მუხა

ფავორიტებში დამატება

ეს მუხა ტყის პირას დგას, - ბებერი, ჯმუხი, ტანდაკოჟრილი, ფოთლებშეთხელებული. აღარც ჩრდილს იფენს, აღარც რკოს ისხამს. იშვითად თუ ეწვევა ვინმე, - ადამინი, ცხოველი თუ ფრინველი. საკუნებით დაღილს, გაწამებულს ხანდახან ქორი თუ მოებმება ხმელ კენწეროზე, ისიც უძრავი, მრისხანედ მიშტერებული ველისკენ: ხანდახან კოდალა თუ მონახულებს; სწრაფად, უგულოდ შემოუფრენს ირგვლივ, თითქოს ვალდებულების მოსახდელად ორიდეჯერ დაჰკრავს ნისკარტს, - კივკივო! - ანუგეშებს და გაფრინდება სხვა ხებისკენ. ციყვებმაც კი მიტოვეს და წავიდნენ...

ამ რამდენიმე წლის წინათ მუხის მეზობლად, ლამაზი თელის ძირში, მონადირეებმა შეისვენეს. დაანთეს ცეცხლი, გაშალეს სუფრა, დაწყეს პურობა და სმა. ცოტა რომ შეზარხოშდნენ, აყაყანდნენ: არა მე გჯობივართ სროლაში, არა მეო. ერთი მონადირე წამოდგა და თქვა: - აი, ბურთი და აი, მოდანი! - მუხის დიდ კოჟრზე ასანთის კოლოფი დასვა, - ვესროლოთო. ზოგი ფეხმორთხმული ისროდა, ზოგი - წაწოლილი. სიცილით გაშვებული ტყვიბი წივილით ესობოდნენ მუხას, სიმწრის ნაფლეთები გულხეთქებით ცვიდა აქეთ-იქით.

მონადირეები რომ წავიდნენ, ქარი ამოვარდა, მუხის სველი ჭრილობა მიწით ამოივსო. გამოხდა ხანი, - თვები, წლები. და, აი, წლეულს, გაზაფხულზე, ის მონადირე, ასანთის კოლოფი რომ დასვა მუხაზე, უკვე ჭარმაგი, პატარა შვილიშვილთან ხელჩაკიდებული, ისევ მოხვდა ამ ადგილებში.

მუხის ნაჭრილობევში მთელი ბღუჯა ია ამოსულიყო და ჟრიამულით ყვაოდა.

მონადირის შვილიშვილმა, ლამაზმა, ყურებსიფრიფაა გოგონამ, აღტაცებულმა ჩაიმუხლა, მუხას ხელები მოხვია და მიეხუტა.

მონადირემ უყურა, უყურა, მერე ქუდი მოხადა და თავდახრილი გაჩერდა.

რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს მოთხრობა საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს მოთხრობა საინტერესო?


ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია