მოთხრობები   ›   გიორგი პაპუაშვილი   ›   პაპას შვილი

პაპას შვილი

ფავორიტებში დამატება

მამაც ქალაქში მუშაობს და დედაც. დედა სწავლობს კიდეც და მუშაობს კიდეც. მე და ალექსი კიდევ პაპასთანა ვართ სოფელში.

ლექსი პატარაა. თვლაც არ იცის. პაპა მეუბნება, თვლა შენც გიძნელდებაო. მაგრამ არაფერიც... ერთი, ორი, სამი, შვიდი, ცხრა...

ერთხელ პაპამა თქვა, ქვევრი უნდა გავრეცხოო, წყალი ჩაასხა და თვითონ კიდევ ბაღჩაში შევიდა: ლეღვს ჩიტები ეხვევიან და უნდა გავრეკოო. მე მითხრა, ქვევრს ყური მიუგდეო. ყური როგორ უნდა მიმეგდო?.. ეს ხომ ყურია, აი, ხელი მივლია... ჰოდა, აბა, როგორ უნდა მიმეგდო? ავდექი და მეც ბაღჩაში შევედი.

ჰი... ლეღვზე ერთი საფრთხობელაა. ქვეშიდან პაპას შარვალი აცვია, ზემოდან - ბებოს კაბა. თავზეც მამაჩემისელი ქუდი ახურავს, მაგრამ ჩიტებს სულაც არ ეშინიათ. მიდიან და თავზე ასხდებიან. ჰი... რა უნდა მეთქვა? ჰო, პაპამა თქვა, ჩიტები უნდა გავრეკო და ქვევრს ყური მიუგდეო. ვეწვალე და ყური ვერ მივუგდე. ავდექი და მეც ბაღჩაში შევედი... პაპამ მითხრა, აქ რად წამოხვედი და ქვევრს თავი რატომ დანებეო. მე ვუთხარი, აი, თავი ზედ მაბია-მეთქი. პაპამ მითხრა, სულელი გოგო ხარო. ახლავე გაიქეცი და ქვევრში ჩაიხედეო. გავიქეცი, ჩავიხედე და ქათმები ფართხალებდნენ, მაშინვე პაპას დავუძახე. მოვიდა. ჩამსვა შიგ და ამოვიყვანეთ.

საღამოთი, ბებო რომ მოვიდა, მე ვუთხარი, ქვევრში ქათმები ჩაცვივდნენ-მეთქი. დაიღრჩვნენო? არა-მეთქი. პაპამა თქვა, ლიას ბრალიო. მე ვუთხარი, ჩემი ბრალი არ არის-მეთქი. ბებომ მითხრა, ქვევრისთვის თავი არ უნდა დაგენებებიო. მე ვუთხარი: არ დავანებე, აი, თავი ზედა მაქვს-მეთქი. ბებომაც ბევრი იცინა და პაპამაც. მეც ვიცინე, თუ კარგი იყო. ბებომ მითხრა, შენი იმედითა ვართო. პაპამა თქვა, ეგ რომ არა მყოლოდა, ქათმები შიგ ჩაიხრჩვებოდნენო.

მუდამაც ჩემი იმედი აქვს პაპას. ტელევიზორს რომ ჩართავს ხოლმე... ჩართვა მეც ვიცი, მაგრამ პაპა მიშლის, გაფუჭებო. ნეტავ რად უნდა გავაფუჭო?! ერთხელ მე და ალექსიმ ჩავრთეთ და ვუყურებდით. პაპა მაშინ ქუჩაში იყო. შემოვიდა და გაგვიჯავრდა: ტელევიზორის საქმეს თქვენ ვინ გეკითხებათო. რატომაც არ გვაკითხებენ?! როცა პაპა გარეთ დასეირნობს, სწორედ მაშინ იცის ხოლმე ყველაზე კარგი კინოები...

რა უნდა მეთქვა?.. ჰო, ერთხელ ტელევიზორს ვუყურებდით... ალექსის კიდევ არაფერიც არ ესმის. ცოტა ხანს უყურებს და მაშინვე ძილი მორევა. ჰოდა, პაპა მეუბნება, ადექი, შენც დაიძინეო. მე თავს მოვიმტირალებ ხოლმე და პაპაც აღარაფერს ამბობს. მერე ვუყურებთ, ვუყურებთ და პაპასაც ჩაძინება... ჰოდა, ერთხელაც ჩაძინა. ბებო შინ არ იყო და ლოგინთან მე მივიყვანე. თითზე ხელი ჩავავლე და ისე მივიყვანე. გახარდა და ასე მითხრა, პაპას შვილი ხარო...

დილას დედა ჩამოვიდა თბილისიდან. ასე თქვა, ახლა უკვე დიდი გოგო მყავს, ქალაქში უნდა წავიყვანო და სკოლაში ვატაროო. მე არაფერსაც არ წავალ. პაპას შვილი ვინღა იქნება?! უჩემოდ ვინ მოუვლის პაპას?! თუ უნდათ, ალექსი წაიყვანონ ქალაქში. თვლა იმან არ იცის. პაპა მეუბნება, თვლა შენც გიძნელდებაო; მაგრამ - ერთი, ორი, სამი, შვიდი, ცხრა...

რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს მოთხრობა საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს მოთხრობა საინტერესო?


ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია