბა-ჭა-დოს და ცუ-ცუ-ნას,

ა-თუ-ლის, ბა-ჭუს, ბუ-ჭუს და თა-ბის,

– კიდევ ვის მივწეროთ ბარათი? – იკითხა თათომ 

და წრუწუნებს გახედა.

– ვის და... მომეცი, მე დავწერ, – ბადომ თათოს 

ფანქარი გამოართვა და ბარათის წერა განაგრძო:

 კიდევ - ყველას, ყველას, ყველას!!! 

 გვეწვიეთ ხვალ, დღის 3 საათზე.

     ბადო, ზადო, თათო.

– ზადო, ხომ კარგად მოვიფიქრეთ?

– კი, წავიდეთ, დედას წავაკითხოთ, – თქვა ზადომ და წრუწუნები დედასთან გაიქცნენ...

წრუწუნებმა ის ღამე მოსაწვევი ბარათების წერაში გაატარეს. დილით ბარათებით სავსე ჩანთები ზურგზე მოიგდეს და მთელ ხეობას მოედვნენ.

აკრავდნენ ყველგან, სახლებსა და ხიდებზე, ხეებსა და ჭიშკრებზე, ბორნებსა და სასიმინდეებზე, ერთი სიტყვით, ყველგან, სადაც კი თვალი და ხელი მიუწვდათ...

სოფლის თაგვებმა დიდი სამზადისი გამართეს: მოჰქონდათ ფეტვისა და ბრინჯის მარცვლები, თხილი, წაბლი, ასკილი, შინდი, უნაბი, მოკლედ, ყველაფერი, რაც ეზოგ-ემეტებოდათ.

სტუმრებმა დათქმულ დროს იწყეს მოსვლა...

პირველებმა ჭიშკარს ბაჭადომ და ცუცუნამ მოასტუმრეს. მათ ათული, ბაჭუ, ბუჭუ და თაბი მოჰყვნენ.

– ეს, ფაციკო არაა?! – ცუცუნამ შუბლზე ხელი მიიჩრდილა და ჭიშკარს გახედა, – ნახეთ, ნახეთ, როგორ გათქვირებულ-გაპეწენიკებულა, ეს ოხერი!

ფაციკო მონაგარითურთ ესტუმრა ხადილს; უკან ვარიკო, ცაციკო და წაწიკო მოჰყვნენ...

– წყალი, ქალებო, წყალი! ლამისაა გული ამომვარდეს, – თქვა ფაციკომ და ჭიშკარს გახედა. ყველამ ჭიშკრისკენ იბრუნა პირი.

– მეხი და სატკივარი მაგას! გაგონილა, მთელი გზა ფეხდაფეხ მომდევს, – ფაციკომ წყალი მოსვა და ქათმებს უჩურჩულა, – ესეც აქ მოდენილა, ფრთხილად ვიყოთ, გოგოებო, ფრთხილად, არ დათვრეს ეს სასიკვდილე, თორემ სულ ღერა-ღერა დაგვაცლის ბუნდღას...

ეზოში მელა შემოვიდა.

ჭიშკარში დედა კურდღელი, ცუცქნა, ძუძგნა და წუწკნა შემოვიდნენ.

ჰეი ჰო, ოჰო ჰოოო! – დაიბობორიყა დევმა ხევს გაღმიდან.

ჰო, მართლა, ფაციკო ხომ გახსოვთ – ზღაპრიდან `ფაციკო~? ისიც ხომ გახსოვთ, ვარიკო, ცაციკო და წაწიკო ამ ზღაპარში რომ ცხოვრობენ, ჰოდა, სწორედ ფაციკოს ზღაპრიდან მოემართებიან ისინი წრუწუნებთან შესახვედრად!

მელაც გემახსოვრებათ ზღაპრიდან `ლომი და კურდღლები~. დედა კურდღელს, ცუცქნას, წუწკნას და ძუძგნას იქ რა დაადგომებდათ, დაუხურავთ თავიანთი ზღაპრის წიგნი და მელასთან ერთად ისინიც აქეთ – წრუწუნების ზეიმზე მოიჩქარიან!

ბრმა დევი? აბა, გაიხსენეთ ზღაპარი `გულქანდა~ ის ხომ იქ ცხოვრობს! ამდგარა, მიუტოვებია სამწყემსური, გაუდევს მხარზე თავისი ვეებერთელა კომბალი და რაჭის მაღალმთიან სოფლებიდან პირდაპირ აქეთ გამოუწევია!

ჭიჭი ჭიანჭველა და ოთლაყურელი ჭიანჭველებიც გემახსოვრებათ ზღაპრიდან – `ჭიჭის ზღაპარი~, ჭიანჭველა რისი ჭიანჭველაა, მეგობარს ლხინში თუ არ ულხინა და ჭირში ხელი არ გაუმართა! ოთლაყურელ ჭიანჭველებს სულ მარცვალ-მარცვალ აუგროვებიათ ქერისა და ბრინჯის საუკეთესო მარცვლები, ეს წრუწუნებს ჩვენგან ძღვენად მიართვიო, უთქვამთ და ჭიჭი თავის ლამაზ მეუღლესთან ერთად წრუწუნების ხადილს მიასტუმრეს!

სხვებიც მალე მოვლენ, დათვი და ოქროს წურბელა, ბიჭი გულქანდა და მარწყვა ბიჭი, კუკნა გოგო და კეთილი მეყვავილე და ყველა ბადოს და ზადოს ზღაპარში მოიყრიან თავს, მანამდე კი...

– დედა, მოდის, მოდის! – წამოიძახა უცებ ბადომ და ჭიშკრისკენ გაიქცა. ყველამ, სტუმარმა და მასპინძელმა ჭიშკარს გახედა.

ჭიშკარში კატა შემოვიდა.

– დედა, ეს ჩემი მეგობარი კატაა! – წამოიძახა ბადომ და კატას მიეგება, – აი, გაიცნობთ და ნახავთ, როგორი კეთილია! – სიხარულს ვერ მალავდა ბადო.

თაგვებმა კატის დანახვაზე ერთი მითქმა-მოთქმა გამართეს:

– როგორ, კაცო?

– გაწყდა მაგათი სინსილა!..

– პირობა, პირობა ჩამოვართვათ!..

– აცადეთ, ბატონო, თქვას...

– ნუ გეშინიათ, თაგვებო, აღარ გერჩით, აღარავის აღარ ვერჩი, – თქვა კატამ და ბადოს მიესალმა...

ხადილს უთვალავი სტუმარ-მოკეთე ესტუმრა. მოდიოდნენ ცალ-ცალკე და ჯგუფ-ჯგუფად, მოდიოდნენ სათაგვეთიდან და სამგლეთიდან, ტყეებიდან და ზოოპარკებიდან, გაღმიდან და გამოღმიდან, ზღაპრებიდან და იგავებიდან.

ვის ვისა და, თაგვები ამდენ სტუმარს ნამდვილად არ ელოდნენ!

აქეთ მოდგნენ, იქეთ მიდგნენ, გაღრღნეს და გამოღრღნეს ბეღელ-მარნები და ჯალდან-განჯინები, სხვენ-საკუჭნაოები და ყანა-ბოსტანი და სტუმრებს ღირსეულად დახვდნენ:

ათუხთუხდა თანგირები, 

ატკაცუნდა მწვად-წალამი,

ატკცრიალდა სამწდეურები...

გაჩაღდა ქეიფი,

– იხარეთ!

– იმრავლეთ!

იძახდნენ გამთენიისას ჭიშკარს გადავლილი თუ წნულღობეზე გადაკონწიალებული ღვინითა და ხილაურით გამომთვრალი სტუმარ-მასპინძელი...

ერთიასად დაუბრუნდა თაგვებს იმდღევანდელი ლოცვა;

იმრავლეს, იმრავლეს ასად, ათასად, ასი ათასად, მილიონად, ათ, ას მილიონად და მოედნენ ეზოებსა და კორპუსებს, პურის ყანებსა და სხვენ-ბეღლებს, ცირკის არენებსა და მაღაზიებს... 

და ცხოვრობენ საკუთარი ტკივილითა და სიხარულით, თავიანთი მეწისქვილეებითა და მებორნეებით, ხაბაზებითა და მედილიგეებით, მათაც უყვართ და პატარძლობენ, ისინიც ანგრევენ და აშენებენ, თაგვებიც იბადებიან და მრავლდებიან...

აი, სულ ეს იყო, რაც ბადოსა და ზადოს შესახებ თქვენთვის უნდა მომეთხრო. მინდოდა, მათ შემდგომ ცხოვრებაზეც მეთქვა ორიოდე სიტყვა, მაგრამ ის დღე იყო და ის, მას უკან ბადოს და ზადოს აღარსად შევხვედრილვარ.

ბავშვებო,

თქვენ ხომ არაფერი გსმენიათ მათ შესახებ? იქნებ იცით მათი ადგილსამყოფელი, იცით, სად არიან, რას აკეთებენ, როგორ ცხოვრობენ. თუკი რამ იცით, აუცილებლად მომწერეთ, კარგი?!

 

აი, ჩემი მისამართი:

საქართველო, თბილისი, 

სააბონენტო ყუთი #2004/17.09 

მოკითხვამდე. 

ველი თქვენს წერილებს.

 

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
სოფოს ბლოგი - სინათლის თაობა
სოფოს ბლოგი - სინათლის თაობა

უცნაურია,მაგრამ ვფიქრობ, ძირითადი მიზეზი, რის გამოც ვერ ვახერხებთ თანამედროვე თაობის გაგებას - ენერგიის ნაკლებობაა. ახალი თაობა ენერგეტიკულად იმდენად მაღალ სიხშ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2021