მოთხრობები   ›   მერი ბოლქვაძე   ›   ერთი დღე გაზაფხულის ცაზე

ერთი დღე გაზაფხულის ცაზე

ფავორიტებში დამატება

მოკრილებულ ცაზე გაზაფხულის პატარა ღრუბელი მოცურავს და ისეთი დაღვრემილია, სულ სახე ჩამოსტირის. მოდის და სულ უფროს ღონდება და ღონდება. შემოხვდა ერთი წერო.

_ ეჰეი, ღრუბლიკო! _ შორიდანვე შესძახა წერომ, _ რა დაგმართვია?

_ რაღა რა დამმართვია, მეგობარო, საკითხავი აღარა ვარ, _ ამოოხრა ღრუბელმა, _ ხომ იცი, პატარაობიდანვე როგორ მიყვარს ყვავილები და ბალახები, მერე რა გამოვიდა? სულ ასე, ზემოდან უნდა დავყურებდე? მეც მინდა ახლოს მივიდე, თვალებში ჩავხედო, ნაზად დავყნოსო, არადა აღარ მინდა ასე ცხოვრობდა... _ მსხვილი ცრემლები გადმოყარა პატარა ღრუბელმა.

წერო ჩაფიქრდა. მერე კი უთხრა:

_ ცოტა დაცადე რა, სულ ცოტა, კარგი? _ და ძირს დაეშვა. დაფრინდა მიწაზე, გრძელი ნისკარტით გადაქექა გაზაფხულის მიწის ხნულები, ამოკრიფა თესლები და აფრინდა ღრუბელთან. თესლები უბეში ჩაყარა და უთხრა: _ თბილად შენახე და ბედნირი იქნებიო.

ჩაითბუნა ღრუბელმა თესლები და გატრუნული ფრთხილად გასრიალდა ცაზე. რამდენიმე დღის შემდეგ რაღაცნაირად აწრიალდა, აცმუკდა, ჯერ ერთი-ორჯერ ჩაიცინა, მერე კი ახითხითდა და აკისკისდა: თურმე თესლები გაღვივდნენ, პატარა ფესვები ატოკეს და უღიტინებენ ღრუბელს!

ცოტა ხანში კი, ჰოი, საოცრებავ! ზედ ღრუბლის მკერდზე თავი ამოყო და აბიბინდა მწვანე ჯეჯილი, ცოტა ხანში გვირილაც ამოზარდა, მიიხედ-მოიხედა და გაიცინა. მას ყაყაჩობი მოჰყვნენ, აღაღანდნენ წითლად.

გაიხარა ღრუბელმა და სიმღერით გასწია ცაზე. მიდის და მიიმღერის. მღერის და ბედნირია. ცის ნივი იმის ყვავილებს ეთამაშება. ღრუბლები გაკვირვებით შესცქერიან ამ პატარა ღრუბელ-მდელოს. თუმცა რა არის გასაკვირი? რაღა არ ხდება ამ დალოცვილ ცაზე?

რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს მოთხრობა საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს მოთხრობა საინტერესო?


ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია