kids.ge logo

მზიას პაპა

ფავორიტებში დამატება

- ახალი წლის შესახვედრად ვემზადებით, - დაიტრაბახა ლიამ.

- ჩვენც, - უპასუხა მზიამ, - ამაღამ თოვლის პაპა მოვა და მოგვილოცავს.

- თოვლის პაპა არა! - ტუჩი აიბზუა ლიამ, - თოვლის პაპა სითბოზე ხომ სულ ჩამოდნება!

- აბა, ნახე, თუ არ მოვიდეს!

- ვინ მოგატყუა? თოვლის პაპა კი არა, ჩემი კარგი პაპა გვილოცავს ხოლმე.

მზია დაღონდა, მას ხომ პაპა არა ჰყავს, ოდესღაც დიდი სამამულო ომი ყოფილა, იქ წაუყვანიათ და ვეღარ დაბრუნებულა. ლიას კი ისეთი თეთრწვერა პაპა ჰყავს, რომ ყველას ეხარბება. სოფლიდან ჭრელი ხურჯინით ჩამოიტანს ხოლმე თხილსა და კაკალს, ვაშლსა და მსხალს, კომშსა და ბროწეულს. ხურჯინის ცალ თვალში ხილი ალაგია, მეორეში ინდაური და ქათამი, შოთის პურები და ნაზუქები.

მზია მოწყენილი დაბრუნდა შინ. დედა გოზინაყს აკეთებდა, ბებია ქათამს ფუფქავდა, მამა კი ღორის თავს ასუფთავებდა.

ალექსი და ავთანდილიც იქვე ტრიალებდნენ. ყური ცქვიტად ეჭირათ და რასაც მშობლები დაავალებდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ. ხან იქით გარბოდნენ, ხან - აქეთ.

- მეც მოგეხმარებით, - თქვა მზიამ.

- შენ აქ მოდი, აექ დამისკუპდი და ხელებში მიყურე, - უთხრა მამამ, - შენი მოხმარებაც ეს იქნება.

მზიას გაუხარდა. ასე ხშირად ეტყოდა ხოლმე მამა. ისიც მივა და ფისოსავით წამოსკუპდება სკამზე. თან მამას შესციცინებს და თან ათას რამეზე ეტიტინება. ახლაც ძველებურად მოიკალათა მამის წინ.

- მამა, პაპა არ დაბრუნდება ომიდან? - მოულოდნელად შეეკითხა მზია.

მამა უხალისოდ შეიშმუშნა.

- არ ვიცი, შვილო... შეიძლება დაბრუნდეს.

- ჩვენ ვინ უნდა მოგვილოცოს ახალი წელი?

- ვინა და... თოვლის პაპამ.

- ლიამ თქვა, არ მოვაო.

- ლიამ რა იცის!

- სითბოზე დადნებაო!

მამამ გაიცინა, ღორის თავი ყურით შემოატრიალა:

- ჩვენთან ისეთი თოვლის პაპა მოვა, სითბო ვერაფერს დააკლებს. აი, ამაღამ ნუ დაიძინებ და ნახავ!

- არ დავიძინებ, დედას გეფიცები, არ დავიძინებ!

- მაშინ ახლავე დაიძინე, რომ ახალწლის დადგომამდე გაგეღვიძოს.

- კარგი, დავიძინებ.

მზია მეორე ოთახში გავიდა და თავის საწოლში ჩაგორდა. ერთხანს ლოგინში იწრიალა და ბოლოს, როგორც იქნა, ჩაეძინა. მაშინღა გაეღვიძა, ალექსიმ ტაში რომ შემოჰკრა და დაიძახა:

- ოცი წუთიღა აკლია, ვაშაა!

- თოვლის პაპა ხომ არ მოვიდა?! - იკითხა შემკრთალმა მზიამ.

- ჯერ არა! ოცი წუთი აკლია. ჩქარა ადექი, თორემ ლოგინში მოგისწრებს! - გასძახა ალექსიმ.

მზია ფაციფუცით წამოხტა და ძმებთან მივიდა:

- მამა სად არის?

- მეზობლებმა დაუძახეს.

მზიას ცოტა ეწყინა, მაგრამ ხმა არ ამოუღია.

- თოვლის პაპა ნამდვილად მოვა? - ჰკითხა ძმებს.

- მოვა, - მიუგო ალექსიმ.

- ლიამ თქვა, არ მოვაო.

- იმან რა იცის!

- თოვლის პაპა სითბოზე დადნებაო!

- ჩვენთან ისეთი თოვლის პაპა მოვა, რომ სითბო ვერაფერს დააკლებს, - გაიღიმა ავთანდილმა.

და-ძმანი გულისფანცქალით შეჰყურებდნენ საათს. ალექსი კი ხმამაღლა ითვლიდა:

- თხუთმეტი წუთიღა აკლია... თორმეტი... ათი... რვა... ხუთი... აი, საცაა დააკაკუნებს თოვლის პაპა...

ამ დროს მართლაც გაიღო კარი და ოთახში თოვლივით გათეთრებული ბერიკაცი შემოვიდა. ცალი ხელით ყავარჯენს ებჯინებოდა, მეორეთი სინი ეჭირა. სინზე კი რა აღარ ეწყო: თხილი და კაკალი, ვაშლი და მსხალი, კომში და ბროწეული, ქათამი და გოზინაყი...

- მომილოცავს ახალი წელი! - თქვა ბოხი ხმით მოხუცმა, სინა მაგიდაზე დადგა, ბავშვებს სათითაოდ ჩამოურიგა ტკბილეული და გულიანად გადაჰკოცნა: - ასე ტკბილად დამიბერდით! გამრავლდით და გაიხარეთ!

მზიამ თავით ფეხებამდე შეათვალიერა თოვლის პაპა და მამის შარვალი შეიცნო, მერე სახეზე დააკვირდა და... თვალებიც სწორედ მამასავით უცინოდა.

- თოვლის პაპავ, შენ ვინა ხარ? - ჰკითხა მზიამ.

- თოვლის პაპა ვარ, შვილო.

- არა ხარ თოვლის პაპა, ჩემი პაპა ხარ. ყოველ ახალ წელს მოდი ხოლმე და მოგვილოცე! - შეეხვეწა მზია.

მას შემდე ყოველ ახალ წელს ულოცავს მზიას პაპად გადაცმული მამა. მზიას უხარია. ბებოსაც უხარია. მარტო ლექსო და ავთანდილი იცინიან ეშმაკურად. ასე ფიქრობენ, მზია ტყუვდება და პაპა ჰგონიაო.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

თამაში უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გართობა და მხიარულება

თამაშის საშუალებით ბავშვი სწავლობს ფიქრს, დამახსოვრებას, პრობლემების გადაჭრას, თავისი აზრების, ემოციების გამოხატვასა და მათთან გამკლავებას.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024