kids.ge logo

ინდოთ მეფე და ვაზირნი

ფავორიტებში დამატება

მამისა მამა ჩემი, მასმია, ინდოთ მეფისა ხუთთა ვაზირთა უხუცესი ყოფილა. იგი უხუცვსი ვაზირი მეფესა დიდად უყვარდა, თავსაცა თვისსა ერჩივნა. იგი ოთხნი აუმტერდენ, თქვეს:

- რამცა ვუყოთ მას, რომე მეფე მისსა სიტყვასა ზედა დგას და მორჩილი რჩევისა მისისა არს და ჩვენ არარა გვეკითხვის?

შეკრეს პირი. მოვიდა განთიად ერთი მეფესთანა და მოახსენა: წუხელის მეზმანა მე დიდი მეფე, ინდოთა მპყრობელი, მამათქვენი, მიბრძანა მოხსენება თქვენი. დიდი ვაზირი იხმო: ცოტა საქმე მიც, დავასრულო და მალე გარემცავაქცევო.

მოვიდა მეორე და მოახსენა მანცა იგივე ზმანება და უცხოსა და შვენიერსა ადგილსა ნახვა მამისა მისისა, დათხოვა ვაზირისა და ეგრეთეე გამოშვება.

მესამემან და მეოთხემან იგივე ზმანება თქვეს, ვითა დაედვათ პირი. გაუკვირდა მეფესა და სიქიშპე მათი ვერ აგრძნა. თქვა: «თუცა ერთსა ეთქვა, ტყუვილიმცა იყო. აწ ყოველთა ერთი ჩვენება უნახავთ, მართალ არს უცილოდ».

უხმო ბერი ვაზირი და ყოველივე უთხრა. შეიგნა ვაზირმან, ყოველივე ამხანაგთა ხრიკი იყო, მაგრამ რას იტყოდა? თქმა უარესი იყო. ესე მოახსენა:

- მეფობასა თქვენსა ამას ვევედრები, ჩემსა დასაწვავად სხვათა ხარი, ანუ მუშა არ დაშვრეს. ბედნიერს მეფესა ცოდვილი არ შევეყარო. ორმოცი დღე მაცადე, შეშა და ნივთები მოვამზადო, ფასი ჩემი მივსცე და სიხარულით დიდს მეფესთან წავიდე!

აცადეს ორმოცი დღე. გაანდო ოთხს გულითადს მონათა. მოასხნეს ორნი მთხრელნი მიწისანი. ვაზირის სახლიდამ გარეთ ასპარეზამდინ გახვრიტეს ქალაქი. და ასპარეზში ხვრელი რომ გაიღეს, ზედ შეშა დადგეს მრავალი, მსგავსი ბორცვისა. ბანი ზეჩასაძრომელი უქმნეს.

რა გასრულდა ორმოცი დღე, მოვიდა ვაზირი მეფესთან, მოახსენა:

- მობრძანდეს მეფე, იხილოს დაწვა მონისა თვისისა, რომელი მამასა შენსა თანა მივა!

გავიდა მეფე და ყოველი ერი ჭვრეტად მისა. აღვიდა ვაზირი ზედა შეშასა. შემოაყარეს ნაძენძი, დაასხეს ნავთი და აღუდვეს ცეცხლი.

რა კვამლი ამაღლდა, ვაზირი ხვრელსა ჩაძვრა, ნახვრეტი გაიარა ქვეშე ქალაქისა და მივიდა სახლსა თვისსა. შეშა იგი დაიწვა. ნაცარი დაანიავეს და ვეღარც ძვალი პოვეს. ხვრელი ნაცარმან ამოავსო.

ვაზირმან ოცი დღე შინ დაყო მალვით და მერმე შეიმოსა თეთრი სამოსელი, არგანი ხელში აიღო და განთიად მეფისა კარსა მივიდა. აცნობეს მეფესა მოსლვა მის ვაზირისა. ზე აიჭრა მეფე, გარ გამოვიდა. ყელს მოეჭდო, აკოცებდა და მუნით მოსლვასა გონებდა.

კითხა ამბავი მამისა მისისა, მისვლა და მოსლვა მისი. ვაზირმან სამოთხის ამბავი მოახსენა და მრავალი ტყუვილი შემოშჭევრა, მართლ მართალსა ამჯობინა და მერმე ეს მოახსენა:

- რაც ჩემთან ესაქმებოდა, ყველა აღვასრულე. აწ ეს ოთხნი ვაზირნი იხმო და მაგათაც უფრო მალე გაახლებს, ცოტა საქმე აქვს.

სიზმარს დაუჯერეს, ცხადად მოსულს ვინ არ დაუჯერებდა? მოასხეს ვაზირნი. უბრძანა წასვლა მეფემან. იგი ხრიკი მათ კი არ იცოდეს. ჩაყარეს ცეცხლში და დაიწვნენ. თავიანთ ნაქმარი მათვე გარდახდა.

- ესე არაკი მისთვის მოგახსენე, მამაო სედრაქ, ყოველი კაცი ხარბია, უკანის არამც გამიმტერდენ და მიხრიკონ რამე.

იამა მეფესა ესრეთ სიტყვატკბილობა მისი და უხაროდა. უბრძანა: თუცა დამემორჩილო და წამომყვე, მეფობისა ჩემისა კიდე, რომელიცა მთხოვო, მოგცეო!

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა იგავ-არაკები

კეთილი გველი

ერთი გლახაკი კაცი მივიდოდა გზასა. ნახა ორი გველი, ერთი შავი და ერთი წითელი, იბრძვის და შავი ერეოდა. და თქვა მან კაცმან: ამ წითელს ეჭირვება მოხმარება და მოვეხმარ...

ძაღლები და მგელი

ერთი მძორი იდვა ადგილსა ერთსა. და შვიდი-რვა ძაღლნი ეხვივნენ, სჭამდენ მძორსა და იღრინებოდნენ და შუღლობდენ და კბენდენ ერთმანერთსა. ნახეს მგელი მომავალი. მათი შუღ...

მეფე და ავსიტყვა კაცი

მეფე ვინმე იყო და ჰყვა კაცი ერთი ავსიტყვა, რომე მისის პირით კარგი სიტყვა არ აღმოვიდის. მეფე ხუთის წლის სავალს ლაშქრად მივიდოდა და ავსიტყვას უთხრა: ერთი კარგი ს...

მოძღვარი მელი

ერთი მელი დაცანცარებდა. ძველთაგან თურე ნასოფლარი ყოფილიყო. სამღებროს ქვევრი, ლილით სავსე, პირღია დარჩომილიყო. სლვასა იქი-აქა შიგ თურე ჩავარდა, ამობორტყდა, ამოვი...

ვირი კაჭკაჭი და მგელი

ერთი კაცი იყო. ერთი დაღლეტილი ვირი ჰყვანდა. წაიყვანა და საძოვარზე დააბა. თვითონ მიღმა დაჯდა და ყურება დაუწყო. მოვიდა კაჭკაჭი, ზურგზე შეაჯდა, დამპალს ხორცს გლეჯ...

აბდულ-აზიზ დავრიში

მამის მამა ჩემი, აბდულ-აზიმ, დავრიში იყო და ვლიდა პირსა ყოვლისა ქვეყანისასა. ესეთისა ტილისმისა ხელოვნობა ჰქონდა, რომე მას საქმე ვერ გადურჩებოდა. მრავალს უცხოსა ...

ქურდი მკერვალი

ერთი მკერვალი იყო დია ქურდი. რაც ნაქსოვი გამოსჭრის, ბევრი მოიპარის. ღამესა ერთსა ნახა სიზმარი: პირთა ხე ამოსლოდა და ყოველი ნაპარევი ნაჭერი ზედ ეკიდა რტოთა. რა ...

დათვი და მონადირენი

ორნი ამხანაგნი ნადირობდენ. ხევი იყო და ხევს გაღმა-გამოღმა რონინებდენ. ერთს ამხანაგს დათვი შემოეჭიდა. ქვეშ ჩაიდვა. მეორე ამხანაგმან უყივლა: გაუშვი ეგ დათვი და ...

მთიული და კაკლის ხე

კაცი ვინმე იყო, ზეგანთა ალაგთა მყოფი, რომელსა წალკოტი არა ენახა. ჩამოვიდა ბართა ადგილთა, წალკოტი ნახა. შევიდა შიგან. ყოველივე ნახა: ხეხილი, მწვანვილი. დია მოეწ...

აქიმი და ორი სნეული

იყო ერთი მეფე სახელოვანი, მოწყალე და ძლიერი. ჰყვა აქიმი ერთი, რომ სენი უკურნებელი ვერ მოურჩებოდა. ორი დიდებული დასნეულდა მეფისა სასტიკითა სენითა. ერთი ესრეთ შე...

ნახატი იგავ-არაკები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ბაღაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

შექმენით დამამშვიდებელი გარემო

შექმენით მშვიდი და მყუდრო ადგილი, სადაც ბავშვს შეუძლია დამშვიდება.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026