kids.ge logo

ზღაპარი თუსიზე და კიდევ ტუსიზე

ფავორიტებში დამატება

არც რა იყო არაფრისა, არც რა ჰქონდათ არაფრისი, ამბავ იყო ზღაპრად თქმული, ამ ცისა და ამ ბარისი.

ერთ სოფელში ორი პატარა გოგონა ცხოვრობდა. მათი სახლები გვერდი-გვერდ, ერთ წნულჩანაღობის აქეთ-იქით იდგა. ერთს თუსი ერქვა, მეორეს – ტუსი. თუსი ხუთი წლის იყო, ხუთი წლის იყო ტუსიც. თუსის ერთი და ჰყავდა. ტუსისაც – ერთი. თუსის დილით დედა აღვიძებდა. დედა აღვიძებდა ტუსისაც.

გოგონები ჯერ საწოლზე წამოსხდებოდნენ და მანამ ისხდნენ, ვინემ მთქნარებით ლოყებს არ დაიწითლებდნენ, მერე ხელ-პირს დაიბანდნენ, კარაქიან პურს და ჩაის მიირთმევდნენ და ასკინკილა-კინკილით თავ-თავიანთ წნულღობეს მიასტუმრებდნენ. თუ თუსი დაასწრებდა ეზოში გასვლას, მიადგებოდა თავისი ეზოს წნულღობეს და ტუსის გამოჩენამდე იქაურობას ძახილით იკლებდა. იქაურობას იკლებდა ტუსიც, თუ ის დაასწრებდა თუსის წნულღობესთან მისვლას.

ერთ დილით მამამ თუსის ტყიდან პატარა, თეთრი ბაჭია მოუყვანა.

იმავე დილით მამამ ტუსისაც მოუყვანა ტყიდან პატარა, თეთრი ბაჭია.

– ტუსი, ნახე, მე ბაჭია მყავს! – ახარა თუსიმ ტუსის.

– მეც, თუსი, აი.

– ჩემი ბაჭია თეთრი ფერისაა.

– ჩემიც სულ თეთრია, ნახე.

– მე ჩემ ბაჭიას ჩემი ეზოს ბოსტანში წავიყვან. იცი, იქ რამდენი სტაფილოა?! მოდი, შენი ბაჭიაც წავიყვანოთ, კარგი?

– მერე რომ დაღამდება, ბაჭიები იქ დავტოვოთ?

– რატომ იქ, როცა დაღამდება და ჩემი დედა რომ დამიძახებს, თუსი, გეყოფა თამაში, მოჰკიდე ხელი შენს ბაჭიას და ორივენი შინ შემოდითო, მე ჩემ ბაჭიას წავიყვან, შენ კი შენი ბაჭია წაიყვანე.

– ორივე ბაჭია რომ თეთრი ფერისაა, როგორ გავარჩიოთ?

– მაშინ... მე ჩემ ბაჭიას თუსის დავარქმევ, შენ კი შენსას ტუსი დაარქვი.

– კარგი, მე ჩემ ბაჭიას ტუსის დავარქმევ.

ჰო, წაყვანით მართლაც წაიყვანეს გოგონებმა თავიანთი ბაჭიები თუსის ბოსტანში. ბაჭიებმაც, იცოცხლე, კარგა ბლომად ცმუცნეს თუ სტაფილო და თუ სხვა რამ ბოსტნეულიც. საღამოს კი, როცა თუსის მართლაც დაუძახა თავისმა დედამ, თუსი, გეყოფა გარეთ ყოფნა, მოჰკიდე ხელი შენს ბაჭიას და ახლავე შინ შემოდიო, როგორ გაარჩია გოგო თუსიმ ბაჭია თუსი, და გოგო ტუსიმ – ბაჭია ტუსი (მასაც ხომ დაუძახებდა თავისი დედა, დაღამდა, შინ შემოდიო), ეს უკვე აღარ ვიცი.

თუმცა, ვინ იცის, იქნებ მართლაც ვერ გაარჩიეს გოგონებმა თავთავიანთი ბაჭიები და ახლაც იქვე, თუსის ბოსტანში სხედან და თავიანთ ბაჭიებს ელიან, თუ როდის იპოვის ბაჭია თუსი გოგო თუსის, და ბაჭია ტუსი – გოგო ტუსის...

წავიდე, ვნახო, ბოსტნის ბოლოზე მელიამ არ ჩამოიაროს და ის ბავშვები არ შემიშინოს.

თქვენ კი, ვინც ახლა ამ ზღაპარს კითხულობთ, იქნებ, ჩემ დაბრუნებამდე მოიფიქროთ, როგორ გაარჩევთ თქვენ-თქვენ ბაჭიებს თუსისა და ტუსის მსგავსად, დილით თქვენმა მამებმაც ტყიდან პატარა, თეთრი ბაჭიები რომ მიგიყვანონ...

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
სოფოს ბლოგი - სინათლის თაობა
სოფოს ბლოგი - სინათლის თაობა

უცნაურია,მაგრამ ვფიქრობ, ძირითადი მიზეზი, რის გამოც ვერ ვახერხებთ თანამედროვე თაობის გაგებას - ენერგიის ნაკლებობაა. ახალი თაობა ენერგეტიკულად იმდენად მაღალ სიხშ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2021