kids.ge logo

წვიმის ზღაპარი

ფავორიტებში დამატება

ასე მოხდა:

ჩემ სოფელში ყოფნას, წვიმიანობა დაემთხვა. თქვენი სათქმელი რარიგ ვთქვა და, ასეთი წვიმიანი აპრილი დღემდე არ მახსოვს. მოუღია ცას ა, აამოდენა ხახა და ასხამს და ასხამს.

სოფელი კარში გასვლას ნატრობს, ჩიტები – ბუდის გაწყობას, ხოდაბუნები – კავ-გუთნეულის გამართვას.

აგერ, უკვე მერამდენე დღეა დაავლებული ვზივარ ფანჯარასთან და ჩაქანცული მზერით გავყურებ სოფლის შარაზე ცის გუბეებად ჩამოქცევას.

ჩანს, წვიმამ თავისი იცის. რადგან ღრუბლებს საიქითო პირი არ უჩანს, მეც ავდგები, ზურგზე ზღაპრების ცარიელ თიკრუნს მოვიგდებ და ჩვენს ნაცნობ მოხუც ცოლ-ქმარს მივასტუმრებ, იქნებ ერთი ზღაპარი კიდევ მიამბონ... 

აი, ეს ზღაპარიც:

ჭიანჭველა იყო ერთი, სახელად – ჭოჭრომელი, ხელმარჯვე, მუყაითი და მშრომელი. სახლი ჰქონდა ეზო-კარით, მოსავალის ედგა ხვავი!

ამბობენ, მდიდრებს კაკლის ცარიელი ლენჯოც ემწირებათ საბუხრედო. ეს, აქ არ ითქმოდა,

ჭოჭრომელი ყველასთვის ხელგამწვდენი და კეთილმოწყალე იყო. დილაადრიანად ჩადგებოდა ბეღლის ღია კარში და ყველას თავისთან უხმობდა: 

– წაიღეთ, წაიღეთ, დაპურდით, დაამაძღრეთ ჩვილ-ობლები-ო!

აჰა, უმაქნისსა და ხელთუპყართ სხვა რა უნდოდათ?! მთელ დღეებს ჭოჭრომელის ბეღლის კარზე ტრიალებდნენ ცარიელი თიკრუნით ხელში.

აგე: 

უფსკერო და უძირო ხომ არაფერია ქვეყნად?! 

აკი, ჭოჭრომელის ბეღელიც ისე სწრაფად ჩაილია და გამომარცვლდა, როგორ სწრაფადაც აპირთავდა და გაიტისნა ბეღლის კართან მდგარი ტომრები...

დრო თავისას შვება, მეტიც – ისე სწრაფად გადის, ხშირად კიდეც გეჩვენება, საათის ისარი გულისცემას დასჯავრებიაო.

და მაინც, ყველაზე სწრაფად ჭოჭრომელისთვის გავიდა დრო. იგი გვიან ჩააფიქრა იმან, რომ ისე შეუმჩნევლად ჩაიარა შემოდგომამ, მეზობლის სტუმარ-მასპინძლობა იქეთ იყოს, გზიდან მის ეზოში არავის გადმოუხედავს. 

თანდათან ჩიტებმაც იწყეს (აკი, რცხვენოდათ კიდეც ჭოჭრომელის) გამომარცვლული ბეღლის მიტოვება.

 – ნახე, – თქვეს, – სამ-ოთხ წვეთ წყალს ძაბრის ყელიც კი იზოგავს სამერმისოდ, – ადგნენ და იქაურობა გაბუსხელებმა დატოვეს.

მთის მწვერვალებიდან შემოდგომის ქარებს დამაყრებული ზამთარი ისე ურცხვად და გაფოთებით მოიწევდა ბარისკენ, ვითომცდა ქერ-ხობლით სავსე ჯალდანის ჩამოდგმას ჩქარობს ეზო-ეზოო.

კი აბა?! თოვლი, სიცივე, ყინვა, შიმშილი... აი, ზამთრის სიავკაცე ჭიანჭველთათვის. თავ-თავიანთ სადგომებში გამოკეტილთ, სულ კაკალ-კაკალ ჰქონდათ გამოთვლილი გაზაფხულამდე სამყოფი მარცვალი. თუნდაც ხელძარით რომ მიგეტანა მათთვის მოსაკითხი და ხმის ჩაქცევამდე გეძახა: – მაინძელო, მაინძელოო! კარში არავინ გამოგხედავდა. თბილ ღვერფლში ჩაცვენილთ, ცალი თვალი მუდამ ჭუჭრუტანაში ჰქონდათ გადგმული და მიწას თავიანთ წილ თვალის სითბოს მატებდნენ გაჯიუტებელი თოვლის გასალღობად.

ახლა, როცა ზამთარი სახლის ფანჯრებს ყინვის თითებს უფხაჭუნებდა, ჭოჭრომელს აღარაფერი ჰქონდა სხვისთვის მისართმევ-მოსაკითხი, მეტიც, აკაბაკა მოხელისგულებულ ხორბლის მარცვლებს (მეტწილს, ალბათ – ფშუტეს!), ექვსი, ჰა, ჰა, შვიდი დღე თუ იკმარებდა თავის გასატანად. ჭოჭრომელი იმათ არ ეკუთვნოდა, ვისაც თავიანთი სიზარმაცითა და უპოვრობით საკუთარი სტომაქის ამოსავსებად კარიდან კარზე სიარული შეეძლო და გამომწირული ლუკმის მოლოდინში მასპინძლის წინაშე თავი მაიმუნად ექცია...

არადა, რამდენი სასაცილო ამბის გახსენება (ან მოგონება) გჭირდება, მასპინძელს ხასიათი რომ აუწყო, სულაც – გამოუკეთო, გააცინო, გაამხიარულო, შიგადაშიგ ჩააფიქრო, დაადარდიანო კიდეც. მერე ისევ გაახალისო, გაამხიარულო, თან თვალი ოჯახის დიასახლისზე (უფრო სწორად, თახჩაზე) უნდა გეჭიროს იმ მოლოდინით, რომ აგერ, ახლა ადგება, თახჩის კარს გამოაღებს, სუფრას გაშლის და ოჯახის წევრებს ვახშმად მოუხმობს. რა თქმა უნდა, ერთ ჯამს შენთვისაც დადგამს და პირძვირი ღიმილით სუფრასთან შენც მიგიპატიჟებს. აქ კი ცოტა ფრთხილად უნდა იყო – ზედმეტი თავაზიანობა არ ივარგებს და უარიც იმ მიჯნამდე უნდა თქვა, რომ შენი სტუმრობით ისედაც გამწყრალ მაინძელს არ ათქმევინო კაი აბა, ჩემო იმანოო, და ცხვირწინ კარი არ მოახურვინო.

რას, რაღას შვები მერე? ვის მიადგები ამ შუაღამისას კარზე? ახლა ისე გვიანია, მეზობლის ჭიშკარი ნავთს და ცეცხლს რომ მისცე, მის ჩასაქრობადაც შინიდან ფეხს არავინ გადმოადგამს და, რომელ შენს მიპატიჟებასა და ვახშამზეა საუბარი!

წადი, ბაბა, აწი შინ და ჭიაყელასავით მოკრუნჩხული უსიტყვოდ მიეგდე შენს საწოლზე, რომ უჭმელობით გამოლასტულ კუჭს დილამდე როგორმე სული მიატანინო.

არა, რას ამბობ? ღმერთმა დამიფაროს (შენ ამბობ), ტყუილად ვიმაიმუნე და ვიჯამბაზე მთელი დღე მასპინძლის წინაშე?

