მოთხრობები   ›   იაკობ გოგებაშვილი   ›   ერეკლე მეფე და ინგილო ქალი

ერეკლე მეფე და ინგილო ქალი

ფავორიტებში დამატება
«   

II

   »

გავიდა რამდენიმე წელიწადი. ერთს ინგილო გლეხს თავის დარბაზში ქორწილი ჰქონდა გაჩაღებული. დედოფლად იყო ჩვენი ნაცნობი ინგილო ქალი, ახლად შეღერებული და ისეთი ეშხიანი, რომ კაცი თვალს ვერ მოაშორებდა. მის ჭკვიანსა და მიმზიდველ სახეზე თამაშობდა, ბრწყინავდა სხივი პირველის ქალწულებრივის სიყვარულისა. ეს სიყვარული აენთო უმანკო ქალის გულში ერთს საუკეთესო ინგილო ვაჟკაცსა, რომელიც მას გვერდს უმშვენებდა. ამასაც პირისახეზე ცხადად ჰქონდა აღბეჭდილი ნეტარება პირველის უმანკო სიყვარულისა. პირველის წმინდა სიყვარულს უმანკო ქალისას პასუხს უგებდა, ბანს აძლევდა პირველი და წმინდა სიყვარული უმანკო ვაჟისა. „ფერი ფერსა მადლი ღმერთსა“, ფიქრობდა და ამბობდა ყველა, ვინც კი ამ მეფე-დედოფალს ერთად ჰხედავდა.

დაიწყო თუ არა საქორწილო ლხინი, თამადამ ბრძანების კილოთი წარმოსთქვა ხმამაღლა: „სმენა იყოს და გაგონება! ეს ღმერთმა აცოცხლოს და ადღეგრძელოს ჩვენი გმირი მეფე ერეკლე, გამარჯვება ნუ მოაკლოს ლეკებზე, სპარსელებზე, ოსმალებზე, სამხრეთსა და ჩრდილოეთზე“. „ადღეგრძელოს, ადღეგრძელოს!“ - შესძახეს ისეთი აღტაცებით სტუმრებმა, რომ კაცს შეეშინდებოდა, ჭერი არ ჩამოინგრესო.

სწორედ ამ წუთს უცებ გაიღო დარბაზის კარები, შევიდა ერთი უცხო ვაჟკაცი, მშვენიერს ტანისამოსში გამოწყობილი, და სალამი მისცა: „აგაშენოთ ღმერთმა და აბედნიეროს მეფე-დედოფალი!“ მერმე სთქვა: „რა ჩინებულს დროს მოვედი და მე გამომგზავნა მეფე ერეკლემ და მიბრძანა: „ეს საჩუქარი მიართვი იმ ინგილო ქალსა, რომელმაც რამდენიმე წლის წინათ მთელი მუჭა ქლიავი უთავაზა ჩემს სპარსულს ქუდსაო“, და გადასცა დედოფალს ვეებერთელა ქისა, სავსე ბაჯაღლო ოქროებითა. მზითევიც გამომატანა და აი კიდეც მოაქვთო, და ამ დროს კარზე მოადგათ რამდენიმე ურემი, დატვირთული მშვენიერი მზითვის ნივთეულობითა.

დატრიალდა ისეთი სიხარული, ასტყდა ისეთი ქება და დიდება ერეკლესი, მისი კაცთმოყვარეობისა, რომ არც ენით ითქმის და არც კალმით აიწერება სავსებით. არ დარჩა არც ერთი ლექსი იმ მრავალ სადიდებელ ლექსთაგანი, რომელნიც ერეკლეზე იყვნენ გამოთქმულნი, რომ არ ემღერნათ სტუმრებს უსაზღვრო აღტაცებით. მღეროდნენ კაცნიც, ქალნიც, დიდნიც და პატარანიცა და ადიდებდნენ მეფე ერეკლესა. მეტადრე დედოფალი სამოთხის ნეტარებასა გრძნობდა. ისე მზითევი არ ახარებდა, როგორც ყურადღება სათაყვანო მეფისა.

გავარდა ფიცხლავ ეს ხმა მთელს საინგილოში და ყველა ინგილო ქალი თუ კაცი, მზითევის გაგზავნას მეფისაგან საკუთარ, პირად ჯილდოდ სთვლიდა, მთელის საინგილოს დასაჩუქრებლად მიაჩნდა. და ეს განაპირა კუთხე საქართველოსი მთლად აივსო მხურვალე მადლობითა და უზომო ერთგულებით მეფისადმი.

რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს მოთხრობა საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს მოთხრობა საინტერესო?


ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია