kids.ge logo

თაგო-თაგო

ფავორიტებში დამატება

ერთ საღამოს მე და ჩემ ძმას ბებიამ გვითხრა:

- დაწექით, დაიძინეთ, რომ დილაზე ადრე ავდგეთ, ხვალ თაგო-თაგობაა და გორაზე უნდა ავიდეთო.

თაგო-თაგობა გაზაფხულობით იცოდნენ, სახლიდან თაგვებს დაითხოვდნენ ხოლმე: აქამდე ხომ ჩვენ გამოგკვებეთ, სითბოში გამყიფეთ, ახლა წადით, უკვე დათბა, ამის შემდეგ გარეთ ათასი საკნატუნებელი იქნებაო. თან ტყის პირში, ძეძვის ძირას სუფრას გაშლიდნენ და მიიპატიჟებდნენ.

ზამთარში თაგვები ჩვენცა გვყავდა სხვენში. ღამღამობით დარბოდნენ, თხილს და კაკალს დააგორებდნენ, მერე სადღაც მიიკუნჭებოდნენ და აკნატუნებდნენ, ჰოდა, ჩვენც უნდა გაგვერეკა.

მეცა და ჩემს ძმასაც ძალიან გვიყვარდა თაგო-თაგობა..

დილით თავის დროზე ავდექით, გაღვიძება აღარ დაგვჭირდა.

ბებია უფრო ადრე ამდგარიყო და ფუსფუსებდა. დიდი ქვაბით ბრინჯი მოეხარშა, გაეწურა, ახლა ერბოთი და თონეში შემწვარი უწიპწო ჩამიჩით ანელებდა.

მალე ჩემი ბიძაშვილები ნანული და მერიკოც მოვიდნენ. იმათაც ძალიან უყვარდათ თაგო-თაგობაზე წასვლა.

ბებიამ ჯერ თითო თეფში ჩამიჩიანი ფლავი ჩვენ გადმოგვიღო, ახლადამოყვანილი ყველიც მოგვიტანა. ძალიან გემრიელი იყო ფლავიცა და ყველიც.

საუზმის შემდეგ პატარებმა სუფრა ავალაგეთ, ჭურჭელი დავრეცხეთ და ჩაის ტილოთი დავწმინდეთ. ბებიამ კი სპილენძის მომცრო, ყურიან ქვაბში ფლავი ჩაყარა, მერე პატარა კალათაში ქაღალდში შეხვეული ყველი ჩადო. ქვაბი თვითონ დაიჭირა, კალათა მე მომცა. მერიკომ და ნანულიმ კი დაშუშული, სურნელოვანი ნიგვზებით აივსეს მუჭები.

ბებიამ ყველანი სახლის კარებთან დაგვაყენა და გვითხრა:

- აბა, ახლა სამჯერ თქვით: `თაგო, თაგო, გარეთ გადი, ანგელოზო, შინ შემოდიო~.… ჩვენც, რაც შეგვეძლო ხმამაღლა გავიმეორეთ ბებიას ნათქვამი.

წავედით. მალე პატარა მაღლობზე ამავალ ვიწრო, ერთი ფეხის დადგმა ბილიკს დავადექით. წინ ბებია მიდის, თავისი ნაოჭიანი გრძელი, ტალხი კაბით. ბებიას ჩემი ძმა მისდევს, ჩემს ძმას მერიკო და ნანული, მერე მე. მივდივართ ოდნავ წახრილები, ნამდვილ მთასვლელებს ვგევართ.

ავათავეთ აღმართი და ტყის პირში ავედით.

თბილი, მზიანი დღეა, მხოლოდ ხანდახან დაუბერავს ხოლმე მარტის სუსხიანი ნიავი მაგრამ მაინც არა გვცივა. დავდივართ და ძეძვის ჯაგებს ვათვალიერებთ. ერთი ყველაზე ძალიან მოგვეწონა, ძეძვს ფოთლები ახლად ჰქონდა ამოფეთქილი, შარშანდელი, გამხმარი, ძაფისებრ ყუნწებზე ჩამოკონწიალებული მრგვალი კაკრა ისევ ზედ ესხა და ნიავის დაბერვაზე ჩხრიალი გაუდიოდა.

კალათიდან ყველი ამოვიღეთ და პატარ-პატარა ნატეხები ძეძვის ეკლებს ჩამოვაცვით. ნანულიმ და მერიკომაც თავიანთი სურნელოვანი ნიგვზები ჩაამაგრეს ეკლებში. ბებიამ ძეძვის გარშემო მიწაზე, კოვზით ფლავი მოაფრქვია, შიგადაშიგ ყველის ნატეხებიც ჩააწყო. ჩვენ ხელჩაკიდებულები ვუვლიდით ძეძვს და ვმღეროდით:

`თაგო, თაგო, გარეთ გადი, ანგელოზო, შინ შემოდი~.

ვიმღერეთ, ვიმხიარულეთ სუფთა ჰაერზე და წამოვედით.

იმ ღამეს სიზმარში სულ თაგვებს ვხედავდი. ვითომ ჩვენი სხვენიდან უკვე წასულიყვნენ, ძეძვის გარშემო, გაშლილ სუფრასთან ისხდნენ და მადიანად შეექცეოდნენ ყველსა და ფლავს. მხიარულად იყვნენ თაგვები, მძივისებური თვალები სულ უციმციმებდათ. მე კი გული მწყდებოდა, ჩვენი სახლიდან რომ დავითხოვეთ და სადღაც ტყეში გავლალეთ.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

თამაში უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გართობა და მხიარულება

თამაშის საშუალებით ბავშვი სწავლობს თანატოლებთან, უფროსებთან ურთიერთობის წესებს, უვითარდება რიგის დაცვისა და სხვებისათვის გაზიარების უნარები.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024