ამიტომ, შენც სწრაფად ადექი, სმენა გაიყურსე და მასპინძელზე ადრე მიუჯექი სუფრას. მერე და მერე სმენის გაყურსვასთან ერთად, იქნებ თვალის დახუჭვაც კი მოგიწიოს ერთი-ორჯერ, არ დაგინახავს, არაფერი შეგიმჩნევია მაშინაც კი, როცა ოჯახის დიასახლისი უმიზეზოდ წაჰკრავს (შენზე გამწყრალი) შვილს თავზე, ადექი, შეშა დაჩეხე და ბუხარს შეუკეთეო! (შეშა ბარე ორი დღის საკმარი აყრია ბუხარს!). ბავშვი ისეთი მადით აკნაწუნებს ხორბლის მარცვალს, დედის წყრომას ყურადღებას არც აქცევს (ეჰ, შიმშილს რა ვუთხრა, თორემ, დედის ასეთ წათაქილზე, ბავშვი ღრიალით ჭერს უნდა იკლებდეს!). შვილის ჩუმათობაზე გამწყრალი, ახლა კიდევ უფრო მაგრად წაჰკრავს შვილს (შენის გამოისობით): – აი, გაგისკდა ეგ მუცელი, ადექი, ხბო გადააბიო! რა უნდა, ქალო, ხბოს ამ ყიამეთში გარეთო, ხომ უნდა გაწყრეს და ააღელვოს ოჯახის უფროსი ქალის ასეთმა საქციელმა? 

მაგრამ...

რაც არის, არის. შენც დანაყრდი და დღევანდელმა დღემაც ჩაიარა. ხვალინდელმა დღემ კი ხვალ იკითხოს.

და აი, მეორე დილით, ჭოჭრომელმა სახლის კარი საიმედოდ გადარაზა და დილაადრიან, ვინემ სოფელი ძილიდან გამოერკვეოდა, ბედის საძებრად გაუყვა გზას.

იარა ჭოჭრომელმა, ბევრი თუ ცოტა, ერთ გამოფუღრულ ხეს მიადგა. შეყო თავი ფუღუროში. მოათვალიერა სადგომი. დაიგულა რაკი თავისად, მზერას ტანიც მიაყოლა და შიგ შევიდა. შორით ნავალმა, მოსვენება სცადა. აკი, მიწვა კიდეც, რომ ამ დროს ფუტკრის ბზუბზარაკი მოესმა. ჭოჭრომელი სწრაფად წამოდგა, – სახლებულან აქაცო, – თქვა და გასასვლელისკენ გაბრუნდა.

– ჭოჭრომელო, შეჩერდი, აქეთ, აქეთ! – გამოსძახა ფუღუროს სიღრმიდან ფუტკარმა.

ჭოჭრომელი შეჩერდა, ფუღუროსკენ პირი იბრუნა და იქაურობა გულდასმით შეათვალიერა.

– მე ფიფი მქვია, – თქვა ფუტკარმა ფუღუროს სიღრმიდან და თვალისწამში ჭოჭრომელთან მობზარაკდა.

– მე კი, ჭოჭრომელი. თუმცა, შენ ხომ უკვე გცოდნია ჩემი სახელი, საიდან?

– ვიცი და ეგა?! აბა, მკითხე, რამდენჯერ მიგემია შენი ეზოს ყვავილთა ნექტარი...

– აქ მარტო რად ხარ, სხვა ფუტკრები სად არიან?

– აი იქ, სძინავთ, – ფიფიმ კუთხეში მდგარ სკას გახედა, – რაც რომ მთაზე თოვლი ჩამოდგა, მას აქეთ.

ფუტკრების ძილი ჭოჭრომელს არ სმენოდა, – როდემდეო? – ჰკითხა გაოცებელმა.

– ვინემ მინდვრები ყვავილებით არ მოირთვება, – უთხრა ფიფიმ.

– შენ?

– მეც. თაფლი და ფიჭა საიმედოდ შევინახე, შვილ–მონაგარიც სულ აქ მყავს, ჰოდა, ავდგები და გაზაფხულამდე მეც არიდარად დავიძინებ. აბა, აქეთ მოდი, – ფიფიმ ჭოჭრომელი ბუჯერზე შემომდგარ თიხის ქილებთან მიიყვანა. – ამ ქილაში თაფლია, ამაში – ფიჭა. თითო-ორში პურის მარცვალებიც დგას. წელს ზამთარი დიდთოვლობას ჰპირობს, გარედ გასვლას უფრთხილდი, მზერა დილიდანვე კარში გადგი, თუ მშიერს ან შეციებულს მოჰკრა თვალი, შინ მოუხმე, უმასპინძლე, დასვი პურად, გვიანი დროით ნუ გაუშვებ. გახსოვდეს, ყველა გზა მზით დაიწყე და მზით დაასრულე... 

ჩანდა, ფიფი კიდევ კარგა ხანს აპირებდა სტუმართან ყოფნას და ბევრი რამ ამბის თხრობას, მაგრამ ისე სწრაფად მიყურსვათდა, რომ დარჩენილი სათქმელი ზამთრის ძილით ჩაანაცვლა...

დილით, ინათა თუ არა, ჭოჭრომელმა კარს მიაშურა. ვინემ მიწას თოვლი სულ არ წაჰფენოდა, ხის გარშემო საბაღე ადგილი მოიმტკავლა, ბარ-თოხი აიღო და რაც კი მინდვრად ყვავილები ეგულვოდა, მათ ბაღში გადმორგვას შეუდგა...

ოფლს ოფლი ემატებოდა, დღეს – დღე, ყვავილს – ყვავილი; იას – ენძელა, ენძელას – ზამბახი, ზამბახს – გვირილა, ფურისულა, ყოჩივარდა, შროშანი... მოდით, ნუღარ ჩამოვთვლით, თორემ ერთი მათგანიც რომ გამოგვრჩეს, ხომ იცით, ყვავილებმა როგორი გაბუტვა იციან. ჭოჭრომელის ბედად, ისე გავიდა ზამთარი, ცას თოვლის ფანტელიც არ დასცდენია, მიწა კი იმედნეულ სითბოს აგებებდა ყვავილის თითოეულ ძირს.

მიილია თებერვალი. იმარტა. ბაღში გაშლილ კოკობზიკა ყვავილებს მოუსვენრობა დაეტყოთ. აკი, თქვეს კიდეც: 

– დღესაც ვაცალოთ და თუ ფუტკრებმა ხვალაც არ გაიღვიძეს, მერე ნახონ, ისეთი სურნელი მივაფრქვიოთ მათ კარს, სულ თავაწყვეტით მობზარაკდნენ ჩვენთანო!

 

ხვალინდელი დღის  რა გითხრათ?!

არ ვიცი, მართლა გაიღვიძეს ფეტკრებმა იმ დილით, თუ არა, არც ის ვიცი, როგორ შეხვდნენ ჭოჭრომელი და ფიფი ერთმანეთს, რადგან დილით სოფელშიაც გამოიდარა და მზეს დანატრულმა მოხუცმა ცოლ-ქმარმა ისე სწრაფად დაავლეს თავიანთ სამუშაო იარაღებს ხელი და ისე სწრაფად გავიდნენ ყანაში, რომ ეს ზღაპარი არც კი დაგვასრულებინეს.

ეგ არაფერი... 

მოდით, ბავშვებო, მე აქ ცარიელ ადგილს დავტოვებ და ჭოჭრომელისა და ფიფის შეხვედრის ამბავი ყველამ ისე დაწერეთ, როგორადაც თქვენ წარმოგიდგენიათ... 

 

და კიდევ; 

რომ დაწერთ, აუცილებლად გამომიგზავნეთ და როცა მოხუც ცოლ-ქმარს ახალი ზღაპრების მოსასმენად კვლავ ვესტუმრები, მათაც წავაკითხებ. იქნებ ჰგონიათ, რომ თქვენ ზღაპრების წერა არ იცით? კი, აბა; ამასაც ნახავენ?!

მომწერეთ, გელით...

 

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ მას მიყვეს ინსტრუქციებს

ეს აუცილებელია! თქვენ უნდა ასწავლოთ თქვენს პატარას დაიცვას მისთვის მიცემული მითითებები და დირექტივები. სკოლამდელ ასაკში თქვენს შვილს მოუწევს მოუსმინოს მის მასწავლებელს და მიყვეს მის დარიგებებს. ასე რომ, თქვენ უნდა მოამზადოთ იგი წინასწარ, სხვადასხვა თამაშების საშუალებით.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024