kids.ge logo

ბუძას კურდღლები

ფავორიტებში დამატება

იმ ზამთარს ჩვენს სოფელში ძალიან დიდი თოვლი მოვიდა. ხალხს საქმე შემოელია, დაიწყო ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა და მხიარული საუბრები. თუმცა ჩვენებურები მთისა და ტყის გარეშე როგორ გაძლებდნენ? ერთხელ ჩვენმა მეზობელმა ბუძამ მარხილში შეაბა ხარები და მაღლა მთისაკენ გაემართა თივის ჩამოსატანად. თვით ჩვენი სოფელიც მთაშია, მაღლა მთას კი ალპური სათიბებით დამშვენებულ ქედს ვეძახით.

- ორი ზვინი დამრჩა იქ, ვეღარ მოვასწარი ჩამოტანა, მერე გზები ისე გააფუჭა შემოდგომის წვიმამ, ურემი ვერ გაივლიდა, ახლა მარხილით უნდა ჩამოვიტანოო, - უთქვამს ბუძას.

თივა ზამთარში მოაქვთო? - გაიკვირვებთ თქვენ. მართლაც საკვირველია, თანაც იმ სიშორეს წასვლა თოვლიანი გზით.

ძნელია გაუკვალავ გზაზე მგზავრობა. განთიადისას წასული ბუძა შუადღემდე ძლივს ასულა მთაში. თანაც მთელი დღე თოვდა თურმე, მაღლა მთაზე უფრო დიდი თოვლი ყოფილა. მისულა დათოვილ ზვინებთან. მოუცლია თოვლი ერთი ზვინისთვის, ჯერ ხარებისათვის დაუყრია თივა, მერე კი მარხილზე დაუწყია დადება.

ჰოდა, უცებ გამომხტარან ზვინიდან კურდღლები და შემოხვევიან ბუძას.

- რას გვიშვრები, სად მიგაქვს ეს თივაო, ჩვენ რაღა გვეშველება ამ ზამთარში, ჩვენი თავშესაფარიც ეს არის და საკვებიცო.

დაუღრენია პატრონის უკან მდგარ ნაგაზს. კურდღლები აკანკალებულან მის დანახვაზე. მაგრამ ბუძას დაუტუქსავს თავისი მურია, მხრიდან თოფი მოუხსნია, მარხილზე დაუდია და ძაღლისთვის უთქვამს, მაგას მიხედე შენო. მერე შეცბუნებულ კურდღლებს ღიმილით მიბრუნებია.

- თივა ჩემია და უნდა წავიღო, მე მოვთიბე, მოვაგროვე და დავზვინე, თქვენ რა უფლებით ითვისებთო?

- ვიცით, რომ შენია, ზაფხულში გხედავდით ხანდახან ბუჩქებიდან, როცა თიბავდი და აგროვებდიო, - უთქვამს დედა კურდღელს, - მაგრამ ზამთარში რომ აქ დარჩენილი დავინახეთ ეს ზვინები, ბინის ძებნაზე აღარ გვიზრუნია. ახლა შენ რომ ეს თივა წაიღო, რაღა გვეშველება? უმადურები კი არ გეგონოთ - სულ შენს ქებაში ვართო.

კურდღლების ლაპარაკი ვის გაუგონიაო, გაგეცინებათ თქვენ, მაგრამ ბუძა ასე ამბობს, მელაპარაკნენო.

სულ ხუთი კურდღელი ყოფილა: დედა კურდღელი, მამა კურდღელი და სამიც მოზრდილი ბაჭია.

- კარგით ერთი, თქვენ თოვლშიც კარგად იკეთებთ ბინას, სიცივე ვერაფერს გაკლებთო, - უთქვამს ბუძას.

- ჰო, მაგრამ სად თოვლში ცხოვრება და სად ზვინში? თანაც, თუ გაჭირდა, საკვებადაც გამოვიყენებთ ამ თივასო.

- მეორე ზვინსაც არ მატანთო? - იქვე მდგარი მეორე ზვინისკენ გაუხედავს ბუძას.

- მეორე წაიღე, მაგაში ვინ შეგეცილებაო? - უთქვამთ კურდღლებს.

შესცოდებია ბუძას კურდღლები, აუღია თივის ნაწილი ზვინიდან, უჭმევია ხარებისათვის, ცოტაც მარხილზე დაუდევს, გზაში რომ ვაჭამოო. მერე შეუბულულებია ისევ და მომზადებულა წამოსასვლელად.

- გვიტოვებ ამ ზვინსო? - შესციცინებდნენ თურმე კურდღლები თვალებში.

- აბა, რას ვშვრები? ღმერთმა სიკეთეში მოგახმაროთო, - გაღიმებია ბუძას, თან დაუმატებია, - ამასაც გიტოვებთ და მეორესაც, მარტო ერთი რა წასაღებია? ხომ დაინახეთ, ცოტა მოვაკელი, ერთ ჯერზე რომ ჭამონ ხარებმა, ცოტაც გზისთვის მიმაქვს, დანარჩენი კი თქვენი იყოსო.

გახარებიათ ძალიან კურდღლებს. გახალისებულებს ცეკვა-თამაში გაუმართავთ. იმათ ყურებას არაფერი სჯობდაო, ამბობდა ბუძა. ჩემი ნიშა და ლამაზაც კი გამიმხიარულეს, თითქოს გაღიმებული უყურებდნენ, მხოლოდ მურია იღრინებოდა, მაგრამ ვაწყნარებდიო.

უცქერია ბუძას თოვლში გახვეული მთებისთვის კარგა ხანს. მერე გაუშლია საგზალი, მიუწვევია კურდღლები, ძაღლისთვის მარხილის მეორე მხარეს დაუდია საკვები. ბოლოს შეუბამს ხარები მარხილში, მოუვლია თვალი თოვლიანი მთებისთვის და წამოსულა შინ. კურდღლებს კარგა მანძილზე გამოუცილებიათ და მერე მასაც და მის ხარებსაც სიყვარულით დამშვიდობებიან. ძაღლთან კი უბრად დარჩენილან ბოლომდე.

ჰოდა, საღამოს ჩვენმა ბუძამ თივის მაგიერ შეშა ჩამოიტანა სოფელში. ხელცარიელი ხომ არ დაბრუნდებოდა? ტყეში რომ ჩამოსულა, ზეხმელი წიფელი მოუჭრია და იმით გაუვსია მარხილი. ზეხმელს იცით რას ეძახიან? - ზეზეულად გამხმარი ხეა, საუკეთესო შეშად ითვლება.

მეზობლებს კი მოკლედ უთხრა:

- კურდღლებს დაუბინავებიათ ჩემს ზვინებში და მათ დავუტოვე თივა. თუმცა მაინც კარგია, რომ ავედი, იმ უკაცრიელი, თოვლიანი მთის სილამაზე ვიხილე ამ შუა ზამთარში, იმაზე უკეთესს ვერაფერს ნახავს კაცის თვალიო.

- რაო, რაო? - იცინოდნენ გაკვირვებული მეზობლები, - არ დაუჯერეს ეს ამბავი, - ალბათ, მოიპარა ვინმე უკეთურმა შენი თივაო.

მაგრამ მალე გაირკვა სიმართლე. რამდენიმე დღის შემდეგ, თოვა რომ შეწყდა, მზემ გამოანათა და გაზაფხულის პირველი ნიშნები გამოჩნდა, მაღალი მთის იქითა მხარეს მდებარე მონასტრიდან გადმოსულმა ბერებმა დაადასტურეს:

- ბუძას ზვინები იქა დგასო.

როგორც ჩანდა, მართლა ნახა კურდღლები ბუძამ ზვინებში და არ მოუშალა ბინა. მათთან ლაპარაკი, მათი ცეკვა-თამაში და სიყვარულით დამშვიდობება კი, ალბათ, მისი მონაგონი იყო.

მიეცა ზოგიერთ მეზობელს სალაპარაკო. დაუწყეს დაცინვა ბუძას:

- რას გედარდებოდა ის კურდღლებიო? - ეუბნებოდა ერთი.

- რას შვრები, აღარ მიდიხარ შენი კურდღლების სანახავადო? - ეკითხებოდა მეორე.

- საბძელი ისევ სავსე გაქვს, შენს კურდღლებს კი თივა გამოლევიათ, იქნებ აუტანო ცოტაო, - ენას იქავებდა მესამე.

თუმცა დასაცინი რა ჰქონდა ჩვენს ბუძას? ხომ ყველამ ვიცით, რომ კაცი სიკეთით ფასდება ამ ქვეყანაზე.

 

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
სოფოს ბლოგი - სინათლის თაობა
სოფოს ბლოგი - სინათლის თაობა

უცნაურია,მაგრამ ვფიქრობ, ძირითადი მიზეზი, რის გამოც ვერ ვახერხებთ თანამედროვე თაობის გაგებას - ენერგიის ნაკლებობაა. ახალი თაობა ენერგეტიკულად იმდენად მაღალ სიხშ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2021