kids.ge logo

გაზაფხული

ფავორიტებში დამატება

სითბომ სასიამოვნოდ შეუღიტინა... ცოტათი შეიშმუშნა, მაგრამ თვალის გახელა დაეზარა. მერე ისევ შეუღიტინა სითბომ, მერე ისევ.

მგონი, რაღაც კარგი ხდებაო, გაიფიქრა ენძელამ და თვალი გაახილა. გარშემო თითქმის ბნელოდა. ყვავილებს ეძინათ, ზოგს ხავსის საბანი გადაეფარებინა, ზოგს თავისივე ფოთლები, ზოგი გულაღმა იწვა, ზოგიც პირქვე, ზოგს პაწაწინა ყლორტებში ჩაერგო თავი და მშვიდად ფშვინავდა, ზოგიც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ხმამაღლი ხვრინვით არღვევდა გამეფებულ სიჩუმეს...

ენძელამ თვალები მოიფშვნიტა, მხრები მოისრისა, მერე სახეზე შეისხა იქვე მოწანწკარე რუს ცივ-ცივი და ანკარა წყალი. ახლა უკვე მშვენივრად მოეხსენებოდა, რომ გაზაფხული მოახლოვებულიყო და სწორედ მისი სითბო არ ასვენებდა, აღარ აძლევდა ძილის გაგრძელების საშუალებას.

გამოფხიზლებულმა, გაზაფხულის მოლოდინით გულათრთოლებულმა ენძელამ დანარჩენ ყვავილებს ღიმილით მოავლო თვალი და წრიპინა ხმით ნაზად შესძახა, გაიღვიძეთ, გაიღვიძეთ, გაზაფხული მოდისო. თითო-ოროლამ თვალი ჭყიტა... ეეეჰ, ნეტაი, შენაო, ჩაიქნიეს ხელი ენძელას დანახვაზე და ისევ ამოუშვეს ფშვინვა. მოკლედ, ენძელას შეძახილს არავინ უგდო ყური, ალბათ, მათი დრო ჯერ არ დამდგარიყო. ენძელამ ტანზე დაიხედა. მზის სინათლე თითქმის ვერ აღწევდა, მაგრამ ყვავილს სიბნელისთვის თვალი ჰქონდა შეჩვეული, ის ხომ აქ დიდხანს ელოდა გაზაფხულის მოახლოვებას. კაბა ნაზად ჩამოიბერტყა, ნაკეცები სათუთად გაასწორა, თავზეც გადაისვა ხელი, ვარცხნილობა შეიმოწმა, ალბათ სურდა, ლამაზზე ლამაზი ყოფილიყო. მერე ზევით აიხედა _ მიწის თხელი ფენა აშორებდა გაზაფხულის კამკამა ჰაერს. ენძელა ნელ-ნელა აიწვერა, ყლორტებით ჩაეჭიდა მიწას, მისი რბილი, ნესტიანი ნამცეცები ადვილად მისწი-მოსწია ისე, რომ ასვლის საშუალება მისცემოდა. ნასვრეტში მხიარულად აციმციმდა მზის სხივი. ენძელა ნასვრეტის კიდეებს ჩაეჭიდა და უფრო მეტი ხალისით შეუდგა ზევით ასვლას.

ოდნავ მოყინული და თოვლის ნარჩენებით აჭრელებული მიწის ზედაპირზე ენძელას კოპწია თავი გამოჩნდა. თავს პაწია ღეროც მოჰყვა, პაწიავე ფოთლებით. წელში გაიმართა და ზემოთ, მზისკენ აიხედა. მზე სათუთად უღიმოდა, დაიმორცხვა ენძელამ. თავი დახარა. მერე მორიდებით და ცოტა არ იყოს, შიშითაც მიმოიხედა. ჯერ სულ მარტო იყო. თუმცა, არა, მზე და მიწის ნოტიო ზედაპირიც ხომ აქ იყვნენ. ორივე შეჰხაროდა პაწაწინა ყვავილს. მიწას ხელის გულზე დაესვა ენძელა, მზე კი ციდან ათბობდა.

ენძელაც ბედნიერი იყო. საოცრად, საოცრად უხაროდა არე-მარეზე გამოჩენა. ხუმრობა საქმე ხომ არაა ამქვეყნად დაბადება. ისიც გაზაფხულის სუსხიან რიჟრაჟზე.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

გახდი ისეთი მაგალითი, როგორსაც შენი ბავშვი იმსახურებს

ბავშვები ქცევებს მშობლებისგან ითვისებენ. სათანადო და თავაზიანი ქცევა ლაპარაკზე უფრო მეტად ახდენს დადებით გავლენას.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